საზოგადოება

როგორ შეიცვალა 88 წლის ასაკში რობიზონ ნატროშვილის ცხოვრება და რა ოცნებები აუხდინეს მას უცნობმა ადამიანებმა

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 15.05

ზუკა ნატროშვილი
დაკოპირებულია

88 წლის რობიზონ ნატროშვილი, როგორც ფეხბურთის დიდი ქომაგი ქიზიყიდან, სულ ცოტა ხნის წინ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიცნო ემოციური ვიდეოების წყალობით, რომელსაც სოციალურ ქსელში მისი შვილიშვილი ზუკა ნატროშვილი ავრცელებს.

ზუკა ნატროშვილი: მოხუცებთან ურთიერთობა ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარს, საკუთარ პაპა-ბებიებთან კი – განსაკუთრებით. ტელეფონით ვიდეოების გადაღების საშუალება რომ მოგვეცა, იმ პერიოდიდან მოყოლებული ვუღებდი პაპას. მინდოდა, რომ ეს ვიდეოები ჩემთვის მქონოდა. იმ მომენტში სოციალურ ქსელში მათ გამოქვეყნებაზე არც მიფიქრია.

დაახლოებით, ათი თვის წინ პირველად გადავწყვიტე, პაპას ვიდეო გამომექვეყნებინა. ამ ვიდეოში მე საჭესთან ვზივარ, პაპა კი გვერდით მიზის და ვაბრაზებ (იცინის). მეჩხუბება, ცოტა ნელა იარე და წინ იყურეო (იცინის). ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ვიდეოს და ამის შემდეგ, ნელ-ნელა მოვუხშირე ჩვენი ვიდეოების ატვირთვას. ეს ვიდეოები სხვადასხვა შინაარსის იყო: ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობის, მისი განცდების თუ ოცნებების შესახებ.

საქართველოში მოხუცი ადამიანები მოწყენილები და ცხოვრებაზე ხელჩაქნეულები არიან. ფიქრობენ, რომ ოცნებების დრო აღარაა, რომ მათთვის ყველაფერი დამთავრებულია. შეიძლება, ყველა ასე არაა, მაგრამ უმეტესობაში პესიმისტური განწყობები ჭარბობს. არადა, ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მე და პაპას, ორი სრულიად სხვადასხვა თაობის წარმომადგენელს, ერთნაირი ოცნებები და სურვილები გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ჩვენ შორის არსებული ასაკობრივი სხვაობისა და სტერეოტიპული შეხედულების გამო, თავიდან ეს ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მერე გავაცნობიერე, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი სანამ ცოცხალია, ისეთივე ოცნებები და სურვილები ამოძრავებს, როგორიც ახალგაზრდას.

– პაპა თვითონაც ამბობს ერთ-ერთ ვიდეოში, მოსაწყენია სიბერეო.

– კი, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება ბოლო პერიოდში არ იყო ისეთი აქტიური, როგორც ახალგაზრდობაში. ერთფეროვანი ყოველდღიურობა ჰქონდა. მე ვფიქრობ, ახლა, ამ აქტიურობის წყალობით, შეიცვალა და უფრო გამოცოცხლდა.

– უკითხავთ კომენტარებს, რასაც სოციალურ ქსელში უწერენ?

– რა თქმა უნდა. კომენტარების გარდა, ყოველდღიურად ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება მომდის. აბსოლუტურად ყველაფერს ვუკითხავ. მისთვის ეს სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს, რადგან თითოეულ შეტყობინებაში უდიდესი სითბო და სიყვარულია. ძალიან ბედნიერია, რომ ვუკითხავ ხოლმე. როცა გარეთ გავდივართ და უცნობი ადამიანები ჩაეხუტებიან ხოლმე და ეუბნებიან, მე თქვენ გიცნობთ, რა კარგი პაპა ხართო, ძალიან ბედნიერია. დღესაც, პოლიციელებმა უთხრეს, გიყურებთო, გადაეხვივნენ და მერე გახარებული ამბობდა, ასე და ასე მითხრესო (იცინის).

– თვითონ რას ამბობს, წარმოვიდგენდი ამ ასაკში ასეთ რამესო?

– სანამ სამოგზაუროდ გავფრინდებოდით, მეუბნებოდა, რას წარმოვიდგენდი, თუ ამ ასაკში პასპორტს ავიღებდი და სადმე გავფრინდებოდი. მეგონა, ჩემთვის დამთავრებული იყო ასეთი ამბები და ამაზე ვერც ვიოცნებებდიო. ზოგადად, მოგზაურობა მისი ოცნება იყო, მაგრამ იმდენად არარეალურად ეჩვენებოდა, რომ ამ შესაძლებლობას არც კი უშვებდა.

– თავიდან როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მის ვიდეოებს საჯაროდ აქვეყნებდით?

– სხვათა შორის, არ გაუპროტესტებია. ამის შესახებ რომ ვუთხარი, ხმა არ გამცა. ზოგადად, უფრო უტყვი ადამიანია. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. პირველ რამდენიმე ვიდეოზეც რომ ვუთხარი, რამხელა გამოხმაურება იყო, ნული რეაქცია ჰქონდა. შემდეგ და შემდეგ რომ ვუკითხავდი, რამხელა პოზიტივი იყო მის მიმართ, მივხვდი, რომ მოსწონდა და სიამოვნებდა. საერთოდ, ამ ვიდეოებს დაგეგმილად არ ვწერთ. დავსხდებით, ვსაუბრობთ და ამ მომენტში ვიღებ ხოლმე იმას, რაც ბუნებრივად ხდება.

– ვიდეოებშიც ერთ ან ორ სიტყვას ამბობს, მაგრამ ზუსტს. მგონი, კარგად მოერგო სოციალური ქსელების საჭიროებებს.

– კი, ასეა. დამახასიათებელი კუთხური ხასიათი აქვს, ქიზიყური. საუბრის მანერა და იუმორიც ხისტი, მაგრამ კარგი და სხარტი აქვს, რასაც ხშირად აღნიშნავენ.

– ყველაზე მეტი გამოხმაურება ფეხბურთთან დაკავშირებულ ვიდეოებს აქვთ. ალბათ, ძალიან უყვარს ეს სპორტი.

– რაც მეხსიერება მაქვს, არ მახსოვს პაპა ფეხბურთის გარეშე. ადრე სპორტულ გაზეთებს კითხულობდა, ახლა ტელევიზორში სულ სპორტულ არხებს უყურებს. სადმე თამაში თუა, გადართავს და ბოლო ხმაზე უსმენს, სულ არ აინტერესებს, სხვას თუ სხვა რამის ყურება უნდა (იცინის). მის ცხოვრებაში ფეხბურთს ძალიან დიდი ადგილი უკავია. წლებია, მადრიდის „რეალის“ ფანია, მაგრამ პირველ რიგში, საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობს. ბოლო წლებში წარუმატებლობები რომ ჰქონდათ, ამბობდა, მჯერა, რომ ეს ახალი თაობა რაღაცას იზამს, ძალიან კარგი ბიჭები მოდიანო. სხვათა შორის, ამის ამსახველი ვიდეოებიც მაქვს (იცინის). ჩვენმა ნაკრებმა რომ საბერძნეთთან მოიგო და ევროპაზე გავედით, ვერ აღგიწერთ პაპა როგორი ბედნიერი იყო. მერე ამასთან დაკავშირებითაც გადავუღე ვიდეო და რომ არ მოგატყუოთ, ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა კითხვაზე – ახლა რას ისურვებდი-მეთქი. ფეხბურთისთვის მოედნიდან არასდროს უგულშემატკივრია, მით უმეტეს, ასეთი მასშტაბის თამაშისთვის და როგორც ველოდი, მიპასუხა: მინდა, გერმანიაში ჩემი თვალით ვუყურო ჩვენი ბიჭების თამაშსო. ეს ვიდეო რომ დავდე, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარები არ წყდებოდა. ყველა მწერდა, ანგარიშის ნომერი დადეთ, ჩვენ გავუშვებთ პაპას გერმანიაშიო. სხვადასხვა ბიზნესმენები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები თუ სხვები, მწერდნენ, ჩვენ დავაფინანსებთო. ორი დღე შეტყობინებები არ წყდებოდა. მათ შორის პირველი, ვინც სურვილი გამოხატა პაპას ტური ჩემპიონატზე სრულად დაეფინანსებინა მამუკა ხაზარაძე იყო. ჩვენ დიდი მადლიერებით მივიღეთ მისგან ეს საჩუქარი. ბატონმა მამუკამ პირველად რომ დაურეკა პაპას და ეს ამბავი უთხრა, ვერ იცნო, რომელი მამუკა იყო და რომ დაემშვიდობა, მერე მეკითხება, გაჩერდი, ეს რომელი მამუკა იყოო (იცინის). შოკში ჩავარდა, ვერ გაიგო, რა მოხდა (იცინის). ის ღამე სიხარულისგან ვერ დაიძინა. საერთოდ, ემოციების კონტროლი ძალიან კარგად იცის, მაგრამ ამ ამბავმა იმხელა სიხარული მოჰგვარა, რომ მთელი ღამე გაათენა. მართლა უბედნიერესი იყო.

მერე ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ ვენაში გაგვიშვა სამოგზაუროდ. ეს იყო პაპას პირველი მოგზაურობა, თან ევროპაში. იქ იქაური ქართველები დაგვხვდნენ და არაჩვეულებრივად გვიმასპინძლეს.

მათაც და ტურისტულ კომპანიასაც ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო. პაპას ევროპა ძალიან მოეწონა, მეუბნებოდა: ნეტავ, ჩვენი ქვეყანაც მალე გახდეს ასეთიო. ზოგადად, ძალიან მოსწონს ევროპული ღირებულებები. არ არის სტერეოტიპული გარკვეულ საკითხებში, პირიქით, ძალიან თანამედროვედ აზროვნებს და თანამედროვე შეხედულებებსაც იზიარებს. მოსწონს ახალგაზრდა თაობა, ამბობს, ძალიან თავისუფლები არიან და ეს მიხარიაო. ახლა გერმანიის ტურს ელოდება, ისე, რომ მგონი, უკვე დღეებს ითვლის (იცინის). თან, ფიქრობს, რომ მოგების შანსები გვაქვს და ამ ემოციებისთვის წინასწარ ემზადება.

-ნაკრების ბიჭებიდან განსაკუთრებით ქოჩორაშვილი მოსწონს, ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. ვიდეოც ვნახეთ, რომელიც ქოჩორაშვილმა ბაბუათქვენს ჩაუწერა. როგორი იყო პაპას კადრსმიღმა ემოციები?

– ქოჩორაშვილის მოწონებას, მართლა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს. ის ძალიან კარგი და ვაჟკაცი ფეხბურთელია, რამაც დიდი სიმპათიები გამოიწვია. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი მხრიდანაა და პაპას ამან კიდევ უფრო შეაყვარა. როცა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ დამირეკა და პაპას ვუთხარი, ჩამოსვლას და შენთვის მაისურის გადმოცემას აპირებენ-მეთქი, უბედნიერესი იყო. ახლა უკვე გიორგის ელოდება, რომ მაისურზე ხელი მოუწეროს. მერე უნდა, რომ ჩარჩოში ჩასვას და კედელზე ჩამოკიდოს. ახლა ყველაზე მეტად ამ შეხვედრასა და ჩემპიონატს ელოდება.

– რამდენი შვილი და შვილიშვილი ჰყავხართ პაპას და რამდენ დროს ატარებთ მასთან ერთად?

– პაპას ოთხი შვილი, ექვსი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი ჰყავს. შვილიშვილებიდან მე ყველაზე პატარა ვარ. ფაქტობრივად, პაპასთან ერთად გავიზარდე. ახლა უკვე სწავლას ვამთავრებ და მალე ისევ ჩემს რაიონში დავბრუნდები. კვირა არ გავა, რომ იქ არ ჩავიდე. გული სულ ჩემი ოჯახისკენ მიმიწევს. ჩემი მშობლებიც იქ ცხოვრობენ, ასევე, მამიდა და მამიდაშვილი.

მე და პაპას ძალიან გვიყვარს ცხოველები, ფრინველები, პატარა ფერმა გვაქვს გაკეთებული. კიდევ პატარა საოჯახო სასტუმრო, რომელსაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ და ეს პროცესი ორივეს ძალიან გვსიამოვნებს. საერთოდ, პაპა ძალიან მშრომელია, უსაქმოდ ყოფნა არ შეუძლია. მე თუ ვთხოვ რამის გაკეთებას, შეიძლება, ყურადღება არ მომაქციოს, მაგრამ საკუთარი სურვილით ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს (იცინის). ბოლო პერიოდში სრულიად უცნობი ადამიანების მიერ მისდამი გამოჩენილი დიდი სითბოსა და ყურადღების წყალობით, თითქოს კიდევ უფრო მოტივირებული და ენერგიული გახდა. ვგრძნობ, რომ სიცოცხლის ხალისი მოემატა. ზოგჯერ მოიწყენს ხოლმე და იტყვის, 88 წლის ვარ, კიდევ რამდენი უნდა ვიცოცხლოო, მაგრამ მერე მალე გადაუვლის. თან, ახლა, როგორც უკვე ვთქვით, ახალი საფიქრალი და ოცნებები აქვს, ამიტომ მგონია, რომ არასასიამოვნო ფიქრებს ნაკლებ დროს უთმობს და ძალიან მიხარია, რომ ასეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა