საზოგადოება

როგორ დაიწყო ნინო გაფრინდაშვილმა თექით პორტრეტების შექმნა 46 წლის ასაკში

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 22.04

ნინო გაფრინდაშვილი
დაკოპირებულია

ნინო გაფრინდაშვილმა 46 წლის ასაკში საკუთარ თავში ხელოვანი აღმოაჩინა და თექაზე მუშაობა დაიწყო. ტექნიკა დამოუკიდებლად შეისწავლა და ისეთ შედეგს მიაღწია, რომ მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს.

– ქალბატონო ნინო, როგორ დაიწყეთ თექაზე მუშაობა 46 წლის ასაკში, რა გახდა თქვენი ინსპირაცია?

–ხელოვნების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა. ძალიან მიზიდავდა ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება და იმავდროულად, მინდოდა, მე თვითონაც შემექმნა რამე. თექის შესახებ სრულიად შემთხვევით შევიტყვე. კონკრეტულად, ნათესავთან ვნახე თექით შესრულებული აქსესუარები და ძალიან მომეწონა, იმდენად, რომ გადავწყვიტე, თვითონაც მეცადა. საბედნიეროდ, მეხერხება ასეთი რამეები, ცოტა ხატვის ნიჭიც მაქვს და ესეც დამეხმარა. შევიძინე საჭირო მასალები, ტექნიკის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე, ამ საინტერესო მიმდინარეობას კარგად გავეცანი და მუშაობა დავიწყე.

ჩემი პირველი ნამუშევარი კატა იყო, რომელიც დღემდე შენახული მაქვს. ის რომ გავაკეთე, ჩემი თავი ძალიან მაგარი მეგონა (იცინის). ამ ნამუშევარს ჩემთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუ მას დღევანდელ ნამუშევრებს შევადარებთ, ძალიან დიდ სხვაობას დავინახავთ. სიმართლე გითხრათ, შედარებაც არ შეიძლება (იცინის). ჩემი ნამუშევრები გამოცდილებამ ძალიან დახვეწა. დროსთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე, რაღაცებში ჩემი ფანტაზიაც მეხმარება. შედეგად მივიღეთ ის ნამუშევრები, რომელიც ახლა მაქვს წარმოდგენილი. მერე საკუთარი შესაძლებლობები პორტრეტებში ვცადე და პირველი ჩემი შვილის პორტრეტი შევასრულე.

– როგორია თქვენი მუშაობის პროცესი?

–მუშაობის პროცესი ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულია. მასალად მხოლოდ მირინოსს ვიყენებ. თითოეული ნამუშევარი ინდივიდუალურია თავისი სირთულითა და ემოციით, აქედან გამომდინარე განსხვავებულია მასზე მუშაობაში გატარებული დროც. ეს ჩემი ყოველდღიურობა, ერთგვარი რელაქსი და განტვირთვაა.

–იმ ემოციების შესახებ მოგვიყევით, რომლებსაც თქვენი ნამუშევრების ხილვა იწვევს და სასიამოვნო კომპლიმენტებიც გავიხსენოთ, რომელიც ნაცნობებისგან თუ უცნობებისგან მიგიღიათ.

– კომპლიმენტი ყოველთვის გვიბიძგებს მეტი სირთულისკენ. სოციალურ ქსელში სურათს რომ დავდებ, ძალიან დიდი მოწონებები აქვს ხოლმე. ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებს პროფესიონალების შეფასება. პროფესიონალი რომ შეგაქებს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, შეგეძლოს საკუთარი შეცდომების გამოსწორებაც. უფრო ხშირად კომპლიმენტებს ვხვდები, ვიდრე შენიშვნებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე ის შენიშვნები ბევრად უფრო მაინტერესებს.

– ყიდით ნამუშევრებს ან თუ გაგიჩუქებიათ და თუ ასეა, არ გიჭირთ ხოლმე მათი გასხვისება?

– ბევრ შეკვეთას ვიღებ და დიახ, უამრავი ნამუშევარი მაქვს გაყიდული, უფრო მეტი კი – გაჩუქებული. ნამდვილად არ მიჭირს შელევა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ნამუშევრებს საიმედო მეპატრონეები ჰყავთ.

– როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ახალმა ინტერესმა?

– შეიცვალა ჩემი ყოველდღიურობა, ის უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გახდა. უფრო სასიამოვნოა დასვენების პროცესი, როცა ის რაიმე ახლის შექმნას ემსახურება.

– თქვენმა ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გატაცება, ისინიც თუ გეხმარებიან?

– მათგან ყოველთვის ვგრძნობ თანადგომას. თუმცა, თავიდან ყველას გაუკვირდა, თექაზე მუშაობა რომ დავიწყე. მე თვითონაც მიკვირდა ჩემი თავის. ახლა კი, სანამ ნამუშევარი საბოლოო სახეს მიიღებს, ოჯახის წევრებს თითოეულ დეტალზე ვეკითხები აზრს და ჩემი ნამუშევრები მხოლოდ მათი შეფასების შემდეგ გადის ფართო აუდიტორიასთან.

– მგონია, რომ ხელოვნების მიმართ აქამდეც განსაკუთრებული დამოკიდებულება გექნებოდათ.

– ბავშვობის შემდეგ ხელოვნებასთან არანაირი შეხება არ მქონია, ამიტომ მე თვითონაც მეუცნაურება ხოლმე ჩემი ახლანდელი ყოველდღიურობა. ბავშვობაში კი ერთი-ორი წელი დავდიოდი ხატვის წრეზე. ერთი პერიოდი თოჯინებსაც ვაკეთებდი ღრუბლითა და პირსახოცის ნაჭრებით. ქარგვაც ვიცი, ქსოვაც. ეს ნიჭი გენეტიკურად მოგვყვება. ბებია გვყავდა ამ მხრივ გამორჩეული და ნათესავებშიც ბევრი ხელმარჯვე გვყავს.

– რის მიხედვით ირჩევთ თემას ან პიროვნებას, რომლის პორტრეტსაც ასრულებთ?

– ეს პროცესი მეტად ინდივიდუალურია, შთაგონება შეიძლება, მრავალი რამ იყოს, ამიტომ ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა რთული იქნება. ძველი ფილმების პერსონაჟები მომწონს ძალიან, ძველი თაობის მსახიობებიც განსაკუთრებულად მიყვარს და მათ პორტრეტებს ხშირად ვქმნი. სახლში ფეხბურთის მოყვარულები მყავს და კვარას პორტრეტიც შევქმენი. თუ მოვახერხებ, მინდა, რომ ვაჩუქო.

– თქვენმა რომელმა ნამუშევარმა დაიმსახურა ყველაზე მეტი მოწონება?

– ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის სესილიას პორტრეტია განსაკუთრებული. სწორედ მასზე მუშაობას დავუთმე ყველაზე მეტი დრო. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო ტარიელ ხარხელაურის პორტრეტი, რომელზე მუშაობამაც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა.

– რელიგიურ თემაზეც მუშაობთ, მინდა, ამაზეც მოგვიყვეთ…

– ეს თემატიკა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ხატზე მუშაობა სრულიად განსხვავებულ ემოციებს აღძრავს და ვფიქრობ, ეს ყველაზე აღმატებულია, რისი კეთებაც შემიძლია. ხატებს რომ ვქმნი, მერე ეკლესიაში მიმაქვს და მამაოს ვაკურთხებინებ, მათ კანონიკის დაცვით ვასრულებ. მუშაობის პროცესში ნემსით რომ ვჩხვლეტ, დასრულების შემდეგ კი სველ ტილოს ვაფენ და ცხელ უთოს ვადებ, ამას განვიცდი და უფალს პატიებას ვთხოვ ხოლმე, მაგრამ სხვაგვარად არ გამოდის, ასეა საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი