საზოგადოება

როგორი ცხოვრებით გააკვირვა გიორგი შავგულიძემ გენერალი შადური

№16

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 23.04

გიორგი შავგულიძე
დაკოპირებულია

მსახიობზე, რომელზეც მე დღეს მოგითხრობთ, ბევრი საინტერესო მოგონება არსებობს. ყველაზე საინტერესო მისი ცხოვრების ისტორიაში კი, ალბათ, ის არის, რომ მსახიობი, რომელიც ყველას ასე ძალიან უყვარდა და დღემდე უყვართ, ძალიან უიღბლო იყო ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც. მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მან თავისი სიცოცხლის ძირითადი წლები გაატარა, ის თითქმის უარყოფილი იყო, მას ყოველთვის პატარა როლები ჰქონდა ან საერთოდ არაფერი, მასზე მწარედ ქირქილებდნენ: განათლება თითქმის არ აქვს მიღებულიო. დარდისგან ბევრს სვამდა, თუმცა, როგორც ვერიკო ანჯაფარიძე იგონებდა, არ მახსოვს თეატრში ნასვამი მოსულიყოო. გიორგის სათქმელი ბევრი ჰქონდა, მაგრამ სად ეთქვა, მხოლოდ მეგობრებთან და კიდევ... როლებში ახერხებდა. შინ გულგახეთქილი ბრუნდებოდა, ვაჟას კითხულობდა ან ბახს ჩართავდა და ბევრს, ძალიან ბევრს ფიქრობდა.. იქნებ, ეს დარდიანი ფიქრები იყო მიზეზი ტროლეიბუსის ბორბლების ქვეშ რომ აღმოჩნდა... ვინ იცის.

ეს გიორგი შავგულიძეა უფროსი თაობის გამორჩეული კომიკოსი მსახიობი.

ქუთაისელებს მანამდეც არაერთხელ უნახავთ, საუცხოოდ, ათლეტურად აღნაგი, მზეზე ბრინჯაოსფრად აელვარებული ჭაბუკი ჟორა შავგულიძე ისარივით როგორ ეშვებოდა რიონის ტალღებში, იმჯერად მოსხლეტით გადაეშვა ადიდებულ რიონში ბავშვის გადასარჩენად და… ქართულ თეატრში აღმოჩნდა, რადგან ამ ფაქტს კოტე მარჯანიშვილი შეესწრო. ტანმშვენიერი ჭაბუკითა და მისი საქციელით მოხიბლულმა რეჟისორმა გიორგი შავგულიძეს ვინაობა გამოჰკითხა. „შავგულიძე ვარ, ბატონო კოტე“. მარჯანიშვილი გაიკვირვებს. „თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო კოტე, მე თეატრი ძალიან მიყვარს და ყოველდღე ქანდარაზე ვზივარ“. მარჯანიშვილი იმასაც შეიტყობს, რომ ჭაბუკმა სკოლა დაამთავრა, მაგრამ უმაღლესში სწავლას ვერ აგარძელებს – მამა ჰყავს რეპრესირებული. კოტე მარჯანიშვილი მას თეატრში იბარებს და იწყება მარად დაუვიწყარი არტისტის მოღვაწეობა. არადა, გიორგი შავგულიძე მხოლოდ 18 წლის იყო, მაგრამ მარჯანიშვილის გენია იოლად ცნობდა მომავალ გენიებს. მარჯანიშვილის შეპირებული გრანდიოზული ქორწილი ვერ შედგება, მაგრამ გიორგი შავგულიძე და ლიზა ვაჩნაძე იქორწინებენ. გიორგი შავგულიძე სპექტაკლის დაწყების წინ შეიტყობს, რომ ტყუპი ვაჟი შეეძინა, იმ სპექტაკლში კი („კაკალ გულში“), ის ჩინოვნიკს თამაშობდა, რომელიც სცენაზე ყბაახვეული შერბოდა და შინ გაშვებას სთხოვდა – კბილი მტკივაო. იმ დღეს კი ყბა არ აუხვევია, ისე შევარდნილა სცენაზე – ტყუპი ბიჭი შემეძინა სახლში გამიშვითო… ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უმძიმეს პირობებში, 11-კვადრატულმეტრიან ოთახში ზრდიდნენ ტყუპებს. ამ პირობებმა უდროოდ იმსხვერპლა ერთი ვაჟი…პატარა ჯუნას დაღუპვიდან სამი წლის თავზე, შვილმკვდარი დედა სარკმელს გააღებს, პატარა ბეღურა შინ შეჭრას ლამობს. დედა ნამცეცებს დაუყრის, ჩიტი აკენკავს, გაფრინდება, დედა კი ისევ ელის იმ ბეღურას. ადევნებულ ფიქრს დღიურს გაანდობს, თითქოს ჩიტმა ჩამჭიკჭიკა, წამოდი, ნუკრის მამაც ეყოფაო…

მას რომაულ ქანდაკებებს ამსგავსებდნენ

გიორგი შავგულიძეს რომაულ ქანდაკებებს ამსგავსებდნენ... ის იყო კაცი – ქართული სულის პლასტიკური ხატება, კაცი, რომელმაც ლადო გუდიაშვილს დაბადებიდან 60 წლისა და მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე საჩუქრად უძღვნა 40 ცოცხალი ფრესკა… მარჯანიშვილის თეატრის სახელით მილოცვა მას ვერიკო ანჯაფარიძემ დაავალა და ისიც კინტოს სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა 40-საფეხურიანი კიბის თავში – ხელში ეული მიხაკით. ეშვებოდა კიბეზე და ყოველ საფეხურზე ცვლიდა ილეთს და ნახაზს. ყოველი მისი ჩამოსვლა გუდიაშვილის ფრესკას ჩამოჰგავდა…

მაინც, რა უიღბლო ყოფილა გიორგი

გიორგი შავგულიძე 49 წლის ასაკში დაიღუპა. იმ დროს ლიზა ვაჩნაძე სცენაზე იდგა. სპექტაკლში თანამდებობის პირის ცოლს თამაშობდა, რომლის ქალიშვილს ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რაიონში ანაწილებდნენ და ის მოთქმით გოდებდა – „რა უბედური ვყოფილვარ“. ამ გოდების დროს დარბაზი ხარხარებდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს არავის გაუცინია... მის დაკრძალვაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა, ქუჩაში რომ აღარ ეტეოდნენ, ხეებზე ადიოდნენ და იქიდან უყურებდნენ პროცესიას. განცალკევებით იდგა სპარტაკ ბაღაშვილი. აღელვებული ბოლთას სცემდა და თავისი გამორჩეული ხმით ბუბუნებდა: დაგრჩათ, მაიმუნებო, თეატრი?! ასაფლავებდნენ გიორგი შავგულიძეს, კაცს, რომელიც ასე უყვარდა ხალხს... მაინც, რა უიღბლო იყო გიორგი... იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ტროლეიბუსის ქვეშ რომ ჩავარდა და ასე ტრაგიკულად დაიღუპა, ცხოვრებამაც ბევრი სიმწარე არგუნა. მარჯანიშვილის თეატრიდან რომ გამოასვენეს, ერთ ცნობილ მსახიობს სთხოვეს, სიტყვა თქვენ თქვითო. იუარა – ყბები მტკივა და ვერ ვიტყვიო... დიდუბის პანთეონში სიარული ჰყვარებია შავგულიძეს, თურმე, ხუმრობით ადგილსაც ირჩევდა. მოკვდა კაცი და დიდუბის პანთეონში არ კრძალავდნენ, საზოგადოებრივ საქმეში არ მონაწილეობდა და პანთეონში რა უნდაო. ერთადერთს, ქალაქკომის მდივანს, გიორგი გეგეშიძეს უთქვამს: - არა გრცხვენიათ, ასეთი ხალასი ნიჭის ადამიანი თუ არა, აბა, ვინ უნდა იყოს პანთეონშიო... მედეა ჯაფარიძე რომ არა, არც დაკრძალავდნენ. მან შეაწუხა დეპუტატები, ქვეყანა შეძრა და, როგორც იქნა, თანხმობა ათქმევინა. ჰოდა, სპარტაკ ბაღაშვილი გალიაში გამომწყვდეული ლომივით ბრდღვინავდა.

ერთხელ თბილისში

გიგა ლორთქიფანიძე: „ერთხელ თბილისში ჩამოსული ცნობილი რუსი მსახიობი, ალექსანდრე პოპოვი ესწრებოდა სპექტაკლს „კოლმეურნის ქორწინება“, რომელშიც ხარიტონის როლს გენიალური გიორგი შავგულიძე ასრულებდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მთხოვა, ხარიტონის როლის შემსრულებელი მსახიობი გამაცანიო. რა თქმა უნდა, წავიყვანე გიორგის ოთახისკენ. სანამ მასთან ავედით, უკვე გრიმი მოეხსნა და წელამდე შიშველი ონკანს შესდგომოდა. იბანდა. პოპოვს დავანახვე გიორგი. მან შეხედა ამ ათლეტური აღნაგობის ულამაზეს მამაკაცს, საერთო რომ არაფერი ჰქონდა ხარიტონთან, გაოცებული მომიბრუნდა და მითხრა: ხარიტონის ნახვა მინდა, ხარიტონისო. მეც ვუთხარი: ხარიტონი ეს გახლავთ-მეთქი. პოპოვის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, მივიდა გიორგისთან, მოეხვია და სველი გულმკერდი დაუკოცნა, შემდეგ კი უთხრა: ან თქვენ უნდა ჩაგიყვანოთ მოსკოვში, ან ჩვენი თეატრი უნდა ჩამოვიყვანო თბილისში, რომ გავაგებინო, რას ნიშნავს კომედიური მსახიობიო“.

არასოდეს დაიბნე!

დოდო ჭიჭინაძე კი იგონებდა: „ნაზიმ ჰიქმეთის პიესაში „ლეგენდა სიყვარულზე“ მე შირინს ვთამაშობდი, გიორგი შავგულიძე კი – ფერჰადს. მე ზევით ვიდექი ხოლმე, საიდანაც უნდა დამენახა ფერჰადი, მასაც უნდა დავენახე და უნდა გაგვეთამაშებინა ერთი ნახვით შეყვარების სცენა. იგი აღტაცების ნიშნად მესროდა ვაშლს, მე კი ეს ვაშლი უნდა დამეჭირა. პირველ სპექტაკლებში ყველაფერი ზუსტად ხდებოდა, მაგრამ ერთხელ შემთხვევით ვაშლი თავის კაზმულობაზე მომხვდა და გვირგვინი გადამაძრო. მე კინაღამ ბრინჯივით დავიბენი.

– არასდროს არ დაიბნე, უნდა გაითამაშო, ვითომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, – დამარიგა კულისებში ჟორამ. შემდეგ სპექტაკლში პირდაპირ თავში დამიმიზნა და კიდევ გადამაძრო თავსამკაული. ერთხელ კინაღამ გადმოვვარდი ხიდურიდან, მაგრამ ამჯერად აღარც მე დავიბენი, ჩემი სამკაული გადავუგდე და ჟორას ქებაც დავიმსახურე.

...მახსოვს, პეტრბურგში, ერმიტაჟში გვქონდა გადაღებები, საშინლად ციოდა, აპრილის შუა რიცხვები იქნებოდა. მზემ რომ გამოიხედა, ჩვენც შესვენებაზე გავედით ნევის სანაპიროზე. მსახიობმა ა.კუნევსკაიამ (იგი ელიზავეტა პეტროვნას როლს თამაშობდა, უზომოდ იყო შეყვარებული ჟორაზე და სულ ეპრანჭებოდა) უცბად წამოიძახა: აი, ის იქნება ვაჟკაცი, ვინც ამ მდინარეს გადაცურავსო. სიტყვის თქმა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ შავგულიძე ნევაში აღმოჩნდა. ატყდა საშინელი პანიკა, მაგრამ ტყუილად! – რიონისპირელმა ჭაბუკმა ნევასაც აჯობა. როდესაც ნაპირზე ამოვიდა, გაოცებულები უყურებდნენ ყველანი, ის კი, სიცივისაგან გათოშილი, კმაყოფილი სახით იღიმებოდა“.

სხვისი პიჯაკი

სპარტაკ ბაღაშვილს ბევრი ტკივილი აკავშირებდა გარდაცვლილ მეგობართან. „გიორგი სააკაძეში“ მას სააკაძის როლი უნდა ეთამაშა, გიორგი შავგულიძეს – ლუარსაბისა... უკანასკნელ წუთს შეიცვალა ყველაფერი. მაშინ იყო, რომ მრისხანება ვეღარ დაიოკა და ცხელ გულზე ისე დალია, მერე ვეღარ აკავებდნენ... უკვე სნეული და უარყოფილი (თუ უარყოფილი და ამიტომ სნეული) კრემლში მიიწვია სტალინმა... ეს ძალიან ცნობილი ამბავია: როგორ უსმენდა აცრემლებული ბელადი სპარტაკის წაკითხულ ლექსებს, მერე როგორ შევიდა ღამე მის ოთახში და საბანი როგორ შეუსწორა. მოსკოვიდან დაბრუნებულმა კი, უთხრა თავის მეგობარს, შავგულიძეს: ჩემს წინ 6 კაცი იჯდა, კობამ მკითხა: რამე ხომ არ გჭირდებაო. ექვსივეს გადავხედე... შემეძლო, დედა მეტირებინა ყველასთვის და მეთქვა, – იცით, თბილისში რომ ჩავალ, ამ პიჯაკს გამხდიან, იმიტომ, რომ ჩემი არ არის... ვერ ვთქვიო. ეგეთები იყვნენ, უქონლობაზე ლაპარაკი ძალიან უჭირდათ. გიორგი შავგულიძე მიწურში ცხოვრობდა. იმ დროს სამსახურებში სიები დგებოდა და თანამშრომლებს ბინებს აძლევდნენ. ასეთ სიაში შეიტანეს შავგულიძეც... მერე რა მოხდა, არავინ იცის... წაშალეს შავგულიძე და ჩაწერეს პიერ კობახიძე... მეორე დღეს ორი არტისტი ერთდროულად მოვიდა სატვირთო მანქანაზე დაწყობილი ბარგით ერთსა და იმავე ბინაში შესასახლებლად... გიორგიმ არც იცოდა, რომ მას აღარ აძლევდნენ ბინას. იმ კორპუსში, სადაც შავგულიძეს ბინა უნდა მიეღო, გენერალი შადური ცხოვრობდა. გააოგნა ნანახმა. როცა ბინიდან გადასვლა გადაწყვიტა, დაურეკა ცეკას მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს: ისეთი უზნეო რამ ვნახე, გთხოვთ, ჩემი ბინა გიორგი შავგულიძის ოჯახს გადასცეთო. ოროთახიანი ბინა სასახლედ ეჩვენებოდა სიდუხჭირეში მცხოვრებ ოჯახს. გიორგი ოთახიდან ოთახში დადიოდა და ვერ იჯერებდა: ორივე ოთახი ჩვენია, კაცო?!.

პაპიროსი

...მეუღლე, ლიზა, ვეჯინელი თავადის, კონსტანტინე ვაჩნაძის ასული იყო. 1924 წელს ლიზიკოს მშობლები დააპატიმრეს და პატარა გოგონა, თავის სამ დასთან ერთად, ფეხით ჩამოვიდა თბილისში. მათი მეურვეობა დეიდამ – თამარ ანდრონიკაშვილმა იკისრა... თამარ ანდრონიკაშვილი ეხუმრებოდა სიძეს: რომ გაგიცანი, მესტვირეს ჰგავდიო. შავგულიძეც ხუმრობდა, – ლიზა შინ გაცილების უფლებას არ მაძლევდა. პაპიროსს თვალებში შევიბოლებდი და ცრემლები წამომივიდოდა, ასე ვაცოდებდი თავს და ხომ დავიყოლიე ცოლობაზეო... გრიშა კოსტავასთან სიყრმის მეგობრობა აკავშირებდა. ერთად მოიტაცეს ულამაზესი მედეა ჯაფარიძე. გიორგის ეცოდებოდა მედიკო, გაუშვიო, - სთხოვდა, მაგრამ გრიშა გაუტეხელი იყო, ოღონდ არ იფიქროთ გულქვაც...

პაპა აპარეკა

თბილისში ცნობილი ლენინგრადელი რეჟისორი ლეონიდ ვარპახოვსკი ჩამოვიდა. გააცნეს შავგულიძე. იმ საღამოს ბევრი იხუმრეს, იცინეს. ის დრო იყო, როცა იღებდნენ ფილმს „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან”, შავგულიძეს პატარა როლი ჰქონდა – პაპა აპარეკასი. მეორე დღეს ვახტანგ ტაბლიაშვილისთვის უთქვამს ვარპახოვსკის: გიორგი შემხვდა, არ მომესალმა. მეწყინა, არადა გუშინ ერთად ვიყავით, ნუთუ ვერ მიცნო-მეთქი. კინოსტუდიის დერეფანი ჩაიარა. რომ მობრუნდა, შევხედე – ბერიკაცი იყო. მივხვდი, როლზე მუშაობდა. გავოგნდი, ყველაფრის გარეშე როგორ გარდაისახა! ამის მერე ვარპახოვსკის მარჯანიშვილის თეატრში მოუთხოვია: თუ „რიჩარდს” დავდგამთ, მთავარ როლში შავგულიძე ითამაშებსო. თეატრის დირექტორმა, ვანო გვინჩიძემ: რას ბრძანებთ, თეატრი დამენგრევა თავზეო! ჩაიშალა... ასეთ დამოკიდებულებას ძალიან განიცდიდა. განცდას ღვინოში კლავდა.

აკაკი ხორავამ ხმა „პაგანინს“ მისცა

მარჯანიშვილს ძალიან უყვარდა შავგულიძე, ამბობდა: ვიცი, ეგ რომ დონ კიხოტს ითამაშებს, განუმეორებელი იქნებაო. შეეძლო, თანაბარი დამაჯერებლობით ეთამაშა ბრძენიც და კინტოც... 26 წლისამ განასახიერა ჭყონდიდელი. მაგრამ უიღბლობა სდევდა თან... სპექტაკლში – „ხეები ზეზეულად კვდებიან“ – მაურისიო იყო. სულ ორი სიტყვა ჰქონდა სათქმელი. ფულს სთხოვდა ბაბუას. შემოდიოდა სცენაზე და ხეს მოეფერებოდა. ამას რატომ აკეთებო, – ჰკითხეს. ამ ხეზე ბავშვობაში მაურისიო დაცოცავდაო. ინგრეოდა თეატრი ტაშით. როლიდან მოხსნეს – სხვა გჯობიაო. დიდებულად ითამაშა „დავით გურამიშვილში”. იოსებ თუმანიშვილმა აიტეხა, აუცილებლად ლაურეატობა უნდა მივცეთო. აკაკი ხორავამ ხმა „პაგანინს“ მისცა, ასე რომ, „გურამიშვილი“ განზე დარჩა. „ბერლინის დაცემაში“ მელიტონ ქანთარია უნდა ეთამაშა. უარი უთხრეს – მამა და სიდედრ-სიმამრი რეპრესირებული ჰყავდა. მიხეილ ჭიაურელი წუხდა, მე შავგულიძის ცეკვაზე მქონდა გათვლილი ეპიზოდი, ყველაფერი გამიფუჭეთო... ბოლოს, სულ აღარ აძლევდნენ როლებს. ძალიან განიცდიდა. – ლიზიკო, რა მაგიჟებს, იცი? რა ჰგონიათ, ბებერ კაცსაც ვერ ვითამაშებო? – წამოსცდებოდა ხოლმე ნასვამს მეუღლესთან. საპატიო სუფრაზე რომ მიიწვევდნენ, უარს იტყოდა. იმ პატივცემულ საზოგადოებაში ჩემს სამყაროში არ ვარ. ცხოვრებაში თამაში არ მინდა და არც შემიძლიაო...

არ დალიო ჩემი ჭიქიდან!

გიორგი შავგულიძის შვილების – ნურადინისა და ჯუანშერის ნათლიები პეტრე ოცხელი და ნიკო გოცირიძე იყვნენ. ძველქართული სახელებიც მათ შეურჩიეს... ნუკრის (ნურადინს) დაამახსოვრდა, როგორ მოდიოდა მათთან უკვე სნეული პეტრე ოცხელი და როგორ ერიდებოდა ბავშვს, სენი არ გადაედოსო. ერთხელ მისი ჭიქისათვის წამოუვლია ბიჭს ხელი და: არ დალიო, ჩემი ჭიქიდან არ დალიოო, აყვირებულა...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი