ჩემი რჩეულის მშობლებმა ასაკის გამო ამითვალწუნეს და ყველაფერს აკეთებენ, რომ დაგვაშორონ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.03
საკმაოდ წარმატებული გოგო ვიყავი. არასდროს არავინ დამხმარებია, ყველაფერს თავად მივაღწიე. უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, თუმცა ჩემი ინტრესეი სულაც არ იყო მათკენ მიმართული. კარიერულ წინსვლას ვამჯობინებდი და მერე უნდა მეფიქრა გათხოვებაზე. დრო გავიდა და რომ დავფიქრდი, მივხვდი, კარიერა კი მოვიწყვე, მაგრამ პირადი ცხოვრება უკან დამრჩა.
აღარც თაყვანისმცემლები მახვევდნენ თავბრუს თბილი სიტყვებითა და საჩუქრებით და მივხვდი, დრო მხოლოდ ჩემს საქმიანობას მოვახმარე, გვერდით კი საყვარელი ადამიანი არ მედგა, ვინც ჩემს ამ ბედნიერებას გაიზიარებდა. მანქანაც შევიძინე, ბინაც, კარგადაც მოვაწყვე და საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახურიც მქონდა, მაგრამ მარტო ვიყავი. ერთ დღეს სოციალურ ქსელში წერილი დამხვდა. უცნობებს არასდროს ვპასუხობდი, მაგრამ ამ ბიჭის გვერდს რომ გადავხედე, დამაინტერესა და პასუხი მივწერე. ისევ მომწერა, მივწერე და მთელი ერთი თვე, მიმოწერებში გავატარეთ. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისიდან იყო ჩამოსული დედაქალაქში, აქ მუშაობდა და ქირით ცხოვრობდა. შეხვედრა რომ მთხოვა, არ ვიცი, რატომ მაგრამ ვუთხარი: არ მინდა კაფე-ბარები და რესტორნები, ამოდი ჩემთან, სახლში, ჭიქა ყავაზე დაგპატიჟებ და ვისაუბროთ-მეთქი. სოციალურ ქსელში კონტაქტისას დავრწმუნდი, რომ არ იყო საშიში ადამიანი, არც მატყუარა და ამიტომ შევთავაზე ჩემთან სტუმრობა. თუმცა, რამდენჯერაც წლოვანებაზე ჩამოვარდა საუბარი, თავი აარიდა. ფოტოებიდან მივხვდი, რომ ჩემზე ასაკით პატარა იყო, მაგრამ ჩვენს ასაკს შორის კატასტროფული სხვაობა არ ჩანდა. მოკლედ, არ იუარა და მეორე დღესვე მესტუმრა ტკბილეულითა და ყვავილებით. დავსხედით, ვისაუბრეთ, ძალიან მომეწონა და მისგანაც იგივე ვიგრძენი. წასული არ იყო, ტელეფონზე დამირეკა და მითხრა: იმდენად სასიამოვნო ადამიანი ხარ, არ მინდოდა, შენგან წამოსვლა, მე ყველაფერი გითხარი ჩემზე, არაფერი დამიმალავს და მინდა, დაფიქრდე – ჩემი სურვილია, ერთად ვიყოთო. ვუპასუხე, დავფიქრდები-მეთქი, თუმცა, ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ ადამიანს არ დავკარგავდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავიწყეთ ურთიერთობა და ორ კვირაში ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ყველაფერში მეხმარებოდა – სახლის დალაგება, დასუფთავება, სურსათის ყიდვა იყო თუ მანქანის მოწესრიგება. ერთ დღესაც ასაკი მითხრა და შოკში ჩავვარდი. აღმოჩნდა, რომ ჩემზე 21 წლით პატარა იყო. მე 45-ის ვიყავი, ის კი – 24-ის. ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ ასეთი პატარა იყო. მეც არ მემჩნევა ასაკი, მაგრამ, ფაქტობრივად, შვილად შემეფერება. იმდენად შემიყვარდა და შევეჩვიე, ასაკს აღარ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა, გამხელა მრცხვენოდა. სულ მეუბნებოდა, მინდა, ურთიერთობა გავასაჯაროვოთ, ჩემებმა იციან შენ შესახებ, ვუთხარი, რომ ცოტა დიდი ხარ ჩემზე, შენებსაც ასე ვუთხრათ. შენ ჩემებთან დაიპატარავე თავი, შენებთან კი მე მოვიმატებ წლებს, მთავარია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ხელი მოვაწეროთო. ჩემებმა იცოდნენ, რომ ჩემს ცხოვრებაში იყო ადამიანი, თუმცა დეტალურად არ მომიყოლია, რომ ქუთაისიდან იყო და ასაკით ჩემზე გაცილებით პატარა. რომ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ასაკის გამო ამ ადამიანს დავშორებოდი, გული მიკვდებოდა. თუმცა, რა დაიმალება, მისმა ოჯახმა გაიკითხ-გამოიკითხა, გაიგო ჩემი ვინაობა, ასაკი და იმ დღიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. გამუდმებით მირეკავდნენ, მლანძღავდნენ, საშინელ სიტყვებს მეუბნებოდნენ. მათი შვილისთვისაც ნათქვამი ჰქონდათ, რასაც ჩემზე ფიქრობდნენ და რომ წინააღმდეგები იყვნენ ამ ურთიერთობის, მაგრამ მაინც ვერ დაგვაშორეს. უკვე წელიწად-ნახევარია ერთად ვართ, ჩემებმაც გაიგეს ასაკი, შეიცხადეს, მაგრამ შეეგუენ, რადგან მე დავდექი მტკიცედ. მაგრამ მისი მშობლები ვერ გავაჩერეთ. დღემდე გვლანძღავენ, ეს კი არწმუნებს, რომ ვუყვარვარ, არ აინტერესებს ჩემი ასაკი და უნდა ჩემთან ცხოვრება. არ ვიცი, როდემდე გასტანს ასე. ამბობენ: კი, კარგი გოგოა, შემდგარი, შეძლებული, ლამაზი, მაგრამ არ გვინდა მისი არსებობა ჩვენს ოჯახში, ვერ ავიტანთ ამხელა ქალი იყოს ჩვენი შვილის ცოლი, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაშორდნენო. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ამ ადამიანის გარეშე ძალიან გამიჭირდება.
სოფო, 45 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





