პოლიტიკა

ვიზიტი ამერიკულად

№19

ავტორი: ნინო კანდელაკი 18:00 13.05

ამბები
დაკოპირებულია

ანუ გაცილება ჩინურად

მსოფლიო ახალი გადანაწილების პროცესის მოწმენი ვართ და რადგან ეს ტორტის განაწილება არ არის, სისხლიც ბლომად იღვრება და კიდევ დაიღვრება. მეორე მხრივ, ჩვენი ზომა-წონის სახელმწიფოები ამგვარ ამბებში, ჩვეულებისამებრ, ნაფოტების როლს ასრულებენ (ოღონდ ჩვენ კვლავ სამყაროს ჭიპი გვგონია საკუთარი თავი).

მაგრამ, რაკი გადანაწილებაა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (ენტონი ბლინკენი) ჩინეთს ეწვია (სხვათა შორის, სი ძინპინისთვის თითის დასაქნევად – რუსეთს ნუ აწვდი შეიარაღებასო), მეორე მხრივ, არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტიც, ჩინეთს რომ ეუბნები, რუსეთს ნუ ეხმარებიო და ამ დროს ჩინეთის განეიტრალებაში მოკავშირედ რუსეთს რომ მოიაზრებ (გადანაწილების ბოლოსკენ, რასაკვირველია).

ერთი სიტყვით, აშშ-მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას თითი დაუქნია, ამ უკანასკნელმა კი ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქების გამოძიება მოითხოვა.

ჩვენ არ ვიცით, დაფრთხა თუ არა ჩინეთი, მაგრამ ვიცით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთის არც ერთმა ოფიციალურმა პირმა არ გააცილა (საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დემარშია). თუმცა, ვინაიდან ემოციები პოლიტიკაში მოსატანი არ არის (ეს ჩვენ გვიყვარს ან გვძულს და ძირითადად, აქედან გამომდინარე ვმოქმედებთ), რაზე ვერ მოილაპარაკეს, ამას ორი ქვეყნის ქმედებები გვიჩვენებს.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ სულ ახლახან აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დახმარება, მათ შორის, ტაივანსაც გამოუყო (ჩინეთისგან გამოყოფა რომ უნდა), იბადება კითხვა: ტაივანს თუ აქვს დამოუკიდებლობის უფლება, ლოგიკურად, დე ფაქტო აფხაზეთსაც ჰქონია?! ამდენად კი, მყარდება ეჭვი, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემაა ამა თუ იმ ერის თვითგამორკვევის უფლება თუ რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა