გულახდილი საუბრები

ბედნიერი ოჯახი მაზლმა და მისმა ცოლმა გამიუბედურა

№6

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 15.02

სინანული
დაკოპირებულია

ჩემი ქმრის ოჯახში პირველი რძალი ვიყავი. ხელის გულზე მატარებდნენ. დედამთილ-მამამთილიც არაჩვეულებრივი ადამიანები შემხვდნენ. დიდი ხანი ვფიქრობდი, გავყოლოდი თუ არა ჩემს რჩეულს, რადგან ასაკით პატარა ვიყავი, სწავლის გაგრძელება მინდოდა და კიდევ კარგი, გულის ნებას დავყევი და ეს ნაბიჯი გადავდგი. მე რომ რძლად მივედი, ჩემი მაზლი ინსტიტუტს ამთავრებდა. საოცრად კარგი ბიჭი იყო. ვმეგობრობდით, ყველა საიდუმლოს მიყვებოდა, მენდობოდა.

ასე გაგრძელდა ჩვენი ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრება, სანამ მან ცოლი არ მოიყვანა. არადა, მე შევუწყვე ხელი. მიყვებოდა, რომ ერთი გოგო მოსწონდა, რომელიც ყურადღებას არ აქცევდა. მასთან ერთად ვარჩევდი მისთვის მისართმევ ყვავილებსა თუ საჩუქრებს, ვცდილობდი, რჩევები მიმეცა, მაქსიმალურად მეაქტიურა, რომ იმ გოგოს გული მოეგო და ახლა ვფიქრობ, რა სულელი ვიყავი. ახლა ვხვდები, ის გოგო განზრახ აწვალებდა, რომ თავი შეეყვარებინა და ცოლად შეერთო. და ასეც მოხდა. მე დასავით მივიღე, რა ვიცოდი გულში რა ედო. ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. პირველივე დღიდან შევამჩნიე შური და ბოღმა. არ დამავიწყდება, გაფაციცებული იყო, მე რას მიყიდიდნენ, რომ მასაც იმავენაირი ჰქონოდა. ერთხელ, ნათესავის ქორწილში მივდიოდით და არაფრით არ წამოვიდა. მოიმიზეზა: გავსუქდი და ვერაფერს ვიხდენო. არადა, გრამიც არ ჰქონდა მომატებული. უბრალოდ, უნდოდა ახალი ტანსაცმელი ეყიდათ. ჩემი ქმარი კარგ სამსახურში მუშაობდა და მის ძმაზე გაცილებით მეტს შოულობდა. ოჯახში მას მოჰქონდა საჭმელ-სასმელი, გადასახადებს იხდიდა და თუ სადმე ფული იყო დასადები, არც იქ იხევდა უკან. ჩემი მაზლი კი სულ დედამისს და მამამისს სთხოვდა ფულს. არ ჰყოფნიდა ხელფასი. ერთ დღესაც გამოგვიცხადა: მე და ჩემმა ცოლის ძმამ ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ, ბანკიდან ფული გვინდა, გამოვიტანოთ და სახლი უნდა ჩავდოო. ჩემმა დედამთილმა ისე ინერვიულა, წნევამ აუწია და იმ საღამოს სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. მამამთილი და ჩემი ქმარიც წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ იმდენი ქნა, მაინც თვისი გაიტანა. რასაკვირველია, მისი ცოლის ძმას, არც ბანკიდან გამოუტანია ფული და არც ბინა ჩაუდეს. ჩემი მაზლის ბანკიდან აღებული ფულით ისე წამოიწყო ბიზნესი, რომ მადლობაც არ უთქვამს. ზუსტად ვიცოდი, რა ბიზნესის ნიჭიც ჰქონდათ ორივეს და ისიც, რომ ეს საქმე ცუდად დასრულდებოდა. არ მინდოდა, ჩემს ქმარსა და ოჯახის წევრებს ენერვიულათ და ხმას არ ვიღებდი. საბოლოოდ, ერთი წელიც არ იყო გასული, რომ წამოწყებულმა ბიზნესმა არ გაამართლა, ვერც ბანკის სესხი დაფარეს და ბინის გაყიდვაზე მიდგა საქმე. ეს რომ გავიგეთ და გავგიჟდით, ჩემი მაზლის ცოლმა გამოაცხადა: ნახევარი თბილისი ასეა, რა მოხდა, არ გაუმართლათ ბიჭებს, გავყიდოთ ეს ბინა, სესხიც დავფაროთ და ბინებიც ცალ-ცალკე ვიყოდოთო. იქ დაიწყო ამბავი თუ დაიწყო. ქალბატონს ასე მშვიდად დაულაგებია თავის ტვინში პრობლემის მოგვარების გეგმა. ისიც გაირკცა, თურმე, ცალკე ნდომია გადაბრძანება და ის კი ვერ წარმოიდგინა ოთხოთახიანი ბინით რამდენი უნდა გაგვეკეთებინა. საბოლოო ჯამში, სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა, გავყიდეთ ბინა, ოროთახიანი ვიყიდეთ ლოჯით მე და ჩემმა ქმარმა, დედამთილ-მამამთილიც ჩვენთან ცხოვრობენ. ჩემი მაზლი და მისი ცოლი კი ერთოთახიან, მოცუცქნულ ბინაში გადაბრძანდნენ. პრეტენზია რომ გამოთქვა, მაშინ კი დავეტაკე და მივახალე: ქალო, ბრტყელ-ბრტყელებს რომ როშავ, მადლობა ღმერთს, იმ ბინის გაყიდვით, სესხიც დაიფარა და თავშესაფარი გვაქვს. სათქმელი მე მაქვს, თქვენი წყალობით, ოროთახიანში შვილებთან, ქმართან და დედამთილ-მამათილთან ერთად რომ ვცხოვრობ და კუდი ვერ მოვგვიქნევია. დამღუპე და ისევ შენ გაქვს პრეტენზიები-მეთქი? იმ დღის მერე, არც ის მინახავს თვალით და არც ჩემი მაზლი, სამუდამოდ დავკარგე ორივე. მართლა ისეთ სივიწროვეში ვცხოვრობ, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევს და რის გამო? ბედნიერი ოჯახი გამიუბედურა ჩემმა მაზლმა და გულით დაავადებული დედ-მამა და დანევროზებული მისი ძმა შემომაჩეჩა მოსავლელად. კიდევ ვამბობ, მადლობა ღმერთს, ქირით არ ვარ, მაგრამ შვილები მეზრდება და ახლა ნამდვილად ვერ შევძლებ მათთვის ბინების ყიდვას. ერთადერთ გამოსავლად უცხოეთში წასვლა მრჩება, მაგრამ როგორ დავტოვო ესენი? არ ვიცი, მომავალში რა იქნება, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობ, ჯანმრთელად ვიყოთ და ბავშვები რომ სკოლას დაამთავრებენ და შეძლებენ დამოუკიდებლად თავის მოვლას, მაშინ აუცილებლად მომიწევს მათ გამო ოჯახიდან, ქვეყნიდან, სამშობლოდან გადახვეწა, რომ ცოტა ფული დავაგროვო და ნორმალური საცხოვრებელი ვიყიდო. ორი ბიჭი მყავს და სულ ვამბობდი, რძლებთან ერთად ვიცხოვრებ-მეთქი. ახლა კი ნამდვილად აღარ ვფიქრობ ასე. მირჩევნია, თავ-თავისი ჰქონდეთ და თავის ქონებას როგორც უნდა ისე მოექცნენ.

თამარი, 43 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული