გულახდილი საუბრები

ახალი წლიდან ახალი ცხოვრება დავიწყე და ბედნიერი ვარ

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 16.01

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

წლებია, ჩემი ქმრის ხელში ვიტანჯებოდი. მაბულინგებდა, სიტყვიერ შეურაცხოფას მაყენებდა, დამაჩლუნგა და დამაბეჩავა.

სამი გოგო გვყავდა და მეოთხე ბიჭი რომ გაგვიჩნდა, მითხრა: ახლა ვიგრძენი, რომ მამა ვარ, ბიჭის ყოლაა მთავარი, გოგოები გაიზრდებიან, გათხოვდებიან და ბიჭი კი ჩემს გვარს გააგრძელებსო. სიმართლე გითხრათ, არც მამად ვარგოდა და არც ქმრად. ულამაზესი გოგონები მყავს და ერთხელ არ მოფერებია, ერთხელ არ ჩახუტებია და არ მიუალერსებია. ბიჭის მოფერებითაც არ იკლავდა თავს, ხანდახან ეტყოდა ხოლმე: მამას კაცი ხარ შენ, არავის დაუჯერო, მარტო მე მომისმინე, კაცად დაგაყენებო. რა კაცად დააყენებდა, ისეთებს არიგებდა, თმა ყალყზე მიდგებოდა. მამამისიც ასე იყო. საწყალი ჩემი დედამთილი გაწამებული ჰყავდა. ხალხის თანდასწრებით ისე მიაყენებდა შეურაცხყოფას, არც კი იფიქრებდა, რომ მასაც თავმოყვარეობა ჰქონდა და რცხვენოდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიუხედავად იმისა რომ ოთხი შვილის დედა ვარ, გადავწყვიტე, ახალი წლიდან ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. ქალი ვარ და მეც მინდა, ბედნიერი ვიყო, ისევ ჩემი შვილებისთვის. მობერებული, გასაწყლებული და შეუარაცხყოფილი დედა, დარწმუნებული ვარ, არცერთ შვილს არ უნდა. ბევრი ვიფიქრე, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი. ჩემს მშობლებსაც ვუთხარი, რასაც ვაპირებდი და მათგან რომ მხარში დგომა ვიგრძენი, ეს ნაბიჯი უფრო თამამად გადავდგი. 25 დეკემბერს მოვკიდე ჩემს შვილებს ხელი და ჩემებთან წავედი, ისე, რომ ქმრისთვის არ მითქვამს, დაბრუნებას რომ აღარ ვაპირებდი. მანამდე, ჩუმად გავიტანე სახლიდან ბავშვებისთვის საჭირო ტანსაცმელი და ნივთები და საღამოს დროულად რომ აღარ დავბრუნდით, დარეკა, სად ხართ ამდენ ხანსო. ჰოდა, მოვახსენე პასუხი. ნახევარ საათში მოვარდა, ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ დავემუქრე, პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი, მამაჩემიც მშვიდად, კაცურად დაელაპარაკა. ისიც დაშოშმინდა და წავიდა. იმ ღამით და დილით ისევ დაგვადგა თავზე. მშვიდად საუბარი შევთავაზე და რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი ბავშვების თანდასწრებით ვუთხარი. გაოცებული მისმენდა, არ ელოდა, თუ ხმას ამოვიღებდი. ერთი კი მითხრა: შეიძლება, ხანდახან ზედმეტი მომდიოდა, მაგრამ რა ოჯახის დანგრევაზეა საუბარი, თუნდაც ბავშვების გამო უნდა შევინარჩუნოთ. ან მარტო როგორ უნდა გაწვდე ამათ შენახვასა და მოვლას. იცოდე, თუ არ დაბრუნდებით, მე არ დაგეხმარებიო. ეგონა, ამით შემაშინებდა. რასაკვირველია, არც მე დავაყოვნე და პასუხი გავეცი: მირჩევნია, მხოლოდ პურსა და წყალზე მყავდეს შვილები და მშვიდი და მოსიყვარულე ურთიერთობა გვქონდეს, ვიდრე ყოველდღე სტრესში იყვნენ, დედის შეუარაცხყოფა მოითმინონ და მამის გულგრილობას უყურებდნენ-მეთქი. კიდევ ვამბობ, არ ეგონა, მე თუ ამას ვიზამდი და გაფითრებული იჯდა. ბოლოს მითხრა: კარგი, დამშვიდდი, დაწყნარდი, ცოტა ხანი იყავი შენს მშობლებთან და ახალ წელს სახლში მოდითო. რასაკვირველია, დავრჩი ჩემი მშობლების სახლში, ახალ წელს ბინაც მოვრთე, ბავშვებს საჩუქრებიც დავუწყე ნაძვისხის ქვეშ და სუფრაც გავშალე. ათ საათზე დარეკა, გელოდებით და იმედია, მეტს აღარ მალაპარაკებ დაბრუნებაზეო. ეგონა, მოვკიდებდი ბავშვებს ხელს და გავიქცეოდი. იმის მაგივრად, ენა დაიტკბოს და თავის შეცდომებს მიხვდეს, უარესად აგრესიული ხდება. მე, ჩემი გადაწყვეტილება მივიღე, ცხოვრება ჩემს ოთხ შვილთან ერთად ახლიდან დავიწყე და არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. ბედნიერი ვარ, რომ ვიცი არავინ დამიყვირებს, არ მაგინებს და არც იმის მოლოდინში ვიქნები, რომ უმიზეზოდ ყველაფერს თავზე დამამხობს. ახლა ვხვდები, რა ბედნიერებაა, როცა სახლში იდილიაა და ჰარმონია. დედა კი მეუბნებოდა, არასოდეს არ არის ცხოვრების ახლიდან დაწყება გვიანი, მთავარია, სწორი ნაბიჯები გადადგაო და ახლა ვხვდები რა მართალი ყოფილა. ეს წელი ბედნიერად და მშვიდად დავიწყე და ვეცდები, აწი არავინ გაბედოს ჩემი დაბულინგება, დაშანტაჟება და გულის ტკენა. მართალია, ჩემმა ქმარმა ფულიც მისცა ბავშვებს, ჩემთანაც გამოატანა პროდუქტი, მაგრამ ამით ჩემს გულს ვერ მოალბობს. უკვე გავზარდე შვილები, სამსახურს დავიწყებ და ჩემს თავსაც მივხედავ და ჩემს ოჯახის წევრებსაც. ის ვაჟბატონი კი იყოს ოთხ კედელს შუა მარტო, მიხვდეს რა დაკარგა და როგორ დაინგრია ცხოვრება თავისი უაზრო, დამამცირებელი გამოხტომებით.

ნელიკო, 39 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა