პოლიტიკა

როგორ აყალიბებს სქესს გენები და რატომ ჩამოაყალიბა გარემო პირობებმა სხვადასხვანაირი გენები

№18

ავტორი: ნინო ხაჩიძე 18:00 01.05

კახი სახლთუხუცესი
დაკოპირებულია

როგორც წესი, გვაინტერესებს ხოლმე, რა კავშირი აქვს ჩვენს გენეტიკას კავკასიელებთან, ასევე, ევროპელებთან, ვეძებთ ჩვენს ფესვებს, მაგრამ ყურადღების მიღმა დაგვრჩა იმ ადამიანთა გენეტიკურ კოდში მსგავსება-განსხვავებები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის კანი აქვთ. განსხვავდებიან ერთმანეთისგან თეთრ, შავ, ყვითელ და წითელკანიანი ადამიანები? ამ თემაზე ქართული გენეტიკური პროექტის ხელმძღვანელთან, კახი სახლთუხუცესთან, ერთად ვისაუბრებთ.

– ახლა არაა მიღებული რასებზე ლაპარაკი, თუმცა მე არ მესმის, რატომ, ვინაიდან კანის ფერი, უბრალოდ, კანის ფერია, ისევე, როგორც ზოგს ლურჯი ფერის თვალები აქვს და ზოგსაც – შავი. კანის ფერი დაკავშირებულია გარკვეულ გენებთან?

– დღეს რასებზე საუბარი მიღებული არ არის და არც ადრე გაირჩეოდა რასები მხოლოდ კანის ფერის მიხედვით. კანის ფერი, კანის პირგმენტაცია მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, უმთავრესია გარემო და გარკვეული გენები, რომლებიც D და B9 ვიტამინების სინთეზს უკავშირდებიან. სხვათა შორის, ერთი და იმავე კანის ფერის მქონე ადამიანი შეიძლება, სხვადასხვა რასას ეკუთვნოდეს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. იმავე აფრიკაშიც ყველა ერთ რასას არ ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, რომ კანის ერთი ფერი აქვთ. ქართველმა მეცნიერმა აბდუშელიშვილმა 50 წელზე მეტი ხნის წინ შესანიშნავი გამოკვლევები ჩაატარა და მრავალი რასა და ქვერასა გამოყო. მან თქვა, რომ მხოლოდ კანის ფერი არ განსაზღვრავს იმას, რასაც ჩვენ რასაც ვუწოდებთ.

– კიდევ რა განსაზღვრავს?

– იქ არის ანთროპოლოგიური მონაცემები, ძვლების განლაგება, მათი პროპორციები და ასე შემდეგ.

– გენეტიკასთან არ არის დაკავშირებული?

– იმდენადაა დაკავშირებული, რომ ეს ყველაფერი გარკვეული გენების კომბინაციით გამოიხატება, მაგრამ რომელია ქათამი და რომელი კვერცხი, ადვილად არ ითქმება. შეიძლება, ყველა ეს გენი გვქონდეს, მაგრამ გარემო ფაქტორები განსაზღვრავს, რომელი გენი გააქტიურდება და რომელი – არა. ისევ კანის ფერს რომ დავუბრუნდეთ: დღეს ცნობილია ცხრა მთავარი გენი, რომლებიც განსაზღვრავენ კანის პიგმენტაციას, ანუ მელანინის შემცველობას. მელანინი არის ბუნებრივი საღებავი, ბუნებრივი პიგმენტი და კანში ის განსაზღვრავს, თუ რა ფერის კანი გვექნება ჩვენ.

– ანუ ერთი მელანინი განსაზღვრავს, კანი თეთრი იქნება, შავი, ყვითელი თუ წითელი?

– დიახ. იმიტომ რომ მელანინის რაოდენობა და მისი უჯრედებში გადანაწილება იძლევა კანის ფერს. სხვა იქ არაფერია, რაც კანის ფერზე იმოქმედებდა. ამ ფერს იძლევა მხოლოდ ამ პიგმენტის კანში განლაგება: რამდენია, რა სიღრმეში, რა სიხშირით... სხვა საიდუმლო იქ არ არის. მაგრამ ის, თუ როგორ გამოიხატება მელანინის გავრცელება, რა თქმა უნდა, გენებზეა დამოკიდებული, გენების აქტიურობა კი დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე, სად ცხოვრობს ესა თუ ის პოპულაცია, რაც ახლოს ცხოვრობს ეკვატორთან, მით მუქია კანი და რაც ეკვატორის ჩრდილოეთით ან სამხრეთით – უფრო ღია ფერის კანია. მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია საკვები. ანუ ორი მთავარი ფაქტორია: გვჭირდება ვიტამინი B9, რაც უმთავრესია ნაყოფის განვითარებისთვის, უჯრედების განვითარებისთვის და აუცილებლად გვჭირდება ვიტამინი D, რომელიც გადამწყვეტია ძვლების, იმუნიტეტისა და მეტაბოლიზმისთვის. ორივეზე ზემოქმედებს ულტრაიისფერი გამოსხივება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, სად ცხოვრობს ადამიანი: ეკვატორთან ახლოს თუ შორს. ულტრაიისფერი გამოსხივება აუცილებელია D ვიტამინის გამომუშავებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მისი დიდი დოზა აზიანებს უჯრედებს, რომლებიც გამოიმუშავებენ B9 ვიტამინს. ამიტომ, ასეთ დროს სხეულის დამცავი მექანიზმი ამოქმედდება და აქტიურდება გენები, რომლებიც ამ ბუნებრივ საღებავს, მელანინს, გამოიმუშავებენ. ასე ბალანსდება ეს პროცესი. რადგან ორივე სახეობის ვიტამინი გვჭირდება, ჩვენი კანი ცდილობს, მოერგოს გარემოს: თუ ბევრი ულტრაიისფერი გამოსხივებაა, ბევრ D ვიტამინს გამოვიმუშავებთ, ძალიან ნაკლები თუ იქნება მზის ულტრაიისფერი სხივები, ეს დააზიანებს კანს და შედეგად, პოპულაცია ვერ გამრავლდება და რამდენიმე თაობაში შეიძლება, ამოწყდეს და იმ ადგილზე ვეღარ დარჩეს, სადაც ეს კონკრეტული ფაქტორი – ულტრაიისფერი გამოსხივება – არსებობს.

– ანუ თვალი ფერიც გარემოზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ გენებზე?

– რა თქმა უნდა. იგივე გენები, რომლებიც განსაზღვრავენ კანის ფერს, თმისა და თვალის ფერზე არიან პასუხისმგებელი. კომპლექსური პროცესია, მაგრამ ამ გენების არსებობა-არარსებობა, მათი აქტიურობა-პასიურობა მოქმედებს თმისა და თვალის ფერზეც.

– ფორმაზეც? შუა აზიელებსა და ჩინელების, კორეელების წვრილი ფორმის თვალებიც ამას უკავშირდება?

– ესეც ადაპტაციის შედეგია. როდესაც მათი წინაპარი მოხვდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩრდილი არ იყო და ძლიერი ქარები ქროდა, მოხდა ადაპტაცია. თუმცა ეს ცოტა სხვანაირი ადაპტაციაა და ამ გენებთან, ანუ მელანინთან კავშირი არ აქვს. სხვა გენები მონაწილეობს, მაგრამ ესეც შეგუებაა გარემო პირობებთან.

– გამოდის, რომ, როდესაც ამბობენ, შესაძლებელია გენებზე ზემოქმედება გარემო პირობებით, ეს მართლაც ასეა.

– რა თქმა უნდა, ოღონდ ეს პირდაპირ კი არ ხდება, არამედ გადარჩევაა. ადამიანებს, თუ ისინი უფრო მოერგებიან გარკვეულ გარემოს, ეს აძლევს უპირატესობას, შემდეგ ეს გადაეცემა მათ შთამომავლობას და იმავე პოპულაციაში ის ადამიანები, რომლებიც ამას ვერ მოახერხებენ, ადრე გარდაიცვლებიან ან შვილები არ ეყოლებათ. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ პერიოდზე, როდესაც დამცავი მექანიზმები არ არსებობდა, რასაც დღეს ჩვენ გვაძლევს ტექნოლოგიები და სამედიცინო მიღწევები. ძველად, თუ D ვიტამინის ნაკლებობის გამო რაქიტი დაგემართებოდა, შთამომავლობა არ გეყოლებოდა. გარე ფაქტორების კონტროლი დავიწყეთ, რაც მიწათმოქმედებას მივყავით ხელი, დაახლოებით, 10 000 წლის წინათ. ახლა შედარებით შენელდა ეს ზეგავლენა, მაგრამ, როდესაც ყალიბდებოდა კანის ფერი, თვალების მოყვანილობა და სხვა თითქმის სრულად გარემო ფაქტორებზე ვიყავით დამოკიდებული.

– ალბათ, ამიტომაცაა, რომ სხვა ეროვნების ადამიანი, მისი მენტალობაც, ჩვევებიც, ხომ გარკვეულწილად გენეტიკურია, როდესაც სხვა გარემოში მოხვდება, ემსგავსება იმ ხალხს, რომელთა გარემოშიც მოხვდა?

– ეს ცოტა სხვა საკითხია, მაგრამ ადამიანები, ზოგადად, ვართ ყველაზე შემგუებელი არსებები, ქართველებზეც შეიძლება, ეს ითქვას, ქართველები, სადაც მივდივართ, იქაურ ქუდს ვიხურავთ. ეს გადარჩენის ინსტინქტია და ემსგავსები იმ პოპულაციას და იმ გარემოს, სადაც ცხოვრობ, თუ გინდა, რომ გადარჩე. ეს ყველგან მუდმივმოქმედი ფაქტორია ადამიანებშიც და ცხოველებშიც.

– ჩემი სქესის იდენტიფიკაცია უფრო გენეტიკაა თუ ჰორმონები?

– არც ჰორმონია და არც გენეტიკა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაზრდი ადამიანს. ანუ ეს უფრო სოციო-კულტურული საკითხია.

– მე რომ დავიბადე ქალად, ეს ხომ მოცემულია ჩემს გენეტიკურ კოდში?

– თავისთავად, მამაკაცს აქვს სქესობრივი ქრომოსომები „იქსი“ და „იგრეკი“, ქალებს აქვთ მხოლოდ „იქსი“. შესაბამისად, სქესთა შორის სხვაობა გენეტიკურ დონეზეც ჩანს. როდესაც ჩონჩხებს აღმოაჩენენ. მაგალითად, მენჯის ზომით ხვდებიან, რომ ქალია. რა თქმა უნდა, სქესი გენეტიკურადაა განპირობებული.

– მე მაქვს მხოლოდ „იქს“ ქრომოსომა, მაგრამ გარემო მეუბნება, რომ შემიძლია, ვიყო მამაკაცი, თუ მსურს (ჯვარი მწერია), ფსიქო–სოციალურად შეიძლება, მამაკაცური ქცევები გამიჩნდეს, მაგრამ „იგრეკ“ ქრომოსომაც გამიჩნდება? შეგნებულად ვაზუსტებ.

– რა თქმა უნდა, არა. რითაც დაიბადება ადამიანი, ის გენები აქვს. თუ ოდესმე გენეტიკური ინჟინერია იმ დონეზე მივა, რომ ეს შეიცვალოს, არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ამ ეტაპზე და ბუნებრივად ეს გამორიცხულია.

– ადამიანის კონკრეტული სახეობა რომ გადარჩენილიყო, უნდა შეჰგუებოდა გარემოსო. ანუ მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორები იგულისხმება. გენებიც ერგება გარემოს?

– დიახ, მაგრამ ჩვენ უმთავრესად ვსაუბრობთ პოპულაციაზე და არა ინდივიდებზე, იმიტომ რომ ბუნებისთვის მთავარია პოპულაცია, ინდივიდს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ამდენად, კონკრეტული ადამიანის ქცევას პოპულაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ კრიტიკულ მასამდე არ შემცირდება ის პოპულაცია. ხოლო, თუ კრიტიკულ მასამდე შემცირდება, შემდეგ რამდენად შეძლებს შემდეგი თაობისთვის ამის გადაცემას, ამაზეა დამოკიდებული მისი გადარჩენა. ბუნების კანონით, თუ მემკვიდრეობას არ გადაეცა ცვლილებები, იმ თაობაში შეჩერდება იმ პოპულაციის არსებობა.

– მაგალითად, ჩვენ და ჩრდილო კავკასიელებს გვაქვს საერთო გენეტიკა. სხვა კანის ფერისა და ძვლების მოყვანილობის მქონე ადამიანთა პოპულაციებს რა აქვს საერთო?

– ადვილი არ არის პასუხის გაცემა. გენეტიკურად ძალიან მცირედ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თუმცა, რადგან ამდენი მონაცემთა ბაზა არსებობს, ვამჩნევთ მცირეოდენ განსხვავებებსაც კი. დღევანდელი პოპულაციების გენეტიკური კომბინაცია, რაც ჩვენად გვაქცევს, კარგა ხანია, ჩამოყალიბებულია და ამიტომ გვაქვს გარკვეული კონკრეტული სახე. რა თქმა უნდა, ჩრდილო კავკასიელებსა და და ჩვენ შორის არის საერთო, მაგრამ არა რამე განსაკუთრებული. ჩვენ, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უფრო სამხრეთის, ანატოლიის, ხმელთაშუა ზღვის გენეტიკური გავლენა გვაქვს, მათ აქვთ – სტეპებიდან. ასე რომ, განსხვავებაც ბევრია, მაგრამ რასობრივად ერთი ხალხი ვართ, რა თქმა უნდა, ევროპელებთან ერთად. როდესაც გენეტიკური მონაცემების პროეცირება ხდება, გენეტიკური მონაცემების რუკაზე აშკარად ჩანს, რომელი პოპულაცია როგორ ჯგუფდება და ჩვენ, კავკასიელები, ევროპელები და ახლო აღმოსავლეთის ხალხი ერთ პატარა კონტინენტს, დაჯგუფებას ვქმნით. ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამ გვაქვს საერთო და უმთავრესად, საერთო წინაპრული ჯგუფების შთამომავლები ვართ. ცალკე დაჯგუფებებს ქმნიან, მაგალითად, აფრიკელები და ჩინელები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი