ბიძაშვილის ქმარი სექსუალურად მავიწროვებს და ვერავის ვუმხელ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.01
ვერავის ვუმხელ და მინდა, ჟურნალის საშუალებით ჩემი გულის ნადები ამოვთქვა, იქნებ ცოტა მომეშვას. რა თქმა უნდა, სახელებს შევცვლი, რომ არ მიხვდნენ და ცოდვა არ დავიდო კისერზე. სადამდეც შემეძლება, დავმალავ ამ ამბავს, მერე კი არ ვიცი...
ერთი სიტყვით, მე და ჩემი ბიძაშვილი ანკა, ერთად გავიზარდეთ. ბავშვობიდან ვგიჟდებით ერთმანეთზე, მართლა დებივით ვართ, ერთმანეთის სიხარული გვიხარია და ერთმანეთის ცუდი გვწყინს. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და ეს ჩვენი მშობლების დამსახურებაა. სანამ გავთხოვდებოდი, ჩემი სიყვარულის ამბებს მხოლოდ მას ვანდობდი. ჩემზე ორი წლით უმცროსია და მისგან არასოდეს დამხვედრია წინ ჩემი სიტყვა. ისეთი მესაიდუმლეები ვიყავით და ვართ, ბევრს შეშურდება. მოკლედ, მე რომ გავთხოვდი, რამოდენიმე თვეში ანკაც გათხოვდა. სიმართლე გითხარათ, მეშინოდა მისი ამ გადაწყვეტილების, რადგან ცოლად ახლად გაცნობილ ბიჭს გაჰყვა და ვშიშობდი, ვაითუ კარგად ვერ გაიცნო, ვერ შეეწყონ და შეეგუონ ერთმანეთს და რამე ცუდი არ მოხდეს-მეთქი. სიყვარულის პერიოდი სხვაა, ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება კი სულ სხვა და ამიტომ ვდარდობდი. მის ქორწილში გადაპრანჭული მივედი, უკვე ექვსი თვის ორსული. სიძე, ნიკუშა, ერთი შეხედვით, მზრუნველი და თბილი ადამიანი ჩანდა. ყოველ შემთხვევაში, მე მაშინ ასე ჩავთვალე. თავს მევლებოდა, მუცელზე მეფერებოდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მაქცევდა. ვფიქრობდი, ალბათ, ანკამ მოუყვა ჩვენი ურთიერთობის ამბავი და ესეც იმიტომ გამოხატავს განსაკუთრებულ სითბოს-მეთქი. მოკლედ, ქორწილის მერე ანკა და ნიკუშა ხშირად ამოდიოდნენ ხოლმე ჩემს ოჯახში სტუმრად. ვფიქრობდი, სიძის მზერები, ხელის მოცაცუნებები და ჩემ მიმართ უაზრო კომპლიმენტები მეჩვენება-მეთქი. მაგრამ, თურმე შევცდი. ბავშვი რომ გამიჩნდა, იმ ზაფხულს ჩემს მეუღლეს არ ეცალა, სამსახურში დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და სოფელში, მე, ბავშვი, ანკა და მისი ქმარი ჩაგვიყვანა და დაგვტოვა. არ დამავიწყდება, ნიკუშას როგორ ჩააბარა ჩვენი თავი: ხომ იცი, ძმასავით გენდობი, მიმიხედე გოგოებს და ბავშვს, მე შაბათ-კვირას ჩამოვალ ხოლმე და მათ შენ იმედად ვტოვებო. რას წარმოვიდგენდი, თუ იქ დაიწყებოდა ნამდვილი ჯოჯოხდეთი. ანკა როგორც კი ბავშვს გაიყვანდა სასეირნოდ, ეგრევე მიახლოვდებოდა, უაზრო კომპლიმენტებს მესროდა, მაგალითად: უი, რა ლამაზად გიჩანს მკერდი ამ სარაფანში... როგორი წვრილი წვივები გაქვს, მხოლოდ ტრუსში როგორი ლამაზი იქნები... გინდა, საბანაოდ წავიდეთ მდინარეზე მე და შენ, ბავშვი ანკას დაუტოვე, მაინტერესებს „კუპალნიკში“ როგორი ხარ... რამდენი ერთი ჩამოვთვალო. რომ ჩავუვლიდი, ისე ნაზად შემომარტყავდა ან მომიცაცუნებდა ხელს ტანზე, ვშეშდებოდი. თან, დააყოლებდა: ხომ იცი, დასავით მიყვარხარ, ულამაზესი ხარ, მშურს შენი ქმრის, ალბათ, როგორ ეჭვიანობს და სამართლიანად, შენ ვინ დაგტოვებს ასე. რა უნდა მეპასუხა ამ ყველაფერზე? ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვიმიზეზე სუსტად ვგრძნობ თავს-მეთქი და შაბათ-კვირას ჩემი ქმარი რომ ჩამოვიდა, მე და ბავშვი თბილისში გამოვყევით. რამდენიმეჯერ დავაპირე თქმა, მაგრამ შემეშინდა. არ მინდა, სიტუაცია დავძაბო. ხანდახან თავს ვიდანაშაულებ, იქნებ, მე გამოვიწვიე-მეთქი... მაგრამ, როგორ? ღმერთია მოწმე, მისთვის გარდა სიძისა, სხვა თვალით არ შემიხედავს. თან, ჩემი ქმარი სიგიჟემდე მიყვარს და ასეც რომ არ იყოს, ბიძაშვილის ქმარს რომ არ დავადგა თვალი, კაცები დაილია? რაც შეეხება სილამაზეს, ანკასთან ნამდვილად ვერ მივალ, ისეთი ლამაზი და მშვენიერია. ფაქტია, ჩემი ბიძაშვილი შეცდა არჩევანში და დღეს თუ ხვალ, ჩემთან თუ სხვასთან, კიდევ დაუშვებს შეცდომას მისი საყვარელი მამაკაცი და ეს ამბავი ცუდად დამთავრდება. მე შეძლებისდაგვარად ვერიდები და ვცდილობ, ათასი მიზეზი მოვიგონო, რომ ხშირად არ მოვიდნენ ჩვენთან, მაგრამ ზუსტად ვიცი, ხვალ სხვას დაადგამს თვალს და ის სხვა არ მოუთმენს. მეშინია, არავინ შეამჩნიოს ეს დამოკიდებულება ჩემთან. ჩემი ქმარი ისეთი აფექტურია, არ აცოცხლებს და თავსაც დაიღუპავს, მეც დამღუპავს და ანკასაც. ამიტომ ვარ ჩუმად, მეშინია, უბედურება არ დატრიალდეს ჩვენს თავს. ერთი იმის იმედი მაქვს, ანკა მიხვდეს, რა ადამიანის გვერდითაც უწევს ცხოვრება და დროულად გამოეცალოს.
ნუკი, 25 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




