ჩემმა ქმარმა ყველაფერი გააკეთა, რომ ოჯახი არ დანგრეულიყო
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.10

სიყვარულით გავთხოვდი. მთელი ჩემი სამეგობრო გაგიჟებული იყო ჩვენს სასიყვარულო თავგადასავლებზე. მიუხედავად ამისა, სადედამთილომ დამიწუნა. თუმცა, ჩემმა რჩეულმა იმდენი ქნა, მაინც მომიყვანა ცოლად და ცალკე, დამოუკიდებლად დავიწყეთ ცხოვრება. იმდენად ბედნიერები ვიყავით, ხანდახან მეშინოდა, არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა. ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, სულ კამათობდნენ, იბუტებოდნენ და მეშინოდა, მსგავსი რამ მეც არ დამმართნოდა. განვიცდიდი, ოჯახში ასეთი დაძაბული სიტუაცია რომ იყო.
მე კი გამიმართლა, მაგრამ შვილი არ მეყოლა. ბევრი წელი უშვილოდ ვიცხოვრეთ. ბევრჯერ დავაპირე ქმართან დაშორება ამის გამო, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ ყოველ ჯერზე ივაჟკაცა და არ გამიშვა. ალბათ, მეც ვერ გავძლებდი მის გარეშე და თავს დავიღუპავდი. ერთი სიტყვით, ყველაფერი გვქონდა, გარდა იმისა, რომ მშობლები ვერ ვიყავით. ამის გამო დედამთილი ყოველთვის მტკენდა გულს, თუმცა, ქმრის ხათრით ვითმენდი. აყვანაც შემომთავაზეს, მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის. სუროგატ დედაზეც გვისაუბრია მე და ჩემს მეუღლეს, მაგრამ რატომღაც მერე გადავიფიქრეთ. ასე, შვილის ნატვრაში გავიდა თხუთმეტი წელი. ერთ დღესაც, ჩემმა ქმარმა დამსვა და მითხრა: ლია, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ და სხვაში არასოდეს გაგცვლი. მინდა, ბედნიერი იყო, დედა გახდე და ამისთვის შესაძლოა, რისკზე წავიდე, გაწყენინო, შეგნებული გოგო ხარ და გთხოვ, არ გამიბრაზდეო. ვერ მივხვდი, რას გულისმობდა. ჩავეძიე, მაგრამ არ მიპასუხა. უბრალოდ, ჩემეხუტა და ჩამკოცნა. ამის მერე გავიდა ზუსტად ათი თვე. სიმართლე გითხრათ, მთელი ეს პერიოდი აფორიაქებული იყო. ხანდახან ჩაფიქრდებოდა და ერთ ადგილს დაჟინებით აკვირდებოდა. რაღაცაზე დარდობდა, ფიქრობდა. საბოლოოდ კი ისევ დამისვა და მითხრა: ახლა შენი მხარში დგომა ისე მჭირდება, როგორც არასდროს, ვიცი, გამიგებ და მინდა, იცოდე, ეს ყველაფერი შენთვის გავაკეთეო. მართლა ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა, რაში უნდოდა ჩემი მხარში დგომა და ვუპასუხე: ყოველთვის ასე არ ვიქცევი? ნუ მაშინებ, მითხარი რისი თქმა გინდა-მეთქი. გამომიტყდა, რომ სხვა ქალთან ჰქონია კავშირი, მხოლოდ შვილის გამო. დაორსულებულა ის ქალი და ერთ თვეში შვილს ელოდა. არ მოველოდი, გავხევდი, გავშრი. მეწყინა, მეტკინა და ავტირდი. გადაირია, ვერ მიმიხვდი სწორად, ის ბავშვი მხოლოდ ჩვენი იქნება. დამიჯერე, ვერავინ წაგვართმევს, ნახავ, როგორ შეგიყვარდება და ზუსტად ვიცი, გადარეული დედა იქნებიო. ისე დამამშვიდა და დამაიმედა, ასე მეგონა, მე უნდა მყოლოდა. ამ სტრესმა რომ გამიარა და დავწყნარდი, გამოვკითხე და გავარკვიე, რომ სხვა ეროვნების გოგონასთან გარიგება დაუდვია – მას ჩემი ქმრისგან მხოლოდ შვილი უნდა გაეჩინა, მიეღო შესაბამისი თანხა, არც ისე ცოტა და ბავშვზე უარი ეთქვა. ეს შეთანხმება იმ გოგონამ შეასრულა, იმშობიარა და ბავშვი გადმოგვცა, იმ პირობით, რომ არასოდეს მოაკითხავდა. ისიც გავიგე, რომ საქართველოდან წასვლას აპირებდა. მოკლედ, გადაუხადა ჩემმა ქმარმა თანხა და მის სანაცვლოდ, ულამაზესი ანგელოზი შემოვიდა ჩვენს ოჯახში. ახლა ჩემი გოგონა ჩვიდმეტი წლისაა. სიხარული და ბედნიერება მისი წყალობით გაასმაგდა ჩვენს სახლში. ჩემი მეუღლე მასზე გიჟდება და სულ ამბობს, ეს რომ გათხოვდება, არსად გავუშვებ, ამის გარეშე რა დამაძინებსო. მართალია, არ იცის, რომ ნამდვილი დედა არ ვარ და მამამისს ის სხვა ქალისგან ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომც გაიგოს, არაფერი შეიცვლება. ჩემ გარეშე ნაბიჯს არ დგამს, ყველა საიდუმლოს მიმხელს. არაჩვეულებრივი დედაშვილობა გვაქვს. ალბათ, ერთ დღესაც ვეტყვი სიმართლეს... ან იქნებ არც ვუთხრა. უბრალოდ, ეს ამბავი იმიტომ მინდოდა გამეზიარებინა სხვებისთვისაც, რომ იცოდნენ, თუ ნამდვილი სიყვარულია, ის აუცილებლად მყარი და დაუნგრეველია. კაცი, რომელსაც ქალი უყვარს, ყველა რისკზე წავა, რომ საყვარელი ადამიანი არ დაკარგოს, პირიქით, გააბედნიეროს, მეცხრე ცაზე აიყვანოს და ცხოვრებაში ყველა დარდი შეძლებისდაგვარად აარიდოს.
ლია, 52 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან