გულახდილი საუბრები

ჩემი დისა და მისი ქმრის გამო გასათხოვარი დავრჩი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.11, 2021 წელი

დედის აღსარება
დაკოპირებულია

ყოველთვის გამორჩეული გოგო ვიყავი და არც თაყვანისმცემლები მაკლდა. მეგობრები ხშირად აღნიშნავდნენ: შენგან ისეთი დადებითი ენერგეტიკა მოდის, ყველას ყურადღებას იქცევო.

მართლაც, სადაც უნდა წავსულიყავი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავი. ერთადერთი დედმამიშვილი მყავს და ჩემს დაზე მზე და მთვარე ამომდიოდა. თუმცა, ახლა სამუდამოდ მოვიძულე ისიც და მისი ქმარიც. მოკლედ, ჩემმა დამ იმდენი „იჩალიჩა“, სანამ ჩემს თაყვანისმცემელს არ გაჰყვა ცოლად. მართლაც გამორჩეული ბიჭი იყო აღნაგობითაც და ოჯახიშვილობითაც. უბრალოდ, მე არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან სხვა მიზნები მქონდა. ჩემი დის დახმარებით მეკონტაქტებოდა, მიგზავნიდა საჩუქრებს და ცდილობდა, შემხვედროდა. ბოლოს, ისე გამოვიდა, ჩემი და მოიყვანა ცოლად და ცხოვრება დამინგრიეს. ახლა ვხვდები, ვაჟბატონმა ეს ეჭვიანობის გამო გააკეთა, ჩემმა დამ კი – თავისი უტვინობით. როცა სწავლა დავასრულე და კარგი სამსახურიც ვიშოვე, გათხოვება გადავწყვიტე. იყო ბიჭი, რომლის მიმართ არ ვიყავი გულგრილი. თუმცა, ჩემმა დამ და სიძემ იმდენი ქნეს, სანამ ის ბიჭი არ ჩამომაშორეს. მეუბნებოდნენ: მაგის ნაცნობი ჩვენი მეზობელია, მისგან ვიცით, მატყუარა ბიჭია, ნამდვილი ალფონსი, გამოგიყენებს და მერე მიგატოვებს, მშვენიერი გოგო ხარ და რა ძალა გადგასო. ერთი სიტყვით, რამდენი ბიჭიც მოახლოებას ეცადა, იმდენჯერ ჩაერივნენ და დამაშორეს. ჩემი ბრალიცაა, უნდა გავჩუმებულიყავი და მათთვის არ მომეყოლა ყველაფერი. მაგრამ, იმდენად გახსნილი და თბილი ოჯახი მქონდა, არც მშობლებისთვის დამიმალავს რამე და არც დისთვის. ისე შემომეპარა წლები, ვერც გავიგე. გადავყევი ჩემს დისშვილებს – თუ რამე მქონდა, მათთვის მემეტებოდა. სულ ჩემთან იყვნენ და მათ ზრუნვაში პირადი ცხოვრება გვერდით გადავდე. ჩემი სიძე ხუმრობით ხშირად მეუბნებოდა: რომ გეხვეწებოდი, გამომყოლოდი ცოლად და ახლა საკუთარი შვილები გეყოლებოდა. არ გინდოდა და ზარდე დისშვილებიო. ისე მაჭერდა მაზოლზე ფეხს, თითქოს, მის შვილებს ყველაფერს არ ვუკეთებდი. თან, ვღიზიანდებოდი, როცა ასე მელაპარაკებოდა. ჩემს დას ვუთხარი კიდეც: შენმა ქმარმა უაზრო ხუმრობა იცის და იქნებ, უთხრა, ცოტა პატივისცემა გამოიჩინოს ჩემ კი არა, შენ მიმართ-მეთქი. თუმცა, ჩემი დაც და მისი ქმარიც იმდენად ერთნაირები არიან, გარდა საკუთარი კეთილდღეობისა, არაფერი ანაღვლებთ. დედა რომ გარდაიცვალა, დეპრესიაში ჩავვარდი, არავის დანახვა არ მინდოდა. ჩემმა დამ შემომთავაზა, გადმოვალ და შენ გვერდით ვიქნებიო. ვთხოვე, არ მინდა, მირჩევნია, მშვიდად ვიყო-მეთქი და მაშინ გამოჩნდა მისი ნამდვილი სახე. ეგრევე მომახალა: შენ ხომ არ გგონია, ამ სახლიდან რომ წავედი, ჩემი სახლი არ არის, მეც მეკუთვნის ნახევარი და როცა მომინდება, მაშინ გადმოვალ აქ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და ვიცხოვრებ. სულ არ გეკითხები აზრსო. მისგან ასეთ საუბარს არ ველოდი, გავოგნდი, მეწყინა, მეტკინა... თუმცა, ჩავყლაპე. რომც გავთხოვდე, შვილი აღარ მეყოლება და რაც გამაჩნია, ისედაც მისი შვილების არ არის? მაგრამ ვიცი, მისი მართლა ალფონსი ქმარი არიგებს ჭკუას და ესეც უაზროდ იმეორებს. არ ვიცი, რა დაემართათ, როგორ გადავიდნენ ასე ჭკუიდან, რომ მე მიპირისპირდებიან – ქალს, რომელმაც მათ გამო ყველანაირ პირადზე უარი ვთქვი, ვემსახურე და დღემდე ვემსახურები. ხშირად მიფიქრია, მივატოვო ყველაფერი და უცხოეთში გადავიკარგო. იმდენს მაინც ვიშოვი, თავი ვირჩინო. მაგრამ მოხუც მამას ვერ მივატოვებ, თვალებში შემომყურებს, ჩემი იმედი აქვს და ზურგი როგორ ვაქციო. ძალიან ვნანობ, ოჯახი რომ არ შევქმენი, დავაშავე. ახლა, გვიანია ჩემი გათხოვება და თან, თუ შთამომავალიც არ მეყოლება, რა აზრი აქვს. მადლობა ღმერთს, ჩემს დისშვილებს ძალიან ვუყვარვართ და სულ ჩემ გვერდით არიან. თუმცა, რაც გაიზარდნენ, თავისი წრე ჰყავთ და მათთან ურჩევნიათ დროის გატარება. ვხვდები, მოხუცებულობაში სულ მარტო დავრჩები, კაციშვილი არ არის ჩემი მომვლელი. ყველას თავისი ოჯახი ექნება, საზრუნავიც და მე ვის ვემახსოვრები. მაგრამ, ახლა ამაზე ფიქრი არ მინდა. უბრალოდ, მინდა, ჩემმა დამ და სიძემ შეიგნონ, მათ გამო რამხელა მსხვერპლი გავიღე – არ გავთხოვდი, ისე მოვუარე მშობლებს და ვუვლი ასაკოვან მამას, არაფერზე შემიწუხებია, ფინანსურადაც მათ ვეხმარები და მათი შვილების გამო სული არ მენანება. ნეტავ ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება? ნეტავ გავთხოვილიყავი და მეც ჩემი ოჯახი მქონოდა, შვილები, ქმარი. გვერდით დასაყრდენი ძალა მეყოლებოდა და ჩემი დისა და მისი ქმრის ხელის წამოსაკრავი არ გავხდებოდი.

ნინუცა, 48 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი