საზოგადოება

რა გამარჯვება მოუტანა იაგო გორგოძემ საქართველოს და რის შემდეგ გაიყო მისი ცხოვრება ორად

№17

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:04 01.05

იაგო გორგოძე
დაკოპირებულია

იაგო გორგოძე პარაწოლჭიმში ეგვიპტის მსოფლიო თასის გამარჯვებულია. ქართველმა სპორტსმენმა სამი ცდით, საერთო ჯამში, 560 კილოგრამი ასწია, საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა და მთელ ქვეყანას სიამაყის განსაკუთრებული მიზეზი მისცა.

იაგო გორგოძე: მიხარია, რომ ვასახელებ ქვეყანას. თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, უკეთესი იქნება. მსოფლიო თასისთვის მზადება დიდი შემართებით დავიწყეთ, ეგვიპტეში ისეთი შედეგი უნდა დაგვედო, რომ რეიტინგშიც წინ წავსულიყავით და წარმატებულად გამოვსულიყავით. აქ ძალიან კარგი პირობები დაგვხვდა. მომზადებაც კარგად ჩავატარეთ და დასახულ მიზანსაც მივაღწიეთ.

– როგორ დაიწყო პარაწოლჭიმში თქვენი ასპარეზობა?

– რთული და მძიმე პერიოდი იყო. გასახსენებლადაც არ არის მარტივი. ახლა ყველაფერი იმდენად კარგად არის ორგანიზებული, წარმოუდგენელიც კია მაშინდელი სირთულეები. მაშინ საერთოდ არ არსებობდა პარაოლიმპიური სპორტსმენი. შეიძლება, ფურცელზე იყო რაღაც გაფორმებული, მაგრამ ამის მეტი – არაფერი. მზადება 2005 წლიდან დავიწყე და პროცესებს ეტაპობრივად მივყევი, იქნებოდა ეს შეჯიბრებებში მონაწილეობა, დაფინანსების მოპოვება, საზოგადოებისა თუ მთავრობისთვის ამ სპორტის გაცნობა... პარალელურად, ვვარჯიშობდი. მინდოდა, ეს საქმე წინ წაგვეწია. 2008 წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ოლიმპიადაში. ამის შემდეგ ბევრი წარმატება იყო, ბევრიც წარუმატებლობა, ჩემს, როგორც სპორტსმენის, ცხოვრებაში, ისე მთავრობის მიდგომის მხრივ.

– ესე იგი, მხოლოდ საკუთარი შედეგებისთვის კი არა, პარაოლიმპიური მიმართულების განვითარებისთვის იბრძოდით.

– ასეა. შეჯიბრებებზე სხვა ქვეყნებში რომ მივდიოდი და ვხედავდი, რამდენი წარმომადგენელი ჰყავდა თითოეულ ქვეყანას, მიკვირდა. ისინი მამხნევებდნენ, შენ ახლა ხარ მარტო, მაგრამ მოვა დრო, ძალიან ბევრი იქნებით, ნელ-ნელა გუნდი ჩამოყალიბდება, ჯერ ახლები ხართო. ვცდილობდი, მარტო არ წავსულიყავი და გვერდით მეგობრები მყოლოდა, რომ თავი იქ მარტოსულად არ მეგრძნო. მოხერხდა მდგომარეობის შეცვლა. ბევრი ადამიანი დავაინტერესე, ბევრს დავანახვე, როგორი მომავალი გველოდა და მართლაც, ახლა მრავალ სახეობაში გვყავს ძალიან წარმატებული სპორტსმენები. ძალიან მიხარია, რომ იმედი გამიმართლდა და მონდომებამ შედეგი გამოიღო. ახლა ფართო მასშტაბებზე ვართ გასული როგორც სპორტსმენებით, ისე სპორტის სახეობებით.

– მაშინ, როცა პერსპექტივა არ ჩანდა, თქვენ როგორ დაინტერესდით და პარაწოლჭიმი რატომ აირჩიეთ?

– 22 წლის ვიყავი, როდესაც ავარიაში მოვყევი და ეტლში აღმოვჩნდი. მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეტაპები ძალიან დიდხანს გაგრძელდა. წლები გადიოდა. რაღაცით უნდა დავკავებულიყავი, ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. ოლიმპიადამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ჩემში. შტანგა ოლიმპიური სახეობაა, ამიტომაც დავინტერესდი მისით. დავიწყე ვარჯიში, მაგრამ საქართველოსთვის იმდენად უცხო იყო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის სპორტული აქტივობა, ადამიანები უნდა დამერწმუნებინა, რომ ასეთი რამეები ხდებოდა. ამაში ძნელად თუ დააჯერებდი ვინმეს, ამისთვისაც ბრძოლა მიწევდა. ძალიან დიდი მონდომება მქონდა, მაგრამ ამ გზაზე მარცხიც ბევრი იყო.

– თუმცა, თუ შედეგებზე ვისაუბრებთ, აქ მარცხი არ გიყვართ. როგორია თქვენი პირადი გამარჯვებები?

– რაც უფრო რთულია, მით მეტია აზარტი და მოტივაციაც იზრდება, რომ არ გაჩერდე და ჩანაფიქრი განახორციელო. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და განსაკუთრებული შემართება მქონდა. მედლების აღება 2018 წლიდან დავიწყე – მსოფლიო თასზე მესამე ადგილი ავიღე, ევროპაზე – მეორე. ამის შემდეგ დღემდე ყველა დიდ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და მედლის გარეშე არ დავრჩენილვარ. მხოლოდ კოვიდის დროს მქონდა მცირე ჩავარდნა, რადგან ვირუსი შემხვდა.

– რა ხდებოდა ავარიამდე, რომელმაც თქვენი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო?

– უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომელიც ამ მდგომარეობაში დავამთავრე. შემდეგ პოლიციის აკადემიაშიც ვისწავლე. კი, ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო. როცა ჯანმრთელად ვიყავი და სიარული შემეძლო, სხვანაირი ცხოვრება მქონდა, ახლა ცხოვრების სხვა წესი მაქვს. ბუნებრივია, რომ როცა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდები, ცხოვრების წესის შეცვლა გიწევს. საკუთარ თავსაც უკეთესად სწავლობ. ბევრი რამ კარგად გავაკეთე, ბევრი, არცოდნის გამო, ისე არ გამომივიდა, როგორც საჭირო იყო. ცხოვრება ასეთია.

– ავარია როგორ მოხდა?

– ეს 1999 წელს მოხდა. მეგობარმა დამპატიჟა კახეთში რთველზე და იქიდან მოვდიოდით. ალბათ, ცოტა სწრაფად. არაფერი მახსოვს. სამი მეგობარი დაიღუპა. მხოლოდ მე გადავრჩი. მერე ჩავედი, ვნახე ის მანქანა და მიკვირს ან მე როგორ გადავრჩი. გონს რომ მოვედი, გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი. მერე და მერე გავიგე და გავაანალიზე, რაც მოგვივიდა. ბევრ რამესთან მომიწია შეგუება, სხვა გზა აღარ იყო. შეგუებასთან ერთად ბევრი მიმართულებით ბრძოლაც გიწევს. არ მიფიქრია, რომ ცხოვრება დამთავრდა, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა, რომ მედიცინა წინ მიდიოდა და იმედი მქონდა. ამასობაში ნელ-ნელა ვეგუებოდი ჩემს მდგომარეობას და ამ მოცემულობაში ვცდილობდი წინსვლას. საქართველოში ძალიან რთული პერიოდი იყო. კიდევ ასეთი რამ რომ დაგატყდება თავს, ცოტა რთულია თავი მოთოკო. წარმომიდგენია, როგორი იყო ეს ჩემი მშობლებისთვის, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა.

11 წელი ყირიმში დავდიოდი სამკურნალოდ. ფაქტობრივად, იქ გავატარე ყმაწვილკაცობა, რადგან შესაბამისი პირობები იყო მკურნალობის თუ ვარჯიშისთვის. საქართველოში მცირე ხნით ჩამოვდიოდი ხოლმე. იქაურმა გარემომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს ჩამოყალიბებაზე.

– სპორტში არაჩვეულებრივად შეძელით თავის რეალიზება, რისთვისაც ბევრი იბრძოლეთ. სამსახურის, დასაქმების მხრივ, რაც ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემაა, როგორი გამოცდილება გაქვთ?

– მიზნად დავისახე, რომ სპორტი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. ეს აუცილებელი იყო ჩემი ჯანმრთელობისა და მომავლისთვის. ასევე, მიზნად დავისახე დასაქმება. ამ მხრივ რეალიზება აუცილებელი იყო პიროვნული განვითარებისთვის, შემოსავლისთვის. დავიწყე მუშაობა საჯარო სამსახურში, საჯარო რეესტრში და მუდმივად შეხება მაქვს ადამიანებთან, რაც განვითარების პროცესის შემადგენელი ნაწილია. როგორ დავიწყე სამსახური? საჯარო რეესტრში არიან ასეთი ადამიანები დასაქმებულები, სახელმწიფო გვეხმარება რეალიზებაში და მეც მოვინდომე. დამეხმარნენ და დავიწყე მუშაობა. მომწონს, იმას რომ ვაკეთებ, რასაც სხვები. პროცესში აქტიურად ვარ ჩართული და დილით იმ აზრით რომ იღვიძებ, სამსახურში უნდა წახვიდე, სასიამოვნოა. თან, გარემოც ძალიან კარგია, ხელს მიწყობენ, მეგობრები, თანამოაზრეები შევიძინე და ეს ყველაფერი ბევრის მომცემია. სამსახურისა და ვარჯიშის გამო ყველა დღე დატვირთული მაქვს, რაც სასიამოვნოა.

– დაოჯახებული თუ ხართ, ამ მხრივ რა ხდება?

– დაოჯახებული არ ვარ.

– ესე იგი, ამაზე საკმარისად არ იზრუნეთ.

– როცა ეს ამბავი მომივიდა, მიზნად დავისახე სპორტი, სამსახური და მიზნის მისაღწევად ბევრი დავიდარაბა გავიარე. თუ გინდა, გვერდით ცხოვრების მეგზური გყავდეს, ეს უკვე სხვა არის, ამაზე ზრუნვა არ დამიწყია, რადგან წინასწარ ბევრ რამეზე ფიქრობ, განვლილ თუ გასავლელ გზებზე და ამიტომ ნაკლებად იჩენ ინიციატივას. ასეთ მდგომარეობაში, მით უმეტეს, ჩვენი მენტალიტეტის ქვეყანაში სხვაზე ზრუნვის დაწყება შეიძლება, ცოტა სხვანაირად გამოჩნდეს და არ მინდა, მსგავსმა საკითხებმა გული მატკინოს. საკადრისი პასუხის გაცემას ყველასთვის შევძლებ, გულს ვერავინ მატკენს, მაგრამ ადამიანური მომენტია.

– თუმცა, ბევრნაირი მაგალითი გვინახავს და თუ იგივენაირი მონდომება იქნება, ალბათ, ესეც ისე გამოვა, როგორც სხვა რამ.

– შეიძლება. მაგრამ, ალბათ, რაღაცებზე იმაზე მეტს ვფიქრობ, ვიდრე საჭიროა. როცა გვერდით საყვარელი ადამიანი მეყოლება, მის ხელში აყვანას ან ჩახუტებას მოვინდომებ, ამაში ჩემი მდგომარეობა ხელს ვერ შემიწყობს და ამიტომ ჩემს თავს ვაპაუზებ (იცინის).

– სამომავლო გეგმებზეც ვთქვათ. აქტიურ ფაზაში ხართ და როგორი გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– სამსახურში თუ სპორტში ისეთივე მოტივირებულად გავაგრძელებ საქმიანობას, როგორც აქამდე და ვგეგმავ, რომ სპორტული მიღწევებიც კიდევ და კიდევ გავაუმჯობესო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი