გულახდილი საუბრები

ახალ წელს მაგიდის ქვეშ შეძრომამ საბედო მაპოვნინა

№1

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 13.01

გარიგებით გათხოვება
დაკოპირებულია

უკვე იმ ასაკში ვიყავი, როცა არც გათხოვების იმედი მქონდა, არც ფლირტაობით ვიყავით დაინტერესებული და ოჯახის შექმნაზეც ხელი ჩავიქნიე. მოხუც მშობლებს ვუვლიდი და ძმისშვილებზე ვიყავი გადაყოლილი. სამსახურში ყველა მეუბნებოდა: 

რა არის, რით ვერ გამოძებნე შენი შესაფერისი, ცოლად რომ გაჰყვე, ასეთი მეოჯახე ქალი ცოდო ხარ მარტოო. სიმართლე გითხრათ, არასოდეს ვყოფილვარ გათხოვებაზე დაფეთებული. ალბათ, ჩემს ცხოვრებაში არც სათანადო მამაკაცი გამოჩენილა, რომ დავფიქრებულიყავი. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბედს შევეგუე. გასულ წელს ჩვენთან ნათესავი ჩამოვიდა სურამიდან. ოჯახის წევრები უცხოეთში ჰყავდა – არ მინდა, მარტო შევხვდე ახალ წელს და სხვებთან წასვლას თქვენთან მირჩევნიაო. გაგვიხარდა. თან, უამრავი სურსათ-სანოვაგე ჩამოიტანა გავამზადეთ, გავშალეთ სუფრა და თორმეტი საათი რომ ხდებოდა, აიჩემა: ერთი, ძველი ტრადიციაა, ვინც 12 საათს მაგიდის ქვეშ დახვდება, გათხოვდება და გეხვეწები, ვცადოთო. სიცილით კინაღამ გავიგუდე: რაღა დროს ჩემი მაგიდის ქვეშ შეძრომაა-მეთქი. მოკლედ, აგვიყოლია – ვიხალისებთ მაინცო და მეც და ჩემი მშობლებიც, ავყევით. თორმეტს რომ დააკლდა 2 წუთი, გაშლილი მაგიდის ქვეშ შევძვერი და 12 რომ გახდა, ატეხეს კაკუნი და ბრახუნი მაგიდაზე: გამოდი, გამოდი, როგორც ახლა გამოძვრები, ასე გადი სახლიდან ახალ ოჯახშიო. ამ ტექსტის თქმაც ჩვენმა ნათესავმა დაავალა ჩემს მშობლებს. ძლივს გამოვგორდი მაგიდის ქვემოდან, თან ვიცინოდით და თან ვხუმრობდით: ახლა რომ კარზე დააკაკუნოს ვინმემ და საბედო მოვიდესო. კარგად ვიმხიარულეთ და დავიძინეთ. მეორე დილით, ისევ ატყდა ჩემი ნათესავი: წადი, მაღაზიიდან ნაზუქის მასალა ამომიტანე, ისეთი ნაზუქები უნდა დაგიცხოთ, თითებს ჩააკვნეტთო. ვუთხარი, ამდენი საჭმელ-სასმელია და რა დროს ნაზუქების ცხობაა–მეთქი, მაგრამ არ დაიშალა. კი მეზარებოდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო, გავეგზავნე მაღაზიაში. ჩემდა გასაკვირად, ახალი წლის პირველივე დილას მარკეტში რიგი დამხვდა. ძირითადად, მამაკაცები იდგნენ, ნაბახუსევები და ბორჯომის ბოთლით ხელში. მეც ჩავდექი რიგში. ბოლო ვინ არის? – შემომესმა უკნიდან. მოვბრუნდი და ხელში ძალიან სიმპათიური მამაკაცი შემრჩა. მორცხვად ვუთხარი – მე ვარ ბოლო, მაგრამ, თუ გეჩქარებათ, რიგს დაგითმობთ-მეთქი. გაეცინა: ქალბატონო, გილოცავთ ახალ წელს და როგორ ვიკადრებ, რიგი დამითმოთ და თქვენს წინ მე დავდგეო. გამომელაპარაკა და აღმოჩნდა, რომ ჩემი კორპუსის ახალი მობინადრე ყოფილა. მანამდე არასოდეს მინახავს. მითხრა: ახლახან შევიძინე ბინა, პატარა რემონტი ჩავატარე და ახალ წელს აქ შევხვდიო. ვერ გამოვკითხე ცოლ-შვილი თუ ჰყავდა, მომერიდა. არადა, ინტერესი მკლავდა. პირველად დამემართა, რომ ასე მომინდა მამაკაცთან საუბრის გაბმა. ბევრი რომ არ გავაგრძელო. დავახლოვდით. ხშირად ამოდიოდა ჩვენთან, ვუმასპინძლდებოდი ჩემი ნახელავით და გავარკვიე, რომ არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. 20 წლის წინ ცოლი მშობიარობას გადაჰყოლია და მას შემდეგ ოჯახის შექმნაზე არც კი უფიქრია. მშობლები რომ გარდაცვლია, ის ბინა გაუყიდია და ბინა ჩვენს კორპუსში შეუძენია. ფაქტია, მისმა ბედმა ჩემამდე მოიყვანა. მისმა ბედმა, ჩემმა ბედისწერამ თუ მაგიდის ქვეშ შეძრომის რიტუალმა გაჭრა, ეს კიდევ საკითხავია. თუმცა ფაქტია, რომ ამ ახალ წელს ერთად შევხვდით, ერთ ოჯახად. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს მამაკაცი რომ მიდგას გვერდით. ორივემ სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ ცხოვრება და დარდი და ტკივილი უკან მოვიტოვეთ, დავივიწყეთ და იმედია, დიდხანს ვიქნებით ასეთი ბედნიერები. ამ ადამიანმა ხალისი, მომავლის რწმენა და გაპრანჭვის სურვილი დამიბრუნა. როგორც თავად ამბობს, მე მისთვის ერთადერთი ნათელი წერტილი ვარ ამ ცხოვრებაში. მართალია, არცერთი არ ვართ პატარა ასაკში, მაგრამ ზუსტად ისე გვიხარია ყოველი დღის გათენება, როგორც ალბათ, 20 წლის ასაკში გაგვიხარდებოდა.

სოფო, 44 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

24-30 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რას გვიწინასწარმეტყველებს თანამედროვე მინიშნებებიდ...