ბელადები

როგორ გამოჰქონდა საბჭოთა დაზვერვას სამხრეთ აფრიკიდან უმაღლესი ხარისხის ურანი

№15

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.04

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია განსაკუთრებული გამჭრიახობით გამორჩეული ადამიანი იყო და აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდა, რომ მინდობილი საქმე მაღალ დონეზე, სრულყოფილად შეესრულებინა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „საყოველთაოდ ცნობილია, თუ რა უმძიმესი მდგომარეობა იყო შექმნილი ომის დასრულების შემდეგ, ანუ „ცივი ომის“ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში უძლიერესი და ყველაზე მრავალრიცხოვანი, გამარჯვებული არმია გვყავდა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ატომური ბომბი ჰქონდა და თავისუფლად შეეძლო, უდაბნოდ გადაექცია საბჭოთა კავშირის ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნვაწილი. დასავლეთი ამას აპირებდა კიდეც. „ცივი ომიც“ ამიტომ დაგვიწყეს. თუმცა, სტალინის ბრძნულმა პოლიტიკამ და ჩვენი დაზვერვის მაღალპროფესიულმა საქმიანობამ, ლავრენტი ბერიას მეთაურობით, თითქმის 5 წლის განმავლობაში მოახერხა ამ საფრთხის შეჩერება. 1949 წელს კი უკვე ჩვენი ბომბი შევქმენით და ამ კუთხითაც გავუთანაბრდით შეერთებულ შტატებს, ატომური პროექტი ჩვენ, ჯერ კიდევ, 1944 წელს დავიწყეთ. მაგრამ გერმანიასაც ჩამოვრჩებოდით, დიდ ბრიტანეთსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ამ პროექტის პირველი კურატორი ვიაჩესლავ მოლოტოვი იყო, მაგრამ სტალინმა მას მალევე ჩამოართვა ეს პროექტი და მის ადგილზე ბერია დანიშნა. აი, სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენი წინსვლა. ბერიამ მე და ფიტინი დაგვიბარა. გუშინდელი დღესავით მახსოვს მისი სიტყვები. ბერიამ გვითხრა:

– მეგობრებო, წუხელ ამხანაგმა სტალინმა დამიბარა და მთელი ღამე იქ ვიყავი და მხოლოდ გამთენიისას დავბრუნდი აქ. მან სტრატეგიული ამოცანა დაგვისახა და ეს იმაში მდგომარეობს, რომ რაც შეიძლება, მოკლე დროში უნდა შევქმნათ ჩვენი ატომური ბომბი. აქ კი იმიტომ გიხმეთ, რომ მოქმედების დაწვრილებითი გეგმა გაგაცნოთ და მოქმედება აქედან გასვლისთანავე დაიწყოთ.

მე და ფიტინი სამსახურში ცხრის ნახევარზე მივდიოდით ხოლმე, თუ, რა თქმა უნდა, მთელი ღამე იქ არ გვქონდა გატარებული. ათის ათი წუთი იყო, მასთან რომ შევედით და ათ წუთში გეგმა წინ დაგვიდო. ანუ ბერიამ სულ რაღაც 3 საათის განმავლობაში შეიმუშავა მოქმედების ის გეგმა, რომლითაც ამ დიდი საქმის გადასაჭრელად ვხელმძღვანელობდით. წარმოიდგინეთ, რა დიაპაზონის ადამიანი იყო ლავრენტი პავლეს ძე.“

გენერალი პავლე ფიტინი: „ლავრენტი პავლეს ძეს სტრატეგიული დაზვერვა შვეიცარიული საათის მექანიზმზე ბევრად უკეთესად ჰქონდა აწყობილი. მისი სუპერპირადი აგენტები უმნიშვნელოვანეს წყაროებს წარმოადგენდნენ და მხოლოდ მას აწვდიდნენ უძვირფასეს ინფორმაციებს. ბერიამ მათი გადაჯგუფების სქემა შეადგინა და ატომურ პროექტში ჩართო, რადგან 1945 წლისთვის სწორედ ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის უპირველესი პრიორიტეტი. საქმე ეხებოდა ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლეს – ან გადავრჩებოდით, ან დავიღუპებოდით და გავნადგურდებოდით. ამ საქმეში 260-შტატიანი თანამშრომელი, 29 არალეგალი და 1 500-ზე მეტი სხვადასხვა დონის აგენტი იყო ჩართული. ყველა მიმართულების ჩამოთვლას არ შევუდგები და ყურადღებას ერთ-ერთ ასპექტზე გავამახვილებ. კურჩატოვის მოთხოვნით, ექსპერიმენტული სამუშაოებისთვის აუცილებელი იყო უმაღლესი ხარისხის ურანი. საბჭოთა კავშირში რამდენიმე ციმბირული საბადო ამუშავებული გვქონდა. მიმდინარეობდა სხვა საბადოების მომზადება. მაგრამ საკმარისი ხარისხისა და რაოდენობის ნედლეული არ გაგვაჩნდა. სამაგიეროდ, ვიცოდით, რომ სამხრეთ აფრიკაში იყო ზუსტად ისეთი საბადო, როგორიც ჩვენ გვჭირდებოდა ექსპერიმენტებისთვის და ბერიას გეგმის ერთ-ერთი ნაწილი, სწორედ, სამხრეთ აფრიკიდან ურანის მადნის ჩამოტანა იყო. რომ იტყვიან, თქმა და შესრულება ერთი გახდა. 48 საათი იყო გასული ამ საუბრიდან, როდესაც უილიამ სმიტი (სინამდვილეში პეტრე ბერაია, შემდგომში ის საბჭოთა კავშირის გმირი გახდა) ლონდონიდან პრეტორიაში ჩავიდა, როგორც ბრიტანელი კომერსანტი. მან ქვეყნის ნახევარი გადაკვეთა და იმ ადგილზე შეიძინა მიწა, სადაც უმაღლესი ხარისხის ურანის მდიდარი საბადო იყო. თუმცა, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. უილიამ სმიტმა იმ ადგილზე ქვის სატეხი ქარხანა ააშენა და ევროპაში დამუშავებული ხრეშის გატანის ლიცენზია მოიპოვა. სინამდვილეში კი უზარმაზარ სატვირთო მანქანებს ფრანგულ ტანკერებზე ხრეშთან ერთად ურანის მადანი გადაჰქონდათ, შემდგომ კი ურალში, კურჩატოვთან ეზიდებოდნენ. ფრანგული ტანკერები საბჭოთა დაზვერვას შენიღბულად ჰქონდა დაქირავებული. მთელი ეს საქმე კი ლავრენტი ბერიას გეგმის ნაწილი იყო.“

ბორის სოკოლოვი: „პირველ საბჭოთა ატომურ ბომბში სამხრეთაფრიკული მაღალი ხარისხის ურანის წილი 40 პროცენტს შეადგენდა და საამისოდ საბჭოთა დაზვერვამ კოლოსალური სამუშაო შეასრულა. სტალინმა აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა ბერიას შესაძლებლობები და მოლოტოვს სწორედ ამიტომაც ჩამოართვა ატომური პროექტის კურატორობა. თავისთავად, მოლოტოვი საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი იყო, მაგრამ ბერიას მასშტაბებს ვერანაირად ვერ აღწევდა და ის რომ ატომური პროექტის კურატორად დარჩენილიყო, საბჭოთა კავშირი ან ვერ შექმნიდა ამ იარაღს, ან 30 წელი დასჭირდებოდა საამისოდ. ამდენს კი საბჭოეთს არავინ დააცდიდა. ბერიამ კი ამის გაკეთება 4 წელიწადსა და 8 თვეში მოახერხა და ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირი გადაარჩინა განადგურებას, მეორე მხრივ კი, მსოფლიო იხსნა ატომური კატასტროფისგან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი