გულახდილი საუბრები

ჩემი ძმა ყველას დაგვიპირისპირდა და დედაზე სამი წლით უმცროსი ცოლი მოიყვანა

№10

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.03, 2022 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ორი დედმამიშვილი ისე გავიზარდეთ, ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს. მე და ჩემი ძმა ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ ვდგამდით. ჩვენ შორის არაფერი ყოფილა დამალული, ერთმანეთის ყველა საიდუმლო ვიცოდით.

არასოდეს დამავიწყდება, როცა სკოლაში ბიჭებმა სიგარეტი გაასინჯეს, ჩემთან მოირბინა, მომიყვა და სახლში მისულს ისე მრცხვენოდა და მეშინოდა მშობლებს რომ არ გაეგოთ, როგორც თვითონ ჩემს ძმას. მოკლედ, ერთი სამეგობრო და სანაცნობო წრე გვქონდა და ერთმანეთის მხარდაჭერისა და სიყვარულის გარდა, არაფერი გვამოძრავებდა. ორი წლის წინ კი ისე შეიცვალა ჩემი ძმა, ოჯახის წევრებიც ვეღარ ვცნობდით. სულ აღრენილი იყო, ჩხუბის მიზეზს ეძებდა, სახლში არ ჩერდებოდა, დედ-მამას ეუხეშებოდა, სამეგობროც კი ჩამოიცილა. ვერ ვხვდებოდით, რა აწუხებდა. არაერთხელ ვცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ არც კი მომისმინა. ერთ დღეს კი გამოაცხადა: ცოლი მომყავს, ვიცი, თანახმა არ იქნებით, მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს და აზრს არ შევიცვლიო. მოკლედ, გვითხრა, რომ ასაკით დიდი ქალი უყვარდა, მასთან ერთად აპირებდა ოჯახის შექმნას და შვილიანად უნდა მოეყვანა ჩვენთან საცხოვრებლად. დედამ თავი გაიგიჟა, გადაირია, მამა უფრო მშვიდად იყო და აწყნარებდა: მოიცადე, გავარკვიოთ, იქნებ კარგი გოგოა, მერე რა, რომ განათხოვარია და შვილი ჰყავს, რა მოხდა, თუ მათ შორის რამდენიმე წელი იქნება სხვაობაო. აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმის რჩეული დედაზე სულ რაღაც სამი წლით იყო პატარა. მამასა და დედას რაც დაემართათ აღარ ვიტყვი, მაგრამ ფაქტი იყო, ჩემი ძმა უკან დახევას არ აპირებდა. იმ ღამეს სახლში არ დარჩა, როგორც ჩანს, იმ ქალბატონთან წავიდა, რათა ემცნო, რომ მათზე ჩვენთან ისაუბრა. ჩვენ კი, ის ღამე თეთრად გავატარეთ. სასწრაფოს გამოძახებაც დაგვჭირდა, დედას წნევამ აუწია და ინფარქტს ძლივს გადაურჩა. ასეა თუ ისე, ოჯახის განცდასა და აზრს ჩემმა ძმამ ყურადღება არ მიაქცია, მოჰკიდა იმ ქალს და მის შვილს ხელი და ნაქირავებ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. თვეები არ გვეკონტაქტებოდა. ამ საქმეში ნათესავები და მეგობრებიც ჩაერივნენ, მაგრამ ახლოს არ გაიკარა. ვერ მოვითმინე, ისევ მე დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. ვუთხარი: ხომ გყავს ცოლად, გამაცანი, იქნებ ერთმანეთს ვუგებთ, არ უნდა ვიცნობდე ჩემი ძმის ცოლს-მეთქი. დამთანხმდა და ბარში დამითქვა შეხვედრა. ნეტავ სულ არ მივსულიყავი და არ მენახა. ასეთი ფიზიკურად შეუფერებელი წყვილი არასოდეს მინახავს – მართლა დედა-შვილივით გამოყურებიან. არ ვიცი ჩემს ძმას რამ დაუბნელა თვალები და აურია ტვინი. რასაკვირველია, ცოტა ხანს ვიყავი მათთან ერთად და წამოვედი. მეორედ შეხვედრის სურვილი არც გამჩენია. ზუსტად ვიცი, დიდხანს ვერ იქნებიან ერთად. მიხვდება ჩემი ძმა, რა შეცდომაც დაუშვა და თავად აღარ მოინდომებს მის გვერდით ყოფნას. სამეგობროსა და სანათესავოში კი მოიჭრა თავი და დედ-მამასაც სერიოზულად შეურყია ჯანმრთელობა. ჩემი ძმის გემოვნება ზუსტად ვიცოდი, დარწმუნებული ვარ, მას ზედაც არ შეხედავდა და ვფიქრობ, რა მოხდა, რამ გადაადგმევინა ეს ნაბიჯი? არ მინდა დავიჯერო, რომ ხელოვნურ ჩარევას და მჩხიბაობას აქვს ადგილი, მაგრამ სხვა აზრი არ მიჩნდება. ასაკს არ ვუსვამ ხაზს, უბრალოდ, ფიზიკურად მართლა შეუფერებელია ის ქალი ჩემი ძმისთვის. მისი შვილი უფრო შეეფერება ცოლად, ვიდრე ის დედაკაცი. ვცდილობ, ამ თემაზე სახლში არ ვილაპარაკო, რადგან მშობლები ისედაც განადგურებულები არიან. არც ის მინდა, რომ ის ქალი ჩემი ძმის გვერდით ნახონ. გეფიცებით, დედაჩემი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე ჩემი ძმის ცოლი და ასეთ რძალს როგორ მიიღებს? გული იქვე გაუსკდება. ერთი სიტყვით, ფაქტია, ჩემს ძმას ტვინი აქვს არეული, მხედველობა – დაბინდული და ვერც კი ხვდება, რა გააკეთა. მაგრამ, მოვა დრო და ინანებს, ეს ზუსტად ვიცი და დარწმუნებული ვარ, ვერც დედას და მამას გულს მოიგებს.

გვანცა, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა