ჩემმა ძმამ ჩემი საყვარლის და მოიყვანა ცოლად
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.06

პირველ ქორწინებაში არ გამიმართლა და ქმარს მალევე დავშორდი. ძალიან მიყვარდა, მაგრამ მის ოჯახს ვერ შევეწყვე და დაახლოებით ექვს თვეში მივხვდი, ჯერ კარგად უნდა გამეცნო მისი ოჯახის წევრები და მერე შევსულიყავი მათ სახლში რძლად. ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ნამდვილად არ იყო ცუდი ურთიერთობა, მაგრამ ოჯახის წევრების ხშირმა ჩარევამ გამოიწვია ჩვენს შორის კონფლიქტები და საბოლოოდ ვარჩიე, წამოვსულიყავი.
არც ჩემს ქმარს მოუკლია მაინცდამაინც თავი შერიგების თხოვნით. გარკვეული პერიოდი ვხვდებიდით, მაგრამ ჩვენი საუბარი ყოველთვის ისევ მის ოჯახს უკავშირდებოდა და კამათით ვშორდებოდით ერთმანეთს. ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა და დამერქვა განათხოვარი გოგოს სახელი. ჩემს ამბავს ყველაზე მეტად ჩემი ძმა განიცდიდა. ცდილობდა, გავემხიარულებინე, ხან სად დავყავდი და ხან სად. უცხოეთშიც კი წამიყვანა დასასვენებლად, რომ როგორმე დამევიწყებინა ის ცუდი დღეები და ჩემს ყოფილ ქმარსა და მის ოჯახზე აღარ მეფიქრა. მერე ბიძაშვილმა სამსახური დამაწყებინა და სწორედ იქ გავიცანი ბიჭი, რომელიც არ ვაჭარბებ, ერთი ნახვით შემიყვარდა. რასაკვირველია, არ ვიმჩნევდი, მაგრამ მისგანაც ვგრძნობდი მოწონებას. საბოლოო ჯამში, ჩამოვყალიბდით და გავანდეთ ერთმანეთს, რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობდით. დავიწყეთ შეხვედრები, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო და სადაც მივდიოდით, გოგონების ყურადღების ცენტრში იყო. ამაზე არ ვნერვიულობდი, რადგან ჩემთან როცა იყო, გვერდით არც იხედებოდა. სიტყვებითაც მარწმუნებდა: თუ ერთი მიყვარს, სხვას ვერ გავხედავ, მისთვის მინდა ცა და დედამიწა და მორჩაო. რასაკვირველია, მეც მეჯერა და თან, არც ეჭვიანობის საბაბს მაძლევდა. ერთ დღესაც, ჩემმა თანამშრომელმა მასზე ისეთი ამბავი მომიყვა, შოკში ჩავვარდი. თურმე, ჰყოლია საყვარელი, რომელთანაც წლებია, ცხოვრობს, მის კისერზეა, ის გოგო ყიდულობს ჩასაცმელ-დასახურს, მანქანაც მისი ყოფილა, რითიც ეს დადიოდა და მოკლედ, ჩვეულებრივი ალფონსიაო. მეგონა, ზღაპარს მიყვებოდა ეს გოგო და ჩავეკითხე: კი მაგრამ, თავად არ ჰყავს დედ-მამა და ოჯახი-მეთქი? მიპასუხა: როგორ არ ჰყავს, გურიაში ცხოვრობენ დედა და მამა და ხუთი დედმამიშვილი ჰყავს. ეს კი თბილისში შვიდი წელია, რაც ჩამოვიდა, ის გოგო გაიცნო და მან დააყენა გზაზე, გარეგნობით კი ეთამაშება ვარსკვლავებს, ასაკითაც იმ საყვარელზე პატარაა, მაგრამ რაში ენაღვლება, მის ფულებზე გულაობს ბიჭიო. მართლა ვერ წარმოვიდგენდი მსგავს რამეს. მოკლედ, ეს ამბავი მასთან გადავამოწმე და არც უარუყვია. უბრალოდ, მითხრა: იმ გოგოსთან იმის გამო ვარ, რომ მას ძალიან ვუყვარვარ და თუ თავს დავანებებ, ვიცი, თავს რამე შარს აუტეხს, ამიტომ ჯერ ვერ დავშორდებიო. ჩვენ შორის იმ დღეს დასრულდა ყველაფერი. მისი დანახვა სამსახურშიც მაღიზიანებდა და ამიტომ იქიდანაც წამოვედი. კი გაუკვრიდათ ჩემებს, მაგრამ მოვიმიზეზე, იმდენად ვიღლები, არ მიღირს იმ ხელფასად, რასაც მიხდიან, სხვა რამეს მოვნახავ-მეთქი. დაახლოებით სამ თვეში, ჩემმა ძმამ გამოგვიცხადა ოჯახს – შეყვარებული მყავს და ცოლად მომყავს, გურიიდან არის წარმოშობით, მაგრამ ძალიან კარგი ოჯახიშვილია და ფიზიკურადაც მოგეწონებათ. ძალიან გთხოვთ, სოფლელობის გამო არ დამიწუნოთ, გადაწყვეტილი გვაქვს ოჯახის შექმნაო. ვერ დაიჯერებთ და ჩემი ძმის რჩეული სწორედ იმ ბიჭის და აღმოჩნდა, რომელთანაც დავდიოდი და რომელიც ისე მატყუებდა, ვერც კი ვხვდებოდი. არავინ იცოდა ჩვენი ამბავი და დღემდე ორივე საიდუმლოდ ვინახავთ, მაგრამ ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა, რადგან დავნათესავდით და ეს მტანჯავს. არადა, ჩემი რძალი ანუ მისი და, ძალიან კარგი გოგოა, თბილი, მოსიყვარულე, ლამაზი და იმის გამო, რომ მის ძმასთან დავდიოდი, ჩემს ძმას გზა-კვალს ვერ ავურევ. უბრალოდ, მეშინია, ერთ დღესაც ჩვენი ამბავი არ გასკდეს. იმედია, თავად ის ვაჟბატონი არ იტყვის და მე, რასაკვირველია, ამის მთქმელი სიცოცხლის ბოლომდე არ ვარ.
ნინი, 29 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან