გულახდილი საუბრები

17 წლის ასაკში იმიტომ გავთხოვდი, რომ ქალიშვილი აღარ ვყოფილიყავი

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 17.04

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ოჯახში სამი დედმამიშვილი ვიყავით. უფროსი ძმა მყავს და უმცროსი და. მე შუათანა ვარ და მათგან განსხვავებით, საკმაოდ მეამბოხე ხასიათი მქონდა. თან, ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა, რას გავაკეთებდი, როგორ ვიცხოვრებდი მომავალში და არასოდეს ავყოლივარ მშობლებისა და ბებია-ბაბუების იმ რჩევა-დარიგებებს, რომელიც ჩემთვის მიუღებელი იყო.

ბავშვობიდან მესმოდა, როგორ მოძღვრავდნენ ჩემს ძმას, რომ ცოლად აუცილებლად ქალიშვილი გოგო უნდა მოეყვანა, ქართულ ტრადიციებზე გაზრდილი. უნდა ეცხოვრა დედამთილ-მამამთილთან ერთად და ყოფილიყო ჩვენი ოჯახის ტრადიციების მიმდევარი. სხვათა შორის, ჩემმა ძმამ ზუსტად ასეთი ცოლი მოიყვანა. მართლა კარგი გოგოა, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მასთან მიჭირს საერთო ენის გამონახვა. სხვა პრიორიტეტები და შეხედულებები აქვს, მე კი – სულ სხვა. ერთი სიტყვით, ჩემი ძმა რომ დაქორწინდა, მერე ოჯახი ჩემზე გადამოვიდა დამოძღვრით: ხომ იცი, ასეთი ბიჭი უნდა შეარჩიო საქმროდ, ისეთ ოჯახში ჩავარდე, რომ ჩვენი საკადრისები იყვნენ და ასე შემდეგ... ქალიშვილობაზე საუბარი ზედმეტი იყო. ჰოდა, მეც ასე მოვიქეცი, არც მათ ვაწყენინე და არც ჩემი პრინციპები დავთმე – 17 წლის ასაკში ცოლად გავყევი ჩემს სკოლელ და უბნელ ბიჭს, რომელიც მართლაც ტრადიციული ოჯახიდან იყო და ქალიშვილი ჩავბარდი. თუმცა, როცა ცოლად მივყვებოდი, ზუსტად ვიცოდი, ეს დროებითი იყო და ჩემგან მეოჯახე და კარგი ცოლი ვერ დადგებოდა. როგორც სხვა გოგონები, არასოდეს მიოცნებია გრანდიოზულ ქორწილზე, თეთრ კაბაზე, თმაში ჩამაგრებულ ფატაზე. სულ რაღაც ორი თვე ვიყავი მასთან და მერე წამოვედი. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, ჩემი ოჯახი ქორწინების გარეშე სხვა მამაკაცთან ცხოვრების უფლებას არასდროს მომცემდა. და ატყდა ჩემს ოჯახში ვაი-ვიში, ლოყების დახოკვა: რას გვიშვები, როგორ გვარცხვენ, ჩვენს ჯიშში და ჯილაგში განათხოვარი არავინ გვყავს. აწი ვინღა მოგიყვანს ცოლად ქალიშვილი აღარ ხარო... მე კი, გულში ვიცინოდი. ასეთი აზროვნება აქვთ და რას ვიზამ. რაღაც პერიოდი ვიცხოვრე ჩემებთან, მაგრამ რომ მივხვდი, მათი ეს ყოველდღიური ტექსტები აუტანელი იყო, თან, მე სხვა მიზნები მქონდა, რასაც ვერ შეეგუებოდნენ, მუშაობა დავიწყე, ბინა ვიქირავე და იქ გადავედი საცხოვრებლად. მალევე გამოჩნდა ადამიანი, ვისთანაც დავიწყე თანაცხოვრება. ჩემებმა რომ გაიგეს, ხომ გადაირივნენ, მერე კი, მისი ფოტო რომ ნახეს, პირსინგით, ტატუთი და ალაგ-ალაგ შეღებილი თქმით, სულ გაგიჟდნენ. მიუხედავად ყველაფრისა, მე არასოდეს მზღუდავდნენ ჩაცმაში, ყოველთვის ის მეცვა, რაც მინდოდა. მაშინ, არ მინდოდა ტატუ, თორემ ამაზე ნამდვილად წინ გადამეღობებოდნენ. დღეს კი ტატუც მაქვს ჭიპიც გავიხვრიტე, ცხვირიც, პირსინგებიც გავიკეთა და თმაც წითლად შევიღებე. ახლა დამოუკიდებელი ვარ და ვეღარ მიწევენ წინააღმდეგობას, თუმცა არ მოსწონთ. ეს მათი პრობლემაა, მე ასეთი მომწონს ჩემი თავი და ვცხოვრობ ისე, როგორც მე მინდა და არა ისე, რას იტყვის მეზობლის ქალი, ნათესავი და ასე შემდეგ. რამდენიმე პარტნიორი გამოვიცვალე და ვთვლი, რომ როცა ადამიანთან ცხოვრობ, მერე ხვდები მის ნაკლსაც და დადებითსაც. თუ არ მომწონს და ჩემთვის რაღაც მიუღებელია, მას თავს ვერ შევაკლავ. ოჯახმა კი ნელ-ნელა შეამცირა ჩემთან კონტაქტი. ალბათ, რცხვენიათ ჩემი ასეთი ცხოვრების წესის გამო. მხოლოდ ჩემს დას აქვს ხშირი ურთიერთობა, მოდის კიდეც და ყოველდღე თუ არა ორ დღეში ერთხელ მაინც მირეკავს. არ მინდა, ისიც, დააკომპლექსონ და დააზომბირონ, წაართვან მისი წილი ბედნიერება და მომავალი ცხოვრება. ჩემსავით მეამბოხე ხასიათის არ არის, დამყოლია და ცოტა მეცოდება. ოცდამეერთე საუკუნეა და ნეტავ, ჩემი ოჯახის გარდა, ვინმეს თუ უკვირს კიდევ ზრდასრული გოგოს ტანზე ტატუ, გახვრეტილი ცხვირი ან ჭიპი, ან ის, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავს და მასთან ცხოვრობს. დღეს მე ეს მდგომარეობა მომწონს და რა მელის ხვალ, არავინ იცის.

თიკა, 24 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა