გულახდილი საუბრები

ახალ წელს სასწაულები ნამდვილად ხდება, რადგან მე ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 19.01

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

მერწმუნეთ, ახალი წლის დღეებში სასწაულები ნამდვილად ხდება და ეს მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა მეც ამიხდა. სიმართლე გითხრათ, არასოდეს მჯეროდა, რასაც ჩავიფიქრებდი საახალწლო სუფრასთან, ის თუ ამიხდებოდა, მაგრამ ზუსტად ასე მოხდა.

მოკლედ, ორი წლის წინ, ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ საყვარელი ადამიანისგან ორსულად ვიყავი. იმდენად მიყვარდა, ვერ წარმომედგინა მის გარეშე ცხოვრება. ინტიმურ კავშირსაც ამიტომ დავთანხმდი, მეგონა, არასოდეს მიმატოვებდა. მოკლედ, ახალ წლამდე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და ბავშვს ველოდებოდი ადამიანისგან, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა. დავგეგმე სამომავლო სტრატეგია - ეს ამბავი მისთვის ზუსტად ახალი წლის ღამეს მეთქვა: საჩუქარი ბავშვის პატარა ჩასაცმელის სახით გამეკეთებინა და შემეთავაზებინა, ერთად ცხოვრება. ასეც მოვიქეცი. ეს ამბავი ჩემს დაქალს გავუმხილე, ის დამეხმარა და ყველაფერი დავგეგმეთ. შევხვდი ახალ წელს სახლში, ჩემებს ვუთხარი, დაქალთან მივდივარ მეკვლედ-მეთქი და ჩემს საყვარელ ადამიანს შევხვდი. არ დამავიწყდება, ძალიან ციოდა და მაგრად ჩავეხუტე, მივეკარი და ერთი სული მქონდა, როდის გავაგებინებდი, რომ ეს წელი მისთვის განსაკუთრებული იქნებოდა, მამა გახდებოდა და ერთად დავიწყებდით ცხოვრებას. ბინა ჰქონდა ნაქირავები და იქ ავედით. პირველად თავად მომცა საჩუქარი - ლამაზი სამკაული, რომელიც თავისი ხელით გამიკეთა. ხოლო, როცა მე უნდა გადამეცა მისთვის საჩუქარი, გავაფრთხილე: ახლა ისეთი რამე უნდა გაჩუქო, მთელი ცხოვრება გემახსოვრება და მოემზადე-მეთქი. ცოტა გაოგნებული კი შემომხედა, მაგრამ მიჩვეული იყო ჩემგან სიურპრიზებს და ესეც მორიგი, ჩვეულებრივი სიურპრიზი ეგონა. ლამაზად შეფუთული ყუთი რომ მივაწოდე და გახსნა, მისი რეაქცია არასოდეს დამავიწყდება. ფერი შეეცვალა, შეცბა. ალუღლუღდა: არ მინდოდა ჯერ... ასე არ ველოდი.... მგონი, არ ვართ მზად... ერთი სიტყვით, მივხვდი, კი არ გაუხარდა, პირიქით. იმ წამსვე შემეცვალა ამ ადამიანზე წარმოდგენა, თუმცა შვილზე, რომელიც ჩემს სხეულში იყო, უარს ზუსტად ვიცოდი, არასოდეს ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი წინააღმდეგობა, პრობლემები და წინაღობები შემხვდა ჩემი ოჯახის მხრიდან, მაინც გავხდი დედა, მამამისი კი სამუდამოდ წარსულს ჩავაბარე. მეორე ახალი წლის დღეებში, ნამდვილი სასწაული მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამ დღის ჯადოსნურობის ვიწამე. ახალი წლის ღამეს ბავშვს სიცხემ აუწია. აფთიაქში დილაადრიან გავვარდი, თუმცა ის წამალი, რომელიც ექიმმა მითხრა, არ ჰქონდათ. მითხრეს: ჩვენი აფთიაქის სხვა ქსელშია, გლდანში და იქ წადითო. ჩემი სახლიდან საკმაოდ შორია გლდანი და ისევ ჩავეკითხე: სხვაგან არსადაა, ახლოში? არაო, მიპასუხეს. უცებ, იქვე ახალგაზრდა მამაკაცი იდგა. ხელი მომკიდა მკლავზე და მითხრა: მანქანით ვარ, გლდანში მივდივარ და გაგიყოლებთ, თუ მენდობითო. რასაკვირველია, მადლობა გადავუხადე და გავყევი. გზაში გამომკითხა ბავშვის ამბავი, ისიც მკითხა: შენ რატომ დარბიხარ წამალზე, მამა არ ჰყავსო? ორი სიტყვით მოვუყევი ჩემი ამბავი ამ ახალგაცნობილ ადამიანს. ისე მომიდგა, თითქოს კარგა ხნის მეგობრები ვყოფილიყავით. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა, სულაც არ მიდიოდა გლდანში და ჩემ გამო წამოვიდა. წამალი მაყიდინა, იქიდან სახლში წამომიყვანა, ნომერი მთხოვა და დამტოვა. იმ დღის შემდეგ, ყოველდღე მირეკავდა და მკითხულობდა. ძველით ახალ წელს მთხოვა, ერთად აღვნიშნოთო. დავთანხმდი და სწორედ იმ დღეს მთხოვა ხელი, სულ რაღაც ორი კვირის გაცნობილს. დღეს ერთად ვცხოვრობთ, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და ორივეს გვჯერა, რომ ეს სწორედ ახალი წლის ჯადოსნური დღისა და ბედისწერის „ბრალია“.

ჯული, 29 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი