პოლიტიკა

როგორ უნდა დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან და როგორ ამოვიცნოთ ისინი

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 17:46 02.05

ოთარ ხუციშვილი
დაკოპირებულია

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში დაინტერესებულს ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება შეუძლია იმ პირის შესახებ, ვინც აინტერესებს: მისი თითოეული ნაბიჯის შესახებაც კი, აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, თუ რა შეიძინა და რა მომსახურება მიიღო, მათ შორის, ნებისმიერი მის მიერ განხორციელებული ტრანზაქციისაც – ვინმეს ლარიც რომ გადაურიცხოს ან ნებისმიერ ადგილას ვალუტა გადაახურდავოს. ასევე, ხელოვნური თანამგზავრებიდან იმის დადგენაც კი არის შესაძლებელი, თუ რა მარკის სიგარეტს ეწევა ადამიანი, სხვა რამეები ხომ ჩანს და ჩანს. მაგრამ, ამის მიუხედავადაც, ინტერნეტთაღლითობა მოდებულია არა მხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში და სამართალდამცავი სტრუქტურები, ფაქტობრივად, უძლურები არიან თაღლითური გამოძალვების პრევენციისა და უკვე ჩადენილი ინტერნეტთაღლითობების გამოძიების საქმეში. რატომ სჯობნიან დამნაშავეები პოლიციელებს და რატომ იქცა ინტერნეტთაღლითობა, ფაქტობრივად, გაუხსნელ დანაშაულად? – ამ თემაზე თავის აზრს GASE-ის ინოვაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი ოთარ ხუციშვილი გაგვიზიარებს.

– რატომ უსწრებენ დამნაშავეები ერთი ნაბიჯით კანონის დამცველებს? ისე ცინცლავენ ადამიანებს ფულს ინტერნეტით, რომ პოლიცია სრულიად უსარგებლოა.

– ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ყველაზე გლობალური მიზეზი ის არის, რომ ნებისმიერ მასშტაბურ თაღლითურ სქემაში თითქმის ყოველთვის არიან ჩართულები სამართალდამცველებიც. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი შემთხვევაა, რომ სამართალდამცველების ინტერესები გათვალისწინებულია ასეთი სქემებით მოქმედებისას. იმის გამო, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფს არ შეექმნას პრობლემები, სამართალდამცველებს რთავენ ამ პროცესში და ისინიც ეხმარებიან ამ პროცესის წარმოებაში. ეს ის არის, რასაც ჩვენთან „დაკრიშვას“ ეძახიან, მეორე ვარიანტი შედარებით ნაკლებად მასშტაბური სქემებისთვისაა: წინასწარ ამზადებენ ყველაფერს, გარკვეულ პერიოდს არჩევენ და იწყებენ შეტევას ადამიანებზე მათთვის ფულის გამოძალვის მიზნით. რაკი ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი, ხელის შემშლელი ფაქტორები არ ხვდებათ. სამართალდამცველებსაც ხომ სჭირდებათ რაღაც დრო, რომ რეაგირება მოახდნონ?! და სანამ ისინი ირეაგირებენ, ყველაფერი დამთავრებულია. ანუ დროის კონკრეტულ შუალედში ასწრებენ, რომ სარგებელი მიიღონ. გარდა ამისა, შეიძლება, დაზარალებულები იყვნენ და თითოეულს ძალიან დიდი ზიანიც მიადგეს, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ამ კუთხით დაიწყოს გამოძიება. უცხოეთის ქვეყნებში ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანმა დაკარგა საკმაოდ სოლიდური თანხა, მაგრამ ეს მაინც არ იყოს საკმარისი პირობა საიმისოდ, სამართალდამცველებს გამოძიება დაეწყოთ და ამისთვის რესურსი დაეხარჯათ. ეს პრობლემა მსოფლიო მასშტაბისაა.

– გამოდის, ფაქტობრივად, დაუსჯელია ინტერნეტთაღლითობა. ვერავის იჭერენ?

– ხშირად ავლენენ ხოლმე. მაგრამ იმდენად ბევრი ადამიანია ჩართული ინტერნეტთაღლითურ შეტევაში, რომ შეუძლებელია ყველა შემთხვევაზე რეაგირება და ყველას აყვანა. თუმცა, ძალიან ბევრი ჯგუფი, დაჯგუფება თუ კონკრეტული ადამიანი გამოუაშკარავებიათ. ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ არავინ არასდროს დაუჭერიათ. უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის დანაშაული ძალიან დიდ მასშტაბს იღებს, რთულია ამ პრობლემის სრულად აღმოფხვრა.

– გამოძალვით მიღებული თანხა უცხოეთში იგზავნება ხოლმე? ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალეა და ამ გზით გამოძალულ თანხებს, რატომღაც, ვერ აბრუნებენ.

– გააჩნია, ზუსტად თქმა რთულია. ყველა სქემას აქვს პრინციპი, თუ როგორ აპირებენ ამ თანხის მიღებას ისე სუფთად, რომ ვინაობა არსად გამოჩნდეს. ეს დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, საიდან იპარავენ თანხას, რა გზებით. ამის მიხედვით შემუშავდება სქემა, რომ ეს ფული ისე მიიღონ, მათი ვინაობა არ გამჟღავნდეს და ფულის მიღების საკითხი რისკის ქვეშ არ დადგეს.

– რა სქემებია?

– ყველაზე ხშირად ორი სქემა გვხვდება: ერთია, როდესაც მსხვერპლს პირდაპირ ბანკის გამოყენებით არიცხინებენ ფულს რომელიმე უცხოურ ან ქართულ ბანკში. ეს თანხა გადაირიცხება წინასწარ შექმნილ ანგარიშებზე, რომლებიც ყალბი ანგარიშებია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ანგარიშები ეკუთვნით ადამიანებს, რომლებიც რეალურად არ არსებობენ, ანუ ეკუთვნით ვირტუალურ ადამიანებს.

– ბანკში როგორ გახსნის ანგარიშს არარსებული ადამიანი?

– არის ამის შესაძლებლობა. ბანკს აწვდიან არარსებული ადამიანის სახელს, გვარს, ფოტოს, საბუთებს, მისამართს, მაგრამ ეს მონაცემები არარეალურია იმ მხრივ, რომ ამ სახელისა და გვარის ადამიანი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს ან ფოტო, რომელიც გაგზავნილია, არ ეკუთვნის იმ ადამიანს. მეორე სქემაა, რომ ამ თანხას კრიპტოში ახურდავებენ ბანკიდან, რის შემდეგაც ამ თანხის კრიპტოვალუტაში მიღება ბევრად უფრო ადვილია, იმიტომ რომ შედარებით ანონიმური სივრცეა და ნაკლებად კინტროლდება.

– ჩვენს თემას არ ეხება, მაგრამ ოფშორები, როგორც შავი ფულის სამოძრაო სივრცე, არსებობდა და ახლა დაემატა კრიპტოვალუტები, ამავე დანიშნულებით?

– დიახ, კრიპტოს იდეა სხვა რამაა, მაგრამ, ამ მხრივაც, იმავე მიზნობრიობით იყენებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს, რომლებიც ჩართულები არიან ინტერნეტთაღლითობაში, კრიპტო აძლევს მეტ-ნაკლები ანონიმურობის საშუალებას და ბევრად მარტივია ტრანზაქციების მართვა, თუნდაც, გამოძალული ფულის შენახვა და გაქეშება. ამდენად, საკმაოდ მომხიბვლელი რამაა თაღლითებისთვის.

– თუ გაყალბება ასეთი მარტივია, რატომ არ იკრძალება ბანკებში ანგარიშის ონლაინ გახსნა?

– ეს ერთ-ერთი მომსახურებაა, რასაც ბანკი სთავაზობს თავის მომხმარებელს. არის გარკვეული მექანიზმები, რომლებსაც ბანკი იცავს, რომ მსგავსი ანგარიშები არ გაიხსნას, მაგრამ რეალურად ნებისმიერი ამ ტიპის პროცესში თავდამსხმელები ახერხებენ, რაც უნდა დაცვის მექანიზმი ჰქონდეს ბანკს, გვერდი აუარონ ბანკის დაცვის მექანიზმებს. ახერხებენ, ერთგვარი სუსტი წერტილი უპოვონ ბანკს და თავის სასიკეთოდ გამოიყენონ.

– კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი, „მაი მარკეტსა“ და მსგავს პლატფორმებზე ადამიანებს ხშირად ძარცვავენ. როგორც კი რამე პროდუქცია დაიდება გასაყიდად, თაღლითი „ვაიბერზე“ ან „ვოთს აფზე“ უკავშირდება გამყიდველს, ვითომ მყიდველია და ფული გადარიცხა ნივთის შესაძენად. შემდეგ ვითომ იმ პლატფორმებიდან გიკავშირდებიან, გთხოვენ, შეიყვანო შენი საბანკო მონაცემები და შენი ხელით აძლევ შენს ბარათზე არსებულ თანხას. ხომ შეიძლება, ოპერაციის ჩატარება, ანუ ვითომ რამეს ყიდი და ამ დროს პოლიციამ ონლაინ, ტელეფონის ნომრის მეშვეობით დაადგინოს, ვინ თაღლითობს?

– როგორც წესი, არ იყენებენ იმ ნომრებს, რომლებიც მათ რეალურად ეკუთვნით. შესაძლებელია, ადგილმდებარეობის ან მოძრაობის მარშრუტის დადგენა, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი თვალის ასახვევადაა. იყებენებ ტელეფონის ნომერს, რომელიც სხვა ადამიანის ტელეფონშია გააქტიურებული, იმ მიზნით, რომ კვალი არიონ. მეორე მომენტი ისაა, რომ მსგავსი ტიპის საქმეებში არ იყენებენ კონკრეტულ ადამიანზე გაცემულ ნომერს. ინტერნეტში არის შესაბამისი სერვისები, რაც ხელმისაწვდომია და შესაძლებლობას მაძლევს, ვიქირაო რაღაც ნომერი. ანუ დროებით ჩემს მფლობელობაში იყოს, სინამდვილეში კი მე არსად ვჩანვარ; არ ჩანს, რომ ეს ნომერი ჩემია და მე ვიყენებ, მაგრამ ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებებს მე განვკარგავ.

– ჩვენთანაცაა შესაძლებელი ასეთი ნომრების შეძენა?

– დიახ, მსოფლიოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი მსგავსი სერვისები. ინტერნეტში ეს მომსახურება კეთილი მიზნებითაა შექმნილი, თუმცა, უარყოფითი მიზნით იყენებს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, ისევე, როგორც ბანკების მომსახურებას – ანგარიშის ონლაინ გახსნის შესაძლებლობას.

– ჩემი გამოცდილებით, გამოიყენეს კონკრეტული პირის ნომერი, რომელსაც თავის ტელეფონში არ აქვს „ვაიბერი“ და „ვოთს აფი“, მაგრამ ვიღაც თაღლითობს ამ პირის ნომერზე დარეგისტრირებული „ვაიბერით“ ან „ვოთს აფით“. ხომ არის შესაძლებელი ადგილმდებარეობის გამოცნობა?

– ეს არ არის რთული. ანუ რთული არ არის შესაბამისი უწყებებისთვის, თორემ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რა თქმა უნდა, რთულია. მაგრამ ბოლომდე სანდო გზა არ არის იმისთვის, რომ მივაკვლიოთ კვალს: იმიტომ რომ შესაძლებელია, იმ ნომერს თვალის ასახვევად იყენებდეს ან დროებით.

როგორ შეიძლება, დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან?

– როდესაც ჩართული ვართ პროცესში, რომლის დროსაც აუცილებელია საბანკო მონაცემები, თუ რამე საეჭვო მივიჩნიეთ, ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. არ უნდა დავაიგნოროთ ფაქტი. თუ გვეჩვენება, რომ რაღაც საეჭვოა, ესე იგი, მართლაც საეჭვოა. ბევრი ამბობს, კი გამიკვირდა ეს რომ მთხოვეს, მაგრამ მაინც მივეცი მოთხოვნილი ინფორმაცია. თუ გაგიკვირდათ, თუ რამემ დაგაეჭვათ, მაშინვე შეწყვიტეთ ვირტუალური ურთიერთობა. ჯობია, კრიტიკულები გავხდეთ, რადგან ისეთი ინფორმაციაც კი, რაც, ერთი შეხედვით, თითქოს არაფერს აძლევს თავდამსხმელს, შეიძლება, ფაზლის ნაწილი იყოს და მისი დახმარებით სრული სურათი შეიქმნას.

– იცის ვინმემ ჩემი პირადი ნომერი ან ბარათის ნომერი, რა შეიძლება, დამიშავოს ამით?

– ჩვენი ტელეფონის ნომერი და პირადი ნომერიც კი შეიძლება, ბევრმა ადამიანმა იცოდეს და თუ ეს ინფორმაცია „შესაბამის“ ხელში აღმოჩნდა, იმ ადამიანმა მარტივად გამოიყენოს ჩვენ წინააღმდეგ. ჯერ ერთი, თუ ადამიანზე შეტევას ვაპირებ, ასეთ ინფორმაციას ვიყენებ მისი ნდობის მოსაპოვებლად და ამ მონაცემებზე დაყრდნობით სცენარის დადგმას, რითაც მინდა, მოვატყუო. ეს საქმეს მიმარტივებს. იმიტომ რომ, თუ მე ვიცი თქვენი საბანკო მონაცემები, ჩემთვის მარტივია, შევქმნა ფიშინგ კამპანია, რომელიც ბანკიდან მოგივათ, რეალურად კი – ჩემგან და ვახსენო ის მონაცემები, რომლებიც ვიცი თქვენ შესახებ. ეს ფსიქოლოგიური მომენტია და თქვენ გიჩნდებათ განცდა, რომ მართლაც ბანკიდან გიკავშირდებიან, იმიტომ რომ მსგავსი ინფორმაცია სხვას არ ეცოდინებოდა. ამდენად, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენგან მოითხოვენ და ლოგიკურად არ უნდა სჭირდებოდეთ, ეჭვის გაჩენის საფუძველია. ასე რომ, უნდა გავცეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია. და, ზოგადადაც, ყველას ვურჩევ ხოლმე, რომ თანხა იქონიონ დაცულ საბანაკო ანგარიშებზე, გამოიყენონ. მაგალითად, „ჩემი სეიფი“, რომელიც უფრო დაცულია და ბარათზე თანხა გადაიტანონ უშუალოდ გადახდამდე. რაც მთავარია, მაინც გავიმეორებ – როდესაც რაღაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ, დაუჯერეთ თქვენს ეჭვს, ეს აუცილებლად დაგიცავთ თაღლითების თავდასხმისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი