რომანი და დეტექტივი

დედის გათვლა

№15

ავტორი: ნია დვალი 20:00 19.04

დედის გათვლა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13-14 (1214)

***

ქეთი არც სამეჯლისო ცეკვებზე დადიოდა და სკოლაც რის ვაი-ვაგლახით დაამთავრა. დედამისს კი განუცხადა, რომ ცეკვის მასწავლებლობა უნდოდა და ამიტომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარებდა. ნინელის ეს ამბავი დიდად არ ეპიტნავა. ის თავის შვილზე დიდ იმედებს ამყარებდა, რომლებიც თვალსა და ხელს შუა, რაც ქეთი იზრდებოდა, უცამტვერდებოდა. სცადა წინააღმდეგობის გაწევა, ბევრიც ეჩხუბა, მაგრამ ვერაფერს გახდა, იმიტომ რომ ქეთი უკვე აღარ ემორჩილებოდა. იმასაც ვერ ვიტყოდით, რომ წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ნინელის აღარ შეეძლო ქეთის მართვა, იმიტომ რომ ქეთი მისადმი სრულიად გულგრილი გახდა. აი, ასე უცნაურად: არც ეწინააღმდეგებოდა და არც ეთანხმებოდა და ნინელის მასზე ზემოქმედების მოხდენის არანაირი საშუალება არ ჰქონდა.

- გურამ, რას მირჩევ? ეს გოგო სულ გამექცა, - ერთ დღესაც შესჩივლა ძმას.

გურამმა არაფერი უპასუხა. მისი აზრით, დედობა ქალების საქმე იყო, მაგრამ ნინელი არ მოეშვა:

- კაცი ხარ და შენ უთხარი, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს.

- ვინმე დაქალს დაურეკე, მე რა უნდა გითხრა? მე რა ვიცი, როგორ უნდა უთხრა? ისიც ვერ მოახერხე, რომ 16 წლის გოგო არ დაფეხმძიმებულიყო. შენ გგონია, მისი ბრალია?! შენი ბრალია და თუ ვინმემ დაუნგრია ცხოვრება, ეს შენ ხარ.

ნინელი სიტუაციის ასე შემოტირიალებას არ ელოდა:

- მე როგორ დავუნგრიე? მე გავაჩინე და გავზარდე.

- კი, გააჩინე და გაზარდე, როგორც შენი კეთილდღეობის საშუალება, ახალი წლისთვის გოჭს რომ უვლიან, ხორცი მოისხას, რომ გემრიელად შეჭამონ, როცა დრო მოვა.

- მე შენგან ამას არ ველოდი, - მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ნინელიმ, სხვა ვერაფერი მოიფიქრა.

- აბა, რას ელოდი?! მე, ქეთის ადგილას, ხმასაც არ გაგცემდი, ის კიდევ პატივისცემით გეპყრობა, არ გეუხეშება. როგორ გგონია, თუ საკუთარი შვილი არ უნდა და გადააგდო, შენ რას გიზამს, რომ დაბერდები?!

- მე? მე დედა ვარ! - გააპროტესტა ნინელიმ.

- დედა, რომელმაც შვილს ასწავლა, რომ შვილი უნდა გადააგდო. ასე რომ, დიდი გეგმები ნუ გექნება შენს სიბერეზე. ჯობია, ახლავე მოემზადო და გაიჩინო შემოსავლის წყარო, იმიტომ რომ ეს გოგო გაიზრდება და მიხვდება, რაც გააკეთა. ვის შეიძულებს? შენ., რა თქმა უნდა. აბა, საკუთარ თავს ხომ არა?! ასე რომ, მოემზადე.

- თუ გაწუხებთ, წავალთ ჩვენ. ბინას ვიქირავებთ.

- ბავშვობიდან ასეთი იყავი. სახლიდან გაგდებ?! სიმართლე არ მოგწონს. ვერ ხედავ, გოგო ჩაქრა. ადამიანს აღარ ჰგავს. შენ კიდევ ისევ მის სარფიანად დაბანდებაზე ფიქრობ. თავი დამანებე, რაც გინდა, ის გააკეთე. - გურამი ადგა და ოთახიდან გავიდა.

ნინელი გაცეცხლებული იყო, მაგრამ ძმასთან ჩხუბი არ აწყობდა, მით უმეტეს, რომ ახლა ქეთისთვის ბინის ქირაობა მის გეგმებში არ შედიოდა. არც თავის მშობლიურ პროვინციულ ქალაქში უნდოდა დაბრუნება, ვინაიდან ის უფრო აშინებდა, სადმე თავისი შვილისთვის არ მოეკრა თვალი ქეთის, ვიდრე ჭორები. ამიტომ გაჩუმება არჩია და ძმის საყვარელი კერძის მომზადებას შეუდგა.

***

რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ქეთიმ პირველივე წელს ჩააბარა და ახალმა გარემომ მასზე საკმაოდ დადებითად იმოქმედა. ხანდახან იცინოდა კიდეც. ნინელი კი ხან შვილთან და ძმასთან ჩადიოდა, ხან - თავის მშობლიურ ქალაქში ბრუნდებოდა. თუმცა ახლა ის აშფოთებდა, ქეთის ვინმე მორიგ უღირსთან არ გაება სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა ქეთი ბიჭებს ისე უფრთხოდა, როგორც თაგვი - კატას.

ერთ დღესაც უნივერსიტეტის დერეფანში საკმაოდ წარმოსადეგი ახალგაზრდა კაცი დაინახა და ქეთის, დანამდვილებით შეეძლო, ეთქვა, რომ, დაინახა თუ არა, შეუყვარდა. ქეთი შუა დერეფანში დადგა და ისე მოინუსხა უცნობით, რომ მიაჩერდა, სანამ მეგობარმა არ შეანჯღრია:

- შენც მოგეწონა? ეგ ყველას მოსწონს.

- ვინ? - უცებ ვერ მიხვდა ქეთი.

- ვინ და აი, ის, ვისაც თვალს არ აშორებ.

- აა... და ვინ არის? - მაშინვე დაინტერესდა ქეთი.

- ვიღაც ბიზნესმენია, ხელოვნება უყვარს და ეხმარება უნივერსიტეტს. ხშირად მოდის ხოლმე. შენ დღეს ნახე? - გაუკვირდა ნანას.

- ჰო, მე დღეს ვნახე. რა ლამაზია.

ნანამ გადაიკისკისა:

- ვის გაუგონია ლამაზი კაცი?! ლამაზი მე ვარ და შენც - არა გიშავს...

- შენ არ მოგწონს? - ჰკითხა ქეთიმ.

- არა, რა აზრი აქვს, მომწონდეს. ყველას ეგ მოსწონს, მაგას კიდევ ვიღაც თავისნაირი ფულიანი საცოლე ეყოლება შერჩეული ან იქნებ ცოლიც ჰყავს უკვე.

- არა, ბეჭედი არ უკეთია, - დარწმუნებით უთხრა ქეთიმ მეგობარს, იმიტომ რომ პირველად თვალში უცნობის თითები და ხელის მტევნები მოხვდა.

- ოჰო, შენ საფუძვლიანად შეგითვალიერებია, მომწონს, - შეაქო ნანამ.

ქეთიმ ამოიოხრა:

- წავიდეთ. ლექციაზე დაგვაგვიანდება.

ლექტორმაც დაიგვიანა და აუდიტორიაში მეტად საზეიმო სახით შემოუძღვა სწორედ იმ უცნობს, ქეთი რომ მოხიბლა შორიდან.

- გაიცანით. ეს ლერი ანთაძეა. ჩვენი უნივერსიტეტის დიდი მეგობარი და მხარდამჭერი. კადრებს ეძებს თავისი ფირმისთვის და თავად წარმოგიდგენთ პრეზენტაციას.

ქეთის მეტი არც არაფერი გაუგონია, უცნობს ათვალიერებდა, თუმცა თავად დარწმუნებული იყო, რომ მთელი ცხოვრება იცნობდა ან იქნებ უფრო ადრიდანაც კი. ერთი სიტყვაც არ გაუგონია, ისე დასრულდა პრეზენტაცია...

***

ნინელი სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა: მისი ოცნება, როგორც იქნა, ასრულდა. ქეთი სარფიანად დააბანდა. ნინელის სიძე ისეთი იყო, როგორსაც ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ ინატრებდა: ინტელიგენტი ოჯახიდან, დედა მუსიკოსი ჰყავდა, მამა - დირიჟორი, ანუ ისიც მუსიკოსი იყო, თავად ლერის სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა და ბაზრის არც თუ მცირე ნაწილს აკონტროლებდა. მოკლედ, ნინელის შეფასებით, დუღდა და გადადუღდა. ოღონდ სიდედრს ქალიშვილთან და სიძესთან გადასვლაზე არც უფიქრია. ისევ თავის პროვინციულ ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად (ნინელის გათვლები უყვარდა და ამჯერად ფსონი იმაზე დადო, რომ ქალიშვილსა და სიძეს თავად ეთხოვათ მათთან გადასვლა, ამიტომ ძალიან მოკრძალებულად იქცეოდა). თუმცა ნინელის ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. ახლა ნინელი ცხვირაწეული დადიოდა და გამარჯობასაც ძვირად თუ ეტყოდა ვინმეს. მხოლოდ ნელი გადმოდიოდა ხოლმე მასთან და ნინელიც არ უშლიდა, ვინაიდან ახალ-ახალი ამბები აინტერესებდა. მშობლიურ ქალაქში კი იმიტომ დაბრუნდა, რომ იქ აღარ ეგულებოდნენ ლადო და დედამისი.. შესაბამისად, მათთან შეხვედრის საშიშროებაც აღარ არსებობდა. პროვინციულ ქალაქს კი უკვე დავიწყებული ჰყავდა ქეთი და მისი ისტორიაც, იმიტომ რომ სულ სხვა ამბებით იყო გართული: ადამიანებს სხვების ცხელ-ცხელი უსიამოვნებები უფრო აინტერესებთ, ვიდრე უკვე მომხდარის მეათასედ გადამღერება.

- არ გირჩევნია, შენც მათთან ერთად იცხოვრო? - ნელიმ ჩაი მოწრუპა და ნინელის შეხედა.

- არა, არ მირჩევნია. ასე ჯობია. არაფერი მაკლია და ჩემს ნებაზე ვარ.

- არც იქ გაკლდება რამე. მე წავიდოდი. - დანანებით თქვა ნელიმ.

- შენც უნდა გაგერისკა და გაგეჩინა ბავშვი, - ცოტათი ზემოდან გადახედა ნინელიმ ნელის.

- ბოლოს და ბოლოს, არ იტყვი, ვინაა მამა? - ისევ დასვა ნელიმ კითხვა, რაზე პასუხიც ამდენი წელია, აფორიაქებდა.

ნინელი კარგ ხასიათზე იყო, საერთოდაც, რაც ქალიშვილი გაათხოვა (თუმცა ამას ნაკლებად ერქვა, გაათხოვა, იმიტომ რომ ქეთი თავად გათხოვდა, უფრო ზუსტად, ლერიმ ითხოვა ცოლად, მაგრამ ნინელიმ, როგორც სჩვეოდა, ესეც მიიწერა), კარგ ხასიაზე იყო ეს ზოგადად უხასიათო ქალი, ამიტომ ლაპარაკის საღერღელი აეშალა.

- ჩვენებურია? - არ ცხრებოდა ნელი და ჩაის ენერგიულად სვამდა.

ნინელიმ ეშმაკურად ჩაიცინა: არა.

- აბა? - კიდევ უფრო გაუკვირდა ნელის.

ნინელი ნელისკენ გადაიხარა და იდუმალი ხმით ხმადაბლა უთხრა:

- გახსოვს, ჩვენთან თეატრალური დასი რომ იყო ჩამოსული?

- რომელი დასი? - ნელიმ ვერც სიტყვა დასის მნიშვნელობა გაიგო, ალალად რომ ვთქვათ.

- როგორ არ გახსოვს? მოცეკვავეებიც რომ ახლდნენ?! - გაიკვირვა ნინელიმ, რითაც გამოხატა, რომ შეუძლებელია, ეს მოვლენა ვინმეს არ ხსომებოდა.

ნელიმ ისე დაიჭირა თავი, თითქოს გაიხსენა და უფრო დიდი ინტერესით ჰკითხა:

- მერე?

- მერე ის, რომ აი, იმ სოლისტის, ზღვისფერი თვალები რომ ჰქონდა... - ნინელი გაჩუმდა და თავის წარსულში ჩაიძირა.

ნელი უცებ მიხვდა, რაზე ლაპარაკობდა ნინელი და გაოცებისგან პირი დააღო, ვინაიდან, ნელის აზრით, იმ სოლისტის დავიწყება მართლაც შეუძლებელი იყო და უნებურად გაეფიქრა:

- ნინელი როგორ მოეწონა?! - თუმცა, რასაკვირველია, ხმამაღლა არაფერი უთქვამს.

ნინელის, რა თქმა უნდა, ნელისთვის ის აღარ გაუმხელია, როგორ ეცადა, რომ რამენაირად ლოგინში ჩაეწვინა ის სოლისტი და მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის გაჩენის მიზნით. დაინახა თუ არა, ნინელი მაშინვე მიხვდა, რომ შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ ამ მინიმალურ შესაძლებლობას შანსად არ აქცევდა. იქნებ გამართლებოდა და დაფეხმძიმებულიყო. ასეც მოხდა და გოგონა, ანუ ქეთი მამას დაემსგავსა. მართალია, ნინელის მას შემდეგ თვალიც აღარ მოუკრავს იმ სოლისტისთვის, მაგრამ მისგან მშვენიერი საჩუქარი დარჩა, რის წყალობითაც, უკვე დარწმუნებული იყო, უზრუნველი სიბერე გარანტირებული ჰქონდა.

სამომავლოდ ნინელი სიძესთან და ქალშვილთან გადასვლასაც გეგმავდა, მაგრამ, რადგან ანგარიშიანი ადამიანი იყო (ბოლოს და ბოლოს, ბუღალტერი), როგორც გითხარით, იცოდა, რომ ჯობდა, ჯერ თავი შეეკავებინა. ასე უფრო სიძის გულის მოსაგებად იქცეოდა, რომ იქით ეგრძნო თავი უხერხულად და სიდედრი თავად მიეპატიჟებინა თავისთან საცხოვრებლად. ნინელის გათვლით, ეს ამბავი, წესით, მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც პირველი შვილი შეეძინათ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ლერიმ ძიძა დაიქირავა, დამხმარე ქალი ისედაც ჰყავდათ და ნინელი მხოლოდ შვილშვილის სანახავად ჩავიდა მათთან რამდენიმე დღით.

- რატომ არ დარჩი? - ჰკითხა გურამმა დას.

- ასე ჯობია, ახლა ასე ჯობია, - უპასუხა დამ.

- თუ თავიც არ მოუკლავთ, დარჩიო? - ჩაიცინა გურამმა.

- როგორ გეკადრება?! - იუკადრისა ნინელიმ.

- ჩემთან ნუ დგამ ამ დრამას. უცხო კი არ ვარ, მოხარშულს გიცნობ! - არ დაინდო გურამმა.

- ჯერ ადრეა. მაინც ყველაფერი ისე მიდის, როგორც მე მინდა, - დარწმუნებით უთხრა ნინელიმ.

- შენ უფრო იცი, ხვალაც მიდიხარ?

- რა თქმა უნდა. გშია? - ჰკითხა ძმას და გურამმაც თავი დაუქნია.

***

- ბება, ჩემი დედიკო სად არის? - ჰკითხა ნიკამ ბებიამისს, რომელიც უკვე მიჩვეული იყო ამ შეკითხვას.

- ხომ გითხარი, როცა გაიზრდები, გეტყვი-მეთქი, - ეთერის ენა არ უტრიალდებოდა, შვილიშვილისთვის ეთქვა, დედაშენი გარდაიცვალაო, თუმცა ვერც იმას ეტყოდა. დედაშენმა მიგატოვაო. მით უმეტეს, რომ მამამისიც, ანუ ლადოც იშვიათად იყო სახლში. უფრო სამსახურის გამო, მაგრამ ნიკასთვის სულერთი იყო მიზეზი, თუ რატომ ვერ ნახულობდა მამამისს ყოველდღე.

- შენ რომ იყო დედაჩემი? - ესეც მერამდენედ იკითხა უკვე ნიკამ.

- ეგ ვერ გამოვა, იმიტომ რომ მე შენი ბებია ვარ, - მიესიყვარულა ეთერი შვილიშვილს.

- და ბებიაც რომ იყო და დედაც? - არ ეშვებოდა ბავშვი.

- ეგ შეიძლება, - ეთერიმ შვილიშვილს ლოყაზე აკოცა და ბლინები დაუდო თეფშზე:

- აბა, მაჩვენე, როგორ შეჭამ ბოლომდე. ერთ რამეს გეტყვი და ჩვენი საიდუმლო იყოს, მპირდები? - ჰკითხა ეთერიმ. ბავშვმა თავი დაუქნია.

- მამაშენი შენხელა რომ იყო, ბოლომდე ვერ ჭამდა. შენ ჯობნი. შენ ჭამა დაიწყე. მე ვიდეოს გადაგიღებ და მერე მამიკოს გავუგზავნოთ, კარგი?

ბავშვი გაიბადრა და მთელი მონდომებით დაიწყო ჭამა. ეთერი უყურებდა და, თან, უხაროდა, რომ ასე მალე იზრდებოდა და, თან, ეცოდებოდა, რომ უდედოდ იზრდებოდა.

- ყველა თავისი ბედისწერით იბადება, რას ვიზამთ, - თავს იმშვიდებდა ეთერი: ეტყობა, მისი სულისთვის ასე ჯობდა, დედას მიეტოვებინა და უდედოდ გაზრდილიყო. თუ თავს ვიმშვიდებ ნეტავ?

ეთერი ხშირად ელაპარაკებოდა საკუთარ თავს, იმიტომ რომ ამ თემაზე საუბარი არავისთან უნდოდა და არც უსაუბრია თავის უახლოეს მეგობრებთანაც კი. მათაც იცოდნენ ეთერის ხასიათი და ზედმეტ კითხვებს არც უსვამდნენ.

- ან რა მოხდება, ერთ დღესაც რომ გამოგვეცხადოს დედამისი და ბავშვი წამართვას? - ეთერის ამის წარმოდგენაც კი ზარავდა. და თუმცა ნიკა საკუთარ თავზე მეტად უყვარდა და მისი ბედნიერებისთვის ყველაფერს გაიღებდა, დედამისს ვერ დაუთმობდა. მეორე მხრივ, გულში იმედიც ჰქონდა, რომ დედამისი ნიკას, ადრე თუ გვიან, მოიკითხავდა. აბა, როგორ შეიძლება, რომ დედამ ღვიძლი შვილის ამბავი შორიდან მაინც არ გაიგოს, მაგრამ ქეთისგან ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა. იმ ქალაქიდანაც იმიტომ წამოიყვანა ეთერიმ შვილი და შვილიშვილი, რომ ქეთის გამორიდებოდა, წლები გადიოდა. მაგრამ ქეთი არც კი აპირებდა შვილის ნახვას. მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ეთერი აუცილებლად გაიგებდა.

***

- დიახ, ეთერ სანადირაძე ვარ, - ეთერის სახე დაეძაბა: ცოცხალია? - და ნიკას გადახედა. ბავშვი თამაშობდა და შიგადაშიგ ტელევიზორს შეავლებდა ხოლმე თვალს.

- ახლავე მოვალ. - ეთერიმ ტელეფონი გათიშა და მაშინვე ნათელას დაურეკა:

- შეგიძლია, მოხვიდე? მაშინ მე მოგიყვან ნიკას, სასწრაფოდ გასასვლელი ვარ, რომ მოვალ, გეტყვი... კი, ცოტა აღელვებული ვარ, მოგიყვები... - ეთერიმ ტელეფონი გათიშა და შვილშვილს გასძახა.

- ნიკა, მოდი, ჩაგაცვა, ნათელა ბებიასთან უნდა წაგიყვანო, სამსახურში გამომიძახეს და აუცილებლად უნდა მივიდე. დაუჯერე ყველაფერი და მალე მოვალ, - ნიკა სიხარულით წამოხტა, ვინაიდან ძალიან უყვარდა ნათელასთან სტუმრობა. მას ყოველთვის ჰქონდა ნიკას საყვარელი კანფეტები და ძალიან სასაცილო ამბებს უყვებოდა ხოლმე. კიდევ გამოცანები იცოდა და ნიკას ეს თამაში ძალიან მოსწონდა.

ეთერიმ ნათელას სულ ორიოდე სიტყვა უთხრა: ავარიაში მოყვა, მაგრამ ცოცხალია, - ნიკა შეაჩეჩა და საავადმყოფოში გაიქცა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი