პოლიტიკა

რატომ შეიქმნა ოფშორული ზონები და რატომ მისცეს მდიდარ ადამიანებს თავიანთი ფულის დამალვის შესაძლებლობა

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 08.05

სოსო არჩვაძე
დაკოპირებულია

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი ოფშორებიდან ფულის გადმოტანაზე, რამაც საზოგადოებრივი ვნებათაღელვა გამოიწვია, დიდი ეჭვი მაქვს, იმიტომაც რომ ადამიანებს მეტად შავ-თეთრი წარმოდგენა აქვთ ოფშორების რაობასა და დანიშნულებაზე. ამიტომ აქვე შეგახსენებთ, რომ ოფშორები იმ მიზნით შეიქმნა, რომ ფულიანი ადამიანებისთვის, ანუ მდიდრებისთვის, ერთგვარი თავისუფალი სივრცე შეექმნათ, რაც ნაშოვნი ფულის თავისუფლად განკარგვის საშუალებას მისცემდა და მათ უმეტეს, ნაწილს გადასახადებში არ დაახარჯვინებდა. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად ვისაუბრებთ ხსენებული კანონპროექტისა და ოფშორების შექმნის მიზნის შესახებ.

– საიდან და როგორ გაჩნდა ოფშორების შექმნის იდეა და რატომ გახდა ოფშორული ზონები აუცილებელი განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის?

– ზოგადად, ოფშორები, შეიქმნა ეკონომიკის განვითარებისთვის და ცალკეული ეკონომიკური, ფინანსური, საბანკო სფეროს ინტერესების დაცვისთვის. ამ მიზნით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს გაჩნდა ოფშორები – ანდორა, ლიხტენშტაინი, მალტა, მონაკო, გიბრალტარი. კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები, ბაჰამის, ბერმუდის, კაიმანის, ვირჯინიის კუნძულები და ასე შემდეგ. დიდი ჩამონათვალია. სხვათა შორის, საქართველოს მთავრობამ წინა ხელისუფლების დროს, ჯერ კიდევ 2010 წელს, მიიღო გადაწყვეტილება ოფშორების შესახებ: 79 ქვეყნის იურისდიქციით, 200 ტერიტორიის მიხედვით განსაზღვრა შეღავათიანი დაბეგვრის ოფშორული ქვეყნების ჩამონათვალი.

– რა თავისებურება ახასიათებს ოფშორებს?

– ოფშორულ ზონებში მარტივი რეგისტრაცია და მცირეოდენი გადასახადი, გადასახადის გადამხდელთა კონფიდენციალურობა და ის, რომ მოგების დიდი ნაწილი მათ რჩებათ. ესე იგი, დაბალი და ნულოვანი გადასახადები, კორპორაციული მართვისა და ანგარიშგების მარტივი წესები, ბიზნესის რეალური მფლობელის დამალვის შესაძლებლობა არის ის ბონუსები, რაც იზიდავს ინვესტორებს ან კაპიტალის მფლობელებს, რომ თავიანთი კაპიტალი ოფშორებში დაარეგისტრირონ. საკმაოდ დიდი მოცულობა აქვთ: გლობალური მსოფლიო ეკონომიკის, დაახლოებით, 7 პროცენტი, ხოლო შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის გამო ყოველწლიურად, დაახლოებით, 7 ტრილიონ დოლარამდე ეკონომიას ეწევიან ის ფორმები და კომპანიები, რომლებიც ოფშორულ ზონებშია რეგისტრირებული. მასშტაბურად ეს იმაზე მეტია, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ან ბრაზილიის ეკონომიკის წლიური მოცულობა.

– ოფშორები რა მოგებას ნახულობენ?

– რეგისტრაციასა და მომსახურებაზე საკმაოდ დიდი თანხა რჩებათ და, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები სწორედ ოფშორების ხარჯზე ვითარდებიან და ნადუღზე ქაფით საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აქვთ. ასეთი იყო თავის დროზე კვიპროსიც, თუმცა ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ ეს ქვეყანაც დაექვემდებარა საერთო წესებს.

– ევროკავშირის ქვეყანაში არ შეიძლება, იყოს ოფშორული ზონა?

– ევროკავშირის ცალკეულ ტერიტორიაზე შემორჩა ოფშორები: ბრიტანეთის ცალკეულ კუნძულებზე, იმავე გიბრალტარში, თუმცა, კონტინენტურ ნაწილში შედარებით ნაკლებია, მაგრამ ანდორა, ლიხტენშტაინი ინარჩუნებენ.

– საბერძნეთი რატომ დაჩაგრეს?

– ეტყობა, ეკონომიკის სიდიდისა და მასშტაბის გათვალისწინებითა და სხვა მიზეზებით. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ ოფშორების მიმართ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა არის ამ ორგანიზაციის წევრი, მეტი სიცხადისა და პრეფერენციების ჩამოცილებაზე, რაც ოფშორებს აქვთ. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილავდა კანონპროექტს საქართველოში ოფშორებიდან თანხის გადმოტანაზე, თქვა, რომ ოფშორებმა დაკარგა ის ეკონომიკური მომხიბვლელობა, რაც მანამდე ჰქონდა და ოფშორები თანდათანობით, მართლაც, კარგავს მიმზიდველობას.

– რატომ?

– მიდის მუშაობა, რომ იყოს გახსნილი ანონიმურობა, დაცულობა თანდათანობით უფრო ტრანსფარენტული ხდება. შესაბამისად, თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ მიზეზთა გამო ოფშორებში კაპიტალი გადამალოს, სხვაგან წაიღებს. საქართველო, დამოუკიდებლობის შემდეგ, ოფშორებს გაუშინაურდა და ახორციელებდა, ეგრეთ წოდებულ, დაბრუნებად ინვესტიციებს. ეს არის კვაზი-ინვესტიციები, როდესაც ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში ახორციელებენ ინვესტიციებს ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების სახელით.

– ასეთი შემოვლითი გზა რატომ არის მოგებიანი?

– იმიტომ რომ, გადასახადებს არ იხდიან, შავი ფული თეთრდება და კომუნისტურ ჩინეთშიც კი ასეთი ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში 27 პროცენტია. საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა (2018-2021 წლებში), ივანე მაჭავარიანმა, თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა, რომ, სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ისტორიის განმავლობაში საქართველოში ყოველწლიურად შემოსული უცხოური ინვესტიციების 60-70 პროცენტი, სინამდვილეში, ქართული ინვესტიციებია, აქედან გატანილი და სხვა ქვეყნიდან ან ოფშორიდან შემოტანილი.

– აქედან გატანილი რას ნიშნავს, აქ მოპარულს?

– სიტყვა „მოპარული“ ცოტა პათეტიკურია, ეს იყო სხვადასხვა მიზეზით ქვეყნიდან გატანილი თანხა. ემოციურ მუხტზე თქვა მინისტრმა, თუმცა, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ოფშორიდან შემოსული ინვესტიციები მთლიანი ინვესტიციების ლამის 40 პროცენტს შეადგენდა. ამიტომ ეს ბოლო კანონი, თავისი ხასიათით, სიახლე არ არის და ნუ ვიქნებით რომის პაპზე მეტად კათოლიკენი, მთელ მსოფლიოში ეს პროცესი ხორციელდება და იმის თქმა, რომ თანხა შემოდის გადასახადების გარეშე, არასწორია: უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ საქართველომ უნდა მიიღოს დამატებითი კაპიტალი იმისთვის, რომ წარმოება განვითარდეს.

– რას გულისხმობს საქართველოს მიერ მიღებული კანონი ოფშორების შესახებ და რა განსხვავებაა მანამდე არსებულსა და ამ კანონით დადგენილ წესებს შორის?

– ეს კანონი, უპირველესად, გულისხმობს, რომ საქართველოში შემოვა კაპიტალი და 2030 წლამდე შემომტანს შეუძლია, ისარგებლოს დაბეგვრის შეღავათიანი წესებით: გადასახადები არ გადაიხადოს, იმპორტის, ქონებისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით. ფაქტობრივად, სტიმული ეძლევა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ოფშორულ ზონაში, არსებულ კაპიტალს, შემოვიდეს საქართველოში. ამით ბიუჯეტი, ერთი შეხედვით, არაფერს იხეირებს, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ არა, როგორც ერთჯერად აქტს, არამედ, როგორც კვლავ წარმოებით პროცესს. პირველ ეტაპზე ბიუჯეტში თანხა არ შედის, მაგრამ ამ თანხით იქმნება მეტი სამუშაო ადგილი. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას. მეტი დასაქმება ნიშნავს მეტ საშემოსავლო გადასახადს, ესე იგი, სახელმწიფო იღებს მეტ შემოსავალს ბიუჯეტში და ეს ემსახურება ეროვნული წარმოების განვითარებას. ანუ ჩვენ ვახდენთ სტიმულირებას, რომ ის კაპიტალი, რომელიც შეიძლება, წასულიყო სხვა ქვეყნებში, შემოვიდეს საქართველოში. მოგეხსენებათ, ქვეყნებს შორის კონკურენციაა კაპიტალის მოზიდვაზე. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოფშორიდან იქნება თუ რომელიმე ქვეყნიდან და კომპანიიდან. ჩვენ უნდა შევძლოთ მათი დაინტერესება. ჩვენი ბაზარი აბსოლუტურად ღიაა და არ გვაქვს ისეთი დახურული სეგმენტი და სექტორი, რომ ინვესტორს შეეზღუდოს შემოსვლა და, თუ ინვესტორი აკმაყოფილებს გამჭვირვალობის კრიტერიუმებს, ოფშორიდან ფულის მიღება არ უნდა ქმნიდეს პრობლემას არც საქართველოში და არც სადმე, სხვაგან. ჩვენ გვინდა ბევრი უცხოური ინვესტიცია, რომ შევძლოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ის ტემპი, რაც ახლა გვაქვს, დაგვეხმარება, რომ 2030 წლისთვის გავიდეთ ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლის – ბულგარეთის - დონეზე, მაგრამ იმ პერიოდისთვის ბულგარეთს არანაირი მოტივაცია არ ექნება, რომ დაგველოდოს, რომ შემდეგ ჩვენთან ხელიხელჩაჭიდებულმა გააგრძელოს წინსვლა. ის წინ იქნება წასული და, ამდენად, ჩვენ უნდა განვაგრძოთ მაღალი ტემპებით განვითარება, რომ არა მხოლოდ ევროკავშირის სუსტ, არამედ განვითარებულ ქვეყნებსაც დავეწიოთ. ამისთვის აუცილებელია ეკონომიკის ზრდის გაცილებით მაღალი ტემპი. გაცილებით მაღალი ტემპის უზრუნველყოფა კი შეუძლია ჭარბ კაპიტალს ქვეყნის ეკონომიკაში. ამის მოზიდვის საშუალებაა ოფშორებიდან და ეს ნაბიჯი, კანონის მიღება, სწორედ ამას ემსახურება.

– ითქვა, რომ ეს კანონი მიიღეს სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის.

– არამარტო ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩვენ ერთ რამეში უნდა შევთანხმდეთ: უნდა დაიძლიოს საბჭოური მენტალიტეტი. საბჭოური მენტალიტეტი ნიშნავდა თანასწორობას სიღარიბეში, ხოლო ჩვენ უნდა ვაღიაროთ და გავაცნობიეროთ, რომ იქნება უთანასწორობა, მაგრამ უთანასწორობა სიმდიდრეში. და რა გვირჩევნია: თანასწორობა სიღარიბეში, თუ უთანასწორობა სიმდიდრეში?! საბაზრო ეკონომიკა აყალიბებს პარადიგმას, რომ უნდა ვიცხოვროთ მდიდრულად, ოღონდ ეს სიმდიდრე იქნება განსხვავებული: ზოგს უფრო მეტი სიმდიდრე ექნება და ზოგს – ნაკლები. ეს ბაზრის იმანენტური თვისებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიბლიური იგავივით გამოგვივა, კაცს რომ ნებისმიერი სურვილის ასრულებას სთავაზობენ, ოღონდ მეზობელს ორჯერ მეტს მივცემო და, მაშინ ცალი თვალი ამომთხარეო. იმის შიშით, რომ ვიღაცამ ჩვენზე მეტი არ მიიღოს და არ გამდიდრდეს, უარი არ უნდა ვთქვათ იმ პრეფერენციებზე, რასაც საბაზრო ეკონომიკა იძლევა და იმ დამატებით კაპიტალზე, რაც ოფშორებიდან შეგვიძლია, მივიღოთ.

– რატომ გახდა აუცილებელი, რომ ადამიანებისთვის მიეცათ საშუალება, ფული დაემალათ ოფშორებში?

– არსებობს საგადასახადო მენტალიტეტი და საგადასახადო მორალი. მენტალიტეტი ხშირად ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს. არავის უნდა ზედმეტი გადასახადის გადახდა. წლების წინ შევხვდი აშშ-ის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს. მოგეხსენებათ, ამერიკელების გამონათქვამია, რომ ორი რამაა გარდაუვალი, სიკვდილი და გადასახადები. მან დამისახელა რიცხვი – ეგვიპტის ან საუდის არაბეთის წლიური ეკონომიკის მოცულობა. ეს არის ის თანხა, რაც აკლდება აშშ-ის ხაზინის ბიუჯეტის შემოსავლებს იმის გამო, რომ კორპორაციები და ფიზიკური პირები, ათასი ხერხით და საშუალებით, მაინც ახერხებენ გადასახადების დამალვას. და მეც ხუმრობით ვუპასუხე: ვოცნებობ დროზე, როდესაც საქართველოს ექნება იმხელა ეკონომიკა, რასაც თქვენი გადასახადის გადამხდელები უმალავენ ამერიკის ხაზინას-მეთქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი