გულახდილი საუბრები

ჩემი ქმრის შვილის ბიოლოგიური დედა არ ვარ, მაგრამ ის მთელი ჩემი სამყაროა

№42

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.10

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ბავშვობიდან მეცოდებოდა და გული მეწვოდა იმ ბავშვებზე, ვისაც დედები არ ჰყავდათ. რომ გავიფიქრებდი, შესაძლოა, დედაჩემს რამე დამართნოდა და მე მის გარეშე ვყოფილიყავი, თვალზე ცრემლები მადგებოდა. საბედნიეროდ, დედა დღემდე ჯანმრთელად და კარგად მყავს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე სოლიდურ ასაკშია. რომ გავთხოვდი, ორი წელი შვილი არ გამიჩნდა.

ექიმთან რომ მივედი, მითხრა: არაფერია საგანგაშო, ცოტას იმკურნალებ და აუცილებლად გეყოლება შვილიო. მთელი სამი წელი მკურნალობაში გავატარე, დავიტანჯე და მაინც ვერ გავხდი დედა. მე და ჩემმა ქმარმა ხელოვნური განაყოფიერება გადავწყვიტეთ, მაგრამ გადასახდელი თანხის გამო ჩხუბი მოგვივიდა, დაგვეძაბა სიტუაცია და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დავშორდით. ყოფილმა დედამთილმა ისიც კი წამომაძახა, ჩემი შვილი დროზე მოვიდა გონზე, უშვილო ქალი რატომ უნდა გაეჩერებინა სახლშიო. გული მეტკინა, მაგრამ ფაქტი იყო, მე ვიყავი დამნაშავე, რომ მის შვილს მამობა ვერ ვაღირსე. რომ დავშორდით, გადაწყვეტილი მქონდა, აღარ გავთხოვილიყავი, მარტო მეცხოვრა, მხოლოდ ჩემთვის, რადგან დარწმუნებული ვიყავი, შვილი არ მეყოლებოდა და ჩემი ოჯახური თანაცხოვრება მსგავსი ამბით დასრულედებოდა. მაგრამ, ღმერთმა არ გამწირა, შემხვდა მამაკაცი, რომელსაც ცოლი უცხოეთში გაუთხოვდა, შვილს დამოუკიდებლად ზრდიდა და ცოლობა მთხოვა. მასთან რომ მივედი და სახლში ბავშვი დავინახე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი ცოლობაზე. უკვე, თორმეტი წელი გავიდა, რაც გავთხოვდი და უბედნიერესი ქალი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი არ არის, სანდრო საკუთარი შვილივით მიყვარს და იმავეს ვგრძნობ მისგანაც. სულ ჩემთან ეძინა და დღემდე სიცილით იხსენებს: გახსოვს, მამამ რომ ცოლად მოგიყვანა, ათი წლის ბავშვი შუაში რომ გიხტებოდით და საწოლიდან არ ვდგებოდიო. მართლა გულით შევიყვარე, მანაც ჩემში დედა დაინახა და იმავე სითბოთი მპასუხობდა, რასაც ჩემგან გრძნობდა. სიტყვა დედინაცვალს ვერ იტანს და ჩემზე რომ ეუბნებიან, ბრაზობს. დედამისი წლებია, არ უნახავს, ეკონტაქტება ხოლმე, მაგრამ მასაც თავისი ოჯახი აქვს, შვილები ჰყავს და აქეთ ჩამოსვლას არ აპირებს. უცხოელი ქმრისგან იყო ინიციატივა, სანდრო წაეყვანა, მაგრამ მამამისმა არ გაუშვა და ალბათ, მეც გავგიჟდებოდი. თავად ბავშვმაც არ მოინდომა. სანდრომ მაგრძნობინა, რა ყოფილა დედური სიყვარული და რომ წარმოვიდგენ, მისი შვილები უნდა გავზარდო, მისი ცოლი რძლად მივიღო და ერთი დიდი ოჯახი გავხდეთ, გული სიხარულით მევსება. სხვათა შორის, ჩემი ყოფილი ქმრის ნათესავთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მან მითხრა, რომ თურმე, რაც დრო გადის, მერაბი ჩემთან დაშორებას კიდევ უფრო ნანობს. უთქვამს კიდეც: ძალიან მიყვარდა, ზუსტად ვიცი, დრო იყო საჭირო და შვილიც გვეყოლებოდა. არ უნდა დამეთმო ასე მარტივად. რაც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, სულ უკან-უკან მივდივარ, სიცოცხლე აღარ მიხარიაო. როგორც ვიცი, ცოლი არ მოუყვანია, ვიღაც ქალთან დადიოდა და მასთან ჰყავს გოგონა. ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს და შვილიც იღბლიანი გაუზარდოს, ნამდვილად გამიხარდება. მე კი ჩემი ბედნიერება თორმეტი წლის წინ ვიპოვე და აწი რა უნდა მოხდეს, რომ ამაზე უარი ვთქვა. ახლა ვნანობ, რომ პირველ ქმართან დაშორების მერე დარდს გული შევაჭმევინე, დეპრესია დავიმართე და დღე და ღამე ცრემლიანი თვალებით დავდიოდი. მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, თუ ღმერთი ასე გამაბედნიერებდა, ჩემს საყვარელ ადამიანებს შემახვედრებდა და ისინი ჩემი ქმარი და უსაყვარლესი შვილი გახდებოდნენ. არაფრის მეშინია, რომ ვწვები, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ჩემი ქმრისა და სანდროს გვერდით, წინ რამდენი ბედნიერი დღე მელის და როგორი იღბლიანი გამოვდექი, რომ ბედმა არ გამწირა.

ლილიკო, 47 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №41

13–19 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა