გულახდილი საუბრები

ჩემმა შვილმა ცოლის გამო მიგვატოვა და აღარც გვკითხულობს

№41

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 23.10

გულახდილი საუბრები
ოჯახის შესახებ
დაკოპირებულია

მე და ჩემმა ქმარმა მთელი ჩვენი ენერგია და რესურსი შვილების გაზრდასა და აღზრდაში ჩავდეთ. გვინდოდა, ისეთები გაზრდილიყვნენ, რომ გვეამაყა. პირველი გოგონა გაგვიჩნდა, წელიწად-ნახევარში კი – ბიჭი და ტყუპებივით გაიზარდნენ. სკოლაშიც ერთად შევიყვანე და სულ იმას ვეუბნებოდი: ცხოვრების ბოლომდე, თქვენ ერთმანეთის გვერდით უნდა იდგეთ, ჭირი და ლხინიც გაიზიაროთ, ერთმანეთი გულით უნდა გიყვარდეთ და მაშინ, ყველაზე ძლიერები იქნებით-მეთქი.

მართლა საოცარი დაძმობა ჰქონდათ და მე და ჩემს ქმარს გვიხაროდა. არ ვიცი, სად დავუშვი შეცდომა, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ჩვენმა შვილმა საერთოდ მოგვიძულა, ჩვენი დანახვა არ უნდა და საერთოდ აღარ გვეკონტაქტება. ვიცოდი, რომ ერთი გოგონა უყვარდა. არც დაუმალავს, გვიყვებოდა მასზე და ჩვენთანაც მოჰყავდა. ჩემს ოცნებებში უკვე ვხედავდი, როგორ გააბედნიერებდა ჩემს შვილს, მას და ჩემს ქალიშვილს კი როგორ დებივით ეყვარებოდათ ერთმანეთი, როგორი ბედნიერი ვიქნებოდით მთელი ოჯახი. თუმცა, მოგვიანებით გავიგე, რომ სანამ ჩემს შვილს გაიცნობდა, ეს გოგონა საკმაოდ უწესოდ ცხოვრობდა, არც ოჯახი უვარგოდა, არც სწავლაზე იყო ორიენტირებული... მხოლოდ გარეგნობა ჰქონდა შესაშური და სხვა არაფერი. სწორედ ამ გარეგნობით შეაყვარა ჩემს შვილს თავი. ჩემს ბიჭს რომ დაველაპარაკე, არ მოეწონა, რაც ვუთხარი და პირველად მაშინ ვიკამათეთ. ძმაკაცთან წავიდა და მთელი ერთი კვირა არ გამოჩენილა სახლში. ბოლოს მამამისმა მოიყვანა, შეგვარიგა, მაგრამ მაინც გაბრაზებული იყო ჩემზე იმ გოგოზე მერე კიდევ გავიგე ცუდი ამბები და ისევ კამათი მოგვივიდა. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მისი ჩემს ოჯახში შემოსვლის და ჩემს შვილს ულტიმატუმი წავუყენე – ან ის, ან ჩვენ! ის ამ ოჯახში რძლის სტატუსით ფეხს ვერ შემოადგამს-მეთქი. ისევ გავარდა სახლიდან. იმ საღამოსვე მოჰკიდა ხელი იმ გოგოს და მეგობრის აგარაკზე წაიყვანა. მისმა მეგობარმა რომ დამირეკა, ცოლი მოიყვანა და გილოცავთო, ისე ამივარდა წნევა, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა, ძლივს მომიყვანეს გონზე. რასაკვირველია, იცოდა ქალბატონმა ჩემი აზრი მის შესახებ, რადგან ჩემი ბიჭი ყველაფერს ეუბნებოდა, ამიტომ, თავად გადაწყვიტა ბინის ქირაობა და იქ ცხოვრება მის „საყვარელ ქმართან“ ერთად. საყვარელი ქმარი ირონიულად ვთქვი, თორემ ზუსტად ვიცი, ამ ჩემს დებილ შვილსაც ისე გააცურებს, როგორც მანამდე ბევრი გააცურა. რამდენიმე თვის წინ ჩემი მეუღლე სასწაულად გადაურჩა სიკვდილს – ავარიაში მოყვა და მოტეხილობებით საავადმყოფოში იწვა. ახლაც რეაბილიტაციას გადის და შვილს არც კი მოუკითხავს მამამისი. დავიჯერო, ცოლი არ უშვებს? ფაქტია, იმ გოგოს გარდა აღარავინ უნდა, მაგრამ ზუსტად ვიცი, მალე მოვა და პატიებას ვთხოვს.

ნინო, 53 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა