არის თუ არა ბედნიერება სიყვარულში და როგორი ქმარი სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 04.04

ადამინებმა ხშირად არ იციან, რა არის მათთვის მთავარი ურთიერთობაში, უფრო სწორად, რა უნდა მოითხოვონ ამ ურთიერთობისგან, რომ იყვნენ რეალიზებულნი და ბედნიერები. დიახ, სიყვარული მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის. რადგან ცხოვრება შედგება ისეთი ყოფითი წვრილმანებისგან, რაც ზოგჯერ სიყვარულს ადგილს საერთოდ არ უტოვებს. მით უფრო, როცა ეს სიყვარული საკმარისი არ არის, დამყარებულია ემოციასა და იმპულსებზე.
დიანა (43 წლის): ჩემი ამბავი უნდა მოგიყვეთ. ახალგაზრდობაში, უფრო სწორად კი, ბავშვობაში – 16 წლის გოგო ბავშვია, აბა, რა არის – მე და ერთ ლამაზ ბიჭს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მთელი ხუთი წელი ვგიჟდებოდით ერთმანეთზე, ვდნებოდით და ვკვდებოდით სიყვარულით. მომავლის გეგმებს ვაწყობდით. წარმოვიდგენდით, ჩვენს ოჯახს, შვილებს... ერთ „მშვენიერ“ დღეს კი ჩემმა დაქალმა, რომელიც მისი მეზობელი იყო, დამირეკა და მითხრა: შენმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანაო. მეხის გავარდნა იყო ეს ამბავი.
– ვერ ამჩნევდით, თქვენ გარდა სხვასაც რომ ხვდებოდა?
– ცუდი სწორედ ის არის, რომ მართლა ვერაფერს ვატყობდი. რანაირად ახერხებდა ორ ქალთან, ორ „ფრონტზე “ თამაშს. რა თქმა უნდა, ძალიან განვიცადე. არადა, წინა საღამოს კოცნით დავშორდით ერთმანეთს, მეორე დღისთვის პარკში წასვლაც დავგეგმეთ და რა უნდა მომხდარიყო იმის მერე, რაც დავშორდით, ვერ გამეგო. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არც მიცდია მაგის გამოძიება. იმდენად მტკივნეული იყო ეს ყველაფერი, რომ ჩავძიებოდი, უარესად მეტკინებოდა. ან რა მნიშვნელობა ჰქონდა? ჩავთვალე, რომ ეს თავის დამცირება იქნებოდა. თანაც, ვერაფერს შევცვლიდი. ჰოდა, ჩავიქნიე ხელი. არც თვითონ უცდია ჩემთან დაკავშირება და თავისი საქციელის ახსნა. მოკლედ, ორი წლის შემდეგ გავთხოვდი. ჩემს ქმარს საკმაოდ ძლიერი ოჯახი ჰქონდა. მისი მშობლები ზედ მყვებოდნენ. ერთი კვირის რძალი ვიყავი, რომ საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა მიყიდეს. სიმართლე რომ გითხრათ, მას სწორედ მატერიალური მდგომარეობის გამო გავყევი. თუმცა, თავადაც ძალიან კარგი ბიჭი იყო – სიმპათიური და კარგად აღზრდილი. როცა გავთხოვდი, არ მიყვარდა. უსიყვარულობას კი ძვირფასი ნივთებით ვივსებდი. მოგვიანებით გრძნობაც გამიჩნდა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი სიყვარული, რასაც ჩემი პირველი შეყვარებულის მიმართ განვიცდიდი. შვილები რომ შემეძინა, ცხოვრება უფრო იოლი გახდა, რადგან მთელი სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება მათზე გადავიტანე. ცუდად არ ვცხოვრობდი. მერე ისე მოხდა, რომ რუსეთიდან ჩემი მაზლი ჩამოვიდა. იქიდან ვიღაცები ჩამოჰყვნენ და მოსაკლავად დასდევდნენ ვალების გამო. ნარკოტიკზეც არ ამბობდა უარს. ვალები კი მამამისმა გაუსტუმრა. მაგრამ მერე თამაში დაიწყო. კაზინოში აგებდა ფულს და ოჯახი მთლიანად გააკოტრა. ჩემმა მამამთილმა ბინაც კი გაყიდა. ჩვენ კი გვიყიდა ცალკე რამდენიმე ოთახი, მაგრამ არსებობის საშუალება, ფაქტობრივად, აღარ გვქონდა. მე ფუფუნებას ვიყავი შეჩვეული. კარგა ხანს ცდილობდა ჩემი ქმარი ფეხზე დადგომას, მაგრამ ძმა არ აძლევდა ამის საშუალებას. ამის გამო სულ ვჩხუბობდით. ის ამბობდა, ძმას ვერ მივატოვებ, გვერდით უნდა დავუდგეო, ის კი ჭკუას ვერ სწავლობდა და ჩვენს ოჯახსაც ჭაობში ითრევდა. საბოლოოდ, ოჯახი დაგვენგრა და შვილებიანად დედასთან გადავსახლდი. მერე ქმარს წილი მოვთხოვე, ბინა გავაყიდვინე და ჩვენთვის ცალკე შევიძინე. რადგან მაინც მისი ძმა გააყიდვინებდა და შვილები ყველაფერს დაკარგავდნენ. შემდეგ ბავშვები დედაჩემს დავუტოვე და უცხოეთში წავედი, რომ მათი აღზრდის საშუალება მქონოდა და სწავლა-განათლებაზე მეზრუნა. მანამდე ეგენიც ისე გავზარდე, არაფერი აკლდათ და მერე გაჭირვებაში ვერ ვაცხოვრებდი. უცხოეთში თავიდან ძალიან მიჭირდა. მერე ახალგაზრდა ქალი გავიცანი, ჩემი ასაკის. ცოტა ხანს ვმეგობრობდით. მერე ის საქართველოში დაბრუნდა. წასვლამდე ნათქვამი მქონდა, რომ თბილისში ბინის გაყიდვას ვაპირებდი. მას ყიდვა უნდოდა და მისამართი მივეცი, რომ ენახა. მოკლედ, ჩემი ბინა იმან იყიდა. ჩემი ნივთები ერთ ოთახში დააწყვე და რომ ჩამოვალ, წავიღებ-მეთქი, ვუთხარი. ორი წლის მერე დავბრუნდი მეც და შინ მივაკითხე. კარი მამაკაცმა გააღო... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, თურმე ასეთი ამბები რეალურად ხდება. დერეფანში ოდნავ ბნელოდა, თან შუქი ზურგიდან ურტყამდა და სახეზე კარგად ვერ გავარჩიე. – დიასახლისი შინაა-მეთქი? – ვიკითხე და პასუხი რომ ვერ მივიღე, უკეთესად შევათვალიერე ზღურბლთან მდგომი ადამიანი და მუხლები მომეკვეთა. ლამის დავეცი. ჩემ წინ ჩემი ბავშვობისდროინდელი შეყვარებული იდგა გახევებული. მეც დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეთქვა. ამ დროს ჩემი უცხოეთში დამეგობრებულიც გამოჩნდა. ჩემი დანახვა გაუხარდა, გადამეხვია და შინ ლამის ძალით შემიყვანა. უხერხულად ვგრძნობდი თავს. რამდენი რამე მქონდა სათქმელი, საკითხავი, მე კი ვერ ვახერხებდი ხმის ამოღებას. მხოლოდ ქალს ვესაუბრებოდი და მის უამრავ შეკითხვას ზოგად პასუხებს ვცემდი. ის რომ სამზარეულოში გადიოდა, ოთახში სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე. ამ დროს ის ვაჟბატონი თვალის დაუხამხამებლად მიყურებდა, მე კი მზერას ვერ ვუსწორებდი, მეშინოდა, მის ცოლს რამე არ შეემჩნია. მოკლედ, ცოტა ხანში წამოვედი. დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად დარეკავდა. მართალიც აღმოვჩნდი. მეორე დღესვე შემეხმიანა და შეხვედრა მთხოვა. ისეთი ცივი ხმით ვუთხარი უარი, რომ სიტყვის შემობრუნება ვერ გაბედა.
– მის მიმართ გრძნობა კიდევ გქონდათ?
– არანაირი. საერთოდ აღარ მაქვს გრძნობა. შინაგანად გამოვცარიელდი. ჩემი ნივთების წამოსაღებად მე აღარ მივსულვარ, დედაჩემი გავგზავნე. მას შემდეგ აღარ შემხმიანებია. თუმცა, ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ. არა მგონია, გულმა გაუძლოს და კიდევ არ შემეხმიანოს. მასთან ლაპარაკი მხოლოდ იმაზე მინდა, რა მოხდა, რომ ერთ დღეში ამომირეცხა გულიდან, გავარდა და ცოლი მოიყვანა.. მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი, არ მაინტერესებს, რა მოხდა და როგორ დაქორწინდა-მეთქი, სინამდვილეში, ინტერესით ვკვდები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან