რა მშენებლობები უკავშირდება საქართველოში ბესარიონ ჭიჭინაძის სახელს და რისთვის დახვრიტეს ის
ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 15.05
ინჟინერ-ჰიდრომშენებელი ბესარიონ ჭიჭინაძე დაიბადა თბილისში, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ალექსი ჭიჭინაძის ოჯახში. დედა, ეფროსინე იაკობის ასული, ნიკო ნიკოლაძის და გახლდათ. ის პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა.
1906 წელს ბესარიონ ჭიჭინაძე ბიძაშვილთან, გიორგი ნიკოლაძესთან ერთად, პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა ისე გაიტაცა ჰიდროტექნიკამ, რომ სპეციალობის შეცვლა გადაწყვიტა.
ბესარიონის ნიჭმა თავიდანვე მიიქცია პედაგოგებისა და პროფესორების ყურადღება. გამოიკვეთა, რომ მას წინ დიდი საქმეები ელოდა, მაგრამ, მოულოდნელად სწავლის შეწყვეტა მოუხდა, რადგან ფილტვები დაუზიანდა და მშობლებმა სამკურნალოდ აბასთუმანში გაგზავნეს.
გამოჯანმრთელებისთანავე ისევ პეტერბურგში გაემგზავრა. საუკეთესოდ ჩააბარა გამოსაშვები გამოცდები და ჰიდროსადგურების ინჟინრის წარჩინების დიპლომი მიიღო. ბესარიონი სწავლის გარდა სპორტსაც მისდევდა – ის ძალიან კარგი მოცურავე, მხედარი და მოჭადრაკე იყო.
ბესარიონ ჭიჭინაძის სამშობლოში დაბრუნება პირველი მსოფლიო ომის დაწყებას დაემთხვა, რის გამოც საერთოდ შეწყდა ჰიდროსადგურების მშენებლობა. ამიტომ იძულებული გახდა, ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. მალე ამ მშენებლობის ლიკვიდაციის გამო ბესარიონი, მეუღლესთან, ზინაიდა ალექსანდრეს ასულ ძეკონსკაიასთან ერთად, თურქესტანში, ბუხარის რკინიგზის მშენებლობაზე გაემგზავრა. ბუხარაში მან საფუძველი ჩაუყარა ბეტონის ქარხნის მშენებლობას, ასევე, რკინიგზის სადგურის აღმოსავლურ სტილში აშენებას.
მუშაობდა ბუხარის, ტრაპიზონის რკინიგზების მშენებლობაზე, იყო ბათუმის ქალაქის საბჭოს მთავარი ინჟინერი და ბათუმის ტექნიკურ სასწავლებელში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე კითხულობდა მექანიკის კურსს. ამ პერიოდში ორი უბედურება დაატყდა თავს: ჯერ პატარა ქალიშვილი გარდაეცვალა, შემდეგ მამა – ალექსი ჭიჭინაძე.
1917 წელს ბესარიონ ჭიჭინაძე კახეთის რკინიგზის მშენებლობის ტექნიკური განყოფილების უფროსად გადაიყვანეს, მალე კი ამ გზის მმართველად დაინიშნა. იყო საქართველოს გზათა დეპარტამენტის დირექტორი.
მენშევიკების წასვლის შემდეგ საჭირო გახდა ომის დროს აფეთქებული ხიდებისა და გზების უმოკლეს ვადაში აღდგენა. სწორედ ბესარიონი დაინიშნა სამხედრო-ტექნიკური ნაწილის ხელმძღვანელად და 7 დღეში აღდგენილ რკინიგზაზე პირველმა მატარებელმა გაიარა.
1922 წელს ზემო ავჭალაში დაიწყო საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი ჰესის მშენებლობა, რომელსაც ბესარიონი ხელმძღვანელობდა. მისმა ბრწყინვალე ორგანიზატორულმა ნიჭმა, დიდმა ინჟინრულმა გამოცდილებამ და ღრმა ცოდნამ წამყვანი როლი შეასრულა ზაჰესის დაბადებაში, რომელიც 1927 წლის 26 ივნისს ამუშავდა. ეს იყო დიდი ზეიმი. მეორე დღეს კი რიონჰესს ჩაეყარა საფუძველი. მადლიერების ნიშნად ზაჰესის ტერიტორიაზე მას ძეგლი დაუდგეს.
მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი მნიშვნელოვანი მშენებლობა: სურამის საუღელტეხილო რკინიგზის ელექტრიფიცირება, ელექტროგადაცემის ფართო ქსელი, ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანა, რომლის პროექტის განხორციელებასაც ბესარიონი უშუალოდ ხელმძღვანელობდა.
ბესარიონ ჭიჭინაძე მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა, როგორიცაა: ბათუმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა, ზუგდიდის ქაღალდის კომბინატი, მარელისის გრეხილი ავეჯის ქარხანა, თბილისის მაუდის კომბინატი, კასპის ცემენტის ქარხანა, საკონსერვო, აგურ-კრამიტის, ჩაისა და აბრეშუმსაქსოვი ფაბრიკები, ქარხნები და სხვა საწარმოები.
ბესარიონ ჭიჭინაძის მრავალმხრივი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს მისი სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა – მას დიდი წვლილი მიუძღვის საინჟინრო-ტექნიკური კადრების აღზრდაში. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის არის სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები.
ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, ბესარიონ ჭიჭინაძე გახლდათ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. ის ინსტიტუტში ჯერ ლექტორის, ხოლო 1928 წლიდან - პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა.
1934 წელს გადაიყვანეს მოსკოვში, მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის საკავშირო ტრესტ „ჰიდროენერგოპროექტის“ მმართველად. ამავე დროს კითხულობდა ლექციებს მოსკოვის კუიბიშევის სახელობის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში. იყო ლენინგრადის ჰიდროენერგეტიკული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს ნამდვილი წევრი, სახელმწიფო საკვალიფიკაციო კომისიის წევრი, საკავშირო საგეგმო კომიტეტის ექსპერტი ვოლგა-მოსკოვის, რიბინსკისა და უგლიჩის ჰიდროკვანძებისა და ტულის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობებზე.
1937 წელს ის რეპრესიის მსხვერპლი გახდა – უსაფუძვლო ბრალდებებით, მათ შორის, მთავარი, რისთვისაც დახვრიტეს, ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანის მცდელობა იყო.
გამოყენებული მასალების წყარო: ჭიჭინაძე ბესარიონ // საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სათავეებთან, 1922-2012. მიტროპოლიტი ა. ჯაფარიძე და სხვა; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია; „ვიკიპედია“; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან