ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩავისიძე და დედამისი და მისი სანათესაო ვერ მოვიშორე
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.08, 2024 წელი
გვიან გავთხოვდი. ორსულად ვიყავი, როცა ქმარს გავშორდი. მიზეზი მისი მხრიდან ჩემი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა იყო. მამაჩემი ამაზე ნერვიულობას გადაჰყვა. ჩემი ქალიშვილი დედამ და მე ხელისგულზე გავზარდეთ. სანამ პატარა იყო, მამამისიც აკითხავდა, მერე კი ცოლი მოიყვანა და შვილები რომ ეყოლა, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა.
რაც შემეძლო, ვუკეთებდი, რომ ბავშვს უმამობა არ ეგრძნო. სკოლა რომ დაამთავრა, მითხრა კიდეც: დედა, რაც შენ გამიკეთე, არასოდეს დაგივიწყებ, მამები ადგათ თავზე და ამდენს ისინი ვერ უკეთებენო. წინასწარ მქონდა დასახული გეგმები - ნიჭიერი გოგოა და მინდოდა, უმაღლესში რომ ჩააბარებდა, გაცვლითი პროგრამით უცხოეთში გაეგრძელებინა სწავლა. ჯერ მის გათხოვებას არც ვფიქრობდი, მაგრამ უნივერსიტეტში ჩააბარა თუ არა, აიჩემა, დაქალთან სოფელში უნდა წავიდეთ გოგოები და გამიშვიო. რასაკვირველია, ვენდობოდი და გავუშვი, თუმცა გული მეთანაღრებოდა. სწორედ იმ სოფელში გაიცნო ბიჭი, რომელიც შეუყვარდა. ბევრი ვეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. არ ვიცი, ასე როგორ ჩაუვარდა გულში, რომ მზად იყო, მის გამო ყველა და ყველაფერი დაეთმო. ბოლოს, რომ მივხვდი წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, იმ ბიჭის ოჯახიც გავიცანი და ყველაფერი გავარკვიე. ორ თვეში ქორწილი დავნიშნეთ და ვაჟბატონიც ჩავისიძე, სხვა რა გზა იყო. თავად არ არის ცუდი ბიჭი, მშრომელია, წყნარი და მოსიყვარულე, მაგრამ დედამისმა და მისმა სანათესავომ ნერვები დაგვაგლიჯეს მეც და ჩემს შვილსაც. დედაჩემი უკვე მოხუცია, მოსვენება და სიწყნარე უნდა, მაგრამ ვინ გვასვენებს? ჩამოვა დედამისი ჩანთებით, კვირაობით რჩება ჩვენთან და მერე, მას სანათესავო მოჰყვება. სუფრების გაწყობა-აწყობამ დამღალა. ვერც ხმას ვიღებ, იქნებ თავად მიხვდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვერასოდეს მიხვდება, რომ ზედმეტია. მე შვილთან მოსვლასა და სტუმრობას არ ვუშლი, მაგრამ კვირაობით ჩამოჯდომა და მისი მსახურება, უკვე ყელში გვაქვს. სულ ტელეფონზე ლაპარაკობს და ისე ხმამაღლა, დედა მეხვეწება: შვილო, უთხარი, ცოტა ხნით გადადოს ტელეფონი, იმხელა ხმაზე საუბრობს, თან დაუსრულებლად, წნევამ ამიწიაო. ამას ხომ ვერ ვეტყვი? ისევ დედაჩემს ვსაყვედურობ: სტუმარია, მოითმინე და მალე წავა-მეთქი, თუმცა, წასული არ არის, ჩამოსულია. ამას წინათ, ჩემი გოგო ხასიათზე ვერ იყო, მიზეზი რომ ვკითხე, ერიდებოდა თქმა, მაგრამ ბევრი ყოყმანის მერე მითხრა: ჩემს დედამთილს თბილისში უნდა გადმოსვლა. დაქალი ჰყოლია, ვაჭრობს და მასთან ერთად უნდა საქმის დაწყება. თქვენთან ვიცხოვრებო, მითხრა. მასთან ხმა ვერ ამოვიღე, ჩემს ქმარს ვუთხარი და ამაზე მომივიდა კამათიო. თან, მთხოვა, შენ არ ინერვიულო და არ ჩაერიო, მე მოვაგვარებ ამ საკითხსო. ორსულადაა გოგო და ამის ნერვიულობაც არ შეიძლება. არ მინდა, რამე ისეთი ვთქვა, გულზე მოხვდეს და ვარ ჩუმად. თუმცა, მისი დედამთილის საბოლოოდ ჩვენთან გადმობარგებას არ დავუშვებ. ისიც მეყოფა, სტუმრად რომ მოდის და წასვლას ვერ იგებს. სულ მიკვირს, ქმარმა მაინც დაურეკოს და უთხრას: ქალო, ჩამოდი, მანდ რას ზიხარო. მაგრამ ისიც გასუსულია. გადავწყვიტე, ჩემს სიძეს დაველაპარაკო, ვუთხრა, რომ გავიგე დედაშენის გეგმების ამბავი, ჩვენთან ისედაც ვიწროდ ვართ, სტუმრად მოვიდეს, მაგრამ ის, რომ სულ აქ ჩასახლდეს, ბოდიში, მაგრამ ვერა-მეთქი. როდემდე უნდა ვიყო ჩუმად და ჩემს სახლში შეზღუდული? შვილი გავათხოვე თუ ცოლი მოიყვანა ვეღარ გავიგე. გასაგებია, შვილთან დედა მივა, მაგრამ შეიძლება, ჩასახლება და იმის ვერ მოფიქრება, რომ ხალხი წუხდება? დაჯდება, დაიწყებს უაზრო საუბარს, სოფლის ამბების მოყოლას და ერთი სული მაქვს, დრო მალე გავიდეს, რომ ძილი მოვიმიზეზო და ჩემს საძინებელში გავიდე. საკუთარ სახლში გემრიელად ტელევიზორისთვის ვერ მიყურებია და სადილი ვერ გამიკეთებია. კიდევ ვამბობ, ჩემი სიძე კარგი ბიჭია, მაგრამ საკუთარი დედის საქციელს ვერ ხედავს, ან არ ხედავს. ჩემი შვილი, დედაჩემი და მე კი ნერვებზე ვართ და ვცდილობთ, მოთმინებით ავიტანოთ. ასე კი ვეღარ იქნება. იმიტომ ვიშრომე და ვიწვალე, რომ სამსახურიდან დაღლილი რომ მოვალ, მშვიდად ვიყო სახლში. მე ჩემს სიძეს ავუხსნი სიტუაციას და თუ ვერ მიხვდა, მერე სხვანაირად ვიმოქმედებ.
ნანა, 54 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
23:00 20.12, 2024 წელი
23:00 13.12, 2024 წელი
23:00 29.11, 2024 წელი
23:00 22.11, 2024 წელი