რომანი და დეტექტივი

ჩემი ქმარი ჩემს უკანონოდ გაჩენილ შვილს საკუთარივით ზრდის

№17

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 02.05

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ადრე ძალიან მიამიტი ვიყავი. რაიონიდან დედაქალაქში ჩამოსულ გოგოს ყველასი მჯეროდა და თუ ბიჭი თბილ სიტყვას მეტყოდა ან სიყვარულს ამიხსნიდა, ასე მეგონა, ჩემზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული. ჩემი მშობლები წელებზე ფეხს იდგამდნენ, რომ სასწავლებლად წამოსულს არაფერი დამკლებოდა. მე კი მათ ჩემი მიამიტობითა და მიმნდობი ხასიათით რაიონში თავი მოვჭერი. მოკლედ, ერთი ბიჭი გადამეკიდა, ლექციებს რომ მოვრჩებოდი, სასწავლებლის ეზოში მხვდებოდა, ხან ყვავილები მოჰქონდა, ხან პატარ-პატარა საჩუქრები. ვფიქრობდი, გრძნობა აქვს ჩემ მიმართ, კარგი ბიჭია და ხელს არ ვკრავ, თუ შემიყვარდა, იქნებ მომავალი მასთან ერთად დავგეგმო-მეთქი. ერთი სიტყვით, ფაქტია, მე უზომოდ შემიყვარდა და იმ ზომამდე მივედი, მასთან ინტიმურ ურთიერთობას დავთანხმდი.

მეგონა, თუ ჩემთან დაწვა, სხვა გოგოსკენ როგორღა გაიხედავს-მეთქი. ველოდებოდი, როდის მთხოვდა ცოლობას. ამასობაში, ექვსი თვე გავიდა და მისგან გარდა იმისა, დღეს შევხვდეთ, არაფერი მესმოდა. ვუთხარი კიდეც: ხომ იცი, ტრადიციული ოჯახიდან ვარ, არ მინდა, ჩვენი ასეთი ურთიერთობის შესახებ ვინმემ გაიგოს. ჩვენ ორს შორის დარჩეს, მერე ცოლად რომ გამოგყვები, დასამალი არც არაფერი გვექნება-მეთქი. არ დამავიწყდება მისი ცინიკური გამოხედვა, თუმცა მაშინ ესეც ვერ გავიაზრე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც კი გაიგო, ორსულად ვიყავი, მაშინვე მიმატოვა. ვურეკავდი, არ მპასუხობდა, ვცდილობდი მასთან შეხვედრას და ვერსად გამოვიჭირე. ვერ მივხვდი, რამ გაუცივა გული. ახლა კი ვიცი, რომ მისთვის მორიგი გოგო ვიყავი, ვისთანაც დრო გაატარა და როგორც კი შვილზე მიდგა საქმე, დაიმალა. არ ვიცოდი, ეს როგორ მეთქვა ჩემი მშობლებისთვის, არც აბორტის გაკეთებას ვაპირებდი და მხოლოდ დეიდაჩემი მყავდა იმედად. მივედი და ყველაფერი მოვუყევი. გადაირია, მაგრამ რაღას იზამდა. მკითხა: ბავშვის მოშორებას აპირებო? რომ ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში-მეთქი, მაშინ მითხრა: მე ჩემს თავზე ავიღებ, ეს ამბავი შენს მშობლებს გავაგებინო, ჩავალ და მოვუყვები. რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ ჩემი იმედი გქონდეს, არ მიგატოვებო. რასაკვირველია, მშობლებმა რომ გაიგეს, დამირეკეს და მლანძღეს, უტიფარი, შემარცხვენელი მეძახეს და კატეგორიულად ამიკრძალეს სახლში ჩასვლა. დეიდამ მიპატრონა ორსულიც და ნამშობიარევიც. ახლა, ბავშვი ექვსი წლისაა და ჩემს მშობლებს დღემდე არ უნახავთ. ჩემი სახელის გაგონებაც არ უნდათ.

მე კი მეორედ გავთხოვდი და არაჩვეულებრივი ქმარი მყავს. ჩემი უკანონოდ გაჩენილი შვილი, საკუთარივით მიიღო. ანებივრებს, ცდილობს, ყველა სურვილი შეუსრულოს და ფერებაში ზრდის. ღმერთს მადლობა, ასეთი კაცი რომ მარგუნა მეც და ჩემს შვილსაც. დედამთილ-მამამთილიც თან მყვებიან. ახლა მეორე ბავშვს ველოდები და დედოფალივით ვყავარ. როგორ არ დავუფასო ამაგი და როგორ არ გადავყვე თან... საკუთარმა მშობლებმა, იმის გამო, რომ შევცდი და თან, ბავშვი არ მოვკალი, ხელი მკრეს, ამ ხალხმა კი საკუთარი შვილივით მიმიღო, ჩემი შვილი კი შვილიშვილად მიაჩნიათ. ქმარს არასოდეს უკითხავს ბავშვის მამის ვინაობა. უბრალოდ, რომ გავიცანი და ვხვდებოდით, მაშინ მოვუყევი ჩემი ამბავი და მითხრა: არ მაინტერესებს ვინაა და სადაა, მე შენ მიყვარხარ, შენთან მინდა ოჯახის შექმნა. ეს ბავშვი კი შენია, ამიტომ შენსავით მეყვარება ცხოვრების ბოლომდეო. არ ვიცი, რომ არა ეს ადამიანი, როგორ შევძლებდი ჩემით ცხოვრების გაგრძელებას.

ნინი, 28 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი