ბელადები

რატომ ცდილობს დღემდე დასავლეთი სტალინის სახელის ისტორიიდან ამოშლას

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.05

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. და ეს გენიალურობა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ის შესანიშნავად იცნობდა ადამიანების ფსიქოლოგიას და ამ ბერკეტის გამოყენებით შეეძლო, ძლიერი ზემოქმედება მოეხდინა პოლიტიკოს კოლეგებზე.

იაკობ კედმი: „მეოცე საუკუნეში, განსაკუთრებით კი, მის პირველ ნახევარში ძალიან ძლიერი პოლიტიკოსები მოღვაწეობდნენ. ამ სიას, რა თქმა უნდა, სტალინი ედგა სათავეში. და არა მარტო ამ სიას. სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღალრეიტინგული მმართველია და ამას ადასტურებს წლების განმავლობაში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ჩატარებული გამოკითხვები და კვლევები. სტალინი დღემდე ინარჩუნებს ამ პირველობას. არადა, საბჭოთა ბელადის მოღვაწეობის პერიოდში მსოფლიოში მმართველები იყვნენ რუზველტი, ჩერჩილი, ჰიტლერი, მუსოლინი... მათ სიას მიეკუთვნება საფრანგეთის ეროვნული გმირი, საფრანგეთის სახალხო ლიდერი, გენერალი შარლ დე გოლიც. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ფრანკოც – ესპანეთის მმართველი კაუდელიო (ბელადი), რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თავისი სამშობლოს აღორძინებაში. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც მაო ძედუნი, ტიტო, ენვერ ხოჯა თუ კიმ ირ სენი. ისინი, ყველა, ძალიან ქარიზმატული ლიდერები იყვნენ. არადა, სტალინს მათზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. მათ ნაწილს საბჭოთა ბელადი თავის საქმეს აკეთებინებდა, ნაწილი კი პირდაპირ ასრულებდა სტალინის მითითებებს. დასავლელი პოლიტიკოსების ამ კოჰორტიდან სტალინმა საბჭოთა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი სასიკეთო საქმე დე გოლს გააკეთებინა. ხატოვნად რომ ვთქვათ, საბჭოთა ბელადმა მოსავალი თავისი გარდაცვალების შემდეგ მოამკობინა საბჭოთა ქვეყანას, მარცვლები კი სიცოცხლეში ჩააგდო.“

1948 წელს, როდესაც დე გოლს არანაირი ოფიციალური სახელმწიფო პოსტი არ ეკავა, ის მაინც ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი იყო თავის ქვეყანაში. ხალხი მას აღმერთებდა, სტალინმა დე გოლი მოსკოვში მიიწვია. პატივმოყვარე ფრანგს სტალინი ტოლ-სწორივით დახვდა. ისეთი პატივი მიაგო, თითქოს დე გოლი პრეზიდენტი ყოფილიყო. მასთან რამდენიმე საუბარი გამართა და ერთ-ერთი საუბრის დროს უთხრა, რომ საფრანგეთი სავსებით იმსახურებს დიდი ქვეყნის სტატუსს. თუმცა, ის ამერიკელების დიქტატის ქვეშ იმყოფება და სანამ ამ დიქტატს თავს არ დააღწევს, საფრანგეთი დიადი ქვეყანა ვერ გახდებაო. ეს იყო ფსიქოლოგიური სვლა. სტალინმა დაამატა და ფრანგ გენერალს „ჩააწვეთა“ – მთელი თქვენი ქვეყნის ოქროს მარაგი შეერთებულ შტატებშია. ეკონომიკის აღორძინება კი მაშინაა შესაძლებელი, როცა შენი ოქრო შენთანაა და ამის გარეშე არაფერი გამოვაო. მოსკოვიდან დე გოლი სტალინმა ისეთივე დიდი პატივით გააცილა, როგორც მიიღო. ხოლო, როდესაც დე გოლი უკვე საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა, ამერიკელებისგან საფრანგეთის ოქროს მარაგის დაბრუნება მოითხოვა. ამერიკელები უარზე იყვნენ. მაშინ დე გოლმა განაცხადა, რომ თავის ქვეყანას „ნატოდან“ გამოიყვანდა. ეს კი დასავლური ბლოკისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა და ამერიკელებმა ფრანგებს ოქროს მარაგი დაუბრუნეს. დე გოლმა კი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა: საფრანგეთი „ნატოში“ დატოვა, მაგრამ წესდებაში ცვლილებები შეატანინა. ჯერ ერთი, რომ „ნატოს“ ფრანგული აბრევიატურა „ოტან“ დაამატეს. თანაც, საფრანგეთს „ნატოს“ მიერ წარმოებულ არცერთ ომში არ უნდა გაეგზავნა თავისი ჯარი და ეს პირობები ძალაში ოცდამეერთე საუკუნემდე დარჩა. სტალინი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, როდესაც დე გოლმა საბჭოთა ბელადის მიერ ნათქვამი სიტყვები შეასრულა და ამით, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს მიაყენა დარტყმა. თავის სიცოცხლეში კი სტალინმა ამერიკელებს ჩინეთის ოქროს მარაგის დიდი ნაწილი დააბრუნებინა. თუმცა, ეს ამბავი, ამერიკელების თხოვნით, საიდუმლოდ დარჩა და სტალინი ამას დათანხმდა, რათა პრეცედენტი არ შექმნილიყო. თუმცა, დე გოლისთვის ოქროს დაბრუნების მერე ეს პრეცედენტი მაინც შეიქმნა – სხვა ქვეყნებმაც მოითხოვეს თავიანთი ოქრო. შეერთებული შტატები იძულებული გახდა, მათთვისაც დაებრუნებინა ოქროს მარაგები. თუმცა ამერიკის ოქროს მარაგი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეკონომიკამ კლება დაიწყო, ამიტომ რიჩარდ ნიქსონმა განსაკუთრებული დადგენილება გამოსცა, რომ დოლარი ოქროზე აღარ ყოფილიყო მიბმული და სხვა მომთხოვნ ქვეყნებს უკვე უარი განუცხადეს ოქროს მარაგის დაბრუნებაზე.“

ბორის სოკოლოვი: „უდავოა, რომ სტალინი შესაშური ფსიქოლოგი იყო. კარგად იცნობდა ადამიანების ფსიქიკას. იცოდა, ვისთვის როდის რა ეთქვა და რომ იტყვიან, ყოველთვის ათიანში არტყამდა... დე გოლის მეშვეობით სტალინმა ერთბაშად შტატების პრესტიჟიც დაასუსტა და ეკონომიკაც, აქედან გამომდინარე ყველა შედეგებით. აი, სწორედ ამიტომ, ვერ იტანენ დღემდე დასავლელები იოსებ სტალინს და ჯიუტად ცდილობენ ისტორიიდან მისი სახელის ამოშლას“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი