ჩემი ტოლი ქმარიც მყავდა, ჩემზე გაცილებით უფროსიც, მაგრამ ასაკით პატარამ მაგრძნობინა რა არის იყო ნამდვილი ქალი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.09

ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. უფრო სწორად, ერთ დღესაც, მამამ გაიხურა კარი და წავიდა.
პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს დედის მდგომარეობა. ვხვდებოდი, როგორ განიცდიდა მის წასვლას, სულ ჩუმად ტიროდა, მაგრამ მე მიფრთხილდებოდა და ცდილობდა, ჩემთვის არაფერი ეგრძნობინებინა. მამის მიმართ სიძულვილი გამიჩნდა და არასოდეს მომნდომებია, მასთან მეგობრული თუ მამაშვილური დამოკიდებულება მქონოდა. მიუხედავად იმისა, რომ დედას მასზე არასოდეს უთქვამს ცუდი. უბრალოდ, მამაზე არასოდეს მესაუბრებოდა და არც მე ვუსვამდი კითხვებს. ვიცი, რომ მას სხვა ოჯახი აქვს, ჰყავს შვილები... ერთხელ მოინდომა, ჩემთვის ნახევარ და-ძმა გაეცნო, მაგრამ მე ვთქვი უარი. წლები არ გვაკითხავდა და როცა დედამ სიმწრით გამზარდა და სკოლა დავამთავრე, მერე მოინდომა მოსვლა და იმ და-ძმის მოყვანა და გაცნობა, რომლებიც საერთოდ არ მაინტერესებდა და არც ვაღიარებდი. ერთი სიტყვით, მამის გამო ჩემში ყველა კაცი უნდობლობას იწვევდა, ყველა მოღალატე და ფარისეველი მეგონა. პირველად გააზრებულ ასაკში გავთხოვდი. 26 წლის ვიყავი და ვიცოდი, რა ნაბიჯსაც ვდგამდი. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, რეზო ჩემი ასაკის იყო და უკვე შემდგარი პიროვნება. თუმცა, მასთან თანაცხოვრების სულ მცირე დროში მივხვდი, დანაშაული იყო, მასზე რომ დავქორწინდი. არ მიყვარდა და უბრალოდ, მისი ცოლი იმის გამო გავხდი, რომ ყველა ჩემს სადაქალოში გათხოვდა, მეორე ნახევრები ჰყავდათ და მეც მინდოდა, გვერდით მამაკაცი მყოლოდა. სიმართლე გითხრათ, არც რეზო გამოირჩეოდა დიდი რომანტიზმით, სითბოთი და სიყვარულით. საათობით იკეტებოდა ოთახში, კომპიუტერში იქექებოდა, სამეცნიერო სტატიებს კითხულობდა და უცხოეთში წასვლასა და იქ სწავლის გაგრძელებას გეგმავდა. საერთოდ ვერ აღმიქვამდა, როგორც ცოლს. არც კი მახსოვს, მასთან ერთად მარტო სადმე წავსულიყავი. ჩემი იმ ოჯახში ყოფნის პერიოდი ასე მახსენდება: დილით საუზმე დედამთილ-მამამთილთან და ქმართან ერთად, მერე ყველა თავისი საქმით კავდებოდა, შუადღით – სადილის სუფრა, საღამოს – ტელევიზორის ყურება, ვახშამი და ღამით – ჩვენ-ჩვენ საძინებლებში შეკეტვა და ძილი. მოკლედ, ყველა თვის სტიქიაში იყო და იქ ჩემი ადგილი ნამდვილად ვერ დავინახე. ჰოდა, მალევე წამოვედი. ზუსტად ერთ წელში, ჩემზე უფროსი მამაკაცი გავიცანი, დავიწყეთ ურთიერთობა. თითქოს თბილი, მოსიყვარულე, რომანტიკული ჩანდა. უყვარდა სიურპრიზების გაკეთება, განმარტოება და ქალაქგარეთ ჩემი გასეირნებაც. რეზოსთან ხელი გავაწერე და ერეკლეს გავყევი ცოლად. სხვათა შორის, დედამ მთხოვა: შვილო, კარგად დაფიქრდი, ერთხელ დაუშვი შეცდომა და მეორედ ნუღარ გაიმეორებ. ჩემი აზრით, ჩქარობ, გავიდეს დრო, კარგად გაიცანით ერთმანეთიო. არ დავუჯერე და წავაგე. ერეკლესთან ხელი მოვაწერე თუ არა, ამანაც შეიცვალა ხასიათი. უყურადღებო, ეჭვიანი და უჟმური გახდა. მხოლოდ იმას მოითხოვდა, ბავშვი გამეჩინა, თან ბიჭი უნდოდა. მეუბნებოდა: უკვე ასაკში ვარ, მინდა შვილი, აბა, ცოლად რისთვის მოგიყვანეო. არადა, არ ვრჩებოდი ორსულად. ექიმთანაც ვიყავი და ყველანაირი პრობლემა გამოირიცხა. მოკლედ, ისე შემაძულა თავი თავისი მოთხოვნებითა და უაზრო ეჭვიანობებით, იძულებული გავხდი, მასაც გავშორებოდი. რეზოსგან განსხვავებით, მისი ჩამოცილება რთული აღმოჩნდა. ნერვები დამაგლიჯა და იძულებული გამხადა, ემიგრაციაში წავსულიყავი. მადლობა ღმერთს, აქ შევხვდი საუკეთესო ბიჭს. მართალია, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაწერილი, მაგრამ მშვიდად და სტაბილურად ვცხოვრობთ. უბრალოდ, ასაკით ჩემზე გაცილებით პატარაა, მაგრამ ამაში მე, პირადად, პრობლემას ვერ ვხედავ. ასაკით ჩემი ტოლიც მყავდა, უფროსიც და ჩემზე გაცილებით პატარა ბიჭის გვერდით ვიგრძენი, რა არის სიმშვიდე, იდილია, სითბო და სიყვარული. დედაჩემმა მის შესახებ იცის, მაგრამ ის თავის მშობლებს ვერ ეუბნება, უმალავს ჩემს არსებობას. მპირდება, ყველაფერს მოვაგვარებ, უბრალოდ, ვიცი ჩემების ხასიათი და ცოტა მაცალეო. დარწმუნებული ვარ, დაალაგებს სიტუაციას, ისე აუხსნის მშობლებს ყველაფერს, მიმიღებენ და მომავალშიც ასე მშვიდად და სიყვარულით გავაგრძელებთ ცხოვრებას. მართალია, დედისგან შორს ვარ და ეს ჩემთვის დიდი განსაცდელია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ადამიანი მალე მოაგვარებს ყველაფერს, დავბრუნდებით და ყველანი ერთ დიდ ოჯახად ვიცხოვრებთ.
ლიკა, 34 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან