გულახდილი საუბრები

ახალ წელს ჩათქმული სურვილი დედამთილმა უკუღმა ამისრულა

№2

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 20.01, 2022 წელი

40 წლის ქალი
დაკოპირებულია

გათხოვების დღიდან დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. არ ვიცი, რის გამო არ სურდა ჩემი რძლობა, მაგრამ ფაქტია, ჩემი და გიორგის სიყვარულის წინააღმდეგი იყო. 

სულ იმას გაიძახოდა და გაიძახის: ჩემს შვილს თვალები აქვს დაბრმავებული, ეს რამ მოაწონა, რა ამის შესაფერისია, ჩვენს ოჯახს ეს გოგო ეკადრებაო? ამომიყვანა ყელში თავისი თავადური გვარი და წარმოშობა. არადა, ჩემი ოჯახი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი. მშრომელი, პატიოსანი და კულტურული მშობლები მყავს, ზედმეტს რომ არ იკადრებენ და არც სხვას აკადრებენ. ჩემს დედამთილს კი ორი მეტრი ენა აქვს გადაფენილი ზურგზე და დღე და ღამე კვეხნისა და ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს. სამი წელია, ამ ოჯახში ვარ და ერთი დღე არ გამიხარია. ამ დედაკაცმა ბავშვიც ისე დამისტრესა, როცა ილანძღება, კარადის უკან იმალება. გიორგიც სუსტი აღმოჩნდა. ჩემს აპეკუნობას არ ვთხოვ, უბრალოდ, ობიექტურობა გამოიჩინოს, სიმართლე დაიცვას და დედამისი გააჩუმოს. მაგრამ, არა! ამბობს, დედაა და არ შემიძლია მისი წყენინება, შენც მოითმინეო. თბილისთან ახლოს აგარაკი აქვთ. ჩემი მამამთილი იქ გადავიდა საცხოვრებლად, ეხვეწა თავის ცოლს, მაგრამ ვერ დაიყოლია. ხომ უნდა მაკონტროლოს და მომიშალოს ნერვები და იქ როგორ წავა. მოკლედ, ახალ წელს ფურცელზე დავწერე სურვილები და 12 საათს რომ დააკლდა სამი წუთი, დავწვი, ფერფლი შამპანიურიან ჭიქაში ჩავყარე და დავლიე. ასე მითხრეს, ახალი წლის დადგომისას თუ ამ რიტუალს შეასრულებ, აუცილებლად აგიხდებაო. ცხოვრებაში რომ არ დამილევია, გავბედე, დავლიე და ფერფლისგან კინაღამ დავიხვრჩვი. ფურცელზე ეწერა: „ჩემი დედამთილი წავიდეს ამ სახლიდან და გადავიდეს აგარაკზე სამუდამოდ საცხოვრებლად!“ სურვილი ორ დღეში ამიხდა, ოღონდ უკუღმა. ზუსტად 2 იანვარს, ბედობა დღეს, ამიშარდა, დავცხეთ ერთმანეთს და იმდენი ქნა, სანამ სახლიდან არ გამომაძევა. ბავშვთან ერთად, ბედობა დღეს ჩემს ძმას და რძალს მივადექი. გიორგი, ძმაკაცებთან ერთად იყო ქალაქგარეთ საქეიფოდ წასული და რომ გაიგო, გიჟივით გამოვარდა. თუმცა დედამისმა, ალბათ, კარგად „დაამუშავა“ და ისეთი გონორით მოვიდა ჩემთან, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ხასიათი ჰქონდა. ჩემი ძმის თანდასწრებით მიყვიროდა: რით ვერ მოინელე, რომ დედაჩემი აგარაკზე წასვლაზე არ დაგთანხმდა. არ გინდა დედაჩემის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ხომ ხედავ სხვა სახლი არ მაქვს, დედა გავაგდო გარეთ იმის გამო, რომ შენ არ გეპიტნავებაო... ისეთ დღეში ჩამაგდო, ხმას ვერ ვიღებდი. გულში კი ვბრაზობდი: რა ჯანდაბად დავწერე ფურცელზე ის სურვილი, რა ჯანდაბად დავწვი, ჩავყარე და დავლიე, ფაქტია, უკუღმა ამიხდა და მე დავზარალდი-მეთქი. სხვათა შორის, ჩემს რძალს რომ მოვუყევი ეს ამბავი, სიცილით გასკდა: ნამდვილი კურიოზია, დაწერე და გამოაქვეყნე, ამხელა ქალი ხარ და ჭკუა ვერ ისწავლე. გოგო, რის ფურცლები და ფერფლები, არ იცი, უბრალო აზრიც კი კოსმოსიდან ბუმერანგივით გვიბრუნდება და ხომ ხედავ, უკუღმა დაგიბრუნდაო. დედაჩემიც მე მამტყუნებს – თავიდანვე ამოიჩემე ეგ ქალი, ახლანდელ ახალგაზრდებს არ გინდათ დედამთილი სახლში. ჩემმა რძალმაც ასე მოინდომა და შენც იმას ბაძავო. ვერ ვუმტკიცებ, რომ მე კი არა, მან ამომიჩემა. მოკლედ, გიორგიმ დამირეკა და ულტიმატუმი წამომიყენა, მითხრა: დედაჩემს ველაპარაკე, გარკვეული მაქვს ყველაფერი, დაბრუნდი და ეცადე დაალაგო სიტუაცია, თუ არა და მე არ დაგიწყებ ხვეწნასო. ბავშვის გამო კიდევ დავიხევ უკან და მივალ ჩემი ქმრის ოჯახში – ძალიან განიცდის ამ ამბავს და სულ სახლში წასვლას მთხოვს. თუმცა, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ დედამთილს თავი დავუხარო. ვაიძულებ, თავის ქმართან წაბრძანდეს აგარაკზე და იქ იცხოვროს. მოგვცეს ახალგაზრდებს ამოსუნთქვის საშუალება.

ნატა, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი