ახალგათხოვილს მეუღლე დამეღუპა, დედამისი კი ჩემი პირველი ქმრის შვილს ისე მაზრდევინებს, როგორც საკუთარ შვილიშვილს
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 10.07

პირველად რომ გავთხოვდი, ასე მეგონა, სამყაროში ყველაზე ბედნიერი ვიყავი და ეს ბედნიერება სამუდამოდ, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდებოდა. მაგრამ, ორსულად რომ დავრჩი, მერე მივხვდი, თურმე, სად ამოვყავი თავი და ვის გვერდით.
არ ვიცი რა დაემართა ჩემს პირველ ქმარს, რამ შეცვალა ასე, მაგრამ რომ გაიგო, ბავშვს ველოდებოდი და მამა ხდებოდა, სულ აიშვა. მეგობრებთან დროსტარებას მოუმატა და ყოველ საღამოს სახლში გალეშილი მთვრალი ბრუნდებოდა. მისი ოჯახის წევრებისგან ვიცოდი, რომ ადრეც სვამდა, მაგრამ უმკურნალეს, სისხლიც რამდენიმეჯერ გამოუცვალეს და აღარ სვამდა. არ ვიცი, რა მოხდა, რის გამო დაიწყო ისევ სმა და რატომ ჩამაშხამა ყველაზე ბედნიერი წუთები და დღეები მეც და საკუთარ თავსაც. მოკლედ, იმდენი ქნა, თავი შემაძულა. მოკლედ, მერვე თვეში რომ ვიყავი, არ ვიცი, რა მოხდა, უბანში დააკავეს. ბიჭებმა თქვეს, ნასვამი ვიღაც გამვლელს, რომელიც გოგოსთან ერთად მიდიოდა, აუშარდა, იმ კაცსაც ერთი მაგარი მოუდია და ამასაც არ დაუხევია უკან. მეზობლებს პატრული გამოუძახებიათ და დასისხლიანებული წინასწარი დაკავების იზოლატორში გადააბრძანეს. რა თქმა უნდა, მაშინვე გავვარდი მის სანახავად. მამამთილმა კი მითხრა: შვილო, ამხელა მუცლით სად მოდიხარ, მე წავალ და მოგიტან ამბავს, ნერვიულობაზე არაფერი დაგემართოსო. რა მომასვენებდა სახლში? წავყევი და მართლა ისე ვინერვიულე, იქიდან პირდაპირ სამშობიაროში გამაქანეს. მოშლის საშიშროება იყო და წოლითი რეჟიმი დამენიშნა. თავს დამტრიალებდნენ დედამთილიც, მამამთილიც და ჩემებიც, მაგრამ მე ქმრის მხარდაჭერა მინდოდა, რომელიც არც კი მოსულა. ის კი არა, იზოლატროდან გათავისუფლებული, იმის მაგივრად მე მოვეკითხე, იმ კაცს ეძებდა, უნდა მოვკლაო. ერთი სიტყვით, ვიმშობიარე თუ არა, გამოვაცხადე, რომ ჩემებთან უნდა წავსულიყავი და მას მერე იქ დავრჩი. არ მინდოდა, ჩვილი ბავშვით პათოლოგ ქმართან დავბრუნებულიყავი? დედამისზე და მამამისზე არაფერს ვამბობ, მართლა კარგი ხალხია და დღემდე პატივს ვცემ. სხვათა შორის, ჩვენს ურთიერთობაში არ ჩარეულან, ერთი კი მითხრეს: ჩვენი შვილია და ხომ არ გადავაგდებთ, მაგრამ შენ უფლება გაქვს, გადაწყვიტო, რამდენად გიღირს მასთან ცხოვრება. ჩვენ შენ გვერდით კი ვიქნებით, მაგრამ მის ხასიათს ვერ შევცვლითო.
მეორედ რომ გავთხოვდი, ბავშვი ხუთი წლის იყო და მაშინ მივხვდი, რა ყოფილა ნამდვილი ბედნიერება. ჩემი შვილი მეორე ქმრის დედამ შვილიშვილივით მიიღო, სულ თავს დასტრიალებდა. ეს იმაზე მეტყველებდა, რომ მეც უდიდეს პატივს მცემდა. სამწუხაროდ, გათხოვებიდან სამ თვეში ჩემი ქმარი ავარიაში მოყვა და ჩვენი თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ოჯახი თავზე ჩამომემხო. ორმოცი რომ გავიდა, დედამისს ვუთხარი, მე წავალ-მეთქი და კინაღამ გადაირია: ჩემი შვილის ცოლი ხარ, სად წახვალ, იცხოვრე ჩემთან და ერთად გავზარდოთ ბავშვი. თუ ჩემთან არ გინდა, ეგ სხვა თემააო. ისედაც არასოდეს დავტოვებდი მარტო და ამ სიტყვების მერე ერთი დღე არ ვყოფილვართ უერთმანეთოდ. დღემდე სიყვარულითა და სითბოთი ვურთიერთობთ და ბავშვსაც ფუფუნებაში მიზრდის. ამბობს: როგორც ჩემს შვილს უნდოდა და რაც მას დააკლდა, ამას უნდა გავუკეთო და მივცეო. მე არ მქონია ბედი, თორემ ჩემს შვილს, მადლობა უფალს, ბიოლოგიური მამის ოჯახის მხრიდანაც მხარდაჭერა აქვს, ჩემი მშობლებიდანაც და ჩემი მეორე ქმრის დედისგანაც. არავის ვუსურვებ ის სიმწარე გაიაროს და გამოსცადოს, რაც მე გავიარე და გამოვცადე, მაგრამ გვერდში მიდგანან ადამიანები, რომელთა იმედი მაქვს და მყავს შვილი, ვის გამოც ვსუნთქავ.
მარი, 38 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან