ჩემი მომავალი მეუღლე ახალი წლის ღამეს ქუჩაში გავიცანი და ჩვენი შეხვედრა ნამდვილად ბედისწერა იყო
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.12
ყოველთვის მჯეროდა ახალი წლის დღეების ჯადოსნურობის. პატარაობიდან ასე მზრდიდნენ, რომ დამეჯერებინა თოვლის ბაბუის არსებობის, ღამით მოტანილი მისი საჩუქრების, სასწაულების არსებობის და მეც ბავშვურად მჯეროდა. რომ გავიზარდე და მივხვდი, არც თოვლის ბაბუა არსებობდა და არც მისი საჩუქრები, მოვეშვი არარეალურ სამყაროში ცხოვრებას და რეალობას ჩავხედე თვალებში. მაგრამ, გულში მაინც მჯეროდა, რომ ამ დღეებში ხდებოდა საახალწლო ჯადოსნობები და მისი მომსწრე აუცილებლად ვიქნებოდი. მოკლედ, სტუდენტობის პერიოდში ერთ ბიჭზე შეყვარეული ვიყავი. მთხოვა, მეგობრები ახალი წლის შესახვედრად ერთად ვიკრიბებით, მინდა, შენც ჩემ გვერდით იყო და იქნებ სთხოვო შენებს, გამოგიშვანო.
არ დამავიწყდება, მთელი კვირა ვთხოვდი ჩემებს გაშვებას. არადა, მანამდე სახლის გარდა, არსად შევხვედრივარ ახალ წელს. იმ ბიჭს იცნობდნენ, მაგრამ დიდად არ იყვნენ ჩვენი ურთიერთობის მოხარულები. მოკლედ, მთელი ჩემი სამეგობრო ჩავრთე და ბოლოს ჩემმა დამ დაარწმუნა დედა და მამა, რომ გავეშვი. ახლაც მახსოვს როგორ ვიპრანჭებოდი, ვარჩევდი სამოსს, ვცდილობდი, იმ სადღესასწაულო დღეს ისეთი გადაპრანჭული და ბრჭყვიალა ვყოფილიყავი, რომ ყველაზე მომეხდინა სასიამოვნო შთაბეჭდილება. ჩემი შეყვარებულის გარდა, იქ არავის ვიცნობდი და ამას ცოტა განვიცდიდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს ათ საათზე მომაკითხა და წავედით. ისეთ ადგილას და ისეთ საზოგადოებაში აღმოვჩნდი, თვალებს არ ვუჯერებდი. ვუთხარი კიდეც: ესენი შენი მეგობრები არიან-მეთქი? დაუჯერებლად ცუდი გარემო და ხალხი დამხვდა. უცნაურად ჩაცმული, ბომჟური ქცევებითა და ამაზრზენი საუბრით. არ მესიამოვნა, მაგრამ ჩემი შეყვარებულის გამო არ ვიმჩნევდი. ისე აღმოჩნდა, რომ სრულიად გარიყული დავრჩი. ჩემი შეყვარებული ვიღაც გოგოებს ეტორღიალებოდა, სვამდა და საერთოდ არ მაქცევდა ყურადღებას. საზეიმო და ახალი წლის განწყობა კი არა, ჩვეულებრივი თავშეყრა იყო, ყველანაირი ცუდი გაგებით. ვინ ვის კოცნოდა, ვინ ვის ეკიდებოდა და ვინ ვის „კერავდა“, კაცმა არ იცოდა. ჩემს შეყვარებულს რამდენიმეჯერ ვუთხარი, აქ არ მომწონს და წავიდეთ-მეთქი. იუარა: სად უნდა წავიდე, ძალიან კარგ დროს ვატარებ, შენც მოეშვი და ისიამოვნეო. ნამდვილად არ ვაპირებდი არც მოშვებას და არც სიამოვნებას ან ეს როგორ უნდა მექნა იმ საზოგადოებაში და იმ გარემოში. საბოლოოდ, რომ მივხვდი, იქ ჩემი ადგილი არ იყო, წამოვედი. თორმეტის ნახევარი ხდებოდა და სახლში ნამდვილად ვერ მივასწრებდი მისვლას, რომ ახალ წელს ჩემებთან ერთად შევხვედროდი. დავეშვი მთაწმინდის დაღმართზე და რუსთაველამდე ფეხით ჩამოვედი. საახალწლო კონცერტი იყო, გარეთ უამრავი ადამიანი ხვდებოდა ახალ წელს და მეც მათ შევერიე. არ მინდოდა იმ განწყობით სახლში მისვლა. ვიფიქრე, ცოტა ხანს ვიქნები და მერე სახლში წავალ-მეთქი. სწორედ იქ გავიცანი ჩემი მომავალი საქმრო. არ მჩვევია უცხო ადამიანებზე მინდობა, მაგრამ ისეთი გარემო იყო, ისეთი სადღესასწაულო განწყობა, ისეთი გულით მოვიდა ჩემთან და ისე მომექცა, ჩემი ნდობა დაიმსახურა. სანამ კონცერტი არ დამთავრდა იქ ვიყავით და მერე, სახლამდე მიმაცილა. ბევრი დრო არ დამჭირდა მის გასაცნობად, ის ახალი წლის ქუჩაში გატარებული ღამეც კმაროდა. ყოფილ შეყვარებულს თავისი საკადრისი მხოლოდ ერთი კვირის მერე მივახალე, როცა ვნახე – მანამდე არც შემომხმიანებია. ახალ შეყვარებულს კი ყოველ საღამოს ვხვდებოდი, ვსეირნობდით გაბრდღვიალებულ ქუჩებში და როგორც საზეიმოდ და ბრჭყვიალადაც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ისევე გრძელდება უკვე ექვსი წელია. ეს შეხვედრა ნამდვილად ბედისწერა იყო, ახალი წლის სასწაული და მინდა, დიდხანს ასე გაგრძელდეს – ბედნიერად და ჯადოსნურად!
ნიტა, 26 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




