ბელადები

რა ოპერაცია ჩაატარებინა ბერიამ მადრიდში თავის ხელქვეითებს

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 28.04

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას ზეპროფესიონალიზმის ერთ-ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ეს ადამიანი, რომ იტყვიან, უმცირეს დეტალსაც კი არ უშვებდა არა მხოლოდ ყურადღების მიღმა, არამედ გამოუკვლევლად და სწორედ ამიტომაც აღწევდა უდიდეს წარმატებას თავის საქმიანობაში.

იაკობ კედმი: „ლავრენტი ბერიას აბსოლუტურად სწორად მიაჩნდა, რომ სადაზვერვო საქმეში წვრილმანები არ არსებობდა. ბერია უდიდესი ანალიტიკოსი იყო. ყველაფერს აბსოლუტურად ზუსტად, ღრმად სწვდებოდა და ამიტომაც ჰქონდა უდიდესი წარმატებები ყველა საქმეში. ნიშანდობლივია, რომ ნებისმიერი სადაზვერვო ინფორმაცია ბერიასთან იყრიდა თავს. ეს ადამიანი ყოველდღიურად კოლოსალურ ინფორმაციას იღებდა, ამუშავებდა, შიფრავდა და შესაბამის გეგმებსაც ადგენდა.“

ბორის სოკოლოვი: „სმერში“ – საბჭოთა სამხედრო დაზვერვა ომის წლებში და „ენკევედე“ ოფიციალურად სხვადასხვა უწყება იყო. კანონმდებლობით ისინი ერთმანეთისგან გამიჯნული იყვნენ. მათ ხელმძღვანელებს კი – შესაბამისად, ვიქტორ აბაკუმოვსა და ლავრენტი ბერიას თანასწორი თანამდებობები ჰქონდათ. თუმცა, ბერია რის ბერია იყო, რომ თავის სფეროში ვინმეს მისთვის ეჯობნა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მასზე მეტი გაეკეთებინა. აბაკუმოვი საკმაოდ მაღალი კლასის პროფესიონალი იყო, ომის წლებში მისდამი დაქვემდებარებულმა უწყებამ ქვეყნისთვის დიდი სამუშაო შეასრულა. თუმცა, ბერიასა და აბაკუმოვს შორის ისეთი განსხვავება იყო, როგორც კატასა და ლომს შორის. და ისევ, ბერია რის ბერია იქნებოდა, რომ ვინმე, მათ შორის, აბაკუმოვი, არ ეკონტროლებინა. მასზე სერიოზული კომპრომატი არ ჰქონოდა. ასე იყო „სმერშის“ ხელმძღვანელის შემთხვევაშიც. გარდა იმისა, რომ ბერიამ ფაქტებისა და დოკუმენტებით იცოდა, რომ აბაკუმოვს ოკუპირებული გერმანიიდან დიდი სიმდიდრე ჰქონდა წამოღებული, უამრავი საყვარელი ჰყავდა, რომელთა უმრავლესობა მან ძალით დაიმორჩილა, ბერიას აბაკუმოვის უწყებაში საკუთარი აგენტურა ჰყავდა ჩანერგილი და მათგან იღებდა სრულ ინფორმაციებს. 1947 წელს ბერიას ინფორმატორებმა აცნობეს, რომ საბჭოთა სამხედრო მზვერავებმა ბერლინიდან შელენბერგის უწყების (საგარეო დაზვერვა) უამრავი საიდუმლო საბუთი მოიპოვეს. ერთ-ერთი მათგანი იუწყებოდა ვინმე ფრიც შტაინმაიერის შესახებ. საიდუმლო საბუთში აღნიშნული იყო, რომ შტაინმაიერი 1939-1940 წლებში მოსკოვში იყო მივლინებული ზესაიდუმლო მისიით, რომელსაც ფაშისტები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. როგორც ბერიას აცნობეს, აბაკუმოვი იოტისოდენადაც არ დაინტერესებულა ფრიც შტაინმაიერის ამ საეჭვო მისიით. ბერიამ კი სასწრაფო ბრძანება გასცა, რომ ყველაფერი გაერკვიათ.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი (სპეცსამსახურების ისტორიის ექსპერტი): „აბაკუმოვისგან განსხვავებით, ბერიამ იგრძნო, რომ შტაინმაიერთან დაკავშირებით რაღაც ზესაიდუმლო მისია იმალებოდა. ამიტომ მან სასწრაფოდ ბრძანა ამ ამბის გარკვევა. სულ რაღაც 4 საათში დადგინდა, რომ შტაინმაიერი 1941 წლისთვის გერმანიის საელჩოს თანამშრომელი იყო მოსკოვში და იმ მუშაკთა შორის იმყოფებოდა, ვინც ომის დაწყების წინ ყველაზე ბოლოს დატოვა საბჭოთა კავშირი. ბერიამ გასცა ბრძანება, რომ სასწრაფოდ გაერკვიათ, იმ მომენტისთვის სად იმყოფებოდა ეს ადამიანი. 24 საათის შემდეგ ბერიას აცნობეს, რომ ფრიც შტაინმაიერი, ცოლ-შვილთან ერთად, მადრიდში ცხოვრობდა და ესპანეთის დიქტატორის, ფრანცისკო ფრანკოს პირად კანცელარიაში მსახურთა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.“

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „შტაინმაიერი მადრიდში ოსვალდო დიასის ვინაობით ცხოვრობდა. მას „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის მეშვეობით ახალი საბუთები ჰქონდა გაკეთებული. როგორც გავარკვიეთ, თავდაპირველად, მას სამხრეთ ამერიკაში სურდა გაქცევა, ოჯახთან ერთად უნდა წასულიყო, მაგრამ შვილი გაუხდა ავად და სანამ გამოჯანმრთელდა, საოკეანო ლაინერმა გაასწრო. შემდგომ მას ფრანკოს სპეცსამსახურებმა მიაქციეს ყურადღება და ის დიქტატორის კანცელარიაში მოხვდა. ჩვენმა მადრიდელმა რეზიდენტმა გვაცნობა, რომ ოსვალდო დიასის, იგივე ფრანც შტაინმაიერის მოხელთება ურთულესი საქმე იყო, რადგან ის, პრაქტიკულად, არ გამოდიოდა ქუჩაში. ფრანკოს რეზიდენციაში შეუმჩნევლად შეღწევა კი გამორიცხული იყო. ვერც სახლში მოვიხელთებდით, რადგან ის შენობა კარგად დაცულ სამთავრობო კვარტალში მდებარეობდა. ბერიას რომ ეს ვაცნობეთ, მან თქვა: სკორცენი დაიხმარეთ. როგორც ვიცი, ის ამჟამად მადრიდშიაო... სკორცენი კავშირზე გვყავდა და მართლაც, სწორედ ის დაგვეხმარა იდუმალი ფაშისტის მოხელთებაში. მან შტაინმაიერს სთხოვა, ერთ-ერთ მყუდრო კაფეში შეხვედროდა. იქ კი მას უკვე ჩვენი ოპერჯგუფი ელოდა და წამოყვირებაც ვერ მოასწრო, რომ გაკოჭეს. მანქანის საბარგულში ჩააწვინეს და მეორე დღეს ის უკვე მოსკოვში იყო. შტაინმაიერი პირადად ბერიამ დაჰკითხა და მისი მისიაც გაირკვა. შტაინმაიერსა და მის დივერსანტთა ჯგუფს მოსკოვისა და ლენინგრადის წყალმომარაგების სისტემაში მომწამვლელი ნივთიერებით სავსე 16 კონტეინერი ჰქონდათ დამონტაჟებული და ისინი რომ აემოქმედებინათ, 10 დღის განმავლობაში ნელი მოქმედების შხამი 5 მილიონ ადამიანს მოკლავდა. დივერსანტმა ყველა წერტილი გვიჩვენა და ჩვენ ყველა კონტეინერი ამოვიღეთ, გავანეიტრალეთ, რითაც უამრავი ხალხის სიცოცხლე გადარჩა. ეს კი, პირველ რიგში, ბერიას პროფესიონალიზმის შედეგი იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი