რომანი და დეტექტივი

უპატრონო ძაღლი

№15

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 21.04

უპატრონო ძაღლი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11-14 (1214)

– იქნებ ჩვენსას წავსულიყავით და ერთ ფინჯან ჩაისთან გვესაუბრა? – უთხრა მეგრეს მერმა, – კართან მანქანა დგას, მე კი დაგიცდით, სანამ თქვენ ყველა აუცილებელ განკარგულებას გასცემთ...

– დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... პარიზს უდეპეშეთ, რომ ბატონი გოიარი აქ მოგვგვარონ და დასაძინებლად წაბრძანდით.

მეგრე ქალაქის მერის მანქანაში ჩაჯდა. როდესაც თეთრ ქვიშებს მიუახლოვდნენ, მათ დაინახეს სანაპიროს კლდეზე აღმართული ვილა, რომელიც საშუალო საუკუნეების ციხე-დარბაზს მიაგავდა. ვილის ფანჯრები განათებული იყო, კომისარსა და მერს გზაში ორი ფრაზაც კი არ უთქვამთ ერთმანეთისათვის.

მერს ცოლი ბიბლიოთეკაში ელოდებოდა. ქალი ორმოციოდე წლის იქნებოდა, მაგრამ სამოცდახუთი წლის ქმრის გვერდით სულ მთლად ნორჩად მოჩანდა. მერმა, როგორც ჭეშმარიტად მაღალი წრის კაცმა, ცოლს ხელი დაუკოცნა.

ბიბლიოთეკა ნამდვილად მდიდრული, მეტად კომფორტული და დიდი გემოვნებით მოწყობილი იყო. უზარმაზარ ბუხარში მსხვილი კუნძები გიზგიზებდა. ბიბლიოთეკის მთელი მოწყობილობა მკვეთრ კონტრასტს წარმოადგენდა ექიმ მიშუს ვილის იაფფასიან ზიზილ-პიპილოებთან შედარებით.

– დაბრძანდით, ბატონო კომისარო, გთხოვთ... ვისკის მიირთმევთ? – მერმა ზარის ღილაკს თითი დააჭირა და სიგარას მოუკიდა. – თქვენ თვითონ გესმით, კომისარო, რომ ბოროტმოქმედებათა ეს ჯაჭვი უნდა გაწყდეს... უკვე ხუთი დღეა, რაც თქვენ ჩვენს ქალაქში ხართ და ყოველდღე...

მეგრემ აუჩქარებლივ ამოიღო ჯიბიდან თავისი უბის წიგნაკი.

– ნება მიბოძეთ, ბატონო მერო... ნება მიბოძეთ შევნიშნო, რომ ყველა მსხვერპლი ჯანმრთელადაა, გარდა ლე-პომერესი... სიკვდილიანობის შემთხვევა ჯერჯერობით მხოლოდ ერთია!... რაც შეეხება მებაჟეს, თქვენ თვითონ გესმით: ვინმე მისი მოკვლის მიზნით რომ დასხმოდა თავს, ფეხში როდი ესროდა. სრულიად ეყოფოდა დრო დამიზნებისათვის. თუმცა, შესაძლოა, მას წინათ არასოდეს არც სჭეროდა ხელში რევოლვერი.

მერმა გაკვირვებით შეხედა მეგრეს და ვისკიანი ჭიქა აიღო.

– გამოდის, რომ თქვენ ფიქრობთ...

– რომ მებაჟის ფეხში დაჭრა უნდოდათ...

– შესაძლოა, მუსიე მოსტაგენის ფეხში დაჭრა უნდოდათ? – ქალაქის მერი ირონიას არ ფარავდა. უნდოდა, როგორც ეს მასპინძელს შეჰფერის, თავაზიანი და გულთბილი ყოფილიყო, მაგრამ ხმა წრიპინა გაუხდა.

მეგრე უფროსების წინაშე წესიერი მსახურის გამომეტყველებით განაგრძობდა:

– იქნებ ინებოთ, ბატონო მერო, მიმდევრობით მოისმინოთ ჩემი ჩანაწერები? მათი ჩაწერა შვიდი ნოემბრის პარასკევიდან დავიწყე: ცარიელი სახლის საფოსტო ყუთიდან პისტოლეტით ესროლეს მუსიე მოსტაგენს. არავის, თვით დაზარალებულსაც კი არ შეეძლო, გაეთვალისწინებინა, რომ მას აზრად მოუვიდოდა პარმაღზე ასვლა, რომ ქარისგან მოფარებულს სიგარისთვის მოეკიდებინა. იმ დღეს რომ ძლიერი ქარი არ ყოფილიყო, ბოროტმოქმედება არ შედგებოდა. გამოდის, მუსიე მოსტაგენს კი არ ჩაუსაფრდნენ, არამედ ვიღაც სხვას, ვისაც იქ უნდა გაევლო. გაისროლეს თერთმეტ საათზე, ანუ როცა ქალაქ კონკარნოში უკვე სძინავთ. ყველას, კაფე „ადმირალის“ მუდმივი მუშტრების გარდა. განვიხილოთ შესაძლებელი მკვლელები. მაშინვე მოგვიხდება გამოვრიცხოთ ბატონები ლე-პომერე, ჟან სერვიერი და ემა, ვინაიდან ისინი კაფეში იყვნენ. დარჩება ექიმი მიშუ, რომელიც გასროლამდე თხუთმეტი წუთით ადრე გამოვიდა კაფედან, დიდტერფიანი მაწანწალა და კიდევ ერთი დაუდგენელი პერსონაჟი, რომელსაც პირობითად იქსი დავარქვათ. ფრჩხილებში შეტანით აღვნიშნოთ, რომ მოსტაგენი მოკვდა: ორი კვირის შემდეგ ის ფეხზე დადგება. გადავდივართ მეორე ტრაგედიაზე. მეორე დღეს, შაბათს, მე და ინსპექტორი ლერუა ვართ კაფეში, მიშუს სტუმრებთან, ლეპომერესა და ჟან სერვიერთან ერთად ვაპირებთ აპერიტივის დალევას. ექიმი ჩაიხედავს თავის ჭიქაში და მას ეჭვები ებადება... ანალიზი უჩვენებს, რომ ბოთლში პერნო მოწამლულია. შესაძლო დამნაშავენი – ბატონი მიშუ, ლე-პომერე, სერვიერი, ოფიციანტი ქალი ემა, დიდფეხა მაწანწალა – მას შეეძლო შეუმჩნევლად შესულიყო კაფეში დღისით და მოეწამლა პერნო – და ისევ ჩვენი უცნობი, რომელსაც პირობითად ვუწოდეთ იქსი. განვაგრძობთ: კვირას, დილით გაქრა ჟან სერვიერი. მისი სახლის მახლობლად პოულობენ სისხლით დათხვრილ მის მანქანას. ჯერ კიდევ ადრე გაზეთმა „ფარ დე ბრესტმა“ მიიღო ამ ამბების დაწვრილებითი აღწერა, აშკარად გამიზნული იმისთვის, რათა გაეძლიერებინათ პანიკა კონკარნოში. მაგრამ სერვიერი შემდეგ ბრესტში ნახეს, უფრო მოგვიანებით კი – პარიზში, ის არ ცდილობდა დამალვას და, როგორც ჩანს, იქ თავისი სურვილისამებრ იმყოფებოდა. აქ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი დამნაშავე – თვით ჟან სერვიერი. იმავე კვირადღით მუსიე ლე-პომერე სვამს აპერიტივს ექიმ მიშუსთან ერთად, სადილად შინ ბრუნდება და სტრიქნინით მოწამლული კვდება. შესაძლო დამნაშავენი: თუ ლე-პომერე მოწამლულია კაფეში – ემა, ექიმი მიშუ და ჩვენი იქსი. მაწანწალა აქ უნდა გამოვრიცხოთ – კაფე არც ერთი წუთით არ დაცარიელებულა. გარდა ამისა, ამჯერად მთელი ბოთლი კი არ მოუწამლავთ, არამედ მხოლოდ ერთი ჭიქა... ცოტაოდენი მოთმინება, ბატონო მერო, ჩვენ ვუახლოვდებით დასასრულს. დღეს საღამოს უკაცრიელ ქუჩაზე მიმავალი მებაჟე ფეხში დაჭრეს... ექიმი ციხეშია და ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშაა... ლე-პომერე მკვდარია... სერვიერი პარიზში სიურტე ჟენერალის ხელშია... ემა და მაწანწალა იმ საათში ჩემ თვალწინ ჯერ ერთმანეთს ეხვეოდნენ, შემდეგ ქათმის ხორცს შეექცეოდნენ... დაგვრჩება მხოლოდ ერთი შესაძლებელი დამნაშავე – იდუმალებით მოცული იქსი. უნდა ვიფიქროთ, არსებობს კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც ძიების პროცესში ჯერ კიდევ არ შევჯახებივართ. მას შეეძლო მხოლოდ უკანასკნელი ბოროტმოქმედების ჩადენა, მაგრამ შეეძლო ჩაედინა ყველა... ჩვენ კი ისიც არ ვიცით, როგორ გამოიყურება. გვაქვს მხოლოდ ერთადერთი ნიშანი – ამ კაცს სჭირდებოდა, რომ ამაღამ ახალი დრამა გათამაშებულიყო... ჩემთვის ნათელია, რომ მებაჟეს შემთხვევით არ ესროლეს. ყოველ შემთხვევაში, ბატონო მერო, ნუ მოითხოვთ კიდევ დაპატიმრებას. გაიგეთ, რომ კონკარნოს ყოველ მცხოვრებზე, აგრეთვე, ყველა მათგანზე, ვინც იცნობს ამ ამბავში ჩარეულ პირებს, კერძოდ, კაფეს ყოველ მუდმივ მუშტარზე შეიძლება, ეჭვი მივიტანოთ... თვით თქვენზეც კი...

ქალაქის მერი ძლივს შესამჩნევად შეკრთა:

– ვიმედოვნებ, თქვენის მხრივ ეს მხოლოდ მცირედი შურისგებაა.

– მე, უბრალოდ, მინდოდა მეჩვენებინა თქვენთვის, რომ ასეთი საქმე, როგორიც ეს არის, პრიმიტიულ პოლიციურ ოპერაციას არ წარმოადგენს. მისი წარმართვა სავარძელში ჯდომითა და ტელეფონში გაცემული ბრძანებებით არ შეიძლება. როდესაც მე საქმეს ხელს ვკიდებ, ეშმაკმა დალახვროს, პირველ ყოვლისა მოვითხოვ, რომ ხელი არ შემიშალონ მის წარმართვაში.

– მომისმინეთ, კომისარო, – მერს გაუჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, ენის ბორძიკით ლაპარაკობდა, – შესაძლოა, რომ თქვენ მიმართ მართალი არ ვიყავი, როცა მოუთმენლობა გამოვიჩინე... მხოლოდ ახლა დავიწყე, კომისარო, თქვენი ღირსეულად დაფასება. რამდენიმე წუთში თქვენ ჩამომითვალეთ უბრალო ფაქტები და მომეცით საშუალება, ჩავწვდომოდი საზარელ საიდუმლოს, რაც საფუძვლად უდევს ამ საქმეს... ყოველივე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. გამოგიტყდებით, მაწანწალის დაჭერისადმი თქვენმა უდარდელობამ თქვენდამი უნდობლობა ჩამისახა... გთხოვთ მეტად აღარ გამიჯავრდეთ. ხომ იცით, პასუხისმგებლობის ტვირთი მეც მაწევს.

მეგრეს მზერა ყურეს იქით უნაპირო ზღვისკენ მიქცეულიყო.

– რა სინათლე მოჩანს იქ? – იკითხა მან, –. მარჯვნივ რომ პატარა შუქია, იმაზე მოგახსენებთ.

– ეგ ექიმ მიშუს სახლია.

– მაშასადამე, მოახლე დაბრუნებულა?

– არა. მადამ მიშუ, ექიმის დედა, დაბრუნდა. იგი დღეს ჩამოვიდა დღისით.

მეგრეს მოეჩვენა, რომ მასპინძელი ოდნავ შეცბუნდა.

– მას გაუკვირდა, შვილი რომ შინ არ დახვდა... და ამბის გასაგებად ჩემთან მოვიდა. მე ავუხსენი, რომ ექიმი დაპატიმრებულია მისივე სრული უსაფრთხოების მიზნით. ეს ხომ მართლაც ასეა, არა? მან მთხოვა თავის ვაჟთან პაემნის ნებართვა. სასტუმროში არავინ იცოდა, სად გაქრით თქვენ, მე გადავწყვიტე ჩემს თავზე ამეღო პასუხისმგებლობა და ნებართვა მივეცი. სწორედ სადილის წინ ის ხელმეორედ მოვიდა ჩემთან – უნდოდა, გაეგო, ახალი ამბავი ხომ არაფერი ვიცოდი. მას ჩემი ცოლი შეეგება და ჩვენთან ერთად სადილად მიიწვია.

– ქალბატონები მეგობრობენ ერთმანეთთან?

– უფრო ზუსტი იქნება, თუ მათს დამოკიდებულებას კეთილმეზობლურს ვუწოდებთ.

მეგრემ განაახლა ბიბლიოთეკაში ბოლთის ცემა.

– მაშასადამე, სამივე ერთად სადილობდით?

– დიახ... მე, როგორც შემეძლო, ვამშვიდებდი მადამ მიშუს. ჟანდარმერიაში მოგზაურობამ იგი ძლიერ ააღელვა. ვაჟის ჯანმრთელობა არც თუ ბრწყინვალე გახლავთ.

– მასთან ლე-პომერესა ან ჟან სერვიერის შესახებ არ გილაპარაკიათ?

– იგი ვერ იტანდა ლე-პომერეს. ეჩვენებოდა, ექიმი რომ ბევრს სვამს, სულ მისი ბრალი იყო. მაგრამ მთავარი ის არის, რომ... ჩვენი ქალაქი პატარაა, კომისარო! ვერაფერს გააწყობ, ძალაუნებურად ვურიგდებით მრავალ პირობითობას.

– რომელ საათზე წავიდა თქვენგან მადამ მიშუ?

– ათი საათისათვის... ჩემმა ცოლმა მანქანით წაიყვანა.

– ეს შუქი იმას ადასტურებს, რომ მადამ მიშუს ჯერ კიდევ არ სძინავს.

– ჩვენს ასაკში ადამიანს უძილობა სჭირს ხოლმე. მე ხშირად მთელი ღამე განთიადამდე ვკითხულობ ან ქაღალდებს ჩავცქერი... მადამ მიშუს პარიზში დიდი ნაცნობობა ჰყავს, ასე რომ, დაბრკოლებები არ იქნება. ბევრი ნაკვეთი უკვე გაყიდულია, გაზაფხულზე აგარაკების მშენებლობა დაიწყება. პარიზში ყოფნისას მადამ მიშუმ ერთი მსხვილი ფინანსისტი დაიყოლია... მაპატიეთ, რომ მე არ ვამბობ მის სახელს. მან უმდიდრესი ვილა უნდა ააშენოს მთის მწვერვალზე..

– ბატონო მერო. უწინ ვის ეკუთვნოდა ეს მიწები, სანამ მიშუს ოჯახი შეუდგებოდა იჯარით აღებას?

მერმა უყუყმანოდ უპასუხა:

– მე. ეს იყო ჩემი ოჯახის საკუთრება, ისევე როგორც ეს სახლი მაგრამ ამ ხრიოკზე მხოლოდ ცხრატყავა და მანანა ხარობდა, და აი მუსიე მიშუს აზრად მოუვიდა...

იმ წუთში მიშუს ვილაში ჩაქრა შუქი.

– ყვითელ ძაღლზე რაღას ფიქრობთ?... უნდა გამოგიტყდეთ, მისმა გამოჩენამ სულ მთლად დამაბნია. და კიდევ მოწამლული პერნო... ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს...

მეგრე გაფაციცებით დაეძებდა თავის ქუდსა და პალტოს.

– მაშასადამე, კომისარო, მანქანა არ გჭირდებათ?

– ფეხით გავივლი. და ვიმედოვნებ, ბატონო მერო, რომ დღეს საღამოსთვის ყველაფერი დამთავრდება.

***

კომისარი ნელი ნაბიჯით მიდიოდა, ხელები ჯიბეებში ღრმად ჩაეწყო, კბილებით მაგრად ეკავა ჩიბუხი. ირგვლივ სიჩუმე იყო, კონკარნოს ეძინა. აქა-იქ იშვიათად თუ ენთო ქუჩის ფარნები. მოედანზე გამოსვლისას კომისარმა დაინახა, რომ კაფეს ფანჯრებიდან ჯერ კიდევ გამოდიოდა სინათლე. კომისარმა კარს ხელი ჰკრა.

ჟურნალისტი ყურმილში კარნახობდა:

– ცნობილი არ არის, ვისზე უნდა მივიტანოთ ეჭვი, ქუჩებში მოქალაქენი შეშფოთებით უცქერიან ერთმანეთს, ისინი მზად არიან, ყოველი უცნობი კაცი მკვლელად მიიჩნიონ. საიდუმლოებისა და შიშის საბურველი არასოდეს ყოფილა ესოდენ სქელი...

კომისართან ინსპექტორი ლერუა მივიდა.

– თქვენ გელოდებათ მადამ გოიარი! – უთხრა მან ხმადაბლა და კუთხეში მჯდომ ჩამრგვალებულ ქალზე ანიშნა. ქალი წამოდგა, თან ზლუქუნებდა და ნამტირალევ თვალებს იმშრალებდა.

– ნუთუ ეს მართალია, კომისარო? ამბობენ, ჟანი ცოცხალიაო. მაგრამ ეს შეუძლებელია, იგი არ გაითამაშებდა ამ კომედიას... ასე მგონია, ჭკუიდან ვიშლები. რისთვის დასჭირდა ჟანს უცბად პარიზში წასვლა და ჩემი აქ მიტოვება? – მას ღაწვებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ნიკაპთან ენასკვებოდა ცრემლების ღვარი. – ბრმა არა ვარ და ვიცი, რომ ჟანი ცოტა ქარაფშუტა იყო, მაგრამ ასეთ რამეს იგი ვერასოდეს ჩაიდენდა. ამბობენ, რომ მან განზრახ დასვარა მანქანა სისხლით, რომ ბოროტმოქმედება ჰგონებოდათ. ეს მეგობრებმა ჩაითრიეს ღრეობასა და ყოველგვარ ბინძურ ამბებში. მუსიე ლე-პომერემ, ექიმმა მიშუმ... და თვით ბატონმა მერმაც კი! და ყველა ესენი სალამსაც კი არ მაძლევდნენ ქუჩაში! მას სრულიად საკმარისი ხელფასი ჰქონდა და ჩვენ არაფერი გვიჭირდა. მერე რა, რომ ხანდახან წაქეიფება უყვარდა...

მეგრემ შეხედა ქალს და ამოიოხრა.

– დაიძინეთ, მადამ, ხვალ ყველაფერი გამოირკვევა...

მეგრე მძიმე ნაბიჯებით ავიდა კიბეზე. ტელეფონთან მჯდარმა ჟურნალისტმა გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა კომისრის განცხადების შესახებ:

– უკანასკნელი ცნობები. კომისარი მეგრე პირობას იძლევა, რომ არა უგვიანეს ხვალინდელი დღისა, გახსნის საიდუმლოს. შემდეგ მან სხვა კილოთი დაუმატა, – სულ ეს არის, მადმუაზელ...

***

კაფე „ადმირალში“ ატმოსფეროს დაძაბულობამ საგრძნობლად იკლო. შესაძლოა, ამის მიზეზი იყო ამინდი, რომელმაც უცბად გამოიდარა. საკმარისი იყო მზის ერთი სხივი და კონკარნომ ფერი იცვალა. სირბილით დაღლილმა ჟურნალისტებმა კაფეში მოიყარეს თავი. ისინი ყავას სვამდნენ და ერთმანეთს ათასგვარ ამბებს უამბობდნენ.

ინსპექტორი ლერუა რკინის ვიწრო საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაიწყო:

– ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად გამოვიცანი თქვენი სისტემა, ბატონო კომისარო, მაგრამ მე მგონია, რომ თანდათან ვიგებ.

– ერთ კეთილ რჩევას მოგცემთ: თუ სამსახურში დაწინაურება გინდათ, ნურასოდეს აიღებთ მაგალითს ჩემგან და ნურასოდეს შეეცდებით, გამოიტანოთ ჩემს პრაქტიკაზე აგებული თეორიული დასკვნები! ლერუა, ყველაფერი დამოკიდებულია საქმის თავისებურებაზე, მასში ჩარეულ პირებზე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თარგმნა ნინო წულუკიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი