რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№16

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 28.04

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-15 (1215)

მეგრე ემას ოთახში იყო და ყურადღებით ათვალიერებდა. ტუალეტის უჯრაში მეგრემ მიაგნო იმას, რასაც, როგორც ჩანს, ეძებდა. ეს იყო პრიალა ნიჟარებით მოკენჭილი ზარდახშა. ღმერთმა უწყის, თუ რა გზებით მოხვდა ის აქ, ვინაიდან თავსახურზე ეწერა: „ოსტენდის მოსაგონრად“. ზარდახშას მტვრისა და დიდხანს შენახული ქაღალდის სუნი ასდიოდა. მეგრე ინსპექტორის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა. მისი დიდი თითები ფრთხილად სინჯავდნენ ზარდახშაში ჩაწყობილ ნივთებს. გამოჩნდა ოქროს პატარა ჯვარი, ერთადერთი ნივთი, რომელსაც რაღაც ღირებულება მაინც ჰქონდა. შემდეგ მეგრემ საფოსტო ბარათების მთელი დასტა ამოიღო. ერთ მათგანზე ქალაქ კანის დიდი ჰოტელის ფასადი იყო გამოსახული. მეორე მხარეზე ქალის ხელწერით, უამრავი ორთოგრაფიული შეცდომით ეწერა: „უფრო აჯობებდა ჩამოსულიყავი, ქალო, ვიდრე მაგ შენს სოროში ეგდო, სადაც სულ წვიმაა. აქ კარქია. ჯამაგირსაც იძლევიან და საჭმელსაც და სხვა რაღა გინდა. გკოცნი შენა.“ მეგრემ ბარათი ინსპექტორს გადასცა, თვითონ კი ფოტოსურათს დააცქერდა. ეს იყო პრემია, ერთი იმათგანი, რომლითაც ჩვეულებრივ ბაზრობაზე აჯილდოებენ ხოლმე მსროლელს, რომელიც ნიშანს მოახვედრებს. სურათზე მსროლელის სახე ნახევრად დაეფარა კარაბინის კონდახს, ერთი თვალი კი მოჭუტული ჰქონდა. მაგრამ კარგად მოჩანდა ძლიერი მხარ-ბეჭი და მეზღვაურის ქუდი. სახეგაბრწყინებული ემა ორივე ხელით იდაყვში ჩასჭიდებოდა მეზღვაურს და ობიექტივს უღიმოდა... ქვემოთ იყო წარწერა „კემპერი“. შემდეგ გამოჩნდა გაქონილი, დაჭმუჭნული წერილი, ეტყობოდა, არაერთხელ იყო გადაკითხული: „ჩემო ძვირფასო! ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერი ხელმოწერილია. მე საკუთარი ორანძა ნავი მაქვს. მე მას „ლამაზმანი ემა“ უნდა დავარქვა. პირველ ხანებში გადასახადის მიცემა გაგვიჭირდება: მე ბანკში უნდა შევიტანო ხოლმე წელიწადში ათი ათასი ფრანკი. მაგრამ, აბა, იფიქრე: ინგლისში ხახვის გადატანაზე კარგი ფულის გაკეთება შეიძლება. ჩვენც მალე დავქორწინდებით. მე უკვე ვიშოვე ფრახტი პირველი რეისისათვის, მაგრამ ახალბედა ვარ და მოტყუებას მიპირებენ. შენს მეპატრონე ქალბატონს ორანძა ნავის კურთხევაზე ერთი დღით კი არა, ორი დღით უნდა გამოეშვი, ვინაიდან ყველა მთვრალი იქნება და შენ მაინც ვერ შეძლებ კონკარნოში დაბრუნებას. მე უკვე არა ერთხელ მომიხდა ხარჯის გაწევა, ყველა მოითხოვს, რომ ორანძა ნავი დავასველო, ის ხომ ახალთახალი დროშით დამშვენებული დგას ნავსადგურში. მე კაპიტნის ბოგაზე გადავიღებ სურათს და გამოგიგზავნი. გეხვევი და გკოცნი. მე შენ მიყვარხარ და ერთი სული მაქვს, როდის გახდები ჩემი ცოლი. ლეონი.“ მეგრემ წერილი ჯიბეში ჩაიდო.

– ახლა თუ ცხოვრობს ვინმე იმ ოთახში, რომელიც უწინ ექიმს ეკავა? – იკითხა მეგრემ.

– მგონი, არავინ. მეგაზეთეები მესამე სართულზე ცხოვრობენ.

მეშოე პირველ სართულზე ჩავიდა და ნომერ მესამე ოთახის კარი შეაღო. პატარა აივანი სანაპიროზე გადიოდა, საიდანაც პორტი და ნავსადგური ხელისგულივით მოჩანდა. საწოლი მილაგებული იყო, იატაკი მოპრიალებული, ტუმბურაზე მდგარ დოქს სუფთა ხელსახოცი ეფარა. მეგრემ გახსნა საქაღალდე, რომელშიც ჰოტელისმარკიანი საფოსტო ქაღალდი და ცისფერი კონვერტი, ისიც ჰოტელისმარკიანი, აღმოჩნდა. გარდა ამისა, საქაღალდეში იდო საშრობი ქაღალდის ორი დიდი ფურცელი: ერთი – თითქმის გაშავებულიყო მისგან შეშრობილი მელნით, მეორე – ეტყობოდა, ერთხელ იყო ნახმარი.

– ძმობილო, აბა, სარკე მომიტანე!

მეგრემ სარკე აიღო, მაგიდაზე დადგა და ბუხრიდან ჩამოღებული ორი შანდლის მეშვეობით საშრობი ქაღალდი სარკის პირდაპირ დააყენა. ახლა ნაჯღაბნი სარკეში მოჩანდა, მაგრამ მისი გარჩევა მაინც ძნელი იყო.

კომისარი სავარაუდო ტექსტში გამოტოვებული სიტყვების აღდგენით იყო გართული. „აუცილებლად უნდა გნახო. ხვალ თერთმეტ საათზე მოდი ცარიელ სახლში, რომელიც სასტუმროს მახლობლად დგას. ჩვენ აუცილებლად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს. დააკაკუნე, და კარს გაგიღებ...“ ბარათი ხელმოწერილია, აქ, ამ ოთახში დაუწერიათ!

– სად ხვდებოდა ხოლმე ოფიციანტი ქალი ექიმს? – თვალები დააჭყიტა ინსპექტორმა.

მეგრე მიხვდა, რომ იმ სცენის შემდეგ, რომელსაც ისინი ამას წინათ სასტუმროს სახურავიდან უთვალთვალებდნენ, ემასა და ექიმის სიახლოვეზე ფიქრი მას ზიზღს გვრიდა.

– საჭირო არ არის ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა. და განსაკუთრებით დედუქციური დასკვნები! საქმეს მოჰკიდეთ ხელი, ძმობილო. კოლეგებს წინადადება მიეცით, ჩვენი მოკეთე ჟანდარმერიაში წაიყვანონ. ის, დაახლოებით, ნახევარ დღეს დაჰყოფს იქ, ხომ ასეა? შემდეგ თქვენ შეატყობინებთ ბატონ მერს, რომ მე ძალიან ვთხოვ მას, მოვიდეს იქვე და იმავე დროს! მოითმინეთ! თქვენ დარეკავთ მადამ მიშუს ვილაში და მასაც ეტყვით იმავეს, გასაგებია? და, ბოლოს, სრულიად შესაძლოა, რომ ჟანდარმები წუთი-წუთზე მოიყვანენ თქვენთან ოფიციანტ ემას და მის საყვარელს... შეეცადეთ, რომ შუადღისთვის ისინიც ჟანდარმერიაში იყვნენ... მგონი, არავინ არ დამვიწყებია. ემა უჩემოდ არ დაჰკითხონ. ამ ქალს პირის დაღების საშუალებაც კი არ მისცეთ!

***

ძველი ქალაქის დაკლაკნილ ქუჩებში სეირნობამ კომისარი მეგრე კარგ გუნებაზე დააყენა. ის მიუახლოვდა ჟანდარმერიის შენობას, რომლის თავზე საფრანგეთის დროშა ფრიალებდა.

საკეტებმა გაიჩხაკუნეს. კომისარმა გულთბილად და მხიარულად შესძახა:

– გამარჯობა, ექიმო! დარწმუნებული ვარ, კარგად გეძინათ!

კომისარს ნაცრისფერი, დანის პირივით წაწვრილებული სახე შესცქეროდა. ექიმი საწოლზე იწვა და ჯარისკაცური, უხეში საბანი ნიკაპამდე წაეხურა. ჩაცვენილი თვალები ციებცხელებიანივით ანათებდა.

– ძალიან ცუდად ვარ, კომისარო, – ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა ექიმმა მიშუმ და ოხვრით წამოდგა საწოლიდან, – თირკმელი მაწუხებს. თქვენ მეტად ყურადღებიანი ხართ, კომისარო.

ექიმი ჩაცმული იწვა. საწოლიდან ფეხები ჩამოუშვა, დაჯდა და შუბლზე ხელი მოისვა, – არის რამე ახალი? – დაღლილი ხმით იკითხა მან, – თავს ვიტეხ ფიქრით და ვერაფრის გზით ვერ გამიგია, რატომ, რისთვის?.. მოსტაგენი... ლე-პომერე... გოიარი... და საწამლავი, რომელიც ყველასათვის ერთად იყო წინასწარ დანიშნული!.. აი, ნახავთ, აქაც კი, ციხეში, ისინი ჩემამდე მოაღწევენ... – ექიმის სახე არა მარტო გაფითრებული იყო, მან მომწვანო იერი მიიღო, – გასროლა გისოსებს შორისაც შეიძლება, განსაკუთრებით ღამით. მორიგე ჟანდარმს შესაძლოა, ჩაეძინოს ან ჩაფიქრდეს... წუხელ ვიფიქრე, დავიძინებ-მეთქი, ერთი ბოთლი ღვინო დავლიე... და თვალიც კი ვერ მოვხუჭე. ძალიან ცუდად ვიყავი. მგონი, ის ძაღლი ისევ ნახეს. ნუთუ, ის ისევ კაფეს გარშემო დაძრწის? ნუთუ ვერავინ მიხვდება, რომ ბოლო მოუღოს მას? და მასთან ერთად მის პატრონსაც.

– პატრონმა წუხელ დატოვა კონკარნო. თქვენი ქალაქის თავიც საკმაოდ უცნაური ვინმეა. მან ხომ მიწის ნაკვეთი მოგყიდათ. ესე იგი, თქვენ შორის იყო ერთგვარი დამოკიდებულება. ამაზე მეტიც, თქვენ მეგობრებიც კი იყავით...

– არა! ჩვენ გვქონდა წმინდა საქმიანი... თუმცა, კარგი დამოკიდებულება. ხომ იცით, პროვინციაში... – ექიმს ხმა გაუძლიერდა და თვალებში სიცოცხლე მოემატა.

მეგრემ ამოიღო თავისი მუშამბისყდიანი უბის წიგნაკი, – მე ვუთხარი, რომ ბოროტმოქმედებათა სერია შეუძლებელია ჩატარებულიყო ჩვენთვის ცნობილი რომელიმე პირის მიერ. პირდაპირ დასკვნებზე გადავალ – თქვენ, მაგალითად, ფიზიკურად ვერ შეძლებდით წუხელ მებაჟისათვის სროლას. ვერ შეძლებდა სროლას ლე-პომერეც, ვინაიდან მას ხვალ დილით ასაფლავებენ. არ უსვრია გოიარსაც, რომელიც პარიზში იპოვეს. ასევე, არც ერთსა და არც მეორეს არ შეეძლოთ, ყოფილიყვნენ ცარიელი სახლის კარს უკან პარასკევ საღამოს, როცა მოსტაგენი დაჭრეს. მოგვიხდება, აგრეთვე, ემას გამორიცხვა...

– კი, მაგრამ მაწანწალა? ყვითელძაღლიანი მაწანწალა?

– მე ვიფიქრე მის შესახებ! მაგრამ მას არ შეეძლო მოეწამლა ლე-პომერე. იმ ღამეს ის სულ სხვა ადგილზე იყო, ტრაგედიის გათამაშების ადგილიდან ძალიან შორს. ჩვენ საქმე გვაქვს უცნობ პირთან, იქსთან. ყველა ამ ბოროტმოქმედებათა ჩადენა მხოლოდ მას შეეძლო.

– კი, მაგრამ, მაშინ მე რაღა მეშველება? უცნობი ბოროტმოქმედნი ხომ ირგვლივ დაძრწიან, რკალი ვიწროვდება... – ექიმის სახე ისევ მიმქრალი გახდა. მან ორივე ხელი თავში იტაცა.

– რა შეხედულებისა ხართ მერზე?

– არ ვიცი. ვერაფერს გეტყვით. ის ძალიან მდიდარი ოჯახიდანაა. ახალგაზრდობაში თავის გემოზე ცხოვრობდა, პარიზში, სადოღე ცხენების თავლა ჰქონდა. შეძლო, ქონების ერთი ნაწილის გადარჩენა და პაპამისის სახლში დაბრუნდა. შემდეგ მე მომყიდა ის მიწები, რომლებიც თვითონ არ სჭირდებოდა. ვფიქრობ, მას უნდა, რომ არჩეული იქნეს რესპუბლიკურ საბჭოში და თავისი დღეები სენატორობაში გალიოს.

– გოიარი ერთ საათში ჩამოვა კონკარნოში. შესაძლოა, უკვე აქ არის კიდეც...

– ის დაპატიმრებულია?

– ყოველ შემთხვევაში, ის ორი კაცის თანხლებით მოდის.

ექიმი უცებ შემოტრიალდა და სახეში ჩახედა კომისარს. მის ღაწვებზე არათანაბარი წითელი ლაქები გაჩნდა.

– მე ვგრძნობ, რომ ჩემი მოკვლა ყოველ წუთს შეუძლიათ. მე ვერ მიხსნის ეს გისოსები! ვერ მიხსნის ეზოში მოსეირნე, სქელი სულელი ჟანდარმი! მე კი არ მინდა სიკვდილი. არ მინდა! მომცენ რევოლვერი, რომ შევძლო თავის დაცვა ან დააპატიმრონ ისინი, ვინც ხელყოფს ჩემს სიცოცხლეს! ყოველივე ეს ძალიან ჰგავს შეთქმულებას! თქვენ ყველამ მოილაპარაკეთ, რომ ჭკუიდან შემშალოთ! დიახ! თქვენ გინდათ, საგიჟეთში გადამმალოთ. იქნებ ყველაფერი ეს დედაჩემის ხრიკებია? მე ყოველთვის ხელს ვუშლიდი მას, რადგან მკაცრად ვდარაჯობდი მამისეული მემკვიდრეობის ჩემს კუთვნილ წილს... – აგზნებული ექიმი წინ და უკან დარბოდა საკანში. გეგონებოდათ, ეს-ეს არის ისტერიკული გულყრა დაემართებაო.

მეგრეს ჯერ კიდევ უცინოდა თვალები, როცა იგი დინჯად წამოდგა სკამიდან და სერიოზული, დამამშვიდებელი ხმით წარმოთქვა:

– რა საჭიროა ასე აღელვება?

მორიგე ჟანდარმმა საკანში შემოუშვა ქალაქის მერი.

– თქვენ მთხოვეთ მოსვლა, კომისარო? მეგრემ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რომ ეზოში გამოჩნდა პოლიციის ორი ინსპექტორი, მათ შუაში ჟან გოიარი მოდიოდა. ჭიშკრის იქით აგზნებული ბრბო შფოთავდა. თავისი მცველების გვერდით ჟურნალისტი კიდევ უფრო პატარა, სქელი და მოკლე მოჩანდა.

– აქეთ მოიყვანეთ! – უთხრა მეგრემ ინსპექტორებს, – და თუ არ შეწუხდებით, სკამები შემოიტანეთ, ვინაიდან მე უკვე მესმის ქალების ხმა.

ქალის გამგმირავი ხმა გაჰკიოდა:

– სად არის ის? დაუყოვნებლივ მინდა მისი ნახვა! მე თქვენ გაგაცამტვერებთ, ინსპექტორო! გესმით?. გაგაცამტვერებთ! შემოვარდა სახეშეღებილი, დაპუდრული, იისფერ აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი მადამ მიშუ. ის ძვირფასი სამკაულებით იყო მორთული და აღშფოთებისგან სული ეხუთებოდა, – აჰ, თქვენ აქ ბრძანდებით, ძვირფასო მეგობარო? – ქალი მერის დანახვაზე გაიპრანჭა, – შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ამგვარი თავხედობა? ეს ახალგაზრდა მაშინ გამომეცხადა, როცა ჯერ კიდევ ჩაცმული არ ვიყავი... მიცხადებს, რომ ნაბრძანები აქვს ჩემი აქ მოყვანა! ჩემი ქმარი, მოგეხსენებათ, დეპუტატი იყო, ის თითქმის საბჭოს წევრად იყო არჩეული... და ამ რეგვენმა... – უცებ მან დაინახა გოიარი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა, კედლისკენ პირშექცეულად დგომას და თავისი ვაჟი, რომელიც საწოლის კიდეზე ჩამომჯდარიყო და ორივე ხელი თავზე შემოეჭდო.

ეზოში ნელი სვლით შემოვიდა თავახდილი მანქანა, საიდანაც ლურჯად მოჩანდა ჟანდარმების მუნდირები, უხილავი ბრბო ღრიალებდა და უსტვენდა. მანქანიდან გადმოათრიეს მაწანწალა. ახლა მას მხოლოდ ხელბორკილები კი არ ედო, მისი ფეხის კოჭები მსხვილი თოკით იყო შეკრული. მას ფეხდაფეხ მოჰყვა ემა. ხელბორკილი არ ეკეთა, მაგრამ სახე მძინარესავით გაშეშებოდა.

– გაუხსენით ამ კაცს ფეხები! – თქვა მეგრემ. ჟანდარმებს ეამაყებოდათ თავიანთი ნადავლი. მათი მუნდირები მოთელილი და დაგლეჯილი იყო. მაწანწალას სახე სისხლით იყო დათხვრილი, რომელიც გახეთქილი ტუჩიდან გადმოსდიოდა. მაწანწალამ უხმოდ მისცა საშუალება, რომ მისთვის ფეხებზე თოკი შეეხსნათ. მან თავი ასწია და ნელ-ნელა მიმოიხედა.

– სისულელეების გარეშე, ლეონ, გასაგებია? – ჩაიბურტყუნა მეგრემ, – სკამზე დასვით და ცხვირსახოცი მიეცით, – თქვა კომისარმა. მან შენიშნა, როგორ გასხლტა გოიარი საკნის სიღრმეში და მადამ მიშუს ზურგს უკან დაიმალა. ექიმი არავის უცქეროდა და ხმაურით აკაწკაწებდა კბილებს.

– დახურეთ კარი! – ბრძანა კომისარმა, – და ყველანი დასხდნენ, – გთხოვთ, თქვენც დაბრძანდეთ, ბატონო მერო. ლერუა, კარგს იზამთ, თუ კემპერში დაურეკავთ, მეზღვაურთა პროფკავშირის მდივანს და შეეკითხებით: რა დაემართა ხუთი თუ ექვსი ან იქნებ, შვიდი წლის წინათ ორანძა ნავს – „ლამაზმან ემას“...

მერმა ჩაახველა და ანიშნა, რომ ლაპარაკს აპირებდა.

– შემიძლია, გაცნობოთ, კომისარო... ორანძა ნავის „ლამაზმანი ემას“ ამბავი ჩვენს მხარეში უკლებლივ ყველამ იცის. მე თვითონ ეგ ორანძა ნავი არ მინახავს, – ძალდაუტანებლად, ოდნავი პოზიორობით თქვა მერმა, – მაგრამ ვიცი, რომ ის ეკუთვნოდა ვინმე ლე-გლენსა თუ ლე-გერეკს... მას შესანიშნავი მეზღვაურის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, მაგრამ თავზეხელაღებული კაცი იყო. „ლამაზმან ემას“ ადრეული ბოსტნეული გადაჰქონდა ინგლისში. მაგრამ ერთხელ ყველამ გაიგო, რომ „ლამაზმანი ემა“ უფრო შორეულ ცურვაში წასულიყო. ორი თვის განმავლობაში მის შესახებ არაფერი ისმოდა. შემდეგ მოვიდა ცნობა, რომ ორანძა ნავი დააკავეს ნიუ-იორკის მახლობელ პატარა პორტში ჩასვლისთანავე და რომ მთელი მისი ეკიპაჟი დააპატიმრეს. ორანძა ნავზე იპოვეს კოკაინი, კონფისკაცია უყვეს ტვირთს და, ცხადია, ორანძა ნავსაც...

– წყნარად იჯექი მანდ, ლეონ! – მიუბრუნდა მეგრე დატყვევებულს, – მიპასუხეთ შეკითხვებზე და მხოლოდ შეკითხვებზე. გასაგებია? სად დაგაპატიმრეს დღეს?

მაწანწალამ ნიკაპზე გადმონაჟონი სისხლი შეიხოცა და ყრუ ხმით უპასუხა:

– ჩვენ დაგვაპატიმრეს როსპორდენში, სატვირთო სადგურში. ველოდებოდით დაბნელებას, რომ რომელიმე მატარებელში შევპარულიყავით...

მეგრემ შეხედა ემას. ქალს ლოყებზე ცრემლების ნაკადი ჩამოსდიოდა. ერნესტ მიშუ არ ინძრეოდა, მაგრამ გეგონებოდათ, ნერვული გულყრის ზღვარზე მისულიყო. კომისარმა ერთ-ერთ ჟანდარმს ანიშნა და იგი ექიმთან ახლოს გადაჯდა, რათა მისი თითოეული მოძრაობისთვის თვალყური ედევნებინა.

– მიამბეთ დაწვრილებით, ლე-გერეკ, როგორ, როდის და სად დაიტვირთა ორანძა ნავი კოკაინით. მაწანწალამ თავი ასწია. იგი დაჟინებული, დამძიმებული მზერით უცქეროდა ექიმს. მას სახე მოექცა, უზარმაზარი მუშტები შეკუმშა და ჩაიბურტყუნა:

– ორანძა ნავის ასაგებად ბანკმა მომცა სესხი... ის წელიწადი უხეირო იყო – ფრანკი დაეცა, ინგლისი ნაკლებ ბოსტნეულსა და ხილს ყიდულობდა. თავსატეხი გამიხდა, როგორ გადამეხადა ბანკისათვის პროცენტები. მე და ემამ ქორწილი გადავდეთ, გვინდოდა, ჯერ ვალების ძირითადი ნაწილი დაგვეფარა. აქ ჩემთან მოვიდა ერთი ჟურნალისტი. მე მას ჯერ კიდევ ადრე ვიცნობდი..

ერნესტ მიშუმ უცებ ჩამოიშორა ხელები სახიდან. იგი მთლად გაფითრებოდა, ამოიღო ფანქარი, უბის წიგნაკი და რამდენიმე სიტყვა დაწერა.

– მაშასადამე, კოკაინის დატვირთვა ჟან სერვიერმა შემოგთავაზათ?

– ჟანი ლაპარაკობდა სარფიანი საქმის შესახებ, რომლითაც ფულის შოვნა შეიძლებოდა და დამინიშნა პაემანი ბრესტში, ერთ კაფეში... იქ მას ორი კაცი ახლდა...

– ექიმი მიშუ და ლე-პომერე?

– დიახ, ისინი!

ექიმი კვლავ რაღაცას ინიშნავდა. მის სახეზე ზერელე გამომეტყველება გაჩნდა და ტუჩებზე ირონიული ღიმილი აუთამაშდა.

– ამ სამთაგან რომელმა გადმოგცათ საქონელი?

– არავინ. ისინი მხოლოდ ამბობდნენ, რომ ერთ ან ორ თვეში მე კარგა ბლომად ფულს გავაკეთებდი. ერთი საათის შემდეგ კი გაჩნდა ამერიკელი კაცი. მისი სახელი ვერ იქნა და ვერ გავიგე. ნახვითაც სულ ერთი-ორჯერ მინახავს... მან გამომკითხა ყველაფერი, რაც კი ორანძა ნავს შეეხებოდა: როგორი ეკიპაჟი დამჭირდებოდა და რამდენ ხანს მოვუნდებოდი კიდევ ერთი მოტორის დაყენებას.. მე მეგონა, რომ ლაპარაკი სპირტის კონტრაბანდას შეეხებოდა. ერთი კვირის შემდეგ მოვიდნენ მექანიკოსები და „ლამაზმან ემაზე“ ახალი ტიპის ნახევრად დიზელის ძრავა დააყენეს...

ლე-გერეკის ხელები ცახცახით იკრუნჩხებოდნენ და უფრო მეტყველნი იყვნენ, ვიდრე მისი გაქვავებული სახე.

– მე მომცეს ინგლისური სანაოსნო რუკა. იქ აღნიშნული იყო იალქნიანი ხომალდების ყველა კურსი, ქარების ყველა მიმართულება. სიფრთხილისათვის თან მხოლოდ ორი კაცი წავიყვანე. ემას გარდა არავისთვის არაფერი მითქვამს. ტვირთი ჯერ კიდევ ადრე, დღისით გვქონდა დადებული. და მაშინ კი შევშინდი. კონტრაბანდისათვის კი არა, მე ხომ სკოლაში არ მისწავლია... სანამ ლოტითა და კომპასით შეიძლება მოქმედება, არაფრის მეშინია. მაგრამ იქ, ოკეანეში, სიბნელეში გაქრნენ ჯერ მანქანა და ის სამნი, შემდეგ კი ემაც. ორი თვე ზღვაში ვიარეთ...

ექიმი მიშუ წერას განაგრძობდა, მოლაპარაკისთვის ზედაც არ შეუხედავს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

არგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი