გულახდილი საუბრები

ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა სამი შვილით სახლში შემიფარა და ცოლობა მთხოვა

№5

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.02

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

სკოლაში პარალელურ კლასელ ბიჭს ძალიან ვუყვარდი. ხომ იცით, გოგოები სკოლის პერიოდში ბიჭებზე დიდად გამოიყურებიან და მეც მასზე დიდი ვჩანდი.

რას არ აკეთებდა, რომ ჩემი გული მოეგო. ხან სკოლასთან მხვდებოდა, ხან სკოლის ბუფეტში ყიდულობდა ჩემთვის რაღაცებს, ხან საჩუქრებს მიგზავნიდა კლასელი გოგონების ხელით, მაგრამ ჩემი გული ვერ მოიგო. მე სულ სხვანაირი ბიჭები მომწონდა და თან, სულაც არ მინდოდა ვინმე მყვარებოდა, რადგან მხოლოდ სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. სკოლის ბანკეტზეც მოვიდა უზარმაზარი ვარდების თაიგულით და გაპრანჭული რომ მნახა, ულამაზეს კაბაში, ქუსლებზე შემდგარი და მაკიაჟით, სულ გადაირია. ჩემს უბანში ცხოვრობდა და საკმაოდ კარგი ოჯახი ჰქონდა. მისმა მშობლებმაც იცოდნენ, რომ მათ შვილს ვუყვარდი და არ იყვნენ წინააღმდეგები. ბევრი რომ არ გავაგრძელო, უმაღლესში როცა ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, იმ წელს ჩემმა მშობლებმა რამდენიმე დღით ზღვაზე წამიყვანეს. იფიქრეს, გადაღლილია და ცოტა განიტვირთებაო. ჰოდა, სწორედ იქ გავიცანი ჩემი შვილების მამა. მერე ერთმანეთს ვხვდებოდით, შევეჩვიე, შემიყვარდა და ცოლად გავყევი. სამწუხაროდ, მის ოჯახს კარგად არ ვიცნობდი, არც მისი ხასიათი ვიცოდი და კი შემრჩა ხელში გაუბედურებული ოჯახი და პათოლოგი ქმარი. ძლივს დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი, ჯერ ორსულად ვიყავი და ტოქსიკოზი მქონდა, მერე გავაჩინე ბავშვი და ჩვილს ვუვლიდი, მერე ისევ დავფეხმძიმდი და მალევე მეყოლა მეორე შვილი და რომ არა დედაჩემი, დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ შევძლებდი ბავშვების გაზრდას. მამაჩემი ფინანსურად გვეხმარებოდა, დედა – ფიზიკურად, ჩემი დედამთილი უცნაური ქალი იყო და როცა მოეპრიანებოდა, მაშინ დაიწყებდა სახლის დალაგებას თუ საჭმლის კეთებას. ისე კი მთელი დღე იჯდა ტელევიზორის წინ და სერიალებს უყურებდა. ბავშვი რომ ტირილით გადაბჟირებულიყო, ხელში არ აიყვანდა. მამამთილი კი წნევიანი კაცი იყო და ბავშვი რომ ტირილს იწყებდა, მე არ შემიძლია ხმაურიო, გაიკეტავდა კარს და უბანში კაცებთან იჯდა. ჩემი ქმარი არ მუშაობდა და საძმაკაცოს იყო აყოლილი, კვირაში თითქმის ხუთი დღე ნასვამი იყო. ერთი სიტყვით, რომ ვეღარ ავიტანე სიტუაცია, ვთქვი, დროებით დედაჩემთან გადავალ-მეთქი – მინდოდა, სამუდამოდ იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ არ გამაჩერეს, მოვიდნენ, დამავლეს ხელი და წამიყვანეს. მესამე ბავშვზე რომ დავრჩი ორსულად, მამაჩემმა ბინის გაყიდვა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ცალკე ეყიდა სახლი. ასეც მოიქცა. თვითონ ერთოთახიანი ბინა იყიდეს და მე და ჩემს ქმარს – ოთახ-ნახევრიანი. ორსულად ვიყავი და ბავშვი სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე, აბორტი არ გავიკეთე და მესამე შვილიც გავაჩინე. ცოტა ხანი ვიცხოვრეთ ცალკე, ბავშვებთან ერთად, მაგრამ ჩემი ქმარი შარში გაება – ნასვამმა ვიღაცასთან იჩხუბა, სცემა და ციხეში რომ არ ჩამჯდარიყო, მამაჩემის მოცემული ბინა მის გირაოს შეეწირა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ცხრა წელი ვიტანჯე, წვალებით დავზარდე ბავშვები და ბოლოს მაინც დავშორდით და საცხოვრებლად ჩემებთან გადმოვედი. მამას ნერვიულობაზე ინსულტი მოუვიდა და ლოგინს მიეჯაჭვა, დედა მას უვლიდა. ერთ ოთახში ამდენი ადამიანი, ვეღარ ვეტეოდით, თან მამას სიმშვიდე უნდოდა და ვერ ვხვდებოდი, რა გამეკეთებინა. სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა ის ბიჭი, რომელსაც სკოლაში ვუყვარდი. გაუგია ჩემი ამბავი და მომძებნა. არც ცოლი მოუყვანია და არც შვილები ჰყავდა. საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. წარმატებით უძღვებოდა და საკუთარი ბინაც უყიდია, მანქანაც და აგარაკიც. ოჯახსაც ეხმარებოდა, საძმაკაცოსაც და საკმაოდ პატივსაცემი ადამიანი გამხდარა. მას რომ შევხვდი, მივხვდი, მისი სახით როგორი ადამიანი დავკარგე. ხშირად მაკითხავდა, მაგრამ აზრადაც ვერ გავივლებდი, რომ ისევ ვუყვარდი და ცოლობას მთხოვდა. ბოლოს მითხრა: მომბეზრდა ასეთი შეხვედრები, მინდა, ჩემ გვერდით იყო, წამოიყვანე შენი შვილები და ჩემთან გადმოდი საცხოვრებლად, შენებიც დაისვენებენ ხმაურისგან და თქვენ კი მე მოგხედავთო. გადავედი და სულ მალე ცოლობაც მთხოვა. ხელის გულზე მატარებს, ბავშვებსაც თბილად ექცევა და ჩემს მშობლებსაც არაფერს აკლებს. მართალია, მისი ოჯახი ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი იყო, მაგრამ შვილს წინ ვერ დაუდგა. სულ მალე ჯვარს დავიწერთ, მერე პირველ ქმართან ხელს გავაწერ და თავიდან დავიწყებ ცხოვრებას – მშვიდად ჩემს სამ შვილთან და საყვარელ ადამიანთან ერთად.

ნატა, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი