გულახდილი საუბრები

ბევრი ვეცადე, მაგრამ ქმარი ვერა და ვერ შევიყვარე

№35

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.09

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ბედი დამყვებოდა და ასე გავწამდებოდი. ოჯახი უსიყვარულოდ შევქმენი. გავიდა წლები და ქმარი ვერა და ვერ შევიყვარე. ბედს კი ვაბრალებ, მაგრამ ალბათ, ჩემი ბრალია. მთიან რაიონში გაზრდილ გოგოს მინდოდა, დედაქალაქში მეცხოვრა და ჩემი ბედი თავად გადავწყვიტე – გავყევი ისეთ კაცს, რომელიც არც შესახედად იყო სიმპათიური, არც კარიერა ჰქონდა და არც დასახარბებელი ოჯახი. იმ წელს სურამში ნათესავთან ვიყავი სტუმრად და იქ გავიცანი.

არ ვიცი, რატომ შევხედე და დავინტერესდი კაცით, რომელიც ჩემზე თხუთმეტი წლით უფროსი იყო, მელოტი, დაბალი და არარომანტიკული. არც არაფერი გაუკეთებია, რომ მოვეხიბლე. რომ გავიგე, თბილისში ცხოვრობდა, მე, უტვინო პატარა გოგომ გამოვიჩინე ინიციატივა. თავიდან ტელეფონით ვსაუბრობდით და ისე, რომ არც შევხვედრივართ ერთმანეთს, მისი ცოლობა გადავწყვიტე. დასანიშნად რომ ჩამომაკითხა, ჩემები კინაღამ გადადგნენ ჭკუიდან, მაგრამ დავიჩემე, მიყვარს-მეთქი და რაღას იზამდნენ. მთელი სანათესავო ზურგს უკან ლაპარაკობდა: ეს გოგო რამ დაახამა, რამ გააგიჟა. მარტო ქალაქში ცხოვრება ხომ არ არის, მის გვერდითაც ხომ უნდა გაიაროს და ასეთი შეუფერებლები ნეტავ როგორ იცხოვრებენ ერთადო. ეს ლაპარაკები მოდიოდა ჩემამდე, მაგრამ არ ვაქცევდი ყურადღებას. ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩამომიყვანეს თბილისში, მიყიდეს ჩასაცმელ-დასახური, ოქროულიც მომცეს და ქორწილში, ისეთი ლამაზი ვიყავი, ჩემი ქმრის გვერდით რომ ვიჯექი, საკუთარი თავი მენანებოდა. ერთი სიტყვით, ვიფიქრე, გავა დრო და შევეჩვევი, შემიყვარდება, მთავარია, იმ ტალახიან ეზო-კარს მოვშორდი და ქალაქში, ბინაში ვცხოვრობ-მეთქი. შევცდი. აგერ, უკვე ათი წელი გავიდა და ტანჯვაში ვარ. ჩემს ქმარს გარდა იმისა, რომ გარეგნობა არ უვარგა, შავ მუშად მუშაობს და მატერიალურად ისე გვიჭირს, ძლივს გაგვაქვს თავი. ხასიათიც ცუდი აღმოაჩნდა, უხეში და უტაქტოა. ისე მომაყენებს შეურაცხყოფას, ვერც ხვდება, რომ ამით გულს მტკენს და კიდევ უფრო მაიძულებს თავს. კიდევ კარგი, ბავშვები არ ჰგვანან არც ფიზიკურად და არც ხასიათით. ამაზეც ბუზღუნებს და უტაქტოდ იცის თქმა: რა არის, არცერთი რომ არ მგავს, სხვისგან ხომ არ გააჩინეო. რამდენიმეჯერ, ხალხში რომ მითხრა ეს სიტყვები, ვითომ ხუმრობით, გავუბრაზდი, მაგრამ ახლა შევეშვი. მშობლებიც მოხუცები ჰყავს და მათმა მოვლამაც წელში გამწყვიტა. მამამთილი ჩავარდნილია, წნევამ დაარტყა, დედამთილი კი, დადის მაგრამ გონებაში უჭირს და ისეთ სისულელეებს აკეთებს, ლამის ჭკუიდან გადამიყვანოს. მამაჩემი დღემდე ისეა გაბრაზებული ჩემზე, ასე ამბობს: როგორც წაიყვანა მისი ცხოვრება, ისეთ დღეშია. დაეჯერებინა ჩვენთვის და ახლოს გათხოვილიყო, მივეხმარებოდით მაინცო. დედაჩემს კი ვეცოდები და ხშირად იცის თქმა: შენ მოგიკვდი, ეს რა დღეში მყავხარ, ნეტავ თავის დროზე გამომეკეტე სახლში და დამეშალა გათხოვება, მაგრამ რას წარმოვიდგენდი ასეთ ანგელოზივით გოგოს, ეს უნიათო კაცი ამ დღეში თუ ჩაგაგდებდაო. ახლა გვიანია სინანული, გული კი ძალიან მტკივა. ბევრ ბიჭს ვუყვარდი რაიონში და დღეს ყველა კარგად ცხოვრობს, ბინებიც იყიდეს თბილისში და გადასარევი ქმრები და მამებიც არიან. მე კი, ჩემი უტვინობით ცხოვრება დავინგრიე, ადამიანს აღარ ვგავარ, გამწყვიტა წელში ამდენმა ჯაფამ და იმაზე ფიქრმა, ხვალ რას მომიტანს ქმარი, რომ არ მქონდეს იმის დარდი, მაღაზიიდან ნისიად მომიწევს ამოტანა-მეთქი. კიდევ ვამბობ, ჩემმა უტვინობამ დამღუპა, ეს არც ბედისწერის ბრალია და არც ვინმე სხვის. ცოტა რომ დავფიქრებულიყავი, არ მქონოდა ქალაქში ცხოვრების ამბიცია და ჩემი მომავალი ჭკვიანურად დამეგეგმა, დღეს ამ ყოფას ავცდებოდი.

მაიკო, 38 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა