მთავარიჩვენ შესახებკონტაქტირეკლამავაკანსია
ვინ გაუკვალა გზა ჰოლივუდისკენ ნუგზარ შარიას და რას აბრალებდა და რატომ უბღვერდა მას უოლტ დისნეი #10
2017-03-06
ეკა პატარაია

„ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“... ფილმებში, რომლებშიც მან ითამაშა თავისი ნიშანი დატოვა. ყველა მისი გმირი პრინციპული ხასიათით გამოირჩევა. 1970 წელს მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ტურისტული მოგზაურობით კუბაშია, მაროკოსა და  საფრანგეთში მიემგზავრა. ამ გზით პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მალე მუშაობას რადიო „თავისუფალი ევროპისა” და „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში იწყებს. 1971 წელს მიემგზავრება  ნიუ-იორკში, მუშაობას განაგრძობს იმავე რადიოებში და  „ამერიკის ხმაში”, პარალელურად, ლექციებს კითხულობს კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.  ნუგზარ შარია თავის დღიურებში იხსენებს იმ მნიშვნელოვან პერიოდებს საქართველოსა და უცხოეთში, საიდანაც რთულად, მაგრამ მისი პიროვნების ჩამოყალიბება დაიწყო ამ მაღალ სახელოვნებო, კინოინდუსტრიულ  გზაზე.  მამა 18 წლისას გარდაეცავლა. სულიერ მამად სიკო დოლიძეს მიიჩნევდა, მის შვილს თემურს კი, ალალ ძმად. სიკო დოლიძეც შეძლებისდაგვარად ზრუნავდა შვილობილზე.  გრძნობდა, რომ საბჭოთა კავშირში ნუგზარს დიდი მომავალი არ ელოდა და 1964 წელს, 23 წლის მსახიობი ჰოლივუდში გაუშვა. ნუგზარმა ჩასვლისთანავე გაიცნო ხალხი, ვისთანაც ის მომავალში შეიძლებოდა, საქმიან ურთიერთობას დაეკავშირებინა. პირველად გაიცნო ნატალი ვუდი, რომელიც წარმოშობით უკრაინელი გახლდათ, გვარად ზახარენკო. მამამისი და მისი დები ნუგზარის შორეული ნათესავის, დიმონი ცხონდიას მეზობლები აღმოჩდნენ, რომელიც თურმე მაშინ სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ნატალის საშუალებით გაიცნო დიდი ამერიკელი რეჟისორი – ფრენკ კაპრა. კაპრამ უოლტ დისნეი გააცნო. ბატონი ნუგზარი იხსენებს – დისნეიმ ისე შემომიბღვირა, ელდა მეცაო. დისნეის დაბღვერის მიზეზი თურმე მისი საბჭოთა პრესაში ფაშისტად მოხსენიება იყო, რომელიც „ბემბის“ უკავშირდებოდა. ის საბჭოთა კინემატოგრაფიის კომიტეტმა ეკრანებიდან ჩამოხსნა, როგორც პროფაშისტური ფილმი. თურმე, როცა სტალინმა „ბემბი” ნახა, დაიბარა მაშინდელი რეჟისორები: ეიზენშტეინი, რომი, ჭიაურელი, პუდოვკინი, სხვები, ეს ფილმი აჩვენა და უთხრა: ნახეთ, ამერიკელები „ფანერკებისგან” რა ფილმებს დგამენ და თქვენ „ცოცხალი” ადამიანებისგან ასეთი ფილმის გადაღება არ შეგიძლიათო. თუმცა, ფილმი შემდეგ ეკრანებიდან მოიხსნა. ბატონმა ნუგზარმა დისნეი დაარწმუნა, რომ ასეთი იყო საბჭოთა ცენზურა, რომელსაც წინ ვერავინ აღუდგებოდა. უხერხული სიტუაციის განსამუხტად, დისნეი შარიას  ჰკითხავს, თუ რა შეიძლება მისთვის გააკეთოს. ბატონი ნუგზარი მხოლოდ მის რეპეტიციაზე დასწრებას სთხოვს. დისნეი მას მეორე დღისთვის იბარებს. წასვლამდე კი შარია დისნეის ეტყვის, ხმა გავრცელდა, რომ „ბემბი“ თითქოს  ჩვენი ქართველი გენიალური მწერლის, ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობზე” დაყრდნობით ააგეთო. ეს არც მისი და არც ძმები გრიმების ზღაპარი არ არის, ეს ავსტრიელი სტუდენტის მოთხრობაა, რომელიც მან სულ რაღაც გვერდ-ნახევარზე დაწერაო, უთქვამს დისნეის...
 ნუგზარ შარიას სცენარს „წმიდა ნინო“ და „ქეთევან დედოფალი”, რომლებიც ავტორს გაერთიანებული აქვს და  მხატვრული ფილმის გადაღების იდეაც არსებობს, საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა აქვს. როგორც ჩანს, სცენარის ყიდვა ჰოლივუდის რამდენიმე სტუდიასაც უნდოდა, თუმცა ავტორს ამის სურვილი არ აქვს, ვინაიდან „წმიდა ნინო“ და „ქეთევან დედოფალი“ ქართველი ერის წმიდათაწმიდა თემაა. ის ქართველმა ერმა უნდა დაძლიოს, თუმცა მიიჩნევს, რომ მისი გადაღება ტექნიკურად უმაღლეს დონეზე უნდა მოხდეს. ამ სცენარებით  ბარაკ ობამაც დაინტერესდა. ავტორმა ობამას სცენარები გაუგზავნა. მან  წაიკითხა და გაეცნო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს. მას მიაჩნია, რომ თავად რეჟისორის გადასაწყვეტია, რომელმა მხარემ უნდა გადაიღოს ეს ფილმი. აქვე, ნუგზარ შარია ერთ გრანდიოზულ კინოპროექტს იხსენებს, 1971-1972 წლებში ჰოლივუდში რომ დაწერა – „ჰაჯი მურატი’’, რომელიც რუსული ლიტერატურის შედევრია. მისი მთავარი კონსულტანტი ლევ ტოლსტოის ქალიშვილი, 111 წლის ალექსანდრა გახლდათ, თითქმის დაბრმავებული. მას ამ სცენარს თურმე ბატონი თეიმურაზ ბაგრატიონი უკითხავდა და მაშინ, შარიას, როგორც საბჭოთა კავშირის „შავ სიაში’’ შეყვანილი პირის (ვინაიდან  ტურისტული მოგზაურობიდან აღარ დაბრუნდა), ჰოლივუდში მიღებული სცენარი გადაგზავნეს მოსკოვში. კინემატოგრაფიის კომიტეტის თავმჯდომარემ რომანოვმა კი, „ჰაჯი მურატის’’ დადგმა „სამშობლოს მოღალატე“ ნუგზარ შარიას არ ანდო. თუმცა, მოსფილმის სტუდიამ მაინც შეისყიდა „სამშობლოს მოღალატის“ სცენარი. შარიას თანაავტორი ბენ პიკოკი გახდა...   
„1966 წელს, შუა აზიაში ფილმ „ღალატის“ გადაღებებზე უმძიმესი ტრამვა მივიღე. გამოქვაბულში ცხენი დაცურდა და ფეხებზე დამეცა. სასწაული მოხდა და გადავრჩი! (წყარო „სპუტნიკი”)  ჩემი პირველი ფილმი იყო „ენგურის ნაპირებზე“, რომელსაც მოჰყვა სხვა ფილმები და 3-4 წელიწადში რეკორდი მოვხსენი. როცა შინ ყავარჯნებით დავბრუნდი, ჩემი ბავშვობის მეგობარმა, სიკო დოლიძის ვაჟმა – თემურ დოლიძემ მირჩია, კინორეჟისორობისთვის მომეკიდა ხელი და მოსკოვში გავემგზავრე, უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩასაბარებლად. იქ მითხრეს: „თქვენი გარეგნობის კაცი, აქ ვერ ისწავლით: რესტორნები, ქალები… სწავლისთვის არ გეცლებათ!“ მე უკან არ დავიხიე. ვუმტკიცებდი, რომ კარგად ვისწავლიდი. მომცეს დავალება: ერთ ღამეში უნდა დამეწერა ორგვერდიანი სცენარი – რა ვნახე მოსკოვში! დამითმეს ოთახი და მითხრეს: დილის 7 საათზე ნამუშევარი უნდა დაგვხვდესო და მაშინ გეტყვით, გაქვთ თუ არა უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე განცხადების შემოტანის უფლებაო. გარეთ გამოვედი, საღამოს 9 საათია, მოსკოვში თოვლი მოდის და დედაქალაქის ცენტრიდან მეტრომდე ხალხი მიედინება. ქუჩაში შევამჩნიე ნაბიჯების კვალი: დიდების, პატარების, ქალების, მოხუცების… ეს კვალი მეტრო „მაიაკოვსკის” შესასვლელთან მთავრდებოდა, სადაც ლოთები იდგნენ და სვამდნენ – ზოგი არაყს, ზოგი ღვინოს. ამ დროს ჩამოიარა მანქანამ, რომელიც თოვლის გასადნობად წყალს აპკურებდა და ლოთებს წყლის შადრევანი შეასხა. დავბრუნდი სასწავლებელში, შევედი კაბინეტში და ეს ამბავი დავწერე. მეორე დღეს წაიკითხეს და მითხრეს: ეს არის უმაღლესი რეჟისურა, თქვენ  სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაგრიცხავთ, ოღონდ კიდევ უნდა დაწეროთო…  მეც დავწერე: 1956 წელს თბილისის ზოოპარკი წყალმა წალეკა. ქუჩაში გაქცეული ცხოველების სანახავად ხალხი გამოვიდა. ყველას აინტერესებდა ცოცხალი ნიანგის ნახვა, რომელიც ცხვირით კონსერვის ქილებს მიათრევდა. მალე  რაზმელებმა ნიანგი თავის სადგომში დააბრუნეს. მეორე დღეს ნიანგი მოკვდა. ესე იგი, ნიანგმა ერთი დღე  შეისუნთქა თავისუფლება და როცა გალიაში დააბრუნეს, გული გაუსკდა. ამ ჩემ პირველ სარეჟისორო ნამუშევარს ერქვა: „თავისუფლების ერთი დღე“... 
აქ არც რეჟისორად მიმიღეს და არც მსახიობად… და რატომ? იმიტომ რომ, მე არ ვიყავი კომუნისტური პარტიის წევრი, არ ვმსახურობდი საბჭოთა ჯარში, შტატში არსად ვყოფილვარ. მხოლოდ ფილმების გადაღების პერიოდში ვიღებდი ხელფასს. ფილმის გადაღება მთავრდებოდა და ხელფასიც აღარ მქონდა… ეს იყო 1968 წლის დასასრული. გულახდილად გეტყვით: დამნაშავე იყო კინოსტუდიის იმჟამინდელი დირექტორი, რომელსაც ჩემ მიმართ პირადი მოტივი ჰქონდა. ყველა კარი დამიხურეს, ქუჩაში აღმოვჩნდი, ჩემი სცენარები დაიწუნეს. სხვა გამოსავალი არ მქონდა – თავისთვის უნდა მეპატრონა. მერე, ერთი ფილმის გადაღებაზე ვმუშაობდი რეჟისორად, მაგრამ როცა ფილმი დასრულდა, ჩემი სახელი არ ახსენეს. ეს იყო „სემირამიდას ბაღები“… სხვათა შორის, ჩუმად არ წავსულვარ. კინოსტუდიაში დავტოვე ოფიციალური განცხადება: „მე, ნუგზარ შარია, ვათავისუფლებ ჩემს სამსახურს კინოფილმში „სემირამიდას ბაღები“, ვინაიდან ვტოვებ საქართველოს და სამუდამოდ მივდივარ უცხოეთში”…  საქართველო ყველა ქვეყანაზე მაღლა დგას. მე თუ დასავლეთში რამეს მივაღწიე  და ეს ცოტა არ არის, მივაღწიე ჩემი ქართველობით, პატიოსნებით, სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულითა და ჩემი არაადამიანური ცხოვრებისეული გამოცდილებით. ამერიკელებს აქვთ ასეთი ანდაზა: გამოცდილება ყველაფერია. უცხოეთში მიღებული გამოცდილება ქართველ ერს თუ არ მოხმარდა, ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს!.. მე არც სახლი მაკლია, არც პური, არც მამული, არც ბინები – არაფერი! მაკლია ჩემი სამშობლო! საქართველო მაკლია!... იმიტომ კი არა, რომ ნოსტალგია მაქვს! არა! საქართველო არის შენი სამშობლო, შენი დედამიწა!.. არცერთი ქართველი უცხოეთისთვის არ მემეტება!.. რამდენი საუკუნის წინ დასახლდნენ ებრაელები საქართველოში? საქართველო, ხომ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მეჩეთის გვერდზე დგას სიონის ტაძარი და იქვეა სინაგოგა! ისწავლოს მთელმა მსოფლიომ საქართველოსგან! აი, სად არის საქართველოს სიღრმე!.. მე ვიმუშავე მსოფლიოს 37 რეჟისორთან, მათ შორისაა, უოლტ დისნეი… დამამახსოვრდა მიხეილ ჭიაურელის სიტყვები, როცა მან ფილმის, „ენგურის ნაპირებზე“ ნახვის შემდეგ მითხრა: „შვილო, მე ეს ფილმი არ მომეწონა, მაგრამ კინოხელოვნებაში ღვთის ნაჩუქარი ტალანტი ხარ! ეს როლი დაივიწყე და თუ მეორე როლი მიიღე, იმაზე იფიქრე! “ ვიხსენებ ბრწყინვალე რეჟისორს, ქალბატონ ლილი იოსელიანს! მასთან ვიმუშავე კლავდიუსის როლზე – „ჰამლეტში“. ტექსტზე მუშაობა მან მასწავლა. როცა გერმანიაში მთავარი როლი მივიღე, ურთულესი ტექსტის დამუშავებას ორი თვე მოვანდომე და ლილი იოსელიანის მეთოდით ვმუშაობდი... 14 ენა ვიცი. დღე და ღამე ვმუშაობ ტექსტებზე, სიმღერებზე… ერთი ამბავი გამახსენდა: გავიცანი ჯაზის მოვლენა — დიუკ ელინგტონი, რომელმაც მითხრა, რაღაცა დაუკარიო… მე ვუთხარი: დიუკ ელინგტონის წინაშე დაკვრას ვერ გავბედავ-მეთქი. უნდა გითხრათ, რომ სულ 4 წელი ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში და თითქმის ყველაფერი დავიწყებული მქონდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს დავუკარი: „მზე შინა და მზე გარეთა…“ დიუკ ელინგტონი გვერდზე მომიჯდა და ოთხ ხელში შევასრულეთ ეს მელოდია. ბოლოს, ჩემი თხოვნით, ფურცელზე ნოტები დაწერა და ხელი მოაწერა! დღეს, ეს ნოტები ვაშინგტონის არქივში დევს… ერთხელ ნიკო ნიკოლაძეს ჰკითხეს: „რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი?“ ჩემი სიტყვებით არ შევაწუხებ საზოგადოებას, მე ვიტყვი იმას, რაც ნიკო ნიკოლაძემ უთხრა ინგლისის პრემიერ-მინისტრს, ლოი ჯორჯს: „მე ვარ ქართველი და მინდა, ვიყო უკეთესი ქართველი!“ და ბოლოს, ჩემი ვარსკვლავის გახსნაზე, კინოცენტრმა სამჯერ თქვა უარი!.. ნათქვამია: თავის ქება კიტრად არ ღირსო, მაგრამ პასუხი რატომ არ უნდა გამცე? მე არავინ და არაფერი ვარ, მაგრამ საქართველოს სიყვარულს ვერ დამიშლიან! საქართველოდან წავედი და ამით დასრულდა ჩემი როლი? გადავხედოთ ჩემს ცხოვრებას – საქართველოში რომ დავრჩენილიყავი ჩემი ქვეყნისთვის ამდენს გავაკეთებდი? ვინც სახლში იყო, რა გააკეთა, ვინ მოიშორა თავიდან ჭირი?.. მუჭა-მუჭად გაგიტანეს საქართველოდან და ამიტომ დაპატარავდი – ეს ჩემი სიტყვები არ არის… ეს მუჭა-მუჭად გატანილი საქართველო, მუჭა-მუჭად დაბრუნდება უკან!.. ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ალექსანდრე ქართველიშვილს, რომლის სიკვდილის შემდეგ, „ნიუ-იორკ თაიმსში“ მისი წერილი გამოქვეყნდა: „ვის შევალიე ცხოვრება… საქართველო, საქართველო!“ სხვათა შორის, მე ვარ ის, ვინც მას  ტელეფონით ქართულად ესაუბრა… ერთხელ ჯუმბერ პატიაშვილმა მითხრა: ნუგზარ, არ უნდა წასულიყავი!.. შენი ადგილი საქართველოში იყოო. მან იცოდა, რომ აქ ბევრ როლს ვითამაშებდი, მაგრამ… ამ 44 წელიწადში, რაც მე საქართველოსთვის გავაკეთე, სამშობლოში ამდენს გავაკეთებდი?.. 29 წლის ვიყავი, საქართველო რომ დავტოვე და დღეს, როცა 75 წელი შემისრულდა, საჯაროდ ვაცხადებ: მე ისევ 29 წლის ვარ, ვინაიდან უცხოეთში არ მიცხოვრია…”