გულახდილი საუბრები

ჩემი ძმის ვალების გამო საყვარელ მამაკაცს დავშორდი

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 21.10, 2021 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

სტუდენტობის პერიოდში გავთხოვდი. დიდი სიყვარული გვაკავშირებდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ქმართან ურთიერთობას ოდესმე საფრთხე შეექმნებოდა, მესამე პირების ჩარევის გამო პირად ცხოვრებაში პრობლემა შემექმნებოდა და ჩემს მშვიდ და მოსიყვარულე ოჯახს რამე დაანგრევდა.

ამ ყველაფერს გავიფიქრებდი კი არა, სიზმარშიც ვერ დავუშვებდი, რომ მენახა. მთელი თოთხმეტი წელი, ისე ვიცხოვრე ქმრის გვერდით, მისგან გადაბრუნებული სიტყვა არ მახსოვს. თბილი ურთიერთობა გვქონდა, ერთად ვწყვეტდით ოჯახურ სიტუაციებს და შვილების აღზრდაშიც ორივე აქტიურად ვიყავით ჩართული. თუმცა, ეს ყველაფერი, ჩემი ერთადერთი ძმის უაზრო ეჭვებმა და სულელურმა აკვიატებებმა დაანგრია. მისი ცხოვრება ხომ ჩიხში შეიყვანა და მეც გადმომწვდა. მოკლედ, მშობლებთან მისულს, მითხრა: შენი ქმარი ვიღაც გოგოსთან ერთად ვნახე, მანქანაში, საკმაოდ ინტიმურ ურთიერთობაში იყვნენ და თავი შევიკავე, თორემ იმ გოგოს წინაშე ცხვირ-პირის ამოვულეწავდიო. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი ქმარი მსგავს საქციელს არ ჩაიდენდა, მაგრამ, ძმასთან შეკამათებაც ვერ გავბედე. ვიფიქრე, მსგავსი ისტორია რატომ უნდა მოიგონოს, მტერი ხომ არ არის-მეთქი. იმ დღის მერე, ჩემს ქმართან მიმართებაში ეჭვიანი გავხდი. ამას თავადაც ხვდებოდა და აღნიშნავდა: რა გემართება, ამდენი წელია, ერთად ვართ და ახლა დაიწყე ჩემი კონტოლი? ხომ იცი შენ გარდა ჩემთვის სხვა ქალი ვერ იარსებებსო. დავიბენი, ვეღარ მივხვდი ვისთვის დამეჯერებინა. წელს, ზაფხულში, სოფელში წავედით დასასვენებლად. ჩემს ქმარს შვებულება რომ დაუმთავრდა, თბილისში დაბრუნდა. ყოველ დილა-საღამოს გვირეკავდა, გველაპარაკებოდა მეც და ბავშვებსაც, გვკითხულობდა, გვეფერებოდა შორიდან. თითქოს დამშვიდდა სიტუაცია და აღარ ვეჭვიანობდი. თუმცა, ჩემი ძმის ერთმა ზარმა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დამირეკა და მითხრა: დაჯექი შენ მანდ, სოფელში, გადაიდე ფეხი ფეხზე და ყლაპე სუფთა ჰაერი, შენი ქმარი კი აქ გაერთოს და გადავიდეს ყირაზე ნაირ-ნაირ ქალებთანო. მაშინ კი შევეკამათე: რაებს ბოდავ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ქმარში და შენ რას ანთებ ცეცხლს? პირდაპირ მითხარი, რა გინდა, ან მტკიცებულება დამიდე-მეთქი. დამცინა: შე საწყალო, შენგან რა უნდა მინდოდეს, ქმარს მიხედე, მოღალატე ქმარსო. ვეღარ გავჩერდი სოფელში, არც ტელეფონით მინდოდა საქმის გარჩევა და გარკვევა, ბავშვები დედამთილ-მამამთილთან დავტოვე და თბილისში ჩამოვედი. ჩემს ქმარს კი გაუკვირდა ჩემი უეცარი ჩამოსვლა და თავზე დადგომა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ისევ მე გავბედე და საღამოს, როცა საძინებელში შევედით, საწოლზე ჩამოვუჯექი და ჩემი ძმის ზარის შესახებ მშვიდად დავიწყე საუბარი. აი, მაშინ კი აენთო. ისეთი შეურაცხადი გახდა, ვერ ვცნობდი. ნაბიჭვარი და უზნეო ეძახა ჩემს ძმას. მეც დამადანაშაულა, ამხელა ქალს მეტი ტვინი და ნდობა თუ არ გაქვს და საკუთარი აზრი, გაეთრიე ჩემი ცხოვრებიდანო. იმ მომენტში ნამდვილი შეურაცხადი გახდა. ერთი სიტყვით, ვიჩხუბეთ, ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენეთ და საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ იმ სახლიდან წამოვედი. როგორც აღმოჩნდა, ჩემს ძმას ვალები აუღია, შუაღამით მისდგომია რამდენიმეჯერ ჩემს ქმარს სახლში, მე რომ სოფელში ვიყავი და იმას უარი უთქვამს. ბოლოს კი, კარიც არ გაუღია. მანამდე კი, მანქანის და გოგოს ამბავიც ტყუილი აღმოჩნდა. გავარკვიე – თანამშრომელი დამგზავრებია სამსახურთან. ჩემი ძმა კი, თურმე, ფულის სასესხებლად ელოდებოდა და მაშინაც უარი უთქვამს ჩემს ქმარს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ძმის ვალებისა და ტყუილების გამო, საყვარელ მამაკაცს დავშორდი. იმედია, ეს განშორება დროებითია და გაუვლის გაბრაზება. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს და მერე კი ჩემს ძმას არასოდეს გავაკარებ ჩემს ქმარსა და ოჯახს.

ნელიკო, 34 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი