მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
სწორად შერჩეული ტუში – ლამაზი წამწამების საიდუმლო #10
2017-03-06

ტუში თვალის მაკიაჟის განუყოფელი ინგრედიენტი და ბოლო შტრიხია, რომლის გარეშეც დასრულებულ ეფექტს ვერ მიიღებთ. იმისთვის, რომ კარგად და სწორად გამოიყენოთ ტუში, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ.
არსებობს ორი ძირითადი ტიპის ტუში – კრემოვანი და წყალგამძლე. კრემოვანი ფაქტურის ტუში წყალში ცვილისა და პოლიმერების შერევით მიიღება. წყალგამძლე ტუშის შემადგენლობაც მსგავსია, თუმცა არ შეიცავს წყალს და მისი წყალში გახსნაც შეუძლებელია. წყალგამძლე ტუში უძლებს ცრემლს, არ სცილდება წყალში და წვიმაში. ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა ფუტკრის ცვილი, ცელულოზას პოლიმერები და პალმის ცვილი, ტუშს მოცულობასა და სიმტკიცეს მატებს, ხოლო გლიცერინი და ბუტილენის გლიკოლი – სირბილესა და მოქნილობას უნარჩუნებს.
სავარცხელი – სავარცხლის ფორმის ფუნჯი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ ზედმეტი პროდუქტის დაგროვება წამწამებზე. პლასტმასის კბილები თანაბრად გადაანაწილებს ტუშს და წამწამებს ბუნებრივი სიგრძის ეფექტს შესძენს.
სქელი ფუნჯი – სქელი ფუნჯები, დამზადებულია სინთეზური ბოჭკოსგან, რაც ხავერდოვან და მოცულობით ეფექტს სძენს წამწამებს.
თხელი და გრძელი ფუნჯი – გრძელი ფუნჯი მოკლე კბილებით აგრძელებს, ამკვეთრებს და აცალკევებს წამწამებს. ასეთი ფუნჯები კარგია მათთვის, ვისაც ბუნებრივად სქელი წამწამები აქვს და სურს უბრალოდ, სიგრძე შეჰმატოს. ზოგიერთი ფორმულა ერთდროულად ასქელებს და აგრძელებს წამწამებს.
მომრგვალებული, ნახევარმთვარის ფორმის ფუნჯი – მსგავსი ფუნჯები დამზადებულია თვალის ბუნებრივი ფორმის გათვალისწინებით, რათა გაშალოს და ფორმა მისცეს წამწამებს. ტუში მომრგვალებული ადგილით ქვემოთ უნდა გეჭიროთ, რათა გაგიადვილდეთ მოცულობის მიცემა.
გაითვალისწინეთ, რომ ტუშს ვადა გასდის. მისი „სიცოცხლის” საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით, 3-5 თვეა. ამის შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოცვალოთ, რათა ბაქტერიული ინფექციები თავიდან აირიდოთ. თუ ტუში ამ დროის განმავლობაში გაშრა, ან ზედმეტ პროდუქტს გიტოვებს, ჩაასხით 2-3 წვეთი კონტაქტური ლინზის შესანახი სითხე, ამოურიეთ ფუნჯით და თავდახურული კარგად შეანჯღრიეთ.
ზოგჯერ, დაღლილს, გვეზარება ტუშის მოშორება და ასე ვიძინებთ. ეს კი ძალიან საშიშია. ტუში ღამის განმავლობაში რომ შრება, წამწამების ცვენას იწვევს და შეიძლება, გამხმარმა წამწამმა ძილის დროს რქოვანა დაგიზიანოთ.
თუ წამწამების მოცულობის გაზრდა გსურთ, დაყარეთ თეთრი პუდრი ბამბაზე და გადაისვით წამწამებზე, შემდეგ კი ტუში წაისვით.
წამწამები, იგივე თმებია, რომლებსაც დატენიანება სჭირდება. ძილის წინ წაისვით ზეითუნის ზეთი ან ნებისმიერი სხვა დამატენიანებელი ზეთი. ოღონდ, ფრთხილად იყავით, თვალში არ მოგხვდეთ.
წყალგამძლე ტუშის ყოველდღიური გამოყენება, რეკომენდებული არ არის. მიზეზი ისაა, რომ მისი მოშორება, არ არის ადვილი. თვალის სრესამ, შეიძლება, დაასუსტოს წამწამები და საბოლოოდ, ცვენაც კი გამოიწვიოს.