რომანი და დეტექტივი

მრუდე სისწორე

№12

ავტორი: ნია დვალი 20:00 29.03

მრუდე სისწორე
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #4-12 (1212)

– აი, ამ დრამებს ნუ დამიდგამ ახლა. ხომ იცი, რომ არ მიყვარს?! ერთად წავიდეთ. ჩაიცვი, სამზარეულოში გელოდები. ბექას ვეთამაშები ცოტა ხანს.

ელენე იცვამდა და ფიქრობდა, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყო უცნობი ნათესავი, რომელიც ასე მოულოდნელად გამოჩნდა... ნახევარ საათში ელენე და დალი კლინიკაში იყვნენ. მთავარი ექიმი მათ ელოდებოდა, ელენეს გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია:

– ყველაფერს ვაკეთებთ, კომაშია. ახალგაზრდა, ძლიერი ორგანიზმია, წესით, უნდა გაუძლოს. არ ინერვიულოთ. ახლა ღმერთს ვართ მინდობილები, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის, გამოვა თუ არა კომიდან, – ელენე არ ელოდა ასეთ პირდაპირ პასუხს და გული შეეკუმშა. მთავარმა ექიმმა კი ქალებს შესთავაზა, – ახლა ვერ შეგიყვანთ რეანიმაციაში, მაგრამ დამიჯერეთ, ყველა პირობაა ჩვენთან, წაბრძანდით და ხვალ მოდით. აუცილებელია, რომ ნაცნობი ხმა ელაპარაკოს. ეს მას დაეხმარება, აქეთ მობრუნებაში.

ელენე და დალი ექიმს დაემშვიდობნენ და ისე გამოვიდნენ კლინიკიდან, არც ერთს ხმა არ ამოუღია.

– რა ხდება, ნეტავ?! უცხო ქვეყნის აგენტი ხომ არაა? – საკმაოდ სერიოზული ხმით იკითხა დალიმ. ელენემ მხრები აიჩეჩა, ვერც ის ხსნიდა მომხდარს.

– არ ვიცი. უცნაური კია. ძალიან უცნაური. ოღონდ გადარჩეს და ვინც უნდა, ის იყოს, – ამოიოხრა ელენემ.

ელენეს ღამით ცუდად ეძინა. უცნაური სიზმრები ნახა. დედამისი ესიზმრა. ჩვეულებისამებრ, ეჩხუბებოდა: ხომ გეუბნებოდი, რომ არაფრის მაქნისი ხარ?! მომინდომა დიზაინერობა. ხელობა უნდა გესწავლა და შემშველებოდი. მამაშენივით უვარგისი ხარ. შენს გაჩენას ჯობდა, კატა მეყიდა. ელენეს დაზაფულს გამოეღვიძა და ერთ ხანს ვერც გაიაზრა, სად იყო. ისევ 14 წლის ეგონა თავი, როდესაც იმ საძულველ სახლში ცხოვრობდა. შუქი აანთო და საძინებელს თვალი მოავლო. ცოტათი დამშვიდდა და იგრძნო, რომ შიოდა. ხალათი მოისხა და სამზარეულოში გავიდა. მაცივრიდან საჭმელი გამოიღო. გასაცხელებლად დადგა და საკუთარ თავთან ჩვეული დიალოგი გააბა:

– როდემდე უნდა ვიფიქრო ჩემს ბავშვობაზე?! რამდენი ხანია, რაც გავიზარდე? რა დროს იმის გახსენებაა, რას მეუბნებოდნენ დედაჩემი და მამაჩემი?! ძალიანაც კარგი, რომ ასე მეუბნებოდნენ, თორემ იმ სახლში დავრჩებოდი, მართლაც, ხელმოცარული.

ელენემ თვალები დახუჭა და პატარა, შეშინებული ელენე წარმოიდგინა. შემდეგ თვალები გაახილა და თავის ბინას მოავლო თვალი: ის, სადაც ახლა ცხოვრობდა, მისი შექმნილი იყო, ესე იგი, იმ პატარა ელენესიც. უნებლიეთ გაუღიმა პატარა ელენეს და უთხრა: ნურაფრის გეშინია. შენ ვეღარავინ გაწყენინებს უკვე, იმიტომ რომ მე გყავარ. ეს რომ თქვა, საოცარი სიმსუბუქე იგრძნო, მაგრამ პაატა გაახსენდა და ხასიათი ისევ გაუფუჭდა.

– უნდა გავიგო, ვინ არის ის უხილავი ნათესავი, – ელენე, რატომღაც, დამშვიდებულიყო. სირცხვილის გრძნობაც გაუქრა. იმდენჯერ შერცხვენია ბავშვობაში თავისი ყოფისა და მშობლების გამო, რომ ამ სირცხვილსაც გადაიტანდა. ბორის ბარნოვის სახე ამოუტივტივდა, მაგრამ ისიც გააქრო...

– მთავარია, გადარჩეს, ღმერთო, დაეხმარე და დამეხმარე. ყველა ადამიანს დაეხმარე...

***

ელენე დილით უკვე კლინიკაში იყო, მანამდე სამსახურში შეიარა და განკარგულებები გასცა. ამჯერად რეანიმაციაში შეუშვეს. პაატა ცალკე იწვა და პალატა საკმაოდ კარგად იყო მოწყობილი, უფრო ძვირად ღირებულ სასტუმროს ნომერს ჰგავდა, ვიდრე სამკურნალო დაწესებულებას. ელენემ სკამი პაატას საწოლთან მიიტანა. ხელზე ხელი მოჰკიდა და თავისი ცხოვრების მოყოლა დაიწყო, იმიტომ რომ ვერ მოიფიქრა, რა უნდა ელაპარაკა. დრომ ისე გაირბინა, ელენე ვერც მიხვდა. ექთანი შემოვიდა:

– ახლა უნდა წახვიდეთ, ხვალ კი ისევ მობრძანდით.

– რამე უკეთესობა არის? – ჰკითხა ელენემ.

– ყველაფერი ძველებურადაა. სტაბილურად მძიმედ, მაგრამ უფრო მძიმე მდგომარეობიდანაც გამოსულან პაციენტები.

ელენე ადგა და პალატიდან გავიდა. უცნაური გრძნობა ჰქონდა. ვერ გაერკვია, პაატას წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა თუ, უბრალოდ, მასზე ნერვიულობდა, იმიტომ რომ მის გარეშე ვეღარ წარმოედგინა თავისი ცხოვრება?!

– რა სისულელეს ვფიქრობ, – გააქნია თავი და დალიმაც დაურეკა:

– აბა, რა ხდება? გაარკვიე, ვინ არის ის ნათესავი?

– სულ დამავიწყდა. კარგია, რომ გამახსენე, ვნახავ მთავარ ექიმს და ვკითხავ.

ელენე მთავარი ექიმის კაბინეტისკენ დაიძრა და მას დერეფანშივე გადააწყდა.

– მაპატიეთ, მაგრამ ვინ გადმოიყვანა პაატა თქვენთან? დაზღვევით არ გისარგებლიათ. ვინ იხდის მკურნალობის საფასურს? – ჰკითხა ელენემ.

– არ მაქვს უფლება, გითხრათ. ის თავად გეტყვით, როცა საჭიროდ ჩათვლის.

– მე მეტყვის? – გაიკვირვა ელენემ. მთავარმა ექიმმა თავი დაუქნია. ელენე კლინიკიდან გავიდა და კლინიკის წინ ბაღში, სკამზე, დაჯდა. ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა.

– ბატონო ბორის, ძალიან დიდი ბოდიში მინდა, მოგიხადოთ მომხდარის გამო და მე გავიგებ, თუ თქვენ ჩემთან აღარ მოისურვებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. ფული არ მაქვს, მაგრამ ჩემს ატელიე–საამქროს გადმოგცემთ კომპენსაციისთვის...

– საბოდიშო არაფერია. შენი ყოფილი ქმარი უსინდისო ადამიანია და გაგიმართლა, რომ დაქორწინდა. ჩვენ ისევ ისე ვთანამშრომლობთ. სად ხარ ახლა? – მოულოდნელად ჰკითხა ბორისმა ელენეს.

– კლინიკაში, – მოწყენილი ხმით უთხრა ელენემ.

– ამ დღეებში გნახავ, საქმე მაქვს შენთან. პროექტზე არ იჩქარო. ჯერ შენს საქმეებს მიხედე.

ბარნოვმა ტელეფონი გათიშა და ელენეს მოეჩვენა, რომ დაძაბული ხმა ჰქონდა. „ალბათ, თავისი პრობლემები აქვს“, – გაიფიქრა ელენემ და ტელეფონი შეინახა. გული ცუდს არ უგრძნობდა, მაგრამ ელენეს ესეც არ მოსწონდა. თავისი სიმშვიდეც აღიზიანებდა.

ელენეს გრაფიკი შეიცვალა, ყოველ დილით ბექა მიჰყავდა სკოლაში, შემდეგ სამსახურში მიდიოდა, შუადღემდე მუშაობდა. პირველი საათისთვის კი უკვე კლინიკაში იყო, პაატას გვერდით იჯდა და ამბებს უყვებოდა. მართალია, პაატა არ პასუხობდა, მაგრამ ელენესთვის ის უკვე ყველაზე ახლობელ ადამიანად იქცა – მან ხომ უკვე ყველაფერი იცოდა ელენეს შესახებ?! თავისი ცხოვრების ამბები რომ ამოწურა, ელენე თავის ფიქრებს უზიარებდა პაატას და აბსოლუტურად დარწმუნებული იყო, რომ მას ესმოდა. პაატას მდგომარეობა არ იცვლებოდა. ხანდახან ბექაც მიჰყავდა ხოლმე, იმიტომ რომ ბექა და პაატა მეგობრობდნენ. ბექას უკვე უხაროდა დედამისთან სამსახურში მისვლა, რადგან პაატას არ სცილდებოდა და სულ უკან დაჰყვებოდა.

ელენე დღითი დღე რწმუნდებოდა, რომ პაატა მისთვის მხოლოდ თანამშრომელი არ იყო და არც სინდისის ქენჯნის გამო დადიოდა მასთან. პაატა, ალბათ, ერთადერთი კაცი იყო, ვისთანაც ელენემ დაცულად იგრძნო თავი, მიუხედავად იმისა, რომ პაატა ელენემ მიიღო სამსახურში. „რომ ვერ გამოვიდეს კომიდან?!“ – ხშირად უელავდა ელენეს გონებაში ეს აზრი, რომელიც სიკვდილივით აფრთხობდა, ამიტომ აბეზარი ბუზივით მაშინვე თავიდან იშორებდა.

იმ დღესაც პაატას საწოლთან იჯდა და იმდღევანდელ ამბებს უყვებოდა, რომ პალატაში ბორის ბარნოვი შემოვიდა. ელენე ისე დაიბნა, რომ ჯარისკაცივით წამოხტა ფეხზე.

– თქვენ?! – თქვა გაოცებულმა.

– თუ დრო გაქვს, გავიდეთ აქვე, ყავა დავლიოთ, სალაპარაკო მაქვს.

ელენემ თავი დაუქნია. პაატას დახედა, ზეწარი გაუსწორა და ბორის ბარნოვს უკან გაჰყვა.

– წყალს დავლევ მხოლოდ. არ მშია, – უთხრა ელენემ, როდესაც ბორისმა „მენიუ“ გაუწოდა.

– მარტო ჭამა არ მიყვარს. უბრალოდ, რამე აარჩიე. დიდი ხნის სალაპარაკო გვაქვს, – ელენემ გაკვირვებულმა შეხედა ბარნოვს და „მენიუ“ გამოართვა. ორივენი უხმოდ მიირთმევდნენ. როდესაც დესერტიც მოიტანეს, ბორის ბარნოვმა ლაპარაკი დაიწყო, ოღონდ ელენეს არ უყურებდა, თვალები ვიტრაჟისკენ ჰქონდა მიპყრობილი.

– როდესაც ცოლი მოვიყვანე, ფული არ მქონდა. ჯიბეგაფხეკილი სტუდენტი ვიყავი. ნაქირავებში ვცხოვრობდით. მშობლები არცერთს არ გვეხმარებოდა, იმიტომ რომ ნანას მშობლებს მე არ მოვწონდი, ჩემს მშობლებს – ნანა, გაგექცევა, სხვანაირ ცხოვრებასაა მიჩვეულიო. ნანა დაფეხმძიმდა, მაგრამ იმდენად ხელმოკლედ ვცხოვრობდით და ცუდ პირობებში, რომ მუცელი მოეშალა და ვეღარ ფეხმძიმდებოდა. მერე ჩვენი ცხოვრება აეწყო, ფულიც გვქონდა, კარგი სახლიც, მაგრამ შვილები არ გვყავდა. ეს ახლაა იოლი დონორების პოვნა, მაშინ ეს თითქმის შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, აქ მსგავს რამეებს ვერ აკეთებდნენ. მოკლედ, ბევრი ვეცადე და არალეგალურად მოვაგვარე ეს ამბავი. რუსეთიდან ჩამოვიყვანეთ ახალგაზრდა ქალი. ბინა ვუქირავეთ, რომ გაგვეკონტროლებინა...

ელენე გაოცებული უსმენდა თანამოსაუბრეს და ვერაფრით გაეგო, რატომ უყვებოდა ის თავის საიდუმლოს. მაგრამ ბორის ბარნოვი თავს საერთოდ არ გრძნობდა უხერხულად: მშობიარობა ნაადრევად დაეწყო, მე მივლინებაში ვიყავი, არ გვითხრა, ისე მივიდა იმ მეანთან, ვინც მეთვალყურეობას უწევდა. იმშობიარა, ბავშვი დატოვა და გაუჩინარდა. ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე ჩამოვედი, რომ ბავშვი წამომეყვანა და ექიმმა მითხრა, რომ იმ ქალმა ტყუპები გააჩინა, მაგრამ იმ ქალის კვალს ვერსად მივაგენი. ყველგან ვეძებე, ბევრი ფულიც დავხარჯე, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. ჩემი შვილი, ვახო, რამდენიმე წლის წინათ დაიღუპა, – ბორისს ხმა თითქოს აუკანკალდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, – მას შემდეგ ჩემი ცოლი ცოცხალ-მკვდარი დადის, ჩემი ხათრით ცხოვრობს, სულ სასაფლაოზეა. ხანდახან მეშინია, ჭკუიდან არ გადაცდეს... ქორწილში რომ დავინახე... – აქ კი ბორისს მართლაც აუკანკალდა ხმა და ამის დაფარვა არც უცდია, – ჩემი ვახოს ასლია. ზუსტი ასლი!

– ვინ? – ჰკითხა ელენემ.

– პაატა, – უთხრა ბორისმა ჩუმად. ასეთი მსგავსება შეუძლებელია, მაგრამ ის უბედურება მოხდა... მე გადმოვიყვანე ამ კლინიკაში. დნმ-ის ანალიზის პასუხმა აჩვენა, რომ უბრალოდ არ ჰგავს, ჩემი შვილია... მაგრამ დედამისს ვერ ვეუბნები ჯერ, სანამ... – ბორისს თვალებზე ცრემლი მოადგა.

ელენემ თავისდა უნებურად ხელი ხელზე დაადო ბორისს: აუცილებლად გამოვა. აუცილებლად. დარწმუნებული ვარ.

– ძალიან მადლიერი ვარ შენი, შენ მე შვილი მაჩუქე.

– თქვენმა შვილმა მაჩუქა შვილი, გადაარჩინა ჩემი ბექა, – ელენესაც ცრემლი მოერია, თუმცა, ბორისმა თავს სძლია და ელენეს გაუღიმა. ჯერ ნანას არ ვეუბნები. თუ საჭირო გახდა, გადავიყვან საუკეთესო კლინიკებში, მაგრამ თაზო იმედს მაძლევს. თაზოს კი ვენდობი. აი, ამის თქმა მინდოდა შენთვის.

***

ნანა ბედნიერებისგან ბრწყინავდა. პაატა თავს ცოტა სუსტად გრძნობდა, თუმცა არ იმჩნევდა, დედა რომ არ დაეძაბა. ბორისი ბექას ანკესის ხმარებას ასწავლიდა. ელენე სარწეველაში იჯდა დალისთან ერთად. დალი ხმამაღლა მსჯელობდა.

– კარი რომ იკეტება, ფანჯარა იღებაო და მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. კარი რომ იკეტება, მეორე, უფრო დიდი კარი იღება.

ელენემ გადაიკისკისა.

– იცინე, იცინე. დიახ, უფრო დიდი კარი იღება შენნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ბოროტდებიან, – დალიმ ელენეს თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაზე აკოცა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი