ჩემი ქმარი წლებია უცხოეთში მუშაობს, მე კი მის მოხუც მშობლებს ვუვლი, არადა, მისი ჩახუტების სურვილი მკლავს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.09

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, როცა გავთხოვდებოდი და ოჯახს შევქმნიდი, მეყოლებოდა ქმარი, მაგრამ მაინც მარტო ვიქნებოდი.
არადა, წლებია, ასეა. ერთი-ორი წელი რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ უკვე თერთმეტი წელია, ასე ვართ, ის იქით იტანჯება და მე – აქეთ. ამერიკაში წავიდა არალეგალურად და იმ პირობით, რომ ფულს დააგროვებდა და მალევე დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს მალე, აგერ უკვე თერთმეტი წელია, გრძელდება. რომ დავქორწინდით, ორი წელი ორსულად არ ვრჩებოდი. ექიმმა გვითხრა, ორივე ჯანმრთელი ხართ, მაგრამ წყვილებს შორის შეუთავსებლობა ხშირია და სჯობს, ქირურგიულ ჩარევას, ანუ ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართოთო. ეს კი კოლოსალური თანხები ჯდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის იმ დროს საკმაოდ ძვირი იყო, როცა ორივეს ხელფასი ძლივს გვყოფნიდა საკვებსა და ელემენტარულ მოთხოვნილებებში. ჩემი ქმრის მშობლები პენსიონერები არიან და კი გეცოდინებათ, წამლებშიც რომ არ ჰყოფნით. მოკლედ, გადავწყვიტეთ, ჩემი ქმარი დროებით უცხოეთში წასულიყო, ფული ეშოვა, ჩამოსულიყო და ბავშვის გაჩენის პრობლემა მერე მოგვეგვარებინა. მის იქ ყოფნაში, მამამისს ინფარქტი დაემართა, დედამისს დემენციის ნიშნები დაეწყო. ექიმთან რომ ვერ მომყავდა, სახლში ვიძახებდი და სახლის პირობებში ექიმის გამოძახება და მისი მომსახურება საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. სამწუხაროდ, მეც და ჩემი ქმარიც დედისერთები ვართ. დედმამიშვილი რომ გვყოლოდა რომელიმეს, შეგვეშველებოდა მაინც, ახლა კი ვერც მე ვმუშაობ, რადგან ესენი იმდენად მისახედი და მოსავლელები არიან, სახლში მარტო ვერ ვტოვებ. ვერც ჩემი ქმარი ბრუნდება ამერიკიდან, რადგან საკმაოდ დიდი თანხები გვჭირდება. უკვე ორმოც წელს გადავცდით და შვილის ყოლაც გვიანდება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უფროსებს ხომ ვერ გავწირავთ? აღარ ვიცი რა წყალში გადავვარდე. ჩემს ქმარს ყოველდღე ვესაუბრები ვიდეოთვალით და ვხვდები, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიჭირს მის გარეშე. შვილს რომ თავი დავანებოთ, მისი ჩახუტება, ფიზიკურად გვერდით დგომა და უბრალოდ, მის თვალებში ყურება მინდა. ორი ბედნიერი წელი გავატარეთ ერთად და მას მერე თერთმეტი წელია, მონატრებაში ვართ. ვერც მის მშობლებზე ვიტყვი საყვედურს. ხომ არ უნდოდათ, ასე მომხდარიყო? ორივეს ერთდროულად გაუჩნდა ჯანმრთელობის პრობლემა და როგორც ვხვდები, ეს ნერვიულობამ გამოიწვია, რადგან ძალიან განიცადეს ერთადერთი შვილის შორს გადახვეწა. არასოდეს არ უთქვამთ პრეტენზია, შვილს რომ ვერ ვაჩენდი, თუმცა, ამასაც განიცდიდნენ. ჩემი ქმარი ეუბნებოდა, იცოდნენ, რომ ფული იყო საჭირო და რომ არ ჰქონდათ და ვერ გვეხმარებოდნენ, ამაზე ძალიან დარდობდნენ. მე მათ ახლა ვჭირდები და ნამდვილად ვერ გამოვთქვამ პრეტენზიას. ღმერთის წყალობით, მე და ჩემი ქმარიც გავხდებით მშობლები. მთავარია, ჯანმრთელად ვიყოთ და გავუძლოთ განსაცდელებს. გული მწყდება, რომ ასე მოხდა, რომ დროულად არ მეყოლა შვილი და ქმრის მონატრებაში დრო გაიწელა, მაგრამ მჯერა, რომ ეს განსაცდელი გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება და მეც მეღირსება დედური ბედნიერება და ქმრის გვერდით დიდხანს ბედნიერად ცხოვრება. არასოდეს ვყოფილვარ პესიმისტი და არც ფარ-ხმალს დავყრი. ცხოვრება გამოცდებს გვიმზადებს, ზოგს – რთულს, ზოგს – ადვილად გადასალახს, მთავარია, არ მოვდუნდეთ და არ მოვეშვათ, თორემ ღმერთი იმაზე დიდ განსაცდელს არ გამოგვიგზავნის, რასაც ვერ გადავლახავთ და ვერ გავუძლებთ.
ეკა, 43 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან