საზოგადოება

როგორ აუკრძალა სტალინმა ბერიას საქართველოს საქმეებში ჩარევა, კანდიდ ჩარკვიანის გავლენით

№18

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 07.05

კანდიდ ჩარკვიანი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17 (1217)

შეიძლება, ითქვას, ეწყინა სტალინს

...მამაჩემს ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც, შეიძლება, ითქვას, სტალინს ეწყინა. ერთ-ერთი წყენინება (სტალინის) რა იყო? ერთხელ მამაჩემმა უთხრა: „აი, კორნელიუსი წავიდა თავის თანამდებობიდან, და, საერთოდ, ქალაქს გაეცალაო“. სტალინმა ხელად უპასუხა – „მაგრამ იქიდან მაინც მართავდაო“! ჰოდა, მამაჩემმა – „მისგან რომ გამოვედი, ვაიმე, ეს რა ვუთხარიო!“ მერე კი იყო მეტროს ისტორია. ოღონდ, მანამდე უნდა ითქვას, რომ სტალინი არ ჩამოდიოდა აღმოსავლეთ საქართველოში. აფხაზეთში დასასვენებლად – კი, მაგრამ აქეთ, აღმოსავლეთ საქართველოში არ ჩამოდიოდა. დედამისის გასვენებაშიც კი არ ჩამოვიდა. და აი, 1951-ში, ჩამოვიდა წყალტუბოში. მაგრამ იქ ისე ცხელოდა, რომ მამაჩემმა უთხრა, „იქნებ ლიკანში წავიდეთო“. „კი, წავიდეთ, დღესვე წავიდეთო“, – სტალინმა. მამაჩემს უცებ დაარტყა, ის ლიკანის სასახლე გარემონტებულიც კი არ იყო, ტუალეტები – საშინელ დღეში. მოკლედ, რაღაცნაირად მეორე „დღისთვის გადაატანინა წასვლა და „კაგებემ“ ერთ ღამეში გაარემონტა ყველაფერი. თუმცა, სტალინი გორში მაინც არ ჩავიდა. წამოვიდა გორისკენ, მაგრამ მალხაზის უღელტეხილზე გააჩერებინა მანქანა და უკან გაბრუნდა. მაგრამ, რა მოხდა ამ დროს? მამაჩემს უკვე ჰქონდა ეს იდეა მეტროსი, ვინაიდან ბაქოში მეტროს მშენებლობაზე უკვე არსებობდა დადგენილება. თუმცა, ბაქო თბილისზე დიდი ქალაქი იყო. ორი წლით ადრე მანამდე, მამაჩემმა ბერიას გაუზიარა ეს იდეა – ბერიას იმიტომ, რომ ბერია იყო მინსსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტრანსპორტი მასთან შედიოდა... ბერიამ, „რას ლაპარაკობ, თბილისს ბაქოს როგორ ადრი, არაფერი გამოვა აქედანო“ და ჩაფარცხა ეგ საქმე. საერთოდ, ეს ბერიას „ჰქონდა“ – თუკი მამაჩემს რაიმე კარგის გაკეთება უნდოდა, ბერია ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა. პოლიტიკოსებს სჩვევიათ ამგვარი დამოკიდებულება თვიანთი შემცვლელების მიმართ. მაგრამ, სტალინის ლიკანში ყოფნისას, კანდიდს მან შესთავაზა ლიკანში ბიუროს ჩაყვანა. მამაჩემმა ჩაიყვანა ბიურო და სტალინმა იკითხა, „რა საკითხები გექნებათო“? მამაჩემი წამოდგა და უთხრა, – აი, მეტროს მშენებლობის საკითხიო. არადა, ეს არ შეიძლებოდა. საკითხი წინასწარ უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ჰოდა, როდესაც კანდიდმა ეს საკითხი წამოაყენა, სტალინი შეცბა. გავიდა ოთახიდან. მერე კი შემოვიდა და „კარგი, კარგი, გააკეთეთო“. ოღონდ, დეტალებზე თქვა, ასე და ასე ჰქენითო. მამაჩემისთვის გამართლება იყო, რომ გრძელი ქალაქია – თითქმის 40 კილომეტრი და, გარდა ამისა, ომის შემთხვევაში, მიწისქვეშა კომუნიკაციებით გადაარჩენს ხალხსო. მაგრამ, მამაჩემმა იგრძნო, რომ სტალინს ეწყინა. ვინაიდან, მთელი ბიურო ზის და უყურებს თვალებში – აბა, რას იტყვის, მაინც ხომ ქართველია! ფაქტია, რომ სტალინს ეწყინა, მაგრამ აქ იყო კიდევ ერთი მომენტი: სტალინს აქ, სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით, ჰყავდა მეგობრები, სკოლის მეგობრები. ეს ხალხი ჩადიოდა ხოლმე მოსკოვში, როცა მათ სტალინი გამოიძახებდა. ისინი სტალინს ეუბნებოდნენ რაღაც-რაღაცებს. და, აქაც ჩანდა მისი კუთხურობა. ეს ხალხი ეუბნებოდა, მაგალითად, იმას, რომ „ამ დასავლეთ საქართველომ წაგვლეკა, მთელი კადრები იქიდან მოდის.“ პირველ რიგში, რასაკვირველია, მეგრელებს გულისხმობდნენ. ეს სტალინზე მოქმედებდა. ერთი შეხედვით, უცნაურია, ვინაიდან ის იყო ლიდერი მსოფლიო პროლეტარიატის, მაგრამ კუთხურობა ჰქონდა. ესეც ახდენდა ზემოქმედებას „მეგრელთა საქმეზე“... როდესაც ბოლო გასახლება მოხდა, მხედველობაში მაქვს ქართველები, რომლებსაც ნათესავები ჰყავდათ საზღვარგარეთ, მაშინ მამაჩემს უკვე ძალა აღარ ჰქონდა. თუმცა, ისიც გაბედული ნაბიჯი იყო, ომის დროს რომ მისწერა სტალინს, ფრონტზე აღარ წაეყვანათ ქართველები. ბოლო წელიწადი, 1944 წლიდან, ქართველები ხომ აღარ მიჰყავდათ? ვინაიდან აუარებელი ქართველი დაიღუპა და მამაჩემმა სწორედ ეს მისწერა სტალინს – აი, გენოფონდი ქრება... ეს წერილი არსებობს. ხალხთა მეგობრობის მუზეუმშიც იდო და ცეკას არქივშიც არის. ასე რომ, ასეთ რაღაცებს აკეთებდა. ბუნებრივია, მამაჩემი აკეთებდა ყველაფერ იმას, რასაც აკეთებდნენ სხვა პარტიული მუშაკები, მაგრამ, თვითონ, ბუნებით, უფრო ჰუმანური კაცი იყო, ეს ემჩნეოდა ადამიანებთან ურთიერთობებში. ახლაც იხსენებს ზოგიერთი, რომ აი, „მამაჩემი ამოიღო სიიდან“. ყოველ შემთხვევაში, სადაც შეეძლო, ეხმარებოდა. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას გადაარჩენდა, რასაკვირველია. მაგრამ ფაქტია, რომ ის იყო ძალიან პროქართულად განწყობილი ადამიანი. მეტისმეტად ეთნოცენტრისტულიც. აი, ჩვენ, ბავშვებს, ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ შოთა რუსთაველზე დიდი პოეტი არ არსებობს, რომ ის დანტეზე უფრო დიდია, რომ ბორჯომის ხეობაზე ლამაზი არაფერია. ჰოდა, ჩვენ, მე და ჩემს ძმებს ეს გვქონდა გამჯდარი, მე ახლაც მაქვს ეს გამჯდარი. ეს პროქართულობა მამაჩემს ჰქონდა. თანაც, მახსოვს – ამაზე, ალბათ, ერთმანეთში ლაპარაკობდნენ მამაჩემი და დედაჩემი, ამით კი არ მინდა, ვთქვა, რომ მამაჩემი რევოლუციას მოაწყობდა, ის საკმარისად კონფორმისტი იყო, სხვანაირადაც არ შეიძლებოდა, მაგრამ მახსოვს, მოსკოვში ვიყავით უკვე: – ერთხელ დედაჩემმა წაიბურდღუნა, „ამათი მონები უნდა ვიყოთ ჩვენო“, რუსებს გულისხმობდა და, ესე იგი, ჩემი მშობლები ამაზე ერთმანეთში ლაპარაკობდნენ! საერთოდ, ქართველ კომუნისტებს ძლიერად ჰქონდათ ეს ეროვნული გრძნობა, მაგრამ ამით მე არ მინდა, ვთქვა, რომ ისინი, გინდა თუ არა, ეროვნული მოღვაწეები იყვნენ.

კანდიდ ჩარკვიანის ასეთი ხანგრძლივი ყოფნა პირველ მდივნად ასეთ რთულ პერიოდში და ასეთ რთულად სამართავ ქვეყანაში

დავიწყოთ იმით, რომ კანდიდი უკვე რეპრესიების შემდეგ მოვიდა. ამან ცოტა მაინც შეამსუბუქა სიტუაცია ქვეყანაში. მერე იყო ომი. ომი იყო საშიში პარტიული მუშაკებისთვის, ვინაიდან პატარა რაღაცაზეც ხალხს ხვრეტდნენ და კანდიდმა ეს პერიოდი გამოიარა… მამაჩემზე ამბობდნენ, რომ იყო ძალიან წესიერი, და – ნუ ვიფიქრებთ, რომ მაშინ სულ მთლად არაფერი ხდებოდა, რასაკვირველია, კორუფციის ელემენტები მაშინაც არსებობდა – რომ იყო განათლებული, ცხადია და პრინციპში, იყო ლმობიერი და სამართლიანი. შეიძლება, ცოტა გადამეტებულად, მაგრამ ცოტა არ იყოს, ოჯახის სიწმინდეზე ჰქონდა გართულება. ვთქვათ, პარტიიდან რიცხავდა ხალხს, რომლებიც ცოლს გაეყრებოდნენ და ასე შემდეგ... ოჯახის ღირებულებას ძალიან მაღლა აყენებდა. ჩვენც ასე გვზრდიდა. შეიძლება, ამიტომაცაა, რომ არც მე გავყრილვარ ცოლს და არც ჩემი ძმები. ჰქონდა მას ეს ჩადებული ჩვენს აღზრდაში. სტალინსაც, ალბათ, ამ თვისებების გამო მოსწონდა. სხვათა შორის, ის მეგობრები, რომლებიც აქედან სტალინთან ჩადიოდნენ და ელაპარაკებოდნენ, ყველას ლანძღავდნენ ხოლმე ჩარკვიანის გარდა. იყო შემთხვევები, არ დავასახელებ ვინაობას, მაგრამ ერთ კაცზე ეუბნებოდნენ – „აი, სახლი აიშენა, ფულს იღებს, ესა და ეს ქნა“, და მერე სტალინი ეკითხებოდა – „და, ჩარკვიანი?“ „არა, არა, ჩარკვიანი – ეგეთი რამე, არა.“ ესე იგი, ისინიც ეუბნებოდნენ კარგს. ეტყობა, მართლა იყო სამართლიანი და ცნობილი იყო მისი წესიერება. რაც შეეხება, როგორც ტიპს ხელმძღვანელისას, უყვარდა, მაგალითად, ფეხით სიარული. ისეც არა, რომ სულ მთლად ხალხში ევლო, მაგრამ მაინც. ჰყავდა დაცვა. ძალიან დიდი დაცვა არ იყო, მაგრამ ჰყავდა, ეგრეთ წოდებული, „ლიჩნიკები“, ორი მცველი, რომლებიც ყოველთვის ახლდნენ მას. ჩვენც, ბავშვებსაც, მოგვიჩინეს დაცვა ისე, რომ ჩვენ ეს არ ვიცოდით. ეს იმიტომ, რომ ომის დროს ციხიდან გამოიქცნენ პატიმრები, სიტუაცია დაიძაბა. დაახლოებით, ასეთი დაცვა იყო. ლექსები იყო მამაჩემზე და ერთი ცნობილი პოეტის ლექსიც არის. უფრო სწორად, მამაჩემზე კი არ არის, არამედ – აი, როდესაც სტალინმა წამოიწყო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მიწების დაბრუნებასთან დაკავშირებული კამპანია, იმასთან დაკავშირებით. ლექსს ჰქვია „ოცნება ტრაპიზონის ოლქკომზე“:

„მე ტრაპიზონის ოლქკომში ვზივარ,

ოლქკომის მდივანს ვესაუბრები.

წუხელ გვიანღამ ჰქონდა თათბირი,

დღეს რაიონი თვითონ არკვია.

რეკავს თბილისი და პირდაპირი

ხაზით მდივანი უსმენს ჩარკვიანს...“

ბუნების დიდი მეგობარი ჩარკვიანი

...კლიშე არსებობდა ასეთი და იგულისხმებოდა, რომ პარტიული მუშაკი კაბინეტში ტყუილ-უბრალოდ იჯდა. და მგელაძე როდესაც დანიშნეს, ძალიან აქტიურად დაიწყო – ის საზოგადოებრივ ტუალეტებშიც დარბოდა ხოლმე. მე მას კარგად ვიცნობდი, გაგრაშიც მოდიოდა ხოლმე ჩვენთან. შემდეგ (რაც კანდიდ ჩარკვიანი გაათავისუფლეს) სტალინს ეუბნებოდა – „აი, მე მას ვაკრიტიკებ და თქვენ კი ის ცეკას წევრობის კანდიდატად დატოვეთო.“ რესპუბლიკების პირველი მდივნები იყვნენ საკავშირო ცეკას წევრობის კანდიდატები. არადა, სტალინმა მამაჩემი ცეკას წევრობის კანდიდატად გათავისუფლების შემდეგაც დატოვა. ეს მაშინ ძალიან ბევრს ნიშნავდა მატერიალურად, რადგან ხელფასი გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ის, რასაც იღებდნენ თანამდებობის პირები, როგორც ცეკას წევრები და კანდიდატები. მგელაძე აქვე აკრიტიკებს ჩარკვიანს, თბილისის განაშენიანებით ტყუილად ტრაბახობდაო, მაგრამ ფაქტია, რომ მამაჩემის დროს მოხდა თითქმის ყველაფრის გამწვანება, რაც კი თბილისის ირგვლივ მწვანეა, ბერიამ წამოიწყო ეს საქმე და მამაჩემმა გააგრძელა. ჩვენ დროს იყო ასეთი ცნება – „ტყის მეგობარი“ და მანდატი ყველას გვქონდა, მათ შორის ბავშვებს. მამაჩემი საოცრად „მწვანე“ იყო. მწვანეთა პარტია რომ არსებულიყო, მამაჩემი აუცილებლად ამ პარტიის ლიდერი გახდებოდა. ძალიან კარგად იცოდა ბუნება. მე რაც დღეს ვიცი, ხეების ჯიშები, მცენარეების სახეობები, მამაჩემისგან ვიცი. ბუნებასთან საოცრად დაკავშირებული კაცი იყო. მშენებლობებიც – მაშინ იმდენი მშენებლობა არ იყო, მაგრამ შენდებოდა ფუნდამენტური, ლამაზი სახლები. არქიტექტორი კოტიკო ჩხეიძე, მოდიოდა ხოლმე ჩვენთან და ერთად უყურებდნენ „საქნახშირის“ შენობის პროექტს, ყოველ დეტალს ექცეოდა ყურადღება. ძალიან ერეოდა არქიტექტურულ საქმეებში... და, ქალაქი რუსთავი, საერთოდ მამაჩემის შექმნილია. „რუსთავიც“ რომ ჰქვია, პატარა ამბავია? მაშინ ხომ „მაგნიტოგორსკი“ და „ჟელეზნოგორსკი“ ერქმეოდა ქალაქებს. თვითონ ქარხნის იდეა არ იყო მამაჩემის, მაგრამ ის, რომ ქალაქი ცალკე აშენებულიყო – ამაზე ლაპარაკი არ იყო. მამაჩემს ჰქონდა სტრატეგიული იდეა. მანდ სხვა რაღაც იდო – რომ თბილისსა და აღმოსავლეთს შორის ყოფილიყო კიდევ ერთი ქალაქი, თანაც, ქალაქს სჭირდებოდა წყალი და ნატახტრის საცავი აღარ ჰყოფნიდათ, და ამიტომ, რუსთავის ხარჯზე შემოვიდა ეს მეორე, ბულაჩაურის წყალსადენი. გარდა ამისა, თბილისში მის დროს შეიქმნა ვაკის პარკი, თბილისის ზღვა, მეცნიერებათა აკადემია და ბევრი სხვა რამ.

საიდან გაჩნდა რუსთავი

...კანდიდ ჩარკვიანის გადმოცემით, სტალინის თავდაპირველი წინადადება იყო მეტალურგიული ქარხნის თბილისში აშენება და ამ ქარხანაში ადგილობრივი, თბილისელი მუშების დასაქმება. ეს საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს, ქარხნის მუშებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა თავიდან აერიდებინა. მაგრამ, რამდენიმე საუბრის შედეგად, ჩარკვიანმა შეძლო სტალინის დარწმუნება, რომ თბილისში მსგავსი ქარხნის არსებობა ჰაერის დაბინძურებას გამოიწვევდა და ამიტომ, საჭირო იყო მისი ქალაქგარეთ აშენება. როგორც თავად კანდიდ ჩარკვიანი იხსენებს, ამ საკითხის პოლიტბიუროზე გარჩევისას, მას სრულიად მოულოდნელად, მხარი კლიმენტ ვოროშილოვმა დაუჭირა. ქარხნის ასაშენებლად რუსთავის ველის შერჩევაზე. კანდიდ ჩარკვიანი წერს, რომ „აქ შუა საუკუნეებში მდებარეობდა ცნობილი ქალაქი რუსთავი, თბილისის ფარი სამხრეთიდან მომავალ გზებზე.“ (კანდიდ ჩარკვიანი, „განცდილი და ნააზრევი“ („მერანი“, 2004). გვ. 156, 331).

კანდიდ ჩარკვიანის მმართველობისას თბილისში მოწესრიგდა მტკვრის მარცხენა სანაპირო, აშენდა მეტეხის (დღემდე პოლემიკის საგანი: კანდიდ ჩარკვიანის თქმით, ძველი, ლითონის ხიდი „იმდენად ვიწრო იყო, რომ ზედ მომავალი ორი ეტლი ერთმანეთს გვერდს ვერ აუვლიდა“), ელბაქიძისა (ვერის, ამჟამად გალაკტიონის) და დიდუბის ხიდები. ასევე, აშენდა მეცნიერებათა აკადემიის („საქნახშირის“), სასტუმრო „საქართველოს“, მთავრობის სასახლის, ფიზკულტურის ინსტიტუტისა და სხვა შენობები. მისი ცეკას მდივნობის დროს დასრულდა, ასევე, თბილისის ზღვის გაშენების ძირითადი სამუშაოები და ჩატარდა გახსნის ცერემონია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი