გულახდილი საუბრები

აქვს თუ არა სიყვარულს ასაკი და რა აზრის არის საზოგადოება წყვილებს შორის ასაკობრივ სხვაობაზე

№29

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.08

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქალს უყვარს... ძალიან უყვარს, მაგრამ კაცი მასზე ბევრად უმცროსია. მამაკაცსაც უყვარს, მაგრამ არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ დასძლიოს ქალში გაჩენილი საზოგადოებრივი აზრის შიში. დიახ, ქალი შიშობს გარიყული არ აღმოჩნდეს იმ სამყაროსგან, რომელიც ასეთ ურთიერთობებს ჯერ კიდევ დაუფარავი პროტესტით ხვდება. ეს არის ინტერვიუ ქალთან, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ამბავი თვითონ მოყვეს, რადგან იმედი აქვს, რომ ამ სიყვარულზე სხვებიც წაიკითხავენ, ისინიც, ვისი ეჭვები გამუდმებით აცოცხლებენ სტერეოტიპებს.

სოფო (43 წლის): მე ვარ იმის მაგალითი, როგორ ებრძვის ქალი სტერეოტიპებს სიყვარულის დასაცავად. ზოგჯერ ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაქვს, არავისთან დალაპარაკება არ მინდა.

– როდის მიხვდით, რომ გიყვარდათ?

– მაშინ, როცა დავინახე, რომ მისი თვალები მეუბნებოდნენ იმას, რასაც მთელი სიცოცხლე ველოდი და რაც არასოდეს არავისგან მიგრძნია. ჯერ უბრალო მეგობრობა იყო, მერე – სხვანაირი მზერა, ღიმილი, მერე მონატრება... და ბოლოს – გულწრფელი აღიარება საკუთარ თავთან.

– თავიდანვე იცოდით, რომ ის თქვენზე ბევრად უმცროსი იყო?

– რა თქმა უნდა. თავიდან თითქოს ძალიან მკაცრად ვიუარე, ეს როგორ მაკადრა-მეთქი. თუმცა, გულის სიღრმეში მესიამოვნა და გავბრაზდი საკუთარ თავზე. მერე შემრცხვა... მაგრამ მისი ხმა, მისი მზრუნველობა, მისი ძალიან მამაკაცური ქცევა... ემოციური და ფიზიკური ზრდასრულობა – ყველაფერი მის ასაკს ფარავდა. ბოლოს ვთქვი: რატომ არ მაქვს უფლება, უბრალოდ, ბედნიერი ვიყო? და შეხვედრები დავიწყეთ.

– როგორ იღებდა ამას საზოგადოება, მეგობრები?

– ძნელი იყო. მუდმივად მესმოდა საყვედურები: „შენ სულ გაგიჟდი?“, „ესღა გაკლდა“, „დედისხელა ხარ“.

ზოგი მეგობარი, უბრალოდ, გამამხნევებლად მიღიმოდა, ზოგი მოურიდებლად დამცინოდა. ზოგიც, და ეს ყველაზე საწყენი იყო, თანაგრძნობით მიყურებდა, თითქოს ავად ვიყავი.

– თავად ის რას გრძნობდა?

– ვუყვარდი და მეუბნებოდა, არაფერს მიაქციო ყურადღებაო. მაგრამ მე ხომ ვხედავდი, როგორ იძაბებოდა, როცა იზრდებოდა ახლობლების მხრიდან სურვილი, ჩარეულიყვნენ ჩვენს ურთიერთობაში. ვხედავდი, როგორ ნელ- ნელა იკლებდა მისი თავდაჯერებულობა. ბოლოს უბრალოდ მითხრა: შენ ბევრს კარგავ, რადგან არ ცხოვრობ შენი ცხოვრებით. ჩემზე მეტად სხვების აზრი გაინტერესებს და მე შენს გვერდით გაჩერება აღარ შემიძლიაო. ასე დავშორდით და დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის. როგორ ვთქვი უარი ბედნიერებაზე.

– რას ფიქრობთ ახლა, როცა დრო გავიდა?

– ვფიქრობ, რომ სიყვარული ასაკს არ ცნობს, არადა ასაკის გამო ადამიანებმა ერთმანეთს შორის საზღვარი გავავლეთ. სიყვარული კვდება, როცა ვერ ბედავენ მის დაცვას. რეალურად კი, ვის რა ხელი აქვს ჩვენს პირადთან, ჩვენს ცხოვრებასთან. სამწუხაროა, რომ გვიან მივხვდი ამას.

– დრო გავიდა. შეიცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში?

– გავიზარდე, არა ასაკით – შინაგანად. არავისთვისაა ცხოვრება მარტივი, ვინც საზოგადოებრივ აზრს წინააღმდეგობას უწევს… მაგრამ როცა საკუთარ თავს აღარ ებრძვი – სამყაროც თითქოს ჩერდება.

– ისევ გიყვართ?

– მიყვარს. ვერ დავივიწყე. არა იმიტომ, რომ არ მინდოდა, უბრალოდ, იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა. ის სიყვარული იყო ისეთი, რაც ერთხელ მოდის და მყარად რჩება.

– მან იცის, რომ ისევ გიყვართ?

– ახლახან ვუთხარი. მორიდებით, მაგრამ პირდაპირ. პასუხი არ მომითხოვია. უბრალოდ ვუთხარი, რომ მე აღარ მეშინია.

– როგორ მიიღო?

– არ ვიცი. შეიძლება, ფიქრობს. შეიძლება, უკვე ისე აღარ ვუყვარვარ. ჯერჯერობით ჩემკენ ნაბიჯი არ გადმოუდგამს.

– რას ეტყოდით ქალებს, ვინც მსგავს ურთიერთობაშია?

– ვეტყოდი: არ გადადოთ საკუთარი ბედნიერება. იყავით საკუთარ თავთან მართალი. გულწრფელობა ვერასდროს იქნება სირცხვილი. თუნდაც პასუხი არაფერს ცვლიდეს, უთხარით, რომ გიყვართ, სანამ გიყვართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა