გულახდილი საუბრები

ჩემი სიდედრის გამო ცოლს მალულად ვხვდები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 06.11

ურთიერთობა
დაკოპირებულია

გურიის სოფელში დავიბადე და გავიზარდე. იმიტომ არა, რომ ჩემი ოჯახია, მაგრამ ვინც გვიცნობს, დამეთანხმება, რომ ნამდვილად გამორჩეულად კარგი მშობლები და ბებია-ბაბუა მყავს. არავისგან დასაწუნი ოჯახი არ ვართ. მართალია, სოფელში დიდი სახლი მაქვს, კარგად მოწყობილი და ყველაფრით სავსე, თავისი ულამაზესი ეზოთი, მაგრამ დედაქალაქში არ მაქვს ბინა და ამის გამო, ჩემმა სიდედრმა იმდენი ქნა, სანამ მე და ჩემს მეუღლეს შორის არ ჩადგა.

სტუდენტობა თბილისში გავატარე და უნივერსიტეტში გავიცანი გოგონა, რომელმაც ერთი დანახვით მომხიბლა და დაიპყრო ჩემი გული. თავიდან მეც კომპლექსი მქონდა, რომ მასავით თბილისელი არ ვიყავი, თუმცა, ამის გამო ჩვენს ურთიერთობაში პრობლემა არ შექმნილა. შეგვიყვარდა ერთმანეთი და დაოჯახება გადავწყვიტეთ. მანამდეც ვისაუბრეთ და ვიცოდი, რომ სოფელში საცხოვრებლად არ წამოვიდოდა, მანაც იცოდა, რომ მე იმდენი ფინანსები არ მქონდა, თბილისში ბინა მეყიდა. დედისერთა გოგოა და საკმაოდ ძლიერი ოჯახი აქვს. მოვილაპარაკეთ, რომ დაქორწინების მერე, მასთან ვიცხოვებდით, მერე კი რაღაც იქნებოდა. სამწუხაროდ, ეს აზრი მისი მშობლებისთვის არ უთქვამს. გავიპარეთ და პირდაპირ სოფელში ჩავიყვანე. ჩემებმა იცოდნენ, რომ ცოლი მომყავდა და სასწაული შეხვედრა მოგვიწყვეს. თუმცა, მის მშობლებს რომ დავურეკეთ და ვუთხარით, იმ წამიდან დაიწყო პრობლემა. დამიწუნეს, სოფლიდან რომ ვიყავი და პირველი, რაც მის შვილს უთხრეს ტელეფონში და რაც ჩემი ყურით გავიგე, იყო ასეთი სიტყვები: რომელ სიყვარულზე ლაპარაკობ? სოფლელი ბიჭია, თბილისში უნდა ცხოვრება, ყურებით დაგიჭირა მიამიტი გოგო და ჩვენს ოჯახში დამკვიდრებით ცხოვრების განაღდება უნდა. გადაეცი, რომ ვერ ეღირსება. შენ კი ჩამობრძანდი და სახლში დაგელაპარაკებითო. რა თქმა უნდა, ნინო უკვე ჩემი ცოლი იყო და ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ვიცოდი, არ დამშორდებოდა, მაგრამ საფიქრალი გამიჩნდა, სოფლიდან დაბრუნებულები სად წავსულიყავით. ჩემებიც ნაწყენები იყვნენ, რომ სოფლელობის გამო დაგვიწუნეს, თუმცა, ხმა არ ამოუღიათ. უამრავი საჩუქარი და ოქროულობა დაახვედრეს ჩემს ცოლს და დღემდე, გადასარევი ურთიერთობა აქვთ. ასე თუ ისე, სიმამარიც შეეგუა სიტუაციას, მაგრამ სიდედრი ვერ მოიდრიკა. მაინც თავისას „აწვება“ და იმეორებს: სოფლელია, ჩვენი ქონება უნდა, თორემ ჩემი გოგო არ უყვარს, მე ნუ მასწავლითო. ჩემი სიმამრი დაელაპარაკა და რაღაც პერიოდი, მათთან ვცხოვრობდი, მერე კი, იმდენი ქნა, მაიძულა, წამოვსულიყავი. კიდევ ვამბობ, ნამდვილად არ მაქვს იმდენი ფული, ბინა ვიყიდო, ქირაობით კი ერთი პატარა ოთახი ვიქირავე და მე და ჩემი ცოლი იქ მალულად ვხვდებით ერთმანეთს. ალბათ, ჩემი სიდედრი ფიქრობს: მოსწყინდებათ ასე ყოფნა და დაშორდებიანო... მაგრამ, ცდება. მართლა ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, თან, მე ჩემი ცოლის იმედი მაქვს, დედამისი ჭკუას ვერ გადაუტრიალებს. არ წამომყვება სოფელში, თორემ ჩემები ხელის გულზე გვატარებენ. სიმართლე გითხრათ, მეც იქ ყოფნას, აქ ყოფნა მირჩევნია, რადგან მუშაობა დავიწყე და ჩემი შემოსავალი მაქვს. ერთი წელი არ არის, რაც დავოჯახდი და უკვე იმდენი ტკივილი გადავიტანე, ვერ ვხვდები, როგორ ვუძლებ. ალბათ, სიყვარული მაძლებინებს და ბოლომდე ასე გავუძლებ. მთავარია, ჩემი ცოლი მედგეს გვერდით და ვფიქრობ, ყველაფერს მოვაგვარებთ. ძალიან მიჭირს, რომ სულ ჩემს გვერდით არაა და მალულად გვიწევს შევხვედრები, ბევრი იმასაც მეუბნება: როგორი ცოლია, ერთად არ ხართო, მაგრამ ხელიც მოწერილი გვაქვს და მომავლის გეგმებიც დაწყობილი. ამიტომ, ზუსტად ვიცი, ცხოვრებაში რა მიზანიც მაქვს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ცოლი ის ადამიანია, ვის გვერდითაც ცხოვრების ბილომდე მინდა ყოფნა.

გიო, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი