საზოგადოება

ზურა ბალანჩივაძე: რაც მეტი დრო გავა, მამაკაცის ცრემლები მით უფრო ნაკლებად გასაოცარი იქნება

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:12 02.05

ზურა ბალანჩივაძე
დაკოპირებულია

ზურა ბალანჩივაძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის ზურა ბალანჩივაძე?

ზურა ბალანჩივაძე: ადამიანი, რომელსაც უყვარს, რომ ეძებს როგორც საკუთარ თავში, ისე სხვებში. მუდმივად ძიების პროცესში ვარ და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

– ოდესმე, გიკეთებია საქმე, რომელიც გძულდა?

– არა, იმიტომ, რომ საბედნიეროდ, ჩემს ცხოვრებაში ისეთი გამოცდილებები იყო, რაც რაღაც დონეზე მაინც მაინტერესებდა. ისეთებიც ყოფილა, შანსი რომ მქონოდა, არ გამეკეთებინა, სიამოვნებით არ გავაკეთებდი, მაგალითად, როცა სავალდებულო სამხედრო სწავლებას გავდიოდი, ეს არ იყო ის, რასაც სიხარულით ვაკეთებდი, მაგრამ ჯარშიც ვპოულობდი რაღაც საინტერესოს, იქაც ვსწავლობდი რაღაცებს. საერთოდ, თუ ასე შეხედავ მოვლენებს, ეს დაგეხმარება, რომ ძალიან არ დაისტრესო და ისევ შენთვის ჯობს, ცხოვრებას ასე შეხედო.

– გულჩვილი ადამიანი ხარ?

– კი, ძალიან. ხშირად მადგება ცრემლები თვალებზე და ამის მიზეზი შეიძლება, გახდეს, ერთი შეხედვით, უბრალო კომენტარი, ასეთივე ვიდეო, ადამიანი გარკვეულ მდგომარეობებში, ძაღლი ქუჩაში და ასე შემდეგ. მაგალითად, ქუჩაში ასაკოვანი ადამიანი შემხვდა და ფული მთხოვა. მე ქეში თუ არ აღმომაჩნდა, ძალიან მიჩუყდება გული და ვფიქრობ, ღმერთო, ნეტავი ვინმე დაეხმაროს ამ ადამიანს-მეთქი.

სხვათა შორის, დაახლოებით, ხუთი წელია, რაც ცრემლებით ვტირი. ადრე ასე არ იყო და არ ვიცი მიზეზი. ხომ არ დავბერდი? (იცინის) მართლა მიკვირს საკუთარი თავის, თინეიჯერობის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა, მაგრამ იყოს ასე, მე არაფერს მიშავებს და არც სხვას (იცინის).

– ხშირ შემთხვევაში მამაკაცები მალავენ ემოციებს, მათ შორის ცრემლსაც. რას ფიქრობ ამაზე?

– პირდაპირ ეთერშიც მიტირია. მგონია, რომ რაც მეტი დრო გავა, მამაკაცის ცრემლები მით უფრო ნაკლებად გასაოცარი იქნება საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით, ამ მხრივ, ნამდვილად გვაქვს პროგრესი. თუნდაც ის, რომ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან გვასახელა და სიხარულისგან უამრავი მამაკაცი ტიროდა, ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ მამაკაცის ცრემლების შეცხადების მომენტი დავძლიოთ და ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვათ. ჩვენ თუ თანასწორობაზე გვაქვს საუბარი, ეს მარტო ერთნაირ ხელფასს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ერთმანეთი მივიღოთ ისეთებად, როგორებიც ვართ.

– რას გააკეთებდი, ახლა რომ ლატარიაში მილიონები მოიგო?

– გარდა იმისა, რომ ჩემს ფინანსურ ამბებს უზრუნველვყოფდი, დავაარსებდი სასწავლებელს. შევეცდებოდი, ეს სასწავლებელი ხელმისაწვდომი ყოფილიყო, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მშობლების თაობისთვის. მიზანი თაობათა შორის არსებული ხიდჩატეხილობის, შეუთანხმებლობის, გაუგებრობისა და გახლეჩილობის პრობლემის მოგვარება იქნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ არსებულ მდგომარეობას გამოვასწორებდი, ამდენი ამბიცია არ მაქვს, მაგრამ იქნებ, რაღაც-რაღაცებზე მაინც შევჯერებულიყავით.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი ადამიანი იყოთ?

– აქამდე ამაზე არ მიფიქრია. ვიტყვი, კი-მეთქი, მაგრამ არასდროს მიფიქრია იმაზე, ასეთი დიდი რა მაქვს მსოფლიოსთვის სათქმელი. თუ განსაკუთრებული მესიჯი არ მაქვს, მაშინ ამის სურვილიც არ მექნება. მე პასუხისმგებლობა ყოველთვის მაშინებს. ეს არ ნიშნავს, რომ მას გავურბივარ, თუმცა, არასდროს ვცდილობ, იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ თავზე, ვიდრე გავუმკლავდები. მაქსიმალისტი ვარ და სხვანაირად არ შემიძლია. დამატებით ქალაქის ტურსაც კი არ ვატარებ, თუ ის სიღრმისეულად არ მაქვს შესწავლილი. ხელს რასაც ვკიდებ, იმაზე პასუხისმგებელი ვარ და იმის იქით, თუ თავს მყარად არ ვგრძნობ, არ მინდა.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?

– ხანდახან იმპულსური და ცოტა გაფანტული ვარ. გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების დროს ცოტა მეტი თავდაჯერებულობა ცუდი არ იქნებოდა. რაღაც მომენტებში დამიჭერია ჩემი თავი ამის ნაკლებობაში. ამის გამო ფატალური შეცდომები არ დამიშვია, მაგრამ რაღაცები დამიკარგავს და მერე მინერვიულია. ამ თვისებებისთვის თავის დროზე რომ მიმექცია ყურადღება, უკეთესი იქნებოდა. თუმცა, რადგან ამაზე ვფიქრობ და პრობლემად ვაყენებ, ეს ნიშნავს, რომ მის გადასაჭრელადაც ვიბრძვი.

საერთოდ, პრობლემების სათავეც ის მგონია, რომ ჩვენ ხშირად არ ვახდენთ რაღაცების სახელდებას, ანუ ვისთვის რა არის კარგი და ვისთვის რა – ცუდი. რაც ჩემთვის არის კარგი, მგონია, რომ სხვასაც ის მიაჩნია კარგად, ასევეა ცუდთან მიმართებაში, მაგრამ არის კი ასე? ამაზე ადამიანებს ხშირად ვესაუბრები. მაგალითად, ძალიან მიყვარს ტაქსის მძღოლებთან საუბარი. როცა რამეზე იტყვიან ხოლმე, „ეს არის მოსაწონი, ეს არის კარგი?“– ვეკითხები, თქვენთვის რა არის კარგი? რომ მეტყვის, მერე ვუბრუნებ კითხვას, იქნებ, მხოლოდ თქვენთვისაა ასე?! საერთოდ, ყველას ჩვენი აღქმა გვაქვს და ამის მიხედვით განვსაზღვრავთ ყველაფერს, ამ დროს, გვავიწყდება ის, რომ შეიძლება, სხვას სულ სხვანაირი აღქმა აქვს და ის, რაც მე კარგი მგონია, მას ცუდად მიაჩნდეს. ხანდახან იტყვიან ხოლმე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანზე, ისეთი ადამიანი არ მოვიდა, რომელსაც ქვეყანა უყვარსო. აქაც გააჩნია, ვისთვის რა არის ქვეყნის სიყვარული, ესეც ძალიან მრავალნაირია. ვიღაც ფიქრობს, რომ ეკონომიკაა პრიორიტეტული, ვიღაც ბუნებას აქცევს ყურადღებას, ვიღაც კი ფიქრობს, რომ ეკლესია-მონასტრების აშენებაა ყველაზე მთავარი. აქედან გამომდინარე, კარგი და ცუდი ძალიან სუბიექტურია.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ერთ-ერთი ტურის ჩატარებისას, მეტეხის ხიდზე გადმომყავდა ჯგუფი, როცა ჩვენ წინ უცებ ასეთი სცენა გათამაშდა – ნასვამი ადამიანი ხიდიდან აპირებდა გადახტომას. ჯერ გამვლელმა გააჩერა, მერე პოლიცია ჩაერია. ისე შემრცხვა, მერჩივნა მე გადავმხტარიყავი. ტურისტებს ვუთხარი, ქართველი არ არის, უცხოელია (სინამდვილეში ქართველი იყო), კი კარგი ღვინო გვაქვს, იაფიცაა, მაგრამ ამდენსაც ნუ დალევთ-მეთქი, თითქოს სხვა მიმართულებით ვცადე ვექტორის გადატანა. თუმცა, მაინც ყველა ცალ-ცალკე მოდიოდა და ჩუმად მეკითხებოდნენ, ასეთი რამეები ხშირად ხდებაო?! მართლა ძალიან უხერხული მომენტი იყო. როცა ცდილობ, შენი ქვეყანა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გააცნო, მსგავსი მომენტები ძალიან ცუდ მდგომარეობაში გაყენებს. ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ მაქვს ხოლმე მოფიქრებული გარკვეული ისტორიები, ეს პრაქტიკამ განაპირობა, უკვე ვიცი, რაზე რა პასუხი უნდა მქონდეს. თუმცა, მეორე უკიდურესობაშიც არ უნდა გადავარდე და არარეალურად იდეალური სამყაროც არ უნდა დახატო. ევროპელ ტურისტებს აქვთ გამოთქმა „შაქარში ამოვლებული ისტორიები“ – ესეც არ უნდა დაგემართოს, თორემ აუცილებლად იგრძნობენ.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– არა. არ მიყვარს ასეთი რამეები. მოპარვის ძალიან მეშინია, მგონია, რომ მერე მე წამართმევს ცხოვრება რაღაც მნიშვნელოვანს. მთლად კარმის მჯერა-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მაინც ეს განცდა მაქვს. შეიძლება, ცუდია, რომ თავი ასე დავიპროგრამე, მაგრამ სამაგიეროდ, სხვას არ ვაზარალებ. თან, არ მინდა, თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ შემწევს ძალა, რომ რაღაცების მოპარვა არ დამჭირდეს.

– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?

– ლუდი დავლიეთ და დამაბოყონა. ძალიან შემრცხვა (იცინის). გამიგო, ვის არ მოსვლიაო.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– ვყოფილვარ, კოვიდის პერიოდში. იყო რამდენიმე მომენტი, როცა მართლა მინდოდა, რომ ვიღაცები მეცემა ჩემში იმხელა ბრაზი იყო. კომენტარებში წერდნენ, რომ თითქოს, მე რაღაცებს იმისთვის ვიგონებდი პანდემიასთან დაკავშირებით, რომ მერე სახელმწიფოს ჩემთვის მიღებული ჯარიმებიდან წილი მოეცა. ანუ, მე რომ საავადმყოფოში ვიწექი და ცუდად ვიყავი, თურმე, სინამდვილეში ამ დაავადებას ვაპიარებდი, რომ საზოგადოება დამესტრესა და ამაში ვიღებდი ფულს. ისედაც ცუდად ვიყავი და ნერვიულობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ასეთ კომენტარებს რომ კითხულობ, როგორ არ ინერვიულებ?! კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი და ვფიქრობდი, რომ გამოვკეთდები, მერე ყველას დავუვლი-მეთქი. მართლა ძალიან დიდი სტრესი იყო და მერე კიდევ ასეთი ბრალდებები როგორი მოსასმენია.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ ერთი-ორჯერ მოვახერხე ცხოვრების თავიდან დაწყება. წლების წინ ცუდი ამბები მოხდა – სამსახური დავკარგე, ბევრი დამცირება, დაცინვა მივიღე და ასე შემდეგ. მოვახერხე ამ ყველაფრის გადახარშვა, მოვერგე ახალ რეალობას და ძალიან მალე ამოვედი ამ უფსკრულიდან. მაშინ რომ ეს შევძელი და რაღაც-რაღაცებს არ ავყევი, ეს მგონია გამარჯვება. ჩემთვის ორი მომენტია ყველაზე მთავარი – არ მოკვდე და არ გაგიჟდე. დანარჩენი არაფერია. მთავარია, ფიზიკურად იყო და რეალობის აღქმა არ დაკარგო. ეს შევძელი. მარცხს რაც შეეხება, ასეთი ზუსტად ის რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ საბედნიეროდ, დავაღწიე თავი. გამიმართლა. საერთოდ, ძალიან ბევრსაც არ ვითხოვ. უნდა იყო მზად იმისთვის, რასაც იღებ. ძალიან ბევრს თუ ითხოვ, შეიძლება, არ აღმოჩნდე მზად. მე მირჩევნია, ორი აგური დავდო ერთმანეთის გვერდით და მესამე დავადო ზემოდან, ვიდრე სამი დავდო ერთმანეთზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი