აქვს თუ არა ასაკს მნიშვნელობა ქორწინებაში და რას ფიქრობს საზოგადოება, როცა ცოლი ქმარზე უფროსია
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.06

სიყვარულს ასაკი არ აქვს – ასე გვინდა, გვჯეროდეს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს თემა სცდება რომანტიკას და ეჯახება საზოგადოებრივ წარმოდგენებს, ოჯახურ პასუხისმგებლობებსა და თვითშეფასებას? ყველაფერი ისეთი მარტივი აღარაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება, ჩანდეს. რა თქმა უნდა, არავის საქმე არ არის წყვილის ურთიერთობა, მაგრამ ადამიანები მაინც ერევიან სხვისი ოჯახის საქმეებში. ერევიან მკაცრად და ზოგჯერ შეუბრალებლად.
ნინა (38 წლის): ოთხი წლის წინ ჩემზე 10 წლით უმცროს მამაკაცზე დავქორწინდი. მყავს შვილი პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ ვგეგმავდი მეორედ ოჯახის შექმნას. ეს სიყვარული ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად, მაგრამ მყარად შემოვიდა.
– როცა გაიცანით, იცოდით რომ ასაკით ასე განსხვავდებოდით?
– არა, პირველად, უბრალოდ, გამიღიმა ახალგაზრდა ბიჭმა. მერე მისმა თვალებმა დამაინტერესა – უცნაურად მშვიდი და სერიოზული მზერა ჰქონდა. საუბრისას, როცა ასაკი მითხრა, გამეცინა, მისი ჩემთან დაახლოების მცდელობები სერიოზულად არ აღმიქვია. ნამდვილად არ წარმომედგინა, რომ ეს ჩვენი სერიოზული კავშირით დამთავრდებოდა.
– რას გრძნობდით თავიდან?
– ერთდროულად მრცხვენოდა და მეშინოდა. ვფიქრობდი ჩემს შვილზე, საზოგადოებრივ რეაქციებზე, იმაზე, როგორ აღვიქმებოდი მის გვერდით. ხომ არ იყო შესამჩნევი ასაკობრივი სხვაობა. თითქოს მუდამ მზად უნდა ვყოფილიყავი თავის მართლებისთვის.
– როგორ მიიღეს ეს თქვენს გარემოცვაში?
– პირველად კრიტიკით, დამამცირებლადაც კი საუბრობდნენ. ხან ამბობდნენ, რომ გამოვიჭირე, „შვილივით ბიჭია“, ხან კი – რომ ასე მხოლოდ მარტოხელა და სულელი ქალი იქცევა, ვისაც ხელიდან ეცლება ახალგაზრდობა. ყველაზე მეტად მტკენდა, როცა ამბობდნენ, რომ შვილს ცუდ მაგალითს ვაძლევდი.
– თქვენი შვილი როგორ შეხვდა ამ ურთიერთობას?
– მისთვის ძნელი იყო. მაგრამ ჩემმა შვილმა ის ნელ-ნელა მიიღო. არა იმიტომ, რომ მე ვაიძულე, არამედ იმიტომ, რომ თავად დაინახა ამ კაცის დამოკიდებულება ჩემ მიმართ – პატივისცემა, მზრუნველობა და სტაბილურობა.
– დღეს რას ფიქრობთ ამ ურთიერთობაზე?
– არ ვამბობ, რომ მარტივია. საზოგადოება ჯერ კიდევ განმსჯის. ზოგჯერ ქუჩაში ისე გვიყურებენ, როგორც თავგადასავლით დაკავებულ წყვილს. მაგრამ მე ვიცი, ვინ არის ჩემი პარტნიორი და რას ნიშნავს მისგან ყოველდღიური თანადგომა. ასეთი კაცის ნდობა ყოველთვის შეიძლება. ნეტავი თუ იცის, რამხელა სიმტკიცე აღმოაჩინა საკუთარ თავში ამ ურთიერთობით.
ფსიქოლოგის კომენტარი:
ასაკობრივი სხვაობის ურთიერთობები განსაკუთრებით რთულდება მაშინ, როცა ქალი უფროსია, მით უფრო – თუ შვილიც ჰყავს. ასეთ შემთხვევებში ქალი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ფსიქოლოგიური სიმწიფე არ იზომება მხოლოდ წლებით. პარტნიორებს შორის ემოციური ბალანსი, პასუხისმგებლობის გაზიარება და რეალური მხარდაჭერა გაცილებით უფრო დიდი მაჩვენებელია წარმატებული ურთიერთობისთვის, ვიდრე ასაკობრივი ბიოლოგია. მთავარია, თავად ქალმა არ იგრძნოს თავი „დამნაშავედ“ და მოახერხოს ცხოვრების საკუთარი მოდელის დაცვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან