მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ქართველი სტუდენტის წარმატება ბერლინში #15
2017-04-10
ქეთი კაპანაძე

თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა ყოველი ქართველი, ვისაც ჩვენი სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვს და საკუთარი წარმატებით გვასახელებს. მათ რიცხვს მიეკუთვნება მომღერალი ელენე ხონელიძე, რომელიც მეოთხე წელია, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში კლასიკურ ვოკალს სწავლობს და თან წარმატებულად.
ელენე ხონელიძე: მუსიკალურ ოჯახში დავიბადე, ბაბუა – ჯემალ გოკიელი დირიჟორი გახლდათ და შვილიშვილები: ჩემი ბიძაშვილები, ანანო და ელისაბედ გოკიელები და მე, მის გზას გავყევით. თავდაპირველად, ფორტეპიანოს ვსწავლობდი და თან, ქართულ ხალხურ გუნდში ვმღეროდი. მალე მივხვდი, რომ ფორტეპიანოს სიმღერა მერჩივნა და გადავწყვიტე, ბოლომდე ამ გზას გავყოლოდი.
– ალბათ, ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა გიწევს წარმატების მისაღწევად.
– ახლა ბერლინში ვსწავლობ. რამდენიმე წლის წინ, როცა გერმანიაში პირველად ჩავედი, ცოტა გამიჭირდა ყველაფერთან შეგუება. მაგრამ, ჩემი ოჯახის, დედაჩემის თანადგომა, როგორც ფინანსური, ისე სულიერი თვალსაზრისით და ჩემი ბიძაშვილების იქ ყოფნა, უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის. იქ ძალიან განსხვავებული ცხოვრების ტემპი დამხვდა – ყველა გთხოვს, რომ დისციპლინა ზედმიწევნით დაიცვა. თან, მარტო ვცხოვრობდი, რისი გამოცდილებაც მანამდე არ მქონია. აქედან რომ ჩადიხარ, არც სამსახური მოდის თავისთავად, ბევრი შრომა გიწევს. ჩემს ჯგუფში ერთადერთი ვიყავი, ვინც სწავლის პარალელურად, მუშაობდა. რთული იყო, განსაკუთრებით პირველ კურსზე. უამრავი სამეცადინო მქონდა, ყველაზე მეტი თეორიული მასალა თავიდან ისწავლება. მარტივი არაა, ამდენი მეცადინეობის შემდეგ, გავარდე და საცხობში და კლუბში იმუშაო. თუმცა, საბედნიეროდ, ძალიან მალე, სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. ჯერ საქართველოს კულტურის სამინისტროს სტიპენდია დამენიშნა, ახლა კი გერმანიისგან მაქვს DAAD-ის სტიპენდია. მერე უკეთესი სამსახურიც გამოჩნდა. ბერლინის ფილარმონიაში ბილეთების კონტროლზე ვმუშაობდი, რაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ისეთ ვარსკვლავებს ვუსმენდი, რომელთა კონცერტზე მოხვედრაზეც კი მანამდე მხოლოდ თუ მიოცნებია (იცინის). დღეს მიუხედავად იმისა, რომ სტიპენდია მაქვს, მყავს სამი მოწაფე და უნივერსიტეტის დარბაზშიც ვმუშაობ, სადაც ასევე, ძალიან კარგი სიტუაციაა. თუმცა, ვფიქრობ, ის სირთულეები ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რამაც უფრო გამაძლიერა. დღეს ბევრი პრობლემის გადაჭრა უკვე აღარც მერთულება და აღარც მაშინებს.
– რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, რისთვისაც გერმანიაში წახვედი. რა შეგმატა ამ თვალსაზრისით გერმანიამ? თუმცა, უპირველესად, საქართველოში სწავლის შესახებ მომიყევი, რადგან როგორც ვიცი, შენი პირველი ნაბიჯები აქედან დაიწყო.
– კონსერვატორიაში ნოდარ ანდღულაძესთან ვსწავლობდი. მან ძალიან დიდი საფუძველი მომცა, რომელსაც ვხვდები, ხელს ვეღარაფერი შეუშლის. გერმანიაში ყველამ მითხრა: რა კარგი ხმა და მონაცემები გაქვსო. მაგრამ, ამ მონაცემებს სწორი ყალიბი ბატონმა ნოდარმა და თენგიზ ჩაჩავამ – ჩემმა აქაურმა მასწავლებლებმა მისცეს, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ. მერე წავედი გერმანიაში, სადაც, ასევე, ძალიან გამიმართლა პროფესორში. მისგან პირველივე დანახვისას რაღაც ქიმია ვიგრძენი. ჩემი ბიძაშვილი, რომელიც პიანისტია და ბერლინში მოღვაწეობს, დამეხმარა მასთან შეხვედრაში. ვთხოვეთ, ერთი გაკვეთილი მოესმინა ჩემთვის. მომისმინა და იმავე საღამოს უთხრა ჩემს ბიძაშვილს: თუ უნდა, ხვალაც მოვიდესო. მაშინ ჯერ კიდევ აქ ვსწავლობდი და გერმანიაში, უბრალოდ, სტუმრად ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ, მისი სიტყვები რამხელა სიხარული იყო ჩემთვის. იმის კითხვასაც კი ვერ ვბედავდი: შეიძლება, აქ ჩავაბარო-მეთქი? უბრალოდ, მინდოდა, მოესმინა და სამომავლოდ, რჩევა მოეცა. მეორე დღეს რომ მივედი, მეკითხება: ბერლინში ცხოვრება და სწავლა თუ წარმოგიდგენიაო. მახსოვს, ემოციებისგან როგორ ავკანკალდი და ვუთხარი: რა თქმა უნდა, ძალიან მინდა  და მზად ვარ, საამისოდ ძალიან ბევრი ვიმუშაო-მეთქი. მაშინ შეგიძლია, გამოცდაზე ჩამოხვიდე, მე შენ ჩემს კლასში ადგილს შეგინახავო. ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი და დიდი სტიმული იყო ეს ჩემთვის.
– არადა, ამბობენ, გერმანელები ცივები არიანო.
– ეს ქალი ამერიკელია, მაგრამ ისე, პირიქით – ძალიან თბილები არიან. შრომას ძალიან აფასებენ. ბევრი სრულიად უცხო ადამიანი მოსულა ჩემთან და დახმარება შემოუთავაზებია. როცა ხედავენ, რომ ბევრს შრომობ და პოტენციალიც გაქვს, მზად არიან, დაგეხმარონ. ერთხელ კონცერტზე მომისმინა ერთმა ქალბატონმა და შემდეგ შემომთავაზა, თუ  სტიპენდია ვერ აიღე, რომელზეც მაშინ გავდიოდი, მე დაგიფინანსებ მთელ წელსო. მართალია, სტიპენდია ავიღე და ამ ქალბატონის დახმარება საჭირო აღარ გახდა, მაგრამ მიხარია, რომ მისნაირები არსებობენ. ბერლინის ფილარმონიაში მუშაობისას, ერთ ჩვეულებრივ დღეს, ცოტა დაღლილი რომ ხარ და ცდილობ, ძალით გაიღიმო, ერთი სასიამოვნო ქალბატონი გავიცანი. აღმოჩნდა, რომ წარსულში პიანისტი ყოფილა. იმ მოკლე დროის მონაკვეთში, როცა ვსაუბრობდით, ძალიან მოგვეწონა ერთმანეთი. მაგრამ, მერე მე უნდა მემუშავა, ის კი კონცერტზე შესულიყო და ჩვენი კონტაქტი გაწყდა. ცოტა ხანში ავტობუსის გაჩერებაზე დავინახე ეს ქალბატონი. მითხრა, სად აღარ გეძებდი, მინდოდა მეთქვა, რომ შენს კარიერაში ყველაფერი კარგად გექნებაო. გულზე მედალიონი ეკეთა – ეგვიპტური ხოჭო, რომელიც ბედნიერების მომტანად ითვლება. უცებ მოიხსნა და მე გამიკეთა, ბედნიერებას გისურვებო და ჩამეხუტა. დადებითი ემოციებისგან დაბნეულს საკონტაქტო ინფორმაცია არ გამომირთმევია, ისე უცებ დავშორდით ერთმანეთს. ეს კულონი ჩემი თილისმა გახდა – ყველგან თან დამაქვს, განსაკუთრებით, თუ უნდა ვიმღერო. ვგრძნობ, რომ ჩემთვის ბედნიერება მოაქვს. დღეს მე და ეს ქალბატონი მეგობრები ვართ. ფილარმონიაში მოვიდა და ქართველი გოგონა იკითხა, ჩემი სახელი იცოდა. მაინცდამაინც ჩემი, ასევე ქართველი თანაშმრომელი შეხვდა, ერთადერთი ადამიანი, ვინც ჩემგან ეს ისტორია იცოდა და ის ქალბატონი ჩემამდე მოიყვანა. არ იცით, როგორ მეხმარება. ყოველთვის მზადაა, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფინანსურად გვერდში დამიდგეს. უძლიერესი ადამიანია, რომელიც ჩემი დასაყრდენი გახდა.
– დავუბრუნდეთ სწავლას.
– უკვე მეოთხე წელია, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში ვსწავლობ. ამ წლებმა დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა. ახლა უკვე ვცდილობ, მასშტაბები ნელ-ნელა გავზარდო და უნივერსიტეტის ფარგლებს გავცდე – ვესწრები ძალიან საინტერესო მასტერკლასებს სხვადასხვა ქალაქში ცნობილ პროფესორებთან. ვემზადები მაგისტრატურაში ჩასაბარებლად და იქ სწავლის პარალელურად, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას ვგეგმავ.
– არაერთ ქართველ საოპერო მომღერალს იცნობენ მსოფლიო მასშტაბით. თუ გქონია რომელიმე მათგანთან შეხება.
– ჩემი უფროსი მეგობრები არიან მიხეილ ქირია და გოჩა აბულაძე. წინა ჩამოსვლაზე ანიტა რაჭველიშვილის მასტერკლასს მოვუსმინე და თუ მანამდე მასზე, როგორც მომღერალზე, ვიყავი შეყვარებული, ახლა მივხვდი, რომ უძლიერესი პედაგოგიცაა. ამიტომ, ყველანაირად შევეცადე და მივაღწიე იმას, რომ მომისმინოს და რჩევები მომცეს. ამჯერად საქართველოში ზუსტად ამიტომ ჩამოვედი და რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.
– წარმატებული ქართველების თემა განვაგრძოთ და ბერლინში მოღვაწე ბიძაშვილების შესახებაც გვიამბე.
– იქ ჩემი სამი ბიძაშვილი ცხოვრობს. უფროსი – ნათია გოკიელი სკანდინავისტია და ახლა თავის სადოქტოროზე მუშაობს. მეორე – ანანო გოკიელი პიანისტია, უკვე დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობს და ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში დოცენტია, რაც მის ასაკში ძალიან დიდი მიღწევაა. პარალელურად, ორი ქალიშვილი ჰყავს და არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს. თან ძალიან ბევრ კონცერტს მართავს. მესამე – ელისაბედ გოკიელი ფლეიტისტია. ისიც ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობს. უკვე მაგისტრატურას ამთავრებს და თან, ასწავლის.
– მოკლედ, ბიძაშვილებმა „დაიპყარით“ ეს უნივერსიტეტი არა?
– კი ასეა (იცინის).
– შენი სწავლის პარალელურად, პირადი ამბები როგორ ვითარდება?
– ამ მხრივ ამ წუთას საინტერესო არაფერია (იცინის). ვგრძნობ, რომ სიმღერამ ძალიან შემიპყრო, ამიტომ ჯერ ყველაფერს გავაკეთებ პროფესიური განვითარებისთვის და შემდეგ, ვიფიქრებ ოჯახზე. ამ ეტაპისთვის ჩემი უპირველესი მიზანი და ოცნებაა, წარმატებულად გავაგრძელო მოღვაწეობა ბერლინში და თბილისში ხშირად ჩამოსვლის საშუალება მქონდეს.