პოლიტიკა

რატომ არის საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა გაუნათლებლობა და გამყიდველი ინტელექტუალური ელიტები

№17

ავტორი: ნინო ხაჩიძე 13:00 01.05

დემურ გიორხელიძე
დაკოპირებულია

როდესაც ჩვენებურ პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებას გადაავლებ თვალს, ჯერ ერთი, რთულია, იპოვო გონივრული მსჯელობა და მოქმედება და, მეორე მხრივ, აშკარაა გულუბრყვილობის ზეიმი: გვჯერა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების შეუვალობის, დემოკრატიის პრინციპების ერთგულების, სამყაროს ნათელ და ბნელ ძალებად დაყოფის, პოლიტიკაში სიყვარულისა და მეგობრობის, თავგანწირული ბრძოლის სასიკეთოდ დასრულებით, მტრების დედამიწის პირიდან მოსვრისა და ამგვარი რომანტიკული პათეტიკის. სამწუხაროდ, შექმნილი ვითარება, როდესაც ემოციებით მოქმედება ერთადერთ სწორ გზადაა მიჩნეული, ვერანაირ კეთილ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს და, რაც მთავარია, იბადება კითხვა, როდის გამოეცალა გონი ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას და რატომ ვემსგავსებით (რბილად ვამბობ) უკანასკნელ რომანტიკოს ბავშვებს დედამიწაზე?! – ამ თემაზე დემურ გიორხელიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– სულ ასეთები ვიყავით, თუ როდის შეგვეყარა ასეთი არაადეკვატურობა?

– ამის მიზეზია ჩვენი ისტორიის არცოდნა. როგორ ვითარდებოდა ქართველი საზოგადოება, რა პირობებში, რა პრობლემები იყო, ფაქტობრივად, ბნელითაა მოცული ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში, არადა თითქმის ყველაფერი ცნობილია, რა როგორ იყო, მაგრამ ისიც იყო, რომ სხვას დამორჩილებულ ქვეყანაში თითქოს რაღაც გამართლება ჰქონდა ამ წარსულის შარავანდედით შემოსვას. ოღონდ, როდესაც ხელში ჩაგვივარდა სახელმწიფო, უპირველესად, 1918 წელს ვგულისხმობ, აღმოჩნდა, რომ საზოგადოება მზად არ იყო ამისთვის, ვინაიდან მისი პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა არ იყო მზად დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის და ამიტომ ისინი ტრადიციული ნარატივების ფარგლებში განაგრძობდნენ საქმიანობას, რაც, სულაც, არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ საზოგადოებას სწორი ორიენტირები ჰქონდეს. საქმე ის არის, რომ ინტელექტუალური ელიტის პრობლემაა საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა, მათი უდიდესი უმრავლესობა კი ყოველთვის გამყიდველი ხალხი იყო და გამყიდველებად დარჩნენ დღესაც და, როგორც კომუნისტების დროსაც, მათი ხელშეწყობით დაიქცა სახელმწიფო.

– ჩვენთან იყო კლასიკური ფეოდალიზმი, რომელიც არ იყო სასტიკი. მეფე იბრძოდა წინა ხაზზე და არ ეფარებოდა ქვეშევრდომებს.

– იყო პატრონყმობა, რამაც გაანადგურა ქართველი. ეს იყო გაუნათლებლობის წყვდიადში ჩაფლული პერიოდი. პატრონყმობა გარდამტეხი იყო საქართველოსთვის, იმიტომ რომ ქართველი ასეთი გახდა მხოლოდ პატრონყმობის პირობებში. მან დაკარგა ინიციატივა, კმაყოფილი დარჩა იმით, რომ კარგი პატრონი ჰყავდა და ეს დღესაცაა შემორჩენილი: ერთმანეთს ეუბნებიან, პატრონი არ გყავსო?! საღ ადამიანს კი რა პატრონი უნდა ჰყავდეს? თავი გაქვს, ხელი გაქვს, ისწავლე შრომა და აკეთე ის საქმე, რომელიც შენ გინდა. ანუ გაუნათლებლობა არის ნომერ პირველი პრობლემა.

– ევროპაშიც არ იყო განათლებული ქვედა ფენა.

– დიახ, მაგრამ, როდესაც მეცამეტე საუკუნეში ინტელექტუალურ ევროპაში მასობრივი მოძრაობა დაიწყო საშუალო განათლებისთვის, ფაქტობრივად, მაშინ დაფუძნდა ევროპა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ესპანეთიდან მავრები განდევნეს და ტოლედო გახდა ხელმისაწვდომი – ნახევარ მილიონზე მეტი წიგნი და მთელი ევროპა დაიძრა ტოლედოსკენ. იქიდან დაიწყო ევროპული კულტურის აღორძინება. საქმე ისაა, რომ დასავლურ კულტურაში არის ერთი რამ, რაც არ არის ქართულ შესანიშნავ კულტურაში: მამოძრავებელი ცნობისმოყვარეობა და ინტელექტუალური დამოუკიდებლობის ძალიან მაღალი ხარისხი, სწორედ დასავლელმა ინტელექტუალებმა შექმნეს თავისი ზეობის ხანაში ევროპა ისეთი, როგორიც ის იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა, ჩვენ პირველი სკოლა მეცხრამეტე საუკუნის მესამე ათწლეულში გაგვიხსნეს.

– გელათისა და იყალთოს აკადემიებამდე იყო ფაზისის აკადემია, ისინი ცარიელ ადგილას შეიქმნა?

– ამ აკადემიების შედეგი უნდა ჩანდეს სადღაც.

– მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“.

– ეს არის გადარჩენილი კონტრმაგალიტები, სხვა რაღაცები, რაც იყო ან არ იყო, ჩვენ არ ვიცით. იქ, სადაც აკადემიები იყო ანტიკურ საბერძნეთში, კოლოსალურ სიმაღლეებს მიაღწიეს და ეს ყველაფერი შემორჩა არაბული თარგმანებით. ესე იგი, რაღაც კულტურული ცენტრები არსებობდა, სადაც ხდებოდა ამის აკუმულაცია. ყველგან იყო ბრძოლები, ომები, მეზობლების შემოსევები, მაგრამ იმისგან, რაც საქართველოში გვქონდა, არაფერია დარჩენილი. მემკვიდრეობითობა არ არსებობდა და განათლების პრობლემა, რა თქმა უნდა, იყო უდიდესი.

– და ამის ექოა, რომ დღეს ჩვენ არაადეკვატურები ვართ?

– ორი რამის ექოა: საერთო განათლების დონისა და გამყიდველი ინტელექტუალური ელიტების, ანუ, კულტურულად რომ ვთქვათ, კომპრადორული ინტელექტუალური ელიტების. რა არის ინტელექტუალური ელიტა, კარგი გაგებით?! როგორც სოციოლოგიაში იყენებენ ამ ტერმინს? ეს არის დამოუკიდებელი ხალხი, რომლებმაც დამოუკიდებლად აიღეს საკუთარ თავზე ერის სააზროვნო სივრცის შექმნის, ორიენტაციის, გზის ჩვენების და ასე შემდეგ ფუნქციები. ანუ ესენი არიან პროგრესზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც დისტანცირებულები არიან ხელისუფლებისგან. იმიტომ რომ ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენელს თანამდებობა არ სჭირდება: მას ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა თვითონ აქვს დაკავებული, ახლა დააკვირდით რა არის ჩვენი ელიტა?! საკუთარი კეთილდღეობისთვის ქვეყნის გამყიდველი. ქვეყნის დამაქცევარი – ნიჭიერი თუ უნიჭო, ეს სხვა საქმეა. უბრალოდ, მენტალურად ეს ელიტა არ წარმოადგენს იმ საყრდენს. როგორსაც ინტელექტუალური ელიტები წარმოადგენდნენ დასავლეთში, სწორედ იმიტომ შეძლეს მათ თავიანთ კლასიკურ ეპოქაში საოცარი სიმაღლეების დაპყრობა.

– ელიტა იყო იმ პერიოდშიც, როდესაც ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა. იმ ელიტამ საკუთარი ჯიბეებიდან ამოიღო თავისი ფული და ეროვნული საქმეები აკეთეს. შექმნეს საადგილმამულო ბანკი, გამოისყიდეს მიწები, დააფუძნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, აფინანსებდნენ სტუდენტებს, დაარსდა თეატრი, გაზეთი. ეს ერთი კაცი ილია არ იყო, მთელი თაობა – ილიას თაოსნობით.

– მოდი, გაშიშვლებულად ვისაუბროთ. ეს იყო ქართველის გონებაგახსნილობისა და ნიჭიერების წვდომის შედეგი ძალიან მაღალი დონის განათლებისადმი. დიახ, მეფის რუსეთის საგანმანათლებლო სისტემა ჩამოყალიბებული უდიდესი დასავლელი მეცნიერების მიერ – იცით, მათი აკადემია როგორ შეიქმნა, ვინ არ იყო იქ, ევროპელმა სუპერგიგანტებმა შექმნეს უნიკალური საგანმანათლებლო სისტემა და იმპერიის პოლიტიკა იყო, რომ იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ნიჭიერი ხალხი პეტერბურგში საუკეთესო განათლებას დაუფლებოდა. იმიტომ რომ ეს შედიოდა იმპერიის ინტერესებებში. ასეც მოხდა. ქართველმა ძალიან ნიჭიერმა და ინტელექტუალურმა ხალხმა მიიღო პირველი დონის განათლება და შედეგად ნახე, რამხელა ტალღა წამოვიდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში?! ნებისმიერი დარგი აიღეთ; საინჟინრო, ჰუმანიტარული მიმართულებები. მაგრამ მოხდა ის, რასაც ჩვენ არ ვუმხელთ ჩვენს თავს – ეს ხალხი არ მიიღეს თავიანთ ქვეყანაში. ეს ხალხი არ იყო ორგანული ნაწილი, იმიტომ რომ ამოვარდნილი იყო საერთო მასიდან, არადა ამ ხალხის პირადმა პასუხისმგებლობამ შექმნა ის, რაც თქვენ ჩამოთვალეთ. ისინი, ცხადია, ხედავდნენ განათლების მდგომარეობას. წარმოიდგინეთ, მეოცე საუკუნეში საჭირო იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, იმიტომ რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ტოტალური გაუნათლებლობა იყო საქართველოში!

– ათი საუკუნის წინათ საუკეთესო მთარგმნელობითი სკოლა იყო საქართველოში.

– მთავარი ისაა, რომ, რაც მაშინ მოხდა, ანუ წყვეტა, ზუსტად იმავე წყვეტის წინაშეა საქართველო, იმიტომ რომ ნიადაგი მომზადებულია და სწორედ ამის გამოა იოლი საზოგადოების საკმაო ნაწილის იდეოლოგიზება, სრულიად დამპალი იდეოლოგიით. ჩვენ გავიარეთ ერთი ტოტალიტარიზმი, ზერელედ, გვეგონა, არიქა, არსებობს კარგი ქვეყნები, მაგრამ ის აღარ ვიფიქრეთ, როგორ ააშენა ის კარგი ქვეყნები იმ ხალხმა?! რა არის ამისთვის საჭირო?! ამაზე თუ დავფიქრდებოდით, მივხვდებოდით, რომ საჭიროა განათლება, მეცნიერება, შეთანხმება მომავალზე, თამაშის წესებზე, რომ ასეთი უხეში არ იყოს საზოგადოება ერთმანეთის მიმართ, როდესაც ადამიანებს, უბრალოდ, ეზიზღებათ ერთმანეთი და არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის მიღება. ცხადია, ასეთი დესტრუქციული საზოგადოება ვერასდროს შექმნის სახელმწიფოს და დღევანდელი ქართული სახელმწიფო კვაზი-სახელმწიფოა, რომელიც იმდენადაა პოლარიზებული და დესტრუქციული, რომ ამ პირობებში სახელმწიფოს შენარჩუნება შეუძლებელია, რაც 40-50 წლის წინათ მინახავს, ზუსტად იგივე მეორდება, უბრალოდ სიტყვებია შეცვლილი. თუ მაშინ საუბრობდნენ კომუნიზმსა და საბჭოთა ხელისუფლებაზე, დღეს საუბარია, არ მაინტერესებს, რა წერია კანონში, ევროპამ მითხრა, რომ ცუდია; ჩვენ კი ევროპაზე ვართ დამოკიდებულიო. ისიც არ იცის, რომ ევროპაზე არ ხარ დამოკიდებული: მილიარდი დოლარი თუ შემოიტანეს, იმ უსარგებლო სექტორში ჩადეს, რასაც ჰქვია არასამთავრობოები და ცისარტყელა პარტიები. ეკონომიკა არ არის და არც იქნება, განათლება მოანგრიეს, ვინაიდან შესანიშნავად იცოდნენ, რომ განათლებამონგრეულ ქვეყანაში საკუთარი ინტერესის გატარება გაცილებით იოლია. და აი, მივიღეთ შედეგი.

– და გამოსავალი?

– გამოსავალი არის ძალიან მარტივი, სხვანაირად ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ დაძლია კრიზისი. ყველა ქვეყანა ერთნაირად გამოვიდა კრიზისიდან: ეს არის მისი დამოუკიდებელი, მცირერიცხოვანი ინტელექტუალური ძალების მობილიზაცია, ერთმანეთთან ხიდების გაბმა და მობილიზაცია იმ აზრის, რომ ასე გაგრძელება დაამთავრებს ამ სახელმწიფოს. ეს პარტიები, მოძრაობები მეორეულია. მთავარი ისაა, არის თუ არა გადარჩენილი საქართველოში საღი ნაწილი, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ და უღირთ. ჩვენ ყველაზე დიდ კატასტროფას ვერ ვგრძნობთ: ქართველი თავდება საქართველოში. ვიმეორებ: 2 მილიონ 700 ათასი კაცი გარეთაა, გასაშვები დარჩა 800 000 და იქცევი ეროვნულ უმცირესობად. ამის შემდეგ თავდაყირაც რომ დადგეს საქართველო, შიგნით თუ გარეთ, ამ ქვეყანას ქართველებისთვის წერტილი დასმული ექნება. ამდენად, როდესაც ერი თავისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ვერ გრძნობს, რომ მთავრდება და იძულებით დაამთავრებენ, როგორც კი საჭირო რაოდენობამდე შემცირდებიან ქართველები. აიძულებენ დაახლოებით ისე, რაც უკრაინაში მოხდა.

– უკრაინაში არნახული კატასტროფა მოხდა.

– პროვოცირებას გაგიკეთებენ და ამ ურჩ ადამიანებს, უბრალოდ, ჩახოცავენ. ამას ვამბობ პირდაპირ და დაუფარავად. აი, ესაა ჩვენი ტრაგედია, სხვა დანარჩენი: ეს პარტია, ის პარტია, დროის გაყვანაა. 35 წელი გავიდა და ერთი ბელადიდან მეორე ბელადზე დარბის ხალხი და დღესაც ვერ მიხვდა, რა ტრაგედიის წინაშე დგას. ასე ჰგონია, ვიღაც გადაარჩენს. სადაც შენ არ შრომობ. სადაც შენ არ ქმნი და შენ არ მონაწილეობ, სხვის იმედად ყოფნა საკმაოდ დიდი არაგონივრულობაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

13-19 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი