გულახდილი საუბრები

არასოდეს ვაპატიებ დედას ჩემი ოჯახის დანგრევას

№31

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.08, 2021 წელი

35 წლის ქალი
დაკოპირებულია

სიყვარულით გავთხოვდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, სანამ ჩემსა და ჩემი ქმრის ურთიერთობაში დედაჩემმა არ ჩაყო ცხვირი. ოთხი წლის ვიყავი, როცა თავის ამორალური ქცევის გამო მამაჩემს დაშორდა.

ექვსი წლის ასაკში ბებია-ბაბუასთან დამტოვა და უცხოეთში წავიდა, ვითომ სამუშაოდ. წლები ისე გადიოდა, მხოლოდ ფულს აგზავნიდა და არც კი ჩამოსულა ჩემს სანახავად. არადა, ვიცი ამის საშუალება ნამდვილად ჰქონდა. ბავშვი ვიყავი და მაშინ ვერ ვხვდებოდი, ახლა კი ზუსტად ვიცი. ისე დავამთავრე სკოლა, მოვეწყვე უნივერსიტეტში, დავასაფლავე ბებია და დამრჩა მოსავლელი მოხუცი ბაბუა, დედა ჩემ გვერდით არ ყოფილა. არც მაშინ, როცა გავთხოვდი და შვილი მეყოლა. მესმის, ფინანსურად გვეხმარებოდა, მაგრამ მე სხვა თანადგომა მინდოდა. წლების განმავლობაში ესპანელი მოხუცი ბაბუა ჰყავდა საყვარლად და ამბობდა: ველოდები, ისეთ ასაკშია, მალე მოკვდება, მის ქონებას ჩავიგდებ ხელში და მერე, შენც და შენს ქმარსაც აქეთ ჩამოგიყვანთ, ნორმალურ ცხოვრებას გაზიარებთო. იმ კაცთან ხელიც მოაწერა, თუმცა, დედაჩემს ისე მოუვიდა: კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ის კაცი დღესაც ცოცხალია, დედაჩემმა კი ვეღარ გაუძლო მის კაპრიზებს, ხელიც გააწერა და საქართველოშიც ჩამობრძანდა, თან, ჩემდა ჭირად. პირველად რომ მოვიდა გადაპრანჭული ჩემს ოჯახში, ისეთ ინტიმური დეტალების მოყოლა დაიწყო, ჩემი დედამთილ-მამამთილის შემრცხვა. ჰყვებოდა, რომ იმ კაცს არაფრის თავი აღარ ჰქონდა და ეს ყველა სურვილს უსრულებდა. მერე ისეთი რამეები მოსთხოვა, რაც მისთვის მიუღებელი იყო. საბოლოოდ, ხელი გააწერა. ამბობდა ამხელა ქონება, იმ კაცის ინტიმური აღვირახსნილობის გამო დავკარგეო. ვითომ თვითონ ფრთებგამოსხმული ანგელოზი მყავდეს. მოკლედ, წავიდა თუ არა, აივანზე გავედი, დავურეკე და იქიდან ისე ველაპარაკე, ჩემს ოჯახს არ გაეგო. ვუთხარი: ეს რაები მოჰყევი, სულ დაკარგე სირცხვილი? პირდაღებულები გისმენდნენ, შემარცხვინე ამ ხალხის წინაშე. შეურაცხყოფილი ვარ, არ იტყვიან, ეს ვისი შვილი გვყავს სახლში რძლადო? გაუკვირდა: რა მოვყევი ისეთი, სულაც არ არის დასამალი, რასაც ვაკეთებდი, მე არ მესირცხვილებაო. თუმცა, შემპირდა, ამ თემაზე შენებთან აღარ ველაპარაკები. რამდენიმე დღეში ისევ მობრძანდა და ჩემს ქმარს დაუწყო ტვინის „ბურღვა“: წამოდი მაგ სამსახურიდან, კაპიკებს რომ გიხდიან, ფული მაქვს, ბიზნესი ავაწყოთ და დაგასაქმებო. ჩემმა ქმარმა ღიმილში გაუტარა საუბარი. თუმცა, მივხვდი, ძალიან ეწყინა მსგავსი დამოკიდებულება. დედაჩემი მხოლოდ ფულით საზღვრავს ურთიერთობებს, ადამიანებს და ზოგადად, ყველაფერს. არადა, ჩემი ქმარი ერთ-ერთ სამშენებლო ბიზნესში, საკმაოდ წარმატებული ინჟინერია და თან, ხელფასსაც არ უჩივის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვყოფნის. მოკლედ, დედაჩემმა იმდენი გვიჩიჩინა და გვისისინა, სანამ ოჯახში კამათი არ მომივიდა. მთელი რვა წელი ხმა რომ არ ამომიღია და ხელისგულზე მატარებდნენ, ის ხალხი დავლანძღე. სწორედ, დედაჩემის გამო. მასზე მეც ძალიან ვიყავი გაბრაზებული, მაგრამ არ მსიამოვნებდა, როცა დედაჩემს ცუდ კონტექსტში მოიაზრებდნენ. საბოლოოდ კი, კატეგორიულად განმიცხადეს: როცა ჩვენს ოჯახში წვეულება იქნება, დედაშენი აქ არ მოვიდეს, არ გვინდა, სანათესავოში, სამეზობლოსა და საახლობლოში თავი მოგვეჭრასო. გავცხარდი და შეურაცხყოფა მივაყენე. თუმცა, მართლები იყვნენ. საბოლოო ჯამში, დედასთან და ბაბუასთან გადავედი საცხოვრებლად. მართალია, დედა არაფერს მაკლებს, რემონტიც გააკეთა, მაცმევს-მახურავს და ყველა სურვილს მისრულებს, მაგრამ ჩემი ოჯახის დანგრევას არასოდეს ვაპატიებ. ყოველ ღამე ტირილში ვატარებ, ისე მენატრება საყვარელ ქმართან ჩახუტება. დედას კი დაუჟინია: არ იდარდო, კიდევ გათხოვდები, შენი ქმრისნაირი კაცები, ვერ ხედავ, ყრიაო. გამთხოვებელი არ ვარ და ზუსტად ვიცი, ჩემი ქმრისნაირ კაცს ვერსად შევხვდები, მაგრამ ფაქტია, დედის მხარე დავიჭირე, დავიცავი მისი უსაქციელობა და თავად დავრჩი ეული და მიტოვებული.

მარიამი, 29 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი